ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
14 დეკემბერი, 2013


"რა საჭიროა ის დასაწყისი, რომელსაც ქვეყნად აქვს დასასრული?!"

ჩვენ ვიბადებით, იწყება ჩვენი ცხოვრება და ვიცით, რომ ის ადრე თუ გვიან, სადღაც დასრულდება. ცხოვრების დასაწყისიდან დასასრულამდეც ათას რამეს ვიწყებთ და ვასრულებთ, ათას ამაოებას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მალევე დასრულდება, ათას სიცრუეს. წუთისოფელი ცრუა, როგორც მისი ყველა საქმე, ყველაფერი, რაც მას ემორჩილება, რაც მის საზღვრებში ჯდება. ტყუილი კი სადღაც დაიწყო და სადღაც აუცილებლად დასრულდება. ყველაფერ ამქვეყნიურს საზღვრები აქვს, იმიტომ, რომ ის ამ ქვეყანას გავს, რომელიც არაა უსასრულო, სადღაც იწყება და სადღაც მთავრდება. მაგრამ, მე მჯერა, რომ თუ რაიმე მართლა დაიწყო, ის არასდროს დასრულდება, თუ რამე ჩვენი გულიდან მოდის, ჩვენი სულიდან, იმ ღვთიური ძალიდან, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს, აქედან დაწყებული უსასრულოა, იმიტომ, რომ ის არ ემორჩილება ამ ქვეყნის საზღვრებს, ის არც დაბადებისას შეიქმნა და ვერც სიკვდილი შეაჩერებს. ადამიანის სხეული იბადება და კვდება, რადგან ის დედამიწის ნაწილია, მაგრამ ის, რაც ამ სხეულში იმალება, არავინ იცის როდის გაჩნდა და არც ის იცის ვინმემ, როდის გაქრება. ადამიანის , გრძნობებს, იმედს, ოცნებებს, იდეებს არ აქვს დასასრული, ისინი ზუსტად არც კი ვიცით, საიდან დაიწყო, ისინი ჩვენთან, ჩვენში დაიბადა და არც ის ვიცით, როდის დასრულდება. მათ ვერავინ მოკლავს, ვერავინ მოიპარავს, არც ტყვიით გაჩერდება და არც ცეცხლი დაწვავს, მათ ვერც ლოგიკა ახსნის და ვერც ბუნების კანონი. რამდენი ადამიანი ვიცით, რომელიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მათი იდეები, სახელები, სურვილები დღესაც ცოცხალია. ის, რაც აქ დამთავრდა, ესე იგი აქ დაიწყო და სიცრუე, ტყუილი ყოფილა, მაგრამ ის, რაც აქ არ სრულდება, არც აქ დაწყებულა. თუ ჩვენ ვიცხოვრებთ ტყუილში, ამაოებაში, სიცრუეში და მხოლოდ იმ საქმეს მოვკიდებთ ხელს, რისი დასასრულიც ჩვენთვის ცნობილია, მაშინ ეს ტყუილიც ოდესმე მორჩება, გაქრება და მასთან ერთად გავქრებით ჩვენც, ფუჭი, არარაობა იქნება მთელი ჩვენი ცხოვრება, რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს. მაგრამ, თუ ჩვენ ვიცხოვრებთ იმისთვის, რაც არავინ იცის სად დაიწყო და არც ის იცის ვინმემ სად მთავრდება, მაშინ არც ჩვენ მოვრჩებით, ჩვენს დაწყებულს, რაც ნამდვილად დავიწყეთ, ესე იგი იმას, რაც ყოველთვის იყო, ვერც დრო, ვერც ძალა, ვერც სიკვდილი წაგვართმევს. ჩვენი ცხოვრება ისაა, რაც დავიწყეთ, რასაც ხელი მოვკიდეთ და ვემსახურეთ, ჩვენში შემოვუშვით, ვიგრძენით, თუ ეს არასდროს მორჩება, თუ ეს უსაზღვროა, არასდროს დასრულდება, მაშინ ჩვენი ცხოვრებაც არასდროს დასრულდება. არასდროს იარსებებს ის წერტილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ბოლოს დადგება და მისი აზრის გაჩერებას შეძლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები