ჰმ... ტორტი კი მიგირთვიათ გემრიელად და მერე აღარც გაგხსენებიათ აქაურობა!
ეგრე არ უნდა... აგერ, ვემზადები გამარჯვებული ნაწარმოების განსახილველად და ცოტა გამოვფხიზლდებით!
ვიცი, რომ ქეთი გაბინაშვილი თანახმაა უფრო ღრმად ჩავხედოთ მის ტექსტს და... ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, მეც გვარიანად ბევრი შენიშვნა მაქვს. ისიც ვიცი, რომ ქეთი ყურადღებით გაეცნობა ჩემ "წიაღსვლებს".
აქვე დავამატებ: გამარჯვებული ტექსტი უნდა იყოს უზადო, უნაკლო... არ უნდა ტოვებდეს დამატებით კითხვებს და არ უნდა არსებობდეს არავითარი ჩავარდნები. ამიტომ, ქეთის ვთხოვ, აუცილებლად გაითვალისწინოს ყველა ჩემი შენიშვნა და გამართოს ტექსტი მანამდე, ვიდრე იგი კრებულისთვის გამზადდება და ითარგმნება. კრებულში მთელი თავის ბრწყინვალებით უნდა გამოჩნდნენ ტექსტიც და ავტორიც.
ხვალ გვიან ვაპირებ ჩაჯდომას... ეს მხოლოდ რეკლამა იყო!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკურსის შექმნაში მონაწილეობს, ვისაც სულ მცირე წვლილი მაინც შეაქვს. ძალიან თბილისი საღამო შედგა.
მოუთმენლად ველოდები ბატონი მიშას შეფასებას. მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი აზრი და იმედს ვიტოვებ, შევძლებ მათ გათვალისწინებას.
...თბილისში ყოფნისას, ამასწინათ, ერთი თეატრის სპექტაკლს დავესწარი. "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - ქართული კლასიკა გაითამაშა დასმა და არც თუ ურიგოდ. გვარიანად დიდი მაყურებელთა დარბაზი გადაჭედილი, ოვაციები, კმაყოფილი სახეები... ყველაფერი თავის ადგილზე იყო, გარდა ერთისა: მართას (ანუ, მართას როლის შემსრულებელს)... გაგახსენებთ, - მართა, პარუმ ოსეპას მოახლე გოგოა, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში... ვერ გავიგე, რატომ? - ეცვა მუხლებს ზემოთ სიგრძის, მოჩითული კაბა (თან გემრიელად, ბუტაფორიით გაფუმფულებულ გავაზე).
არ იყო ეს არც რაიმე შემოქმედებითი მინიშნება, არც დავუშვათ, - პარალელი თანამედროვეობასთან, არც საერთო კოსტიუმებთან შეხამებული. ეს იყო უბრალო დაუდევრობა (ვიტყვი, - რეჟისორის მხრიდან) და ზერელობა. რაღა დავმალო და, მგონი, არც არავის მიუქცევია ამ ნიუანსისთვის ყურადღება... არავის შექმნია დისკომფორტი... მითუმეტეს, რომ ეს მართა სულაც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია პიესაში და დიდად ვერ ქმნის ამინდს. თუმცაღა თავად მსახიობი ერთობ მონდომებული იყო და გემრიელადაც ათამაშებდა ხელოვნურად გადიდებულ დუნდულებს ვანუას (ელისაბედის ხელის ბიჭი) აღსაგზნებად. მაგრამ...
რატომ შემოვუარე ესოდენ შორიდან? -
როცა ვქმნით ზღაპარს, მაგალითად... ხომ ვცდილობთ, სიუჟეტში ჩავრთოთ რქები, ფრთები, შლეიფები... ნარატივი გავაჯეროთ საოცრებებითა და სასწაულებით და... თხრობა სიკეთის გამარჯვებამდე მივიყვანოთ? - დიახ... ეს არა ზღაპრის, არამედ ადამინის ფსიქოლოგიური და სულაც კომერციული აქსიომაა... სხვა შემთხვევაში ჩვენს ზღაპარს არ წაიკითხავენ!
როცა ვწერთ აბსურდის ჟანრში, ხომ ვცდილობთ მაქსიმალურად ურთიერთსაწინააღმდეგო კომპონენტების დაწყვილებას და სტანდარტული ლოგიკიდან "გასვლას", რათა მკითხველის გონება შევაჯანჯღაროთ? - ცხადია!
აი, როცა რეალისტური ხატის შექმნაზე გვიწევს მუშაობა, მაშინაა ყველაზე რთულად საქმე. ზემოთ ნახსენებ შემთხვევებში ბევრად თავისუფლები ვართ და სულაც სისულელე რომ ვთქვათ, მკითხველი ამას იღებს, როგორც ზღაპარს, როგორც აბსურდს. რეალისტურ ნარატივს კი გონების დაძაბვა სჭირდება, თორემ არ დაგვიჯერებს მკითხველი!
არ იფიქროთ, რომ საშუალო მკითხველი ახირებული, ესთეტი მიშა რატიანივით დასდევს "მართას კაბის სიგრძეებს' და ყველაფერში ლაფსუსებს ეძებს.,, სულაც არა! მაგრამ ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, კანით, სხეულით გრძნობს შეუსაბამობას, რაღაც უხერხულობას და ბოლომდე ვერ ინელებს წაკითხულს... თავადაც არ იცის, რამ შეუშალა ხელი... უფრო მეტიც, - ვერც კი გრძნობს რომ რაღაცამ შეუშალა ხელი... მაგრამ, სამაგიეროდ, ვერ აღფრთოვანდა, ვერ დაკმაყოფილდა, ვერ გაითავისა ამბავი ბოლომდე.
ხოლო როცა, ბოლო წერტილამდე დახვეწილი და გააზრებულია ტექსტი ავტორის მიერ, ნაწარმოები სხვა რანგში გადადის... სხვაგვარად, სხვა ემოციური იმპულსებით მიდის მკითხველამდე და... სულაც არ მოვერიდები ხმამაღალ ნათქვამს, - მისრიალებს შედევრობისკენ!
მომეწონა ქეთის ტექსტი... "ჩერმენის სახელოსნო"! - მაგრამ პირველი წაკთხვისას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვერ მივიღე ბოლომდე... რაღაცამ შემიშალა ხელი... რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გამართული ტექსტის აღქმას სჭირდებოდა... და ამიტომაც მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ვენდე შეფასებისას, - შევაფასე, როგორც სამეორეო-სამესამეო ადგილის საკონკურსო მასალა... რატომ? - მაშინ პასუხი არ ვიცოდი... ვჩქარობდი... სხვა ტექსტები მქონდა წასაკითხი... მაგრამ, ვიცოდი, რომ ავტორის წინაშე გულწრფელი ვიყავი!
უსაშველოდ მძიმე და ტრაგიკული თემაა... ძალიან აქტუალური და რაც მთავარია, ავტორის მიერ ძალიან ოსტატურად მოძებნილი მთავარი ხაზებით. აი, ის კომპონენტები, რამაც განსაკუთრებით მომხიბლა:
- თემა - ბომბი!
- ტკივილი - რამდენიც გინდა!
- ემოცია - თუკი არსებობს ლიტერატურული ემოციის შკალა, - ზუსტად საზღვრის ხაზზე დასმული ემოცია... არცერთგან გადაჭარბებული და არცერთგან დაცემული! თავიდან ბოლომდე ოსტატურად შენარჩუნებული ტემპი... თავიდან ბოლომდე - თავდაჯერებული და მართალი ავტორი!
- პერსონაჟები - ალანა და თამარი: ორივე ფილიგრინული სიზუსტით დასმული ხასიათებით. დიახ, ესაა ოსი ქალი, - ალანა! ასეთია ოსი ქალის ხასიათი (მთიელ ქალთა საერთო სახეებში), - კუშტი, გარეგნულად უხიაგი, სიტყვაძუნწი, თითქოს უემოციო... ეს ყველაფერი გარეგნულად აღიქმება ასე, თორემ უამრავი ქალური სისუსტეების მატარებლები არიან ალანელი ქალები... უბრალოდ, შეუძლიათ არ გაჩვენონ... ან პირიქით, - არ შეუძლიათ გაჩვენონ! თამარი ქართველია და თან იმ რეგიონიდან (სოფელ ვანათიდან), სადაც 90 პროცენტი ქართველი ცხოვრობდა... ანუ, უფრო ხასიათის ქართული ხაზით, მაგრამ მაინც მთის ნიავდაბერილი, - ისიც ასეთივე ჯიუტი და კუშტი, სიტყვაძუნწი და პირდაპირი, როგორც ალანა! ამ ორი პერსონაჟის, ლამის მხოლოდ მოკლე სიტყვა-პასუხზე აგებული დიალოგებით სრულად მიაღწია ავტორმა სასურველ შედეგს, - დაიხატა ტრაგედიაც, ტკივილიც, კონფლიქტიც და... ძალიან, ძალიან ოსური ადამიანური ბუნებაც! ანუ, ამ პერსონაჟების წყალობით, "ჩერმენის სახელოსნოს" გზა გაეხსნა საუკეთესო მოთხრობის სტატუსისკენ... დამსახურებულად! დაუყვედრებლად!
- ფაბულა, - სრულიად გამართული!
- მწერლის ოსტატობა, - საშუალოზე ბევრად მაღალი!
- სტილი, - უნაკლო!
აბა, რა ჯანდაბა დაგემართა, მიშა? მაშინ რაღას მერჩი? - კითხულობს ახლა ქეთი ჩემს ნაწერს და ვერ გაუგია, სად არის მიშას თავი დამარხული?!
აგერ, ჩემო ქეთი! წავედი იმ შენიშვნებისკენ, სადაც "მართას კაბის ზომისთვის" არავის მიუქცევია ყურადღება:
ძალზე თვალშისაცემი აღმოჩნდა ჩემთვის აშკარა ანაქრონიზმი. ვერაფრით დავადგინე, წლის რომელ დროს ხდება ამბავი?
მოთხრობა იწყება თოხნით... ანუ, წესით, ეს დრო მაისის ბოლოსა და უფრო ივნისის დასაწყისს ემთხვევა. აშკარად დროში გაწელილი არ არის ამბავი. ორ-სამ-ოთხ დღეშია ჩატეული მთელი კონფლიქტი. ხომ ასეა? არადა, ალანა არყისთვის, ხიდან დაცვენილ ქლიავს აგროვებს... ბიჯოს, - აგვისტოა თუ სექტემბერი? მერე უარესი: მთელი ამ მოთხრობის ხიბლის, - ჭარხლის ფოთლების შეგროვება ჭახრაკინებისთვის ოს ქალს არ ესწავლება, - ნორჩი უნდა იყოს ფოთლები... ანუ, აპრილის ბოლო, მაისი უნდა იყოს... მაშინ მწიფე ქლიავს რაღა ჯანდაბა უნდოდა აქ? (ეს ნიუანსი აუცილებლად დასალაგებელია)
...და სულაც არ არის ეს პატარა და უმნიშვნელო აცდენა! არავითარ შემთხვევაში! - პრაქტიკულად უგულებელყოფილია ქართული ბუნებრივი პრინციპები, მიწათმოქმედების კულტურული სიმდიდრე და დრო... დრო!
კონფლიქტი იკვრება ენერგოპრობლემატიკის ხაზით, - ოსი ქალი მიაგნებს თავისი ოჯახის, 18 წლის განმავლობაში, კარგაუხსნელ სახელოსნოში დამალულ ქართველ, ყოფილ თანასოფლელს, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს გასათბობად! გ ა ს ა თ ბ ო ბ ა დ და არა ჩაის ასადუღებლად... რადგან, თუნდაც დღეში სამ-ოთხჯერ ჩაის ადუღებით, ალანას ელექტრომრიცხველი საგანგაშო შედეგს ვერ აჩვენებდა. ანუ, თამარი გაყინულ ძვლებს ითბობდა... კი, მაგრამ როდის? - ივნისში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში? - ანუ, როცა ვანათში და მთლიანად იმ რეგიონში უსაშველო სიცხეა და სულს ვერ მოითქვამს კაცი. ამ დროს თამარი წესით, პლიტას კი არა, ვენტილიატორს ან კონდენციონერს უნდა რთავდეს, რომ სიცხისგან არ დაიხუთოს სახელოსნოში.
მოკლედ, ამ ნიუანსის გასასწორებლად, უპრიანია, აპრილის ბოლო ავიღოთ... ვახსენოთ მთაში აპრილის ცივი საღამოები, თოხნა დავტოვოთ, ლამის ყველაფერი დავტოვოთ... ჭარხლის ფოთლებიც ნორჩია ბარემ და... მოვაშოროთ მხოლოდ ხიდან დაცვენილი ქლიავები!
ჩემი რჩევა: ნუ გავამარტივებთ თხრობას და ნუ ვიტყვით პირდაპირ რომ აპრილია... აქ შეიძლება შეუმჩნევლად დაფიქსირდეს დრო... მაგალითად, - ალანამ, გასულ თვეში, მარტშიც ორმაგი გადაიხადა ელექტროენერგიის გადასახადი!
გამარტივებაზე გამახსენდა, - ეს ათვლა... მეორე დღეს მიაკითხა ალანამ თამარს, მესამე დღეს მიაკითხა ალანამ თამარს... ცოტა აუბრალოვებს სერიოზულ მხატვრულ ტექსტს. უმჯობესია სკურპულოზურ ათვლას მოვერიდოთ.
ჭახრაკინებზე მინდა ვთქვა ცალკე: ვანათში და ზოგადად ოსეთში ჭახრაკინებს აცხობენ (აცხობდნენ) ქართველი ქალები. ხოლო ოსის ქალები, - ცახარიჯინებს. ბგერათა წყობიდანვე, ევფონიურადაც ჩანს, რომ ეს ერთი და იგივე ნამზადია... და მართლაც ერთ კერძზე გვაქვს საუბარი. ჩემი ფიქრით, თამარი ალანას ცნობილ ცახარაჯინებს უნდა ახსენებდეს და არა ჭახრაკინებს. ამით თავად მხატვრულ ტექსტს გაუძლიერდება დამაჯერებლობის ეფექტი.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობის საკითხს ტექსტში, ადრეც ვახსენე და არ მინდა ხელახლა დაგღალოთ, მაგრამ ფაქტია, - ერთად-ერთი, რითაც შეიძლება მივაბათ ეს ტექსტი საკონკურსო თემას, ისაა, რომ - არ დავტოვოთ ღრიჭოები შენობებში და ამით დავზოგოთ ელექტროენერგია. ამაზე არც გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა მოცემულ ტექსტში აშკარად გვიან ჩამატებული პატარა ეპიზოდი, - ქალაქიდან ახალგაზრდა სპეციალისტების ჩამოსვლის შესახებ. უცებ ირღვევა თხრობის ძალიან ლამაზი წყობა და სახელდახელოდ, ჭარხლის ბებერი ფოთლებით გამომცხვარ ჭახრაკინებს ამსგავსებს მთლიან ნარატივს. არა და, ამ ეპიზოდის ამოღებაც არ იქნება! საჭიროა! - თუ ავტორი მოინდომებს და უფრო საამმოთხრობე სახეს მისცემს მოცემულ ეპიზოდს, აშკარად მოუმატებს სასურველ შუქ-ჩრდილებს!
კატეგორიულად ამოსაღებია ერთი უმნიშვნელო დეტალი მოთხრობის დასაწყისიდან: ალანას ქართლურად მოქცეული პირველი ფრაზა, - რაღა დასატოვია, ქა?! - არა... ეს არ არის ოსი ქალის... თან 18 წლის განმავლობაში უქართველოდ დატოვებულ სამყაროში, ნათქვამი! ქა - აქ არაფერ შიუაშია და თავიდანვე კლავს იმ ოსური გარემოს ეფექტის მიღწევის სურვილს, რაც ჩაფიქრებულია!
უადამიანობისგან დახრული კბილივით გამოღრღნილი სახლები. - ვერაწყობილი ფრაზაა... თითქოს მუხტიანი, მაგრამ უხარისხო! არ ვიცი, იქნებ კბილის მრავლობითმა ფორმამ არგოს - კბილებივით... მაგალითად: დახრული კბილებივით უადამიანობისგან გამოღრღნილი სახლები... მაინც არ მომწონს! - იქნებ: დახრული კბილებივით უადამიანობისგან პირდაფჩენილი სახლები! არ ვიცი... რაღაც სჭირდება ამ ფრაზას...
იქვე... დასაწყისშივე... ვამბობთ, რომ საქონელი არ ჩანს და უცებ, ამ საქონელს აბინავებს ალანა. გასასწორებელია. მცირედი ხელის წაკვრა სჭირდება, რომ არგამოჩენილი საქონელი, ბოლოს ბოსელში აღმოჩნდეს.
სერვისი - მომსახურების პაკეტს ნიშნავს. ალანა ჩაის სერვიზში უნდა ეძებდეს გადამალულ ფულს. ამ სიტყვას უხერხული და ყურით მოთრეული შესატყვისი აქვს, - ნაკრები. ამიტომ აქ და ამ შემთხვევაში სერვიზი სჯობს!
მხოლოდ კანტიკუნტად დარჩენილი მოხუცების სიკვდილი თუ არღვევდა მდუმარებას.. - ესეც კიდევ ერთი მოკრძალებული ჩემი რჩევა: ისეთ დრამატულ ნიუანსს ახსენებს ავტორი, რომ ღირს მისი უფრო გამძაფრება. და აი, როგორ: პირიქით, აღარც სიკვდილი არ არღვევდა საერთო მდუმარებას... რადგან, მოხუცები ჩუმად ტირიან. რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შუახნის ხალხიც არ შემორჩა სოფელს... (რამდენადაც მოვიძიე, ახლა ამ სოფელში სულ 26 მოსახლეა). ანუ, - მხოლოდ კანტიკუნტად დარჩენილი მოხუცების სიკვდილიც კი არ არღვევდა მდუმარებას. - ბევრად უფრო მძაფრია!
ალანას სხეულში ჯერ გაკვირვება შევიდა... - უშნო ქართულია მხატვრული ტექსტისთვის. სხეულში არა, - ტანში! შევიდა არა, - შეიპარა, დაისადგურა... თუმცა სხეულში (ტანში) გაკვირვების შესვლა თუ შეპარვა ცოტა ვერ მუშაობს... გაკვირვება მაინც მხოლოდ ტვინის ფუნქციაა, რომელიც იმპულსებს არ გადასცემს სხეულის სხვა ნაწილებს. ანუ, გაკვირვებას ადამიანი სხეულით ვერ აღიქვამს... შიშს, - კი!
შენ როგორ ბედავ და რას კადრულობ საერთოდ! - თამარის მოკლე მონოლოგის (ალბათ, ერთ-ერთ საკვანძო) ეს ბოლო ფრაზა ძალიან ქალაქური და ანტიფრონცკული გამოვიდა... ცოტა უფრო ხმადაბალი, მაგრამ უფრო მწარე შეფასება დაამშვენებდა. თუმცა, მთლიანი მისი პასუხიც ცოტა არ იყოს არაკორექტულად პოლიტიკური მომეჩვენა, - თითქოს თამარი არა ალანას, არამედ, ურაკპარაკის ჟიურის წევრების გასაგონად, ხმამაღლა ამბობს რომ "ეს მისი მიწაა". სინამდვილეში და მწერლისთვის, - ეს ალანას მიწაცაა და თამარისაც! ალბათ მხატვრული ტექსტის ავტორისგან სწორედ ამგვარი თანაბარუფლებიანი პოზიცია სჯობს რომ გაჟღერდეს. რეალური თამარი და ალანა კი ამ საკითზე კამათს ვერასოდეს დაასრულებდნენ.
ბიტონზე გაშლილ ძველმანებს გვერდი აუარა... - ალბათ ბეტონზე იყო გაშლილი თამარის ძველმანები (ბიტონი, ბიდონი - ჭურჭელია!). სასაცილოა და ალბათ ნახევარი დღე ვფიქრობდი, რისი იატაკი უნდა ჰქონოდა ჩერმენს სახელოსნოში, - ბეტონის თუ ცემენტის. ბოლოს დავყევი ავტორს და გადავწყვიტე, - რადგან საჩარხი დაზგები ედგა ცხონებულს, მისი ოსური გამჭრიახობა (რაც ქართული ხასიათისთვის ცოტა დეფიციტურია) სწორად განსჯიდა, - მძიმე დაზგამ გამართულად რომ იმუშავოს, მყარი ნიადაგი სჭირდება. ცემენტი ამას ვერ გაუძლებდა, ბეტონის გამძლეობა უფრო შესაფერისია!
ხიდან ჩამოცვენილი ქლიავი საარყისთვის შეაგროვა... - საარყისთვის - არასწორია! უნდა იყოს ან საარყედ, ან საარაყედ, ან არყის გამოსახდელად! თუმცა, არ ვიცი, ეს წინადადება რამდენად დარჩება მოთხრობაში.
გარდა ამ აცდენებისა, ტექსტში არის კორექტურაც... როგორც კი საბოლოო სახეს მისცემს ქეთი ამ ტექსტს, მზად ვარ კიდევ ერთხელ გადავავლო სარედაქტორო თვალი.
საბოლო სიტყვად კი ვტოვებ, რომ შესანიშნავი მოთხრობაა!
"ლილეს" დაარსების დღიდან თვალს ვადევნებ და ხან - დრო ვერ გამოვნახე, ხან - მერების შეთანხმების გრძელი დებულების წაკითხვა ვერ მოვასწარი, ხან ენერგოეფექტურობის საკითხის კარგად გააზარება... სულ მეფიქრებოდა „ლილეზე“, თითქმის ყველა კონკურსანტის ნაწარმოები მაქვს წაკითხული... იმდენი დაიწერა ენერგოეფექტურობაზე, ზოგი იმდენად კარგად, რთული იყო ამავე თემაზე წერა... მაინც ვცადე წელს ბედი.
მადრიდიდან თბილისისკენ მომავალმა დავწერე თვითმფრინავში, ხუთ საათზე მეტი დრო მქონდა და რამდენიმე იდეის მონახაზი ჩავწერე, "ჩერმენის სახელოსნო" ავირჩიე კონკურსისთვის, არა იმიტომ, რომ სხვა ვერსიებზე უკეთესი იყო, უბრალოდ იმათზე ნაფიქრი მქონდა, ამ თემას კი სისხლის ყველა წვეთით ვგრძნობდი და მართალი მინდოდა ვყოფილიყავი. აეროპორტიდანვე გამოვგზავნე, რადგან ვიცოდი, ცოტა დაფიქრების საშუალება თუ მექნებოდა, "მკითხველი ქეთი" ნოველას კონკურსში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემდა.
გამარჯვების ამბიცია არ მქონია. ათეულში მოხვედრა მინდოდა. მერე ეს სურვილიც გადამავიწყდა, როცა უკვე გაგზავნილი ნამუშევრის შემდეგ კონკურსის პირობებს საფუძვლიანად გავეცანი და ნიკოლაძის სიტყვები წავიკითხე, რომელიც წლევანდელი „ლილეს“ დევიზად იყო შერჩეული.
იმდენად გამიკვირდა გამარჯვება, რამდენჯერმე გადავამოწმე, ნამდვილად ჩემი ნოველა იყო თუ არა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის შემადგენლობა წინასწარ ცნობილი არ იყო, ვფიქრობდი, რომ ბატონი მიშა რატიანი ერთ-ერთი შემფასებელი იქნებოდა. სწორედ მისი შეფასების მოსმენა მაინტერესებდა და, სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტადაც „მაშინებდა“.
და მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვუბრუნდები კონკურსს, სადაც საპრიზო ადგილი ავიღე, გამარჯვებულების გამოვლენისას მივხვდი, რომ მომავალ წლებშიც მინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობა — ოღონდ უფრო გააზრებული, დახვეწილი ნაწარმოებით. სწორედ ამ სამომავლო მიზნისთვის ვთხოვე ბატონ მიშას „ჩერმენის სახელოსნოს“ შეფასება.
( და ეს ორი დღე, კრიტიკის მოლოდინში საკუთარ თავს ვუმეორებ: „მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს“. ???? ???? )
ჩემმა მოლოდინმა აქაც არ გაამართლა, მივიღე ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, რომლის მოსმენასაც ამ ნოველაზე ვისურვებდი — ყურადღებიანი, კეთილგანწყობილი და ამავე დროს კონკრეტული შენიშვნებით, რომლებიც ნაწარმოების გაუმჯობესებაში დამეხმარება.
ბატონო მიშა, უღრმესი მადლობა, დროის დათმობის, ასეთი შეფასებისა და იმ უზუსტობების მითითებებისთვის, რომელიც არ მეპატიება, რომ ვერ შევნიშნე, მით უფრო, რომ ბავშვობა სოფელში გავატარე, სადაც ვხედავდი, როგორ თოხნიდნენ, კრეფდნენ ხილს და ხდიდნენ არაყს...
თუ კი ამით კონკურსის პირობებს არ დავარღვევ და „ლილეს“ ორგანიზატორები თანახმა იქნებიან, აღნიშნულ შეცდომებს დაბეჭდვამდე გავასწორებ.
ქეთი, მგონი პირველად მომიწია შენი ნაწარმოების შეფასება და... მიხარია, რომ გავუგეთ ერთმანეთს!
არავითარი კონკურსის პირობები არ არსებობს - დაბეჭდვამდე ტექსტის გასასალაშინებლად. აუცილებლად უნდა გაიმართოს ტექსტი იქ, სადაც მეთანხმები და როგორც კი დაასრულებ, შეგიძლია სარედაქტოროდ მომაწოდო.
წარმატებებს გისურვებ და ველოდები მომავალ კონკურსზე სრულიად სხვა სიმაღლეებს!
ქალბატონო ქეთი, ბატონო მიშა. უდიდესი მადლიერებით, თქვენი ჩართულობით კონკურსის გაკეთილშობილების (იმედია შედეგიან) მცედლობებისთვის. ობიექტურობის გამო, პირადად მიმაჩნია რომ, კონკურისის ალმანახში, ტექსი უცვლელად, ჟიურისა და ურაკპარაკის მკითხველისთვის წარდგენილი ფორმით დარჩეს. თუმცა, მზად ვარ განსსხვავებული, პირველი რიგში კი ჟიურის წევრთა მოსაზრების მოსმენა-შესმენისთვის.
ქალბატონო ქეთი, ბატონო მიშა. უდიდესი მადლიერებით, თქვენი ჩართულობით კონკურსის გაკეთილშობილების (იმედია შედეგიან) მცედლობებისთვის. ობიექტურობის გამო, პირადად მიმაჩნია რომ, კონკურისის ალმანახში, ტექსი უცვლელად, ჟიურისა და ურაკპარაკის მკითხველისთვის წარდგენილი ფორმით დარჩეს. თუმცა, მზად ვარ განსსხვავებული, პირველი რიგში კი ჟიურის წევრთა მოსაზრების მოსმენა-შესმენისთვის.
გარკვეულ ეტაპზე, სრულიად სამართლიანია თქვენი მოსაზრება და წესით, ასეც უნდა იყოს! მაგრამ...
თუ შევხედავთ ჩემს შენიშვნებს, პრაქტიკულად მხოლოდ მსუბუქი სარედაქტორო ხელია მიშველებული, რაც ნებისმიერი საკონკურსო ნამუშევრების ბეჭდურ გამოცემას ისედაც აუცილებლად სჭირდება. პრველ რიგში ვგულისხმობ - კორექტურას... შემდეგ კი, - დანარჩენ მცირე ნიუანსებს...
რაიმე სერიოზულ ცვლილებას ქეთი გაბინაშვილის ტექსტი არ საჭიროებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - საჭიროებს მხოლოდ რედაქტირებას... და ეს სრულიად ნორმალურია მომავალი გამოცემის მზადების პროცესისთვის.
მთავარი: ის, რაც ნაწარმოების სერიოზულ ნაკლად მივიჩნიე, - კონკრეტულად ენერგოეფექტურობის ჭრილში გარკვეული ჩავარდნა, შენიშვნებში შეგნებულად გამოვტოვე, რადგან მისი აღდგენის მცდელობის შემთხვევაში მოთხრობის ქარგა მთლიანად შეიცვლებოდა და სულ სხვა ნაწარმოებთან გვექნებოდა საქმე. ტექსტის საბოლოო გაკეთილშობილება კი თავად ალმანახს (და მკითხველს) წაადგება და სხვას არაფერს შეცვლის.
იგივეს ვფიქრობ ყველა დანარჩენ ტექსტთან მიმართებაში. რედაქტირება უბრალოდ აუცილებელია და სრულიად ყველა ტექსტი ამას საჭიროებს.
მთლიანად გავითვალისწინებდი თქვენს აზრს, რედაქტირება კონკურსის შედეგებზე რომ ისახებოდეს... ან თუნდაც მომავალ ალმანახს ვინმე საკონკურსო შედეგების დოკუმენტად რომ იყენებდეს. დარწმუნებით მიმაჩნია, რომ გამოცემა მკითხველამდე უნდა მივიდეს მაქსიმალურად უნაკლო სახით და სრულიად არ საჭიროებს მასში ვტოვებდეთ საკონკურსო პროცესის შავი სამუშაოს ფაქტებს.
ცხადია, ნება თქვენია... და თან საინტერესოა ჟიურისა და საიტის სხვა წევრების აზრიც... მაგრამ გამოკვეთილად ვაფიქსირებ, - ყველა საკონკურსო მასალა გენიოსმა რედაქტორმაც რომ შეასწოროს, საკონკურსო შედეგების ცხრილის მაჩვენებლებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგან... აქ ნახევარ-ხუმრობით, - იმდენად სწორად და სამართლიანად შევაფასეთ ტექსტები, წყალი არ გაუვა!
მადლობა ბატონ მიშას საჯარო და ნიკის რჩევისთვის. ათეულში შესულ ავტორებს, მეტადრე კი გამარჯვებულებს (რომელთა ნაწარმოებების თარგმანი წინ უსწრებს კრებულის ბეჭდვას და ამდენად უფრო საჩქაროა) გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში გადახედოთ წარმოდგენილ საკონკურე ტექსტებს და 30 ოქტომბრამდე ნიკისთან გააგზავნოთ რედაქტირებული ვერსიები. ამ ვადამდე თუ ნაწარმოებების რედაქტირებული ვერსიები არ მივიღეთ, კრებულში უცველელად შევა წარმოდგენილი ტექსტები.
მადლობა ბატონ მიშას საჯარო და ნიკის რჩევისთვის. ათეულში შესულ ავტორებს, მეტადრე კი გამარჯვებულებს (რომელთა ნაწარმოებების თარგმანი წინ უსწრებს კრებულის ბეჭდვას და ამდენად უფრო საჩქაროა) გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში გადახედოთ წარმოდგენილ საკონკურე ტექსტებს და 30 ოქტომბრამდე ნიკისთან გააგზავნოთ რედაქტირებული ვერსიები. ამ ვადამდე თუ ნაწარმოებების რედაქტირებული ვერსიები არ მივიღეთ, კრებულში უცველელად შევა წარმოდგენილი ტექსტები.
კარგი ამბავია! ასევე მადლობა ენერგოეფექტურობის ცენტრს გაგებისთვის!
მე არ ვიცი, რამდენად შევძლებ ჩავერთო რედაქტირებაში, მაგრამ თუ ხვალ-ზეგ მექნება ქეთის ტექსტი, მზად ვარ დავარედაქტირო...
და თუ ხვალისთვის მომაწვდიან ტექსტებს, მოვასწრებ კიდევ ორი საკონკურსო მასალის რედაქტირებას... ანუ, სულ სამ ტექსტს ნამდვილად გავქაჩავ.
მსურველებისთვის ვტოვებ ჩემს მეილს: m.ratiani@mail.com