ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინია ყოჩიშვილი
ჟანრი: პროზა
26 ნოემბერი, 2018


ჰაიდა

საწოლში იწვა. თავის თავს უმხელდა:
ხვალ მათხოვებენ.
ხვალ უნდა გავყვე იმ საშინელ კაცს.
მამამ თქვა, ბევრი ცხვარი ჰყავსო, მდიდრები არიანო, იქ კარგად იქნებიო, ჩვენ ვიცითო, გოგოს წესი გათხოვებაა, უნდა გათხოვდე და შვილები გააჩინო, გაზარდო და გზაზე დააყენოო.
რამდენი ოცნება მქონდა. როგორ მეშინოდა ამ ოცნებების. ვიცოდი, ერთხელაც ეს დღე დადგებოდა, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდი, იქნებ მოვასწრო-მეთქი.
ხვალ უნდა გავთხოვდე. ღმერთო! იქ უნდა ვიყო. შვილები გავაჩინო. იმ კაცისგან გავაჩინო შვილები. იქამდე თითებს გავუსუფთავებ, რომ სუფთა თითებით მოეფეროს შვილებს. თითები უნდა გავუსუფთავო. ღმერთო! როგორ უნდა გავუსუფთავო თითები. წყალი დავუსხა და თვითონ გაიხეხავს თუ მე უნდა დავბანო და გამოვაცალო ჭუჭყი ფრჩხილებიდან. გული მერევა. ხვალ ქორწილი იქნება. ნეტავ, ხვალ მაინც ექნება სუფთად? თუნდაც ჰქონდეს. დანარჩენ დღეებში? ნეტავ, როგორია. როგორი ადამიანია. უხეში ჩანს. როგორ შემოვიდა, აქეთ-იქით ირწეოდა, თითქოს მთელი სამყარო ჩემია, მე ფული მაქვს და გამატარეთო. ნეტავ, მის გვერდით როგორ უნდა ვიარო. მეც მასე უნდა ვირწიო? მეც მასეთი სახე უნდა მივიღო? აბა, როგორ უნდა ვიაროთ ერთად? მე ვიღიმო, ვიცინო, ძაღლებს მივეფერო და იმან ასე იაროს? რანაირად ვივლით ეგრე. ვერ ვივლით. ის არ გამაცინებს, არც გამაღიმებს, არც ძაღლებისთვის მომაფერებინებს. აბა, როგორ უნდა ვიყო? რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო. შვილი რომ გამიჩნდება, ისიც მასეთი იქნება? როგორ მიყვარდეს, თუ მასეთი იქნება. მაგრამ შვილი შვილია და, ალბათ, მაინც ძალიან მეყვარება. მაგაზე არ ვდარდობ. მაგრამ ეს კაცი? ამისი ხვნეშა? ამისი ოფლი? სად გავექცე, სად წავიდე. არ მინდა, არაფერი მინდა. ტყეში მირჩევნია. რა ვქნა. გავიქცე და ოჯახი შევარცხვინო? მაგას ვერ ვიზამ. იტყვიან, ნამუსი არ ექნებოდა შენახულიო, თავს მოგვჭრიან, მთელ ოჯახს, მთელ გვარს თავი მოგვეჭრება. რა ვქნა.
უნდა გამოვუსუფთავო ფრჩხილები, კარგად უნდა გამოვუსუფთავო. კარგად დავბანო. ხვნეშას შევეჩვევი. კარგს დავინახავ. კარგი ექნება. იქნებ შემიყვარდეს ის კარგი. იქნებ ასეთიც არ იყოს, სხვანაირი იყოს.
-ჰაიდა, დაიძინე, გამოუძინებელი არ გნახონ ხვალ.
შუქი ჩააქრო. არ დაიძინა. ბევრი ილოცა.
ახსენდებოდა:
„უფრთხილდით თქვენი უფლის, ალლაჰის წინაშე ურჩობას, ხუთი დროის ნამაზი შეასრულეთ, რამაზანი იმარხულეთ, ქონების ზექათი გაეცით, თქვენს მეთაურებს დაემორჩილეთ, რათა თქვენი უფლის სამოთხეში შეხვიდეთ.“
    „რას იტყვით, რომელიმე თქვენგანის კართან რომ მდინარე იყოს და ყოველ დღე მასში ბანაობდეს, მას ჭუჭყი შერჩება?“
არ შერჩება, არაფერი შერჩება, კარგი ქმარი იქნება, ბედნიერი ვიქნები. ძაღლებს ვერ მოვეფერები გარეთ, მაგრამ როცა ჩემი ქმარი სახლიდან გავა, ყველა ძაღლს მოვეფერები სახლში, მეცხვარეა, ბევრი ძაღლი ეყოლება, კიდევ შვილები მეყოლება, ირბენენ, იცინებენ, ბევრი შვილები... ჰო, რა მადარდებს.
და ზაფრიდან გამოსასვლელად  ლოცვას აგრძელებდა:
-ბისმილლაჰ ირ-რაჰმან ირ-რაჰიმ. ალ-ჰამდუ ლილლაჰი რაბი ლ-'ალამინ. არ-რაჰმან ირ-რაჰიმ, მალიქი იავმი დ-დინ. იაქა ნა'ბუდუ ვა იაქა ნასტა'ინ. იჰდინა სირატა ლ-მუსტაყიმ. სირატა ლ-ლაზინა ან'ამტა 'ალაიჰიმ, ღაირი ლ-მაღდუ ბი 'ალაიჰიმ ვა ლა დ-დალინ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები