ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2009


***

ალუბალს ერთადერთი ტოტიღა უყვავის
და ცალხელა მუსიკოსს წააგავს,
რომელიც მაინც უკრავს
და სიჩუმეს ახარებს მელოდიით.

***
ხვალ უფრო აგტკივდება
სიმართლე_
ცრემლიან თვალებზე აფარებულ,
ფერმკრთალი ხელების...

***
სულ სხვა სიმსუბუქით
და იდუმალებით
ირხევა ყვავილი,კლდეზე ამოსული.

***
ბოთლები_როგორც პატიმრები,
მხრებჩამოყრილი
და ზურგს უკან ხელებშეკრული.

***
ჩვენი გუშინდელი წინაპრები
შორეული წინაპრების
სევდიანი იმედით ცოცხლობენ.

***
უხეირო ლექსებსა წერს
ხეირიანად...

***
მზის სიახლოვეს ორი ღრუბელი
ერთმანეთს ჩაეხვია და ფერი იცვალა
და ამაღლდა,
სილურჯეში გაუჩინარდა.

***
ფანდურის სამი სიმი:
სიცოცხლე,სიკვდილი,სიყვარული_
რომელი რომელია,გაიგებ?!

***
ქვემოდან მტრედები ვერ გხედავენ,
ზემოდან_არწივები...
ცოტა ხანიც და მტრედებისათვის
ცა იქნება კარგი ამბის მახარობელი.

***
ქალი შენ კი არა,
ღმერთს შეხარის,
რომელიც შენშია.

***
სარკმელში სივრცე ფანტელებიანი
და ჩემს მაგიდაზე ლარნაკი,
რომლიდანაც პატარა კოცონივით
ამოზრდილა ხმა გაზაფხულისა.

***
გონებამ გონებას
ეკალი ესროლა,
გულებს შერცხვათ
და თავი დახარეს.

***
ყველაზე ლამაზი ყვავილები
და ყველაზე წმინდა წყაროები
ზვავებისაგან ჩამოლეწილ
ხევხუვებში იბადებიან...

***
მის ჭკვიან თვალებში
ცრემლი არა ჩანს,
მაგრამ ცრემლის
ნათება იგრძნობა...

***
შენი ბედი როგორ არ გამიხარდეს,
როგორ არ ვინატრო,მზეო?!_
ულამაზეს ბუდეში მოჩანხარ
არწივთან ერთად...

***
მწვანე პლანეტის დაბადება.
პირველი დილა_
უმშვენიერესი წინაპარი
ჩვენი სიყვარულის...

***
შენ როცა ახლოსა ხარ,
ჰაერიც იღიმება
და ცის სიჩუმიდან
ფიქრის სიხარული მოისმის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები