ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ქავთარაძე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2019


თითებს ტკივილები რჩებათ

გწამდეს, ვერ ვიქნები კარგად,
ფიქრებს სინანულით მივსებ...
ისევ გპოულობ და გკარგავ,
გკარგავ და გპოულობ ისევ...

სევდა ჩაეღვარათ რითმებს,
წვიმაც სევდიანად შრება...
რჩებათ ტკივილები თითებს,
თითებს ტკივილები რჩებათ.

სულზე გადავიმტვრევ დარდებს,
ცრემლებს ჩამოვიკრეფ ციდან...
მცივა, მარტო ვარ და ისევ,
ისევ მარტო ვარ და მცივა.

პირველ გაწვიმების ფერად,
პირველ გაწვიმების მსგავსად,
გკარგავ, გპოულობ და გხედავ,
გხედავ, გპოულობ და გკარგავ.

გწერ და ყველაფერი ცუდად,
ანდაც უარესად არის...
მაცლის ხასიათი სუნთქვას,
სუნთქვას ხასიათი მაცლის.

სევდა ჩაეღვარათ რითმებს,
ცრემლიც სევდიანად შრება...
რჩებათ ტკივილები თითებს,
თითებს ტკივილები რჩებათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები