ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ქავთარაძე
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2019


აბა რა გითხრა

აბა რა გითხრა, ბევრი რამე ხდება ახალი,
ეს თვებიია, მოვუკელი ღამით ხეტიალს.
ლამპიონები თუ ოდესმე კიდევ მნახავენ,
თავს დახრიან და არც ერთ სიტყვას აღარ მეტყვიან.

ამარიდებენ ფართო თვალებს, ვითომც არა ვარ,
გააყოლებენ უცხოს მზერას, ვითომ ვერ მიცნეს.
აბა რა გითხრა, კარგად ყოფნამ ცოტა დამღალა
და ძველ იარებს ღიმილიან სახით ვივიწყებ...

და საიდანღაც წამოსული აღარ ვბრუნდები.
მეკითხებიან- სადა ხარო, შემდეგ თვეების,
ისე უბრალოდ წამოვკრიფე გუდა-ნაბადი,
ისე უბრალოდ დავუქნიე ყველას ხელები,

რაიმეს საგზლად გაყოლება არც კი დამჭირდა,
მე გავუყევი ჩემს ბილიკებს ოდნავ დამრეცად,
უკან მიხედვა ძველი გზისკენ ისე გაჭირდა,
წამით მომინდა, ჩემი თავი მისგან დამეცვა.

აბა რა გითხრა, წესრიგმაც კი იცის მოწყენა,
დაკეცილ ლექსებს აღარავის აღარ ვუკითხავ
და რას შევცვლიდი, ვის შევცვლიდი, აზრი აღარ აქვს
და არც პასუხი არ აქვს ამას(ვინმე თუ მკითხავს).

აბა რა გითხრა, მზეებია, ზამთრის ნაპირი,
ისე ვეღარ ვწერ, მთელი გულით, როგორც მჩვეოდა,
რადგან დამაკლდა ემოცია და არ  ავტირდი,
დიდი სცენიდან მოვაგორებ ჩემივ ჩემოდანს.

...ისევ ვინახავ გადაკეცილ, ფერად ნახატებს,
დღეს,  ყველა განცდას გადახადეს ფარდა ნოტებმა.
აბა რა გითხრა... ხან ბევრი რამ ხდება ახალი,
ზოგჯერ კი თურმე, წესრიგმაც კი იცის მოწყენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები