ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2019


სერენგეტის სავანა

© ავტორი - ტარიელ (ტატო) კინწურაშვილი

ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა, ტექნო-თრილერი, უტოპია...

/ ბ რ ო შ უ რ ა /
______

პირველი ნაწილი

შემოდგომის ბოლო დღეს ცაზე ცისფერი გახუნდა და ფილადელფიაში იანვრის სუსხმა დაისადგურა. საშობაო განწყობა ძალას იკრებდა, რისი დასტურიც ის ვეებერთელა ნაძვის ხე იყო, რომელსაც რინგო დაჟინებით უმზერდა. აეროპორტის ფოიეში მდგარ, ათასფრად მოკაზმულ ნაძვთან მშობლები სურათებს უღებდნენ პატარებს...
კაფეში მყოფ რინგოს ოფიციანტმა „ჩაუდერი“ მიუტანა. ავიალაინერი, რომელშიც ის უნდა შესულიყო დაახლოებით ერთ საათში ცაში აიჭრებოდა და აღმოსავლეთისკენ აიღებდა გეზს.
ოც წუთში რინგომ კაფე დატოვა და ფოიეში გავიდა. იგი რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა, საათს დახედა და სვლა განაგრძო. უცებ ხმაური შემოესმა, გვერდზე მიიხედა და შვიდი-რვა მეტრის მოშორებით დაინახა თუ როგორ გაარტყა მამაკაცმა ქალს სახეში. კაცი სავარაუდოდ ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა, ხოლო მსხვერპლი ალბათ მასზე ცოტა უმცროსი. რინგო მათ მიუახლოვდა და ქალმა უმალ მეორედ იგემა დარტყმა. რინგო კაცს მივარდა, ხელი დაუჭირა, თუმცა მოძალადემ მალევე გაინთავისუფლა ხელი და უკმეხადაც მიმართა მის გამკავებელს. რინგომაც საკადრისი პასუხი გასცა და ის იყო გზის გასაგრძელებლად გვერდზე შეტრიალდა, რომ თავში ძლიერი დარტყმა იგრძნო. რინგო მოულოდნელი დარტყმისგან ოდნავ შებარბაცდა და შემდეგ ნელა შემოტრიალდა. მოძალადემ მეორე დარტყმაც განახორციელა _ ამჯერად ფეხი ჩააზილა მუცელში. საპასუხო დარტყმის ჯერიც დადგა _ რინგომ, შეიძლება ითქვას მეოთხედი ძალით მოქნეული, გაშლილი ხელი სტკიცა თავდამსხმელს სახეში. იქაურობის ამრევმა რინგოს შეაგინა და ისევ სცადა დარტყმა, მაგრამ რინგომ მუშტი მძლავრად შეკრა, მოქნეული ხელი აიცილა, თავი ვეღარ გააკონტროლა და მთელი ძალით დაარტყა უცნობს. მარჯვენა ჰუკმა ქალზე მოძალადე მოცელილივით დასცა ძირს, ხოლო სანამ გაიშოტებოდა, იქვე აღმართულ პატარა ბრინჯაოს სკულპტურას ჩამოსცხო თავი, გონება დაკარგა და მალე სულიც განუტევა. ორიოდ წუთის შემდეგ, ბრინჯაოს ხმალაღმართული ამორძალის ფერხთით, დაგუბებული სისხლი ახალ ტერიტორიებს იპყრობდა.
გავიდა ხანი...
რინგო ციხის სპორტულ დარბაზში იყო შესული და თავდაუზოგავად ურტყამდა კრივის ტომარას.
ჯები, კროსი, ჰუკი, სვინგი და აპერკოტი ერთმანეთს ენაცვლებოდა...
ყოფილი მოკრივე, იმხანად 43 წლის რინგო _ კანადის საზღვართან ახლოს მდებარე სერენგეტის ციხეში იჯდა. სერენგეტის ეროვნული პარკი იუნესკოს მიერ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლად არის აღიარებული და ველური ბუნების საუკეთესო ნაკრძალად მიიჩნევა აფრიკაში, რაც უპირველეს ყოვლისა იქ გავრცელებული მტაცებლებისა და მათი მსხვერპლების სიუხვითაა განპირობებული.
ციხეს არაოფიციალურად „სერენგეტი“ იმიტომ შეარქვეს, რომ იქაურობაც მტაცებელთა და მსხვერპლთა ასპარეზად იყო გადაქცეული.
რინგო ვარჯიშით მოიქანცა, ხის სკამზე ჩამოჯდა და ფიქრებში წავიდა...
გაახსენდა თუ როგორ დაამარცხა WBA და IBO რეიტინგთა პირველ ათეულში მყოფი მოკრივეები. მოაგონდა ქუჩური ჩხუბების შავი ლომიც, რომელმაც ნიგოზივით დანაყა, მერე კი იღბლის, სასწაულისა თუ უკანასკნელ ძალთა მობილიზების ხარჯზე უზადოდ შეასრულა აპერკოტი. შავი ლომი როგორც იქნა დავარდა და გონება დაკარგა _ ზუსტად ისე, როგორც იმ შავბნელ სუსხიან დღეს. მას შემდეგ, აგერ უკვე ორი წელი გასულიყო...
ჰო, შავი ლომი მოსულიერდა და წამოაყენეს, თუმცა „ქუჩურ ჩხუბებს“, ფილადელფიის ჩრდილოეთით, კენსინგტონ ავენიუზე რომ იმართებოდა ხოლმე _ თეთრი ლომი გამოუჩნდა. ეს ქართველი მოკრივე გუბაზ კიუტი იყო, რომელსაც მისმა თანამემამულეებმა სიტყვა „რინგიდან“ გამომდინარე _ „რინგო“ შეარქვეს.
რინგომ ლომის დამარცხების შემდეგ „ქუჩურ ჩხუბებში“ ორჯერ მიიღო მონაწილეობა და ორივეჯერ იოლად გაიმარჯვა.
***
გუბაზ კიუტი 18 წლის წინ ჩავიდა ამერიკაში და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ოთხჯერ იყო საქართველოში ნამყოფი. ის 2022 წელს პირველად ეწვია ფილადელფიას. მაშინ მან პაუერლიფტინგის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია. გუბაზი თბილისში დაბრუნდა, მაგრამ ორიოდ თვეში პენსილვანიიდან მიიწვიეს და იგი, თავის ორ მძლეოსან მეგობართან ერთად ისევ დაბრუნდა ფილადელფიაში. მან თავდაუზოგავად განაგრძო ვარჯიში პაუერლიფტინგში და პარალელურად თავის მეგობრებთან _ გოგი დარბაისელთან და ერეკლე შავერდაშვილთან ერთად მცველად დაიწყო მუშაობა კენგსინგტონ ავენიუზე მდებარე სტრიპტიზ კლუბში. კლუბის გვერდზე ბრეტანული ფიქალით მოპირკეთებული შენობა იდგა. იმ შენობაში პერიოდულად ქუჩური ჩხუბები იმართებოდა და შეკრებილი ამფსონებიც ფსონებს არ იშურებდნენ ამა თუ იმ მებრძოლის სასარგებლოდ. გუბაზი ივლისში აშშ-ის სახელით უნდა გამოსულიყო პაუერლიფტინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იმხანად თებერვალი იდგა და სამსახურში ყოფნაც ოთხ დღეში ერთხელ უწევდა _ აქედან გამომდინარე კიუტის სპორტულ ფორმას საფრთხე არ ემუქრებოდა.
ერთ დღესაც, კლუბის კართან მდგომ გუბაზს ქუჩური ჩხუბების პრომოუტერი ბილ ბარკლი გამოელაპარაკა, ფინანსური მხრივ დააინტერესა და ორთაბრძოლაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. გუბაზმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა და ორ დღეში პასუხიც მოამაზადა.
გუბაზ კიუტი რინგზე გავიდა და თავისი განსაკუთრებული ძალის ხარჯზე მეტოქეს იოლად გაუმკლავდა. მეორე ორთაბრძოლისას კიუტი კინგბოქსიორს შეერკინა და ბევრი ოფლიც ღვარა. მართალია მეტოქეს ძალით ჯობდა, თუმცა ბანგკოკელი მებრძოლი სისწრაფით და გამოცდილებით ჯაბნიდა და არაერთი მტკივნეული დარტყმაც მიაყენა ქართველს. მართალია კიუტის მეტოქე კინგბოქსიორი გახლდათ, მაგრამ რადგან ბრძოლა „ქუჩური ჩხუბების“ ეგიდით იმართებოდა, სხვადასხვა ფანდის შესრულება დასაშვები იყო, ჰოდა ბანგკოკელმა ტაილანდური კრივის ილეთი გამოიყენა და იდაყვით თავში ძლიერი დარტყმა მიაყენა მის წინ მდგომ ათლეტს. გუბაზი დაეცა, მერე წამოდგა და ბრძოლა განაგრძო...
უცებ კინგბოქსიორი ძალზე ახლოს მიიჭრა ქართველთან და კლინჩის დროს იდაყვების შეტყუპება დააგვიანა. ამით კიუტიმ ისარგებლა და გამობრძმედილი მოკრივესავით მოწინააღმდეგის ხელებს შორის, ქვემოდან ძლიერად მოიქნია მარჯვენა. კიუტის აპერკოტმა კინგბოქსიორი ნოკაუტში ჩააგდო. გუბაზ კიუტიმ მეორე გამარჯვება მოიპოვა რინგზე და იმ დღიდან მას რინგო შეარქვეს. რადგან ასეა, მოდი ჩვენც რინგოთი მოვიხსენიოთ ქართველი.
როგორც აღმოჩნდა, რინგოს ორივე ორთაბრძოლას ჯო ბერდი დაესწრო. ის კრივის პრომოუტერი იყო. მან ქართველს დაურეკა, ბილ ბარკლის მსგავსად ფინანსური მოტივაცია გაუღვივა და კრივში ვარჯიში შესთავაზა. პროფესიონალი მწვრთნელის საკითხიც თავის თავზე აიღო.
რინგო ორ, უფრო მართებული იქნება ვთქვათ, სამ ცეცხლშუა აღმოჩნდა. ივლისში პაუერლიფტინგის ჩემპიონატი იმართებოდა რომში და იგი ვალდებული იყო ტურნირზე გამოსულიყო, ხოლო ქუჩურ ჩხუბებში შავ ლომად წოდებულ აფროამერიკელს უნდა შერკინებოდა _ ესეც გარკვეულწილად ვალდებულება იყო მისთვის.
რინგო სტრიპტიზ კლუბში მუშაობას შეეშვა და თავი მხოლოდ კუნთებისგამწურავ ვარჯიშისთვის გადადო.  რინგომ ბერდი დაიყოლია ივლისამდე მოეცადა.
მოკლედ, ქართველი ათლეტი ივლისში რომში გაემგზავრა და პაუერლიფტინგის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, მანამდე კი „ქუჩური ჩხუბების“ რინგზე, ასევე კინგბოქსიორ შავ ლომს შეერკინა, რომელიც კაპოეირას ერთ-ერთ სტილსაც ფლობდა _ კონკრეტულად „ანგოლას“.
როგორც ზემოთ აღინიშნა _ აფროამერიკელისა და ქართველის ჩხუბი ძალზე მძაფრსიუჟეტიანი აღმოჩნდა. რინგომ თავსა და კორპუსში სულ 287 დარტყმა მიიღო. სახე მთლიანად დასისხლიანებოდა _ ერთხანს რინგის კუთხეში მყოფ მეგობრებს ქართულად შესძახა _ მარჯვენა თვალს ვეღარ ვახელო...
ამ დროს ერეკლემ თეთრი ნაჭრის გადაგდება დააპირა, თუმცა გოგიმ ხელი დაუჭირა და შეაჩერა.
რინგოს მარცხენა სისხლიანი ყური მარჯვენაზე ორჯერ დიდად მოუჩანდა. მისი საქმე ხავსს მოჭიდებულისას ჰგავდა, მაგრამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, მომენტი ნახა და როგორც ბანგკოკელს, აფროამერიკელსაც ნიკაპის ქვემოთ ძლიერად ამოსცხო მუშტი. ჯანიანი ზანგი გაითხლაშა და გონი დაკარგა.
რინგო ფინანსურად ცოტა მომძლავრდა _ თან ჯო ბერდიც რინგოს პრომოუტერი გახდა. მან თავის კლიენტს, კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ჩემპიონატზე, მძიმე წონით კატეგორიაში ორთაბრძოლა გაუჩარხა და კლიენტმაც არ გააწბილა ბერდი. პროფესიონალურ კრივში პირველი გამარჯვება მოპოვებულ იქნა.
რინგო 13 წელი იდგა რინგზე. მან ამ ხნის განმავლობაში უამრავი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა WBO ვერსიით.
სამი წელი იყო გასული, რაც ქართველ მოკრივეს სპორტული კარიერა დასრულებული ჰქონდა და ოჯახის შექმნისთვისაც მოიცალა. ობლად გაზრდილმა, დედისერთა გუბაზ კიუტიმ იტალიური წარმოშობის ამერიკელი ქალი მოიყვანა ცოლად, რომელიც მისი პრომოუტერის ალ ბონინსენიას ქალიშვილი იყო. ბონინსენია რინგოს პრომოუტერი, მისი სპორტული კარიერის დასკვნით ნაწილში გახდა.
ქართველმა სამშობლოდან ხრიდოლის ოსტატი მოიწვია და გამალებითაც შეუდგა წვრთნას. რინგომ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. მან და ალმა ორი წელი ითანამშრომლეს, _ ამ ხნის მანძილზე კი რინგომ შვიდი ორთაბრძოლიდან ექვსში იმარჯვა. მან ექვსივეჯერ ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე, ხოლო თვითონ ერთი მარცხი ქულებით იწვნია.
ახლა რაც შეეხება მის ცოლს...
გრძელი ქერა თმის, ეშხიანი თვალების, პრიალა ხავერდოვანი კანის და ლამაზი ტან-ფეხის კომბინაცია 31 წლის ჯინა ბონინსენიას ისე წარმოაჩენდა, რომ სილამაზეში ვიქტორია სეკრეტის მოდელებსაც არ დაუდებდა ტოლს. ჯინა იურისტი იყო და მამასაც აქტიურ დახმარებას უწევდა საქმიანობაში.
მოდი, ბარემ რინგოს შესახედაობაც მოკლედ აღვწეროთ...
ის საშუალოზე ოდნავ მაღალი სიმაღლის ადამიანად უნდა წარმოიდგინოს მკითხველმა, რომელსაც შავი, გვერდებში ოდნავ შეთხელებული თმა აქვს. იერით დონ ფრაის წააგავდა, რადგან მასავით კუნთმაგარი და ულვაშიანი გახლდათ.
რინგოს და ჯინას ბიჭი ეყოლათ. შვილს სახელად პავლე დაარქვეს _ ხანდახან პაოლოს ეძახდნენ ხოლმე.
ერთი სიტყვით რინგომ ცხოვრება ააწყო და საზრუნავიც ძალზე ნაკლები ჰქონდა.
მან სიმამრის მსგავსად პრომოუტერობა დაიწყო და საქართველოში გადაწყვიტა გამგზავრება, რათა რამდენიმე მებრძოლი გაეცნო. გოგის და ერეკლეს საქართველოში საერთო საქმე ჰქონდათ _ ისინი დიდ სპორტულ კომპლექსს ფლობდნენ, სადაც არაერთი მოკრივე, მოჭიდავე და კარატისტი ვარჯიშობდა. სწორედ მათ შესთავაზეს მეგობარს, რომ თბილისში ჩასულიყო და რამდენიმე მათგანი საქმეში გამოეცადა.
რინგომ თბილისში ჩასვლა გადაწყვიტა და მალე თვითმფრინავშიც ჩაჯდებოდა, მაგრამ...
***
სხვადასხვა ქვეყნებიდან ხუთი კაციჭამია გადმოაფრინეს მენის შტატის ქალაქ ოგასტაში. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობდა ციხე, სადაც რინგი იყო მოწყობილი, რომელსაც ციხის რამდენიმე თანამშრომელი და პატიმრები „სერენგეტის სავანას“ ეძახდნენ.
ჩამოყვანილ, დაუნდობელ მებრძოლებს შორის იყვნენ: ესპანელი, იაპონელი, ინდოელი, პერუელი და რუსი.
მათ სამი მებრძოლი სერენგეტის ციხეში დახვდათ. რინგოს გარდა _ ტაეკვონდოს ოსტატს, ირლანდიური წარმოშობის ამერიკელს და არიზონელ, მონსტრად წოდებულ ტუსაღს უნდა მიეღოთ შეჯიბრში მონაწილეობა. არიზონელს სამბო ერქვა. თავის დროზე, ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რადგან ადამიანი, რომელიც წარმოშობილია ინდიელი მამაკაცისა და ზანგი ქალის შერეული ქორწინების შედეგად „სამბო“ ქვია. მას მამა ინდიელი, ხოლო დედა იამაიკელი ჰყავდა. იგი ორთაბრძოლების შვიდ სახეობას ფლობდა და რაოდენ სიმბოლურია რომ ამ კლასიფიკაციაში სამბოც ერია...
ესპანელი კინგბოქსიორი გახლდათ, იაპონელი კარატისტი შოტოკანის სტილს ფლობდა, ინდოელის იარაღს ბოკატორი წარმოადგენდა, პერუელისას ბაკომი, ხოლო რუსის საბრძოლო არსენალში: სამბო, ჯიუ-ჯიცუ, ძიუდო და კინგბოქსინგი შედიოდა.


მეორე ნაწილი

კომპანია „ჰანსონ რობოტიქსმა“ 2015 წლის 19 აპრილს რობოტი გააქტიურა. სოციალურ ჰუმანოიდს სოფია დაარქვეს. 2016 წლის მარტში, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში სოფია საზოგადოების წინაშე წარსდგა. მას სახეზე ორმოცდაათნაირი გამომეტყველების ასახვა შეეძლო და ასე განსაჯეთ იუმორიც გააჩნდა.
2017 წელს, სოფია პირველი რობოტი გახდა, რომელსაც პატივად ქვეყნის მოქალაქეობა ერგო _ სოფიას საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიენიჭა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში, გაეროს განვითარებათა პროგრამამ _ სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. გამჭრიახ ჰუმანოიდს ტიტული სინგაპურში გადასცეს, სადაც გაეროს განვითარებათა პროგრამის მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ფორუმი გაიმართა. მანამდე აღნიშნული ჯილდო მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდათ.
1954 წელს ჯორჯ დევოლმა პირველი პროგრამირებადი რობოტი ააწყო და ექვსი ათეული წლის შემდეგ, მისმა ქმნილებამ წარმოუდგენელი მეტამორფოზა განიცადა. ოცდამეერთე საუკუნის ათიან წლებში რობოტი ადამიანური ლოგიკით პასუხობდა ჟურნალისტების მიერ დასმულ ამა თუ იმ კითხვას...
სოფია ვიზუალურ მონაცემებს თვალებში არსებული კამერებისა და ალგორითმების საშუალებით ამუშავებდა, შემდეგ კი ადამიანთა სახეების გარჩევაც ადვილად შეეძლო. იგი მუდმივად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის წყალობით, იმ დროისთვის ძალზე ჭკვიან ჰუმანოიდად ითვლებოდა.
სხვადასხვა კომპანიებმა კიდევ არაერთი რობოტი შექმნეს, მაგრამ მოდი ყურადღება „კენშიროსა“ და „კენგურუს“ მივაპყროთ.
ისინი ტოკიოს უნივერსიტეტში „დაიბადნენ“ და განსაკუთრებული შესაძლებლობებით აღიჭურვნენ. მათ შეეძლოთ ვარჯიშის შედეგად თავიანთი აგებულების განვითარება.
რობოტებს უნიკალური დიზაინი ჰქონდათ და საკუთარ თავთან განუწყვეტელი მუშაობის ხარჯზე შესაძლებლობა ეძლეოდათ, რომ მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ ადამიანებს, როგორც აღნაგობით, ასევე ქცევებით...
„კენგურუს“ შეეძლო: აზიდვების, ბუქნების და კიდევ არაერთი ვარჯიშის შესრულება.
***
2036 წელს, არიზონას შტატში სრულყოფილი ჰუმანოიდი შექმნეს!
ნებისმიერი ადამიანის თითოეულ უჯრედში 46 ანუ 23 წყვილი ქრომოსომაა, მაგრამ ჰუმანოიდს, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ _ ორჯერ მეტი, 92 ქრომოსომა ჰქონდა და შესაბამისად მათი წყვილი 46 იყო.
თითოეული წყვილის ერთი ქრომოსომა დედისგან მოდის, მეორე კი _ მამისგან. თითოეული კვერცხუჯრედი X ქრომოსომას შეიცავს. სპერმატოზოიდი შეიძლება შეიცავდეს როგორც X, ისე Y ქრომოსომას. თუ სპერმატოზოიდი, რომელიც X ქრომოსომის მატარებელია, კვერცხუჯრედს შეუერთდება, ბავშვი გოგოდ მოევლინება სამყაროს, ხოლო თუ კვერცხუჯრედს Y ქრომოსომის მატარებელი სპერმატოზოიდი დაუკავშირდება, ბავშვის სქესი მამრობითი იქნება.
იტალიელი ნეიროქირურგის, რობერტო სკალასა და რობოტების შემქმნელი კომპანიის (ჩვენი მეგობარი რობოტები) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოძიებულ იქნა ორი მამაკაცი და ორი ქალი.
პირველი წყვილი ინდიელი მამაკაცისა და იამაიკელი ქალისგან შედგებოდა _ მეორე ტანდემს კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ასევე ინდიელი მამრი და იამაიკელი მდედრი შეადგენდა.
სასურველ კანდიდატთა მიკვლევის შემდეგ, მეცნიერებმა მათი „დნმ“ მოიპოვეს, ჰოდა საქმეც დაიძრა. გაწეული სამუშაოს შესახებ ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ...
ადამიანის გენები უჯრედის ბირთვში, გრძელ, ძაფისებრ სტრუქტურებს ქმნიან, რომლებიც წყვილებად არსებობს და თითოეული წყვილი იდენტურ თვისებათა გენებს ატარებს, ხოლო სკალასა და მისი თანასაქმოსნენის ძალისხმევით, ძაფისებრ სტრუქტურათა მეტამორფოზა განხორციელდა. მეცნიერებმა ქრომოსომების „დუეტები“ ოთხეულებად გარდასახეს და შესაბამისად 92 ქრომოსომისგან _ უჯრედის ბირთვის გარშემო მობინადრე 23 „კვარტეტი“ მიიღეს. აქედან გამომდინარე, ადამიანის იდენტურ, ოღონდ ჰომო საპიენსზე დიდი შესაძლებლობების ჰუმანოიდში _ რიცხვი 23 მაინც დაფიქსირდა, თუმცა ოთხეულის სახით. მეცნიერებმა ქრომოსომებში არსებულ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავებშიც შეიტანეს ცვლილებები და ადენინები თიმინების მაგივრად ციტოზინებს შეუწყვილეს, ხოლო გუანინები ციტოზინების ნაცვლად თიმინებს დაუკავშირეს.
რობერტო სკალამ, მომავალი ჰუმანოიდის ტვინის ნეირონებში პიკომეტრული სიდიდის მიკროჩიპები მოათავსა და როდესაც დენდრიტები მასში ინფორმაციას შეიტანდნენ, ჩიპები მიღებული ინფორმაციის გაფილტვრას მოახდენდნენ, რის შემდეგაც უკვე დამუშავებული შეტყობინება ნეირონების შემადგენელ აქსონში მოხვდებოდა. სკალამ აქსონთა გარსი ჩვეულებრივი ადამიანის აქსონებზე მეტად გააცხიმოვნა, რადგან ინფორმაციის გადაცემის პროცესი უფრო დაეჩქარებინა.
მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის გაუმჯობესების შემდეგ, სკალას საშუალება მიეცა, ადამიანის შემადგენელი ძირითადი ელემენტებისთვის კიდევ დაემატებინა ელემენტები, _ მაშასადამე ნახშირბადისგან, წყალბადისგან და ჟანგბადისგან შემდგარი ჰუმანოიდი _ ოქროთი, ალმასით და კიდევ რამდენიმე ელემენტით იყო გაჯერებული...
მოკლედ წინ წასულმა ტექნოლოგიებმა, ადამიანისა და რობოტის შერწყმა-შეჯვარების პროცესი განაპირობა. იტალიელი ნეიროქირურგისა და რობოტების შემქმნელი კომპანიის მიერ აწყობილი ქმნილება ფიზიკური ძალითა და მრავალი უნარით გამოირჩეოდა _ კაციშვილი ვერ განასხვავებდა დედამიწაზე შობილი ჩვეულებრივი მოკვდავისგან. მას ახასიათებდა ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებს, ქცევას და ასე განსაჯეთ _ განაყოფიერების უნარითაც გახლდათ დაჯილდოვებული.
შემქმნელებმა სახელიც მოიფიქრეს და ამუშავებულ ჰუმანოიდს სამბო დაარქვეს.
სამბოს ცხოვრებას შემქმნელები აკონტროლებდნენ, ოღონდ თავისუფლებაც უბოძეს, რათა საშუალება მისცემოდა ისე ემოქმედა, როგორც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.
იგი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მისი მზარდი ფიზიკური ძალის გათვალისწინებით, მალე ნამდვილ მონსტრად იქცა. სამბო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი გახდა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ზედიზედ 26 გამარჯვება მოიპოვა.
განმუხტვის მიზნით, თავისუფალ დროს იგი ხშირად სტუმრობდა, მდინარეების _ სოლტისა და ხილას შესართავის მახლობლად მდებარე ელიტარულ ბორდელს. იქ მას ერთი გოგო დაევასა და მალე ულამაზესი მექსიკელი მეძავიც სამბოს საყვარელი გახდა. მებრძოლმა თავის ტურფას საროსკიპო დაატოვებინა და საცხოვრებლად თავის ფეშენებელურ ვილაში გადაიყვანა.
ორთაბრძოლებისთვის მზადება და ვნებიან იამილე სანჩესთან სექსი _ სწორედ ეს ორი რამ იყო სამბოს საზრუნავი და საკეთებელი...
დღეები გავიდა. თვეებიც...
ივნისის ერთ დილას ის და იამილე ფინიქსის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიძრნენ და ოთხი დღით „თეოდორ რუზველტის“ ტბის პირას მდებარე სასტუმროში დაბინავდნენ. წყვილმა ამ მოკლე დროის განმავლობაში კარგი დრო გაატარა...
გავიდა ოთხი დღე და ფინიქსისკენ მიმავალ გზაზე, ქალაქ მესას მისადგომებთან _ სამბომ საჭე ვერ დაიმორჩილა. დიდი სისწრაფით მოძრავი „ფორდ მუსტანგი“ ტრასიდან გადავიდა და გზის პირას მდებარე მოტელთან მდგარ ახალგაზრდა ქალს შეასკდა. წითელი „მუსტანგი“ წითლად შეიღება. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამბო გაასამართლეს და ჰუმანოიდის ცხოვრება სერენგეტის ციხეში გაგრძელდა...
სკალას და დანარჩენებს საიდუმლოს გამჟღავნება არ სურდათ და სამბოს ძალებშიც დარწმუნებულნი იყვნენ.
***
სერენგეტის სავანაში ორთაბრძოლები დაიწყო!
რინგომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე: ესპანელი და ინდოელი დაამარცხა, ხოლო სამბომ იაპონელსა და რუსს სძლია.
და აი, გადამწყვეტი ორთაბრძოლის დღეც დადგა. გამარჯვების ფასი ძალზე დიდი იყო, რადგან მოგებული ციხეს დატოვებდა _ თავისუფლება კი ფასდაუდებელია!
ფსონები დაიდო და გონგის ხმაც გაისმა _ მეტოქეებიც ერთმანეთს ეკვეთნენ!
პირველ ორ რაუნდში მხოლოდ კრივი იყო. რინგო თავის უძლიერეს მოწინააღმდეგეს მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებდა _ წინა ხელით ურტყამდა და კლინჩით თავს იცავდა.
ჯები _ კლინჩი; ჯები _ კლინჩი; ჯები _ კლინჩი...
ასე ჩაიარა პირველმა ორმა რაუნდმა, თუმცა უფრო სწორად პირველმა და თითქმის მეორე რაუნდმა, რადგან მეორე რაუნდის ბოლო წამზე სამბომ შენონ ბრიგზივით სწრაფად მოიქნია გაშლილი ხელი და რინგო ძირს დასცა.
ქართველი გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოდგა და უმალ გონგის ხმაც გაისმა.
მომდევნო ოთხმა რაუნდმა სამბოს სრული უპირატესობით ჩაიარა. რობერტო სკალასა და რობოტების შემქმნელი კომპანიის ქმნილებამ ორჯერ დააგდო თავისი მოწინააღმდეგე და მარწუხებშიც მოაქცია. რინგო ერთხელ საოცრად დაუსხლტა მის ტანზე ანაკონდასავით შემოხვეულ სამბოს, ხოლო მეორედ გონგმა მოუსწრო, თორემ ოთხ-ხუთ წამში დანებდებოდა კიდეც.
მეშვიდე რაუნდის სტარტზე სამბომ მოხდენილი აპერკოტით კვლავ ძირს დაანარცხა გასავათებული რინგო, რომელიც მსაჯის მიერ ნათქვამ სიტყვაზე - „ცხრა“ _ ძლივს გაიმართა წელში. ის როგორღაც, რის ვაი ვაგლახით მიბობღდა მეშვიდე რაუნდის ფინიშამდე.
დასისხლიანებულმა რინგომ წყალი გამოივლო და შემდეგ ორიოდ ყლუპი მოსვა. გონება დაძაბა და შეეცადა გული გაემაგრებინა. წამის მეასედ დროში თავში გაუელვა აზრმა თუ რამდენი და როგორი მეტოქე ჰყავდა დამარცხებული...
რინგომ დაიღრიალა და გაძლიერებული შემართებით შევარდა რინგზე.
მერვე რაუნდმაც სამბოს უპირატესობით ჩაიარა და რინგოს სახეც უფრო მეტად დასისხლიანდა.
მეცხრე რაუნდშიც ჰუმანოიდი დომინირებდა და მეათეშიც მას ეპყრა ბრძოლის სადავეები. მეათე რაუნდი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა რინგომ ქართული ჭიდაობის უძველეს სახეობას „რკენას“ მიმართა და როცა შერკინებამ ჩოქბჯენში გადაინაცვლა რაუნდიც დასრულდა.
დაიწყო მეთერთმეტე რაუნდი!
სამბომ ძლიერად მოუქნია ხელი მისი თავისუფლების ხელისშემშლელს, მაგრამ გამოცდილმა მოკრივემ მოხდენილად აიცილა დარტყმა, მეორეჯერაც სცადა სამბომ და ამჯერად ყბაში მოარტყა რინგოს, თუმცა მეორე მოქნევა არცთუ ძლიერი გამოუვიდა. მალე რინგოს ჯერიც დადგა და მან 90 გრადუსით მოხრილი ხელით მტკივნეული დარტყმა მიაყენა მის წინ მდგომ, გავეშებულ მონსტრს.
მარცხენა ჰუკმა გაამართლა, სამბო წაიქცა!
იგი წამოდგომას შეეცადა, წაბარბაცდა და ისევ დავარდა.
მესამე ცდაზე, როგორც იქნა წამოდგა და გაიმართა.
მსაჯი რობოტს სახეში ჩააშტერდა და ბოლოს ორთაბრძოლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ბრძოლა გაგრძელდა!..
სამბო შეტევაზე გადავიდა, ხოლო ახალი ენერგიით აღვსილი რინგო მყის გვერდზე გახტა და ელვის სისწრაფით დაარტყა მოწინააღმდეგეს.
ამჯერად მარჯვენა ჰუკი!
მეტოქე ისევ ძირს დავარდა...
სამბო კვლავ წამოდგა და უცებ მის გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი გახდა.
მასში ხელოვნურად აკინძულმა აზოტოვანმა ფუძეებმა რღვევა დაიწყო და ნეირონებში განთავსებული მიკროჩიპებიც მწყობრიდან გამოვიდა.
რინგომ მუშტი შეკრა და მის წინ მდგომ, გაოგნებულ სამბოს მთელი ძალით დაარტყა სახეში.
სამბო დაეცა _ უკვე საბოლოოდ.
უსულო ჰუმანოიდს გული გაუჩერდა.
მეორე დღეს იამილეს ვაჟი შეეძინა.
ორთაბრძოლიდან ორიოდ საათში ციხის ჭიშკარი ნელა გაიღო. ჭიშკრის ზღურბლზე ჯინა და პატარა პავლე იდგნენ.

© ტარიელ (ტატო) კინწურაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები