ქალაქში, სადაც პოეზიამ დაკარგა გემო, ქალაქში, სადაც ვერ გაცვითეს წიგნებმა ყდები, დავდივარ ჩუმად, სულის მოთქმის მდუმარე ჩეროდ, დამაქვს ფიქრი და ძველ ნაცნობებს გულგრილად ვხვდები.
დამღლეს, ისევ სიმშვიდეა, ისევ ჩუმად ვარ, დროგამოშვებით ვლაპარაკობ, ვიღიმი, ვსუნთქავ, დღესაც ფეხმორთხმით ჩამოვჯექი ფიქრის ბუნაგთან, ჩვეულ რუტინას დავანებე დღეების ფურცვლა.
მარტის იებმა მათი ტანი თვითონ გალიეს, აქ არც წვიმაა, არც მზეა და თოვლი ხომ აღარც... ისე ვარ, თითქოს ვეხეთქები კედლებს გალიის, ღიაა, მაგრამ მე ვერ ვბედავ კარიდან გასვლას.
დღეს ვინღა უკრავს გამალებით ფორტეპიანოს, მუსიკის დუღილს ფანჯრებიდან ვინ გაგაგონებს. ქალაქში,სადაც ყველაფერი წრეზე ტრიალებს, ბოლო არ უჩანთ დაჟანგებულ დღეთა ვაგონებს.
თან დამაქვს ფიქრი, სულის მოთქმის მდუმარე ჩეროდ და ძველ ნაცნობებს უგუნებო იერით ვხვდები, ქალაქში, სადაც პოეზიამ დაკარგა გემო, ქალაქში, სადაც მოიტეხეს ლექსებმა ფრთები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|