ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
5 აპრილი, 2019


წერილი წვიმას!

ცრის სევდისფერად... მარტოსულად... ცივა ჩვილ აპრილს...
ამ გაზაფხულზე წვიმას შენი სურნელი დასდევს..
დასდევს რა... უფრო მგონია, რომ შენ ხარ ეს წვიმა და წვეთ-წვეთებად სულს ეცემი ცხელ მონატრებად, ანდაც იქნებ ზღვა მოლანდებად ჰო, მოლანდებად, გამჭვირვალე, სველ მოლანდებად.
და ბრაზობს წვიმა ანუ შენ ბრაზობ უმისამართოდ,
არ გაქვს მიზეზი, რომ გგონია არ არის ეგრე და მაინც ბრაზობ..გთხოვ, არ გინდა...
სევდის ფერებს ნუ გაამუქებ!
მე მომისმინე,
ისევ მევე აგიხსნი იმას, თუ როგორ სუფთა და მართალია ჩემი ბუნება, ცახცახა სიტყვით გადაწყვეტილი "სურვილი" ჩემი.
მე მომისმინე,
მე ბევრი რამე შემიძლია შენთვის, შენს გამო, თუმცა არა და ვერ შევძელი მე ძირს დამეგდო, გამეთელა ის, რაც მავსებდა
და ცას იქით მაფარფატებდა,
რაც ამ სიცოცხლეს უნებართვოდ მიხანგრძლივებდა.
რომ არა ასე, ამით ჩემს თავს, ჩემს ოცნებებს და იმ სამყაროს შენს ირგვლივ მყარად რომ ავაგე
ვუღალატებდი...
მე მომისმინე...
გადავარჩინე... ამით ჩემი პიროვნება დაცემისგან გადავარჩინე, სული გადავარჩინე დამამდაბლებელი მდგომარეობისგან, ჩემი ფიქრები რომ ორიოდე გროშად არ შეფასებულიყო და თავად სიყვარული რომ არ ქცეულიყო გაცრეცილ მოწყალებად, საერთოდ კი შენი ხატება გადავარჩინე, სიტუაციიდან გამომდინარე რომ არ გაუფერულებულიყო ჩემს არსებაში.
მე ვიგრძენი (შენი წყალობით) აზრი რომ არ ჰქონდა იქ გავლას, სადაც სხვისი ნაბიჯების ხმა უფრო მკვეთრად გაისმებოდა, ვიდრე ჩემი,
სადაც იმ ვიღაცის ხმაური უფრო მელოდიური იქნებოდა, ვიდრე ჩემი ვნებამორეული, ნატკენ ნოტებად აკანკალებული ჩურჩული, სადაც იმის სინათლე იქნებოდა მეტად შესამჩნევი და მეტად ბრჭყვიალა, თუნდაც გარკვეული კუთხით!
თუმცა არ იყო რთული სამუდამოდ დარჩენა იქ, მითუმეტეს სუნთქვასავით საჭიროდ რომ მინდოდა ყოფნა, მაგრამ ვერ მივხვდი რა როლი უნდა შემესრულებინა იმ სახიფათო სცენაზე ჩემივე ნებით დადგმულ საბედისწერო სპექტაკლში?
-ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა მეორეხარისხოვანი გმირი ისე ეფექტურად განმესახიერებინა, როგორც ამას მთავარის შემთხვევაში შევძლებდი და ამიტომაც გამოვეთიშე სცენარს!
ყოველთვის მიმაჩდა, რომ ამ ცხოვრებაში ან ვინმე უნდა ყოფილიყავი ან რამე, ვინმესა და რამეს შორის დარჩენილ ალაგს ხავსმოკიდებულის პოზიციად ვთვლიდი და არასდროს შემეძლო შემეფერებინა დროებითი სიმყარე!..
---------------------------------------------------------
მე არ ვარ იქ, სადაც...
არ ვარ, რადგან ახლა "იქ"-ს კიდევ პლიუს მე უკვე ბევრს უდრის, ძალიან ბევრს და ულამაზო შედეგს...სილამაზე კი მთავარი კომპონენტია სულის გაცისარტყელებისათვის...
და მე მინდა ვიყო ფერადი...
მინდა მხოლოდ მე კი არა ჩვენ ვიყოთ ბევრი და მეტი მთელს ცაზე, ვარსკვლავებზე და მზეზე მეტიც!
და მინდა არ ბრაზობდეს წვიმა, ის ისედაც ხომ სევდისფერია და სველი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები