ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2019


დედის სიზმარი


ესიზმრებოდა დედას შვილი, შუაღამისას.
ესიზმრებოდა ყოველღამე,
ერთი და იმავე დროს,
სისხამამდე ცოტა ხნით ადრე.
მაგრამ არასდროს
გრძელდებოდა ეს სიზმარი
გათენებამდე.
***
ესიზმრებოდა დედას შვილი,
ახლად ნაყიდ საწოლში
ჩაწვენილი.
მომღიმარი და მოცინარი.
ხანდახან კი ,
ჩაესმოდა მისი ტირილიც.
( ბავშვებს როგორც სჩვევიათ ხოლმე).
***
სიზმარში ლოცვაც დაისწავლა.
და ლოცულობდა,
რომ ერთხელ მაინც მიეღწია
გათენებამდე.
რომ კიდევ ერთხელ დაენახა
ბავშვის ღიმილი. მაგრამ ვერასდროს
ვერ ასწრებდა ლოცვას ბოლომდე.
***
გააღვიძებდა საკუთარი რძით
გაჟღენთილი სველი საბანი,
მერე კი თავში
იშენდა ხელებს.
***
ამოდიოდა მზე მის ფანჯრებში
და შეზიზღდა მზე,
რადგან აერთმევდა
სიზმრებს, რომლებსაც
საკუთარ ოთახში
გამოკეტილი უცდიდა
მთელი დღის განმავლობაში.
და გადმოდიოდა მისი ძუძუდან რძე, გაუჩერებლად.
***
ესიზმრებოდა დედას შვილი, შუაღამისას.
ესიზმრებოდა ყოველღამე,
ერთი და იმავე დროს,
და ვერ ათბობდა ჩახუტებით,
ცხელი ხელებით.
ვერანაირად მოაცილა მის
ბავშვს სიცივე,
არადა ბევრი შეეცადა -
ყველა სიზმარში.
***
ერთ დილას როცა,
შემოანათა პირველმა სხივმა ოთახში,
როცა ერთიანად შეამტვრია ყველა
ფანჯარა დედას ეძინა და
სიზმარში
პირჯვარს იწერდა.
***
და იმის მერე
ბევრჯერ დაღამდა.
და იმის მერე ბევრჯერ გათენდა.
თუმცა არც ერთს აღარ ჰქონდა
აზრი რაიმე.
***
იჯდა დედა აიწონა-დაიწონაზე,
მისი შვილი კი,
ეხვეწებოდა დაბლა დაშვებას.
***
და დავიჯერე, რომ
ხანდახან სიზმრებში ვცხოვრობთ.
ან კი პირიქით,
ეს ცხოვრება გვექცა სიზმრებად
და გავიღვიძებთ
ერთ დილას
თვალების ფშვნეტით.
მერე კი,
აიწონა-დაიწონაზე ვიკატავებთ
შვილებთან ერთად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები