ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2019


ყვითელი კანონზომიერება



ბაქანმა იცის უძრავად დგომა
მანამ, რელსები სისინს და ზრიალს
მოახლოებულ მატარებლიდან არ გამოშრეტენ.
ჩამოტეხილი ბეტონის შიგნით
თავს იმაგრებენ ნაცრისფერი ქვის ნამსხვრევები
და საბჭოთა ცას მოგაგონებენ.
წარმოდგენაში შეძლებ დანახვას,
პემზის მარცვლებმა სველ ბეტონში როგორ დაყვინთეს,
როგორ აიკრეს მუშებმა პირი მისი ზელვისას,
სოციალისტურ სისტემასთან თანხვედრ სხეულებს
როგორ მოარგეს თანასწორობა.
ეს იყო მაშინ.  ბაქანზე ღრმა ნაფეხურები
ეპოქამ დღესაც ვერ მოინელა.
ახლაც იცდიან სადგურებზე  ის შენობები.
ვინ დაუმუქებს შემცბარ სიყვითლეს,
სადისპეჩერო ალმების ოთახს,
ვინ გამოუცვლის გამომპალ ჩარჩოს,
ან ჩახეთქილი იატაკიდან
წარსულ დიდებას ვინ ამოუტანს...
იმ ხალხმაც იცის უძრავად დგომა
ჩექმიდან სისხლი რომ გადმოღვარეს,
ჩექმიდან მტვერი გამოიბერტყეს,
სამკერდე ნიშნებს ჩაებღაუჭნენ,
მქუხარე ტაშით დიდების ხიბლი
იმ მღლვარებას გაუთანაბრეს,
რომელმაც შეძლო მათი დახრჩობა.
ბაქანმა იცის უძრავად დგომა
იქამდე ვიდრე რელსებს ზრიალი
ახალი ფორმის მატარებლის გამოჩენამდე
შეუსაბამო სიტყვასავით არ წამოცდებათ,
ავადმყოფური სიყვითლე კი შენობის ფასადს
ძველი სადგურის ნიმუშად აქცევს
დღეს კი სამყარო თვალებს იფშვნეტს.
კაპიტალიზმის ანატომია იმარხავს სინდისს.
შეკუმშულია მისი სხეული.
ოფლის სანაცვლოდ იწურავს ცრემლებს
არა თავისას.
გამარჯვებისთვის თავსაც წირავს
არა თავისას,
ნდობის სანაცვლოდ სხეულს კორტნის
არა თავისას
და ბრუტალური ორპირობით თავს ინარჩუნებს.
ნუ შეშფოთდები ამ ომებით, კარგი დღეებით.
ისინი შენთვის არსებობას რომ თაკილობენ,
ამის მიზეზი განფენილია,
რეზოლუციურ მოწყალებებში,
ის პირობებიც გაწერილია
თუ სად იქუხებს პირველი ბომბი.
ბაქანმა იცის უძრავად დგომა,
იქამდე ვიდრე ჩამოდგება მატარებელი,
იქამდე ვიდრე ლოდინი არ აიკაპიწებს
კონწიალით დაქანცულ მაჯებს,
რომ მიგითითოს რელსებისკენ,
ან უბრალოდ მშვიდად გიბიძგოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები