ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2020


მშიერი სევდა

დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,
მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს,
რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ
კარლო კაჭარავა
***
მთელი ღამე ხეტიალის შემდეგ,
ალიონზე დაბრუნებული მამაჩემი,
ფეხები გამეყინაო - იძახდა.
მე კი, ჭირივით
შემზიზღდებოდა
ცხელი საბანი.
და დედაჩემი,
აცახცახებული დედაჩემი,
მშიერი დედაჩემი,
უქმროდ ღამენათევი დედაჩემი,
ხელების სრესით შეუთბობდა გაყინულ
ფეხებს, ხანდახან კი,
ცხელ ცრემლებსაც შეაზელდა
ჩუმი ტირილით.
**
თუ ცხოვრება გინდა არ უნდა დაიბადო.
თუ სიკვდილი გეზიზღება ვერ იცხოვრებ.
**
მამაჩემი ახალგაზრდა მოკვდა,
მაგრამ სიბერემდე
იცხოვრა.
**
გაყინულ ოთახს ვერ გაათბობ მშრალი ხველებით,
გათოშილ ხელებს ვერ გაითბობ სულის შებერვით
და ვერც მშიერ კუჭს გააძღობ უშაქრო ჩაის სმით.
ეს ყველაფერი რწმენაა და ჩვენც ვიწამეთ,
რომ თავის გადარჩენის გზისთვის
მიგვეგნო.
**
ნუ დაიჩხაპნი სახეს, მამა! დედა ვერ გაუძლებს.
დე, მამამ თუ სახე დაიჩხაპნა ისევ გეყვარება?!
**
ნუ გძინავს, ღმერთო, როცა მამაჩემი ტირის.
მიდი და მხარზე ხელი გადახვიე
დიდი ხნის უნახავი ძმაკაცივით,
და უთხარი, რომ დაიკარგა, -
რომ დაიკარგეთ, და რომ წლების წინ
ყველაფერი სხვაგვარად იყო.
მიდი და იქვე ჩამოჯექი,
აიღე არყიანი ჭიქა,
მიდი,
და ადღეგრძელე ოცნებები
მამასთან ერთად.
და მოუმშრალე ის თვალები,
ტირილით სველი.

ნუ ჩაიძინებ გრძელ ღამეში, გაძელი დღესაც,
თორემ მოკვდება სადაცაა
მამა და ღმერთო,
ვერ გადაიტან დამიჯერე,
და ჩამოჯდები,
როგორც
ობოლი ბავშვი ჯდება
დედის საწოლთან.
**
სიზმარში ბედნიერი ბავშვობა დამესიზმრა.
უცბად გამოვიღვიძე,
ვერ გავძელი.
**
ბოლო დროს, მამაჩემი ისე გახდა,
სხეულში ღმერთი გამოუჩნდა.
დედაჩემმა
კი საბოლოოდ იწამა უფლის
და სამლოცველოდ,
მისი ძვლებისაგან ნაშენ
ტაძარს შეაფარა თავი.
**
თუ ღმერთის ნახვა გინდა დედაშენი დაიმარტოხელე.
თუ ჯვარცმის ნახვა გინდა მამაშენს თვალები გაუსწორე.
**

მამაჩემმა თავისი ნათლობის ჯვარი გაყიდა. დედას არ ეუბნება.
დედაჩემმა მამას ნაჩუქარი ჯვარი გაყიდა. უმალავს.
სახლში მონატრებული სუფრაა გაშლილი.
ვსხედვართ მე, დედა, მამა და
გვეძნელება ლუკმის გაღეჭვა, ისევე როგორც
სიკვდილმისჯილს მომავალზე ფიქრი.
**
ერთი ღმერთი ორ ადამიანსაც ეყოფა.
**
როცა ერთ დღეს,
ალიონზე დაბრუნებული მამაჩემი,
საწოლზე ჩამოჯდა და პირზე ხელაფარებული ატირდა,
დედაჩემმა გულზე მიიკრა. მე კი მივხვდი, რომ
ღმერთსაც ისევე სჭირდება ღმერთი,
როგორც ადამიანს.
მერე კი ნელა წამოვჯექი, ცხელი ცრემლები
ჩამომცვივდა გაყინულ სახეზე
და ვუსმენდი,
ორი ღმერთის ჩუმ დიალოგებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები