 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 29 ნოემბერი, 2020 |
იმ გოგოს ლამაზი თვალები ჰქონდაო... მაშინ პირველად ჩამოვიდა ჩვენს სოფელში და დიდიან პატარაიანა ყველა ბიჭს შეგვიყვარდაო... კეთილი გულის პატრონი იყოო, თავს არავისგან იჭერდა შორს, ყველას გვემეგობრებოდაო... ჩვენც, მისი ღიმილით მონუსხულები, გვერდიდან არ ვცილდებოდით და ყველაფერს ვუსრულებდითო. სურვილებიც თავისსავით უბრალო და სუფთა ჰქონდაო-სოფელში ვინმე გაჭირვებულს, მარტოხელა მოხუცს ან ობოლს თუ შენიშნავდა ძირითადად მათ დახმარებას გვთხოვდა ოჯახურ საქმეებშიო. ძალიან ლამაზი იყოო, იმ გაზაფხულივით ლამაზი, როცა პირველად გვესტუმრაო. მისი არსებობით ჩვენმა უბანმა ფერი იცვალაო... სხვანაირი გახდაო... თითქოს აღელვებულ მდინარეს კალაპოტში დაბრუნება გადაავიწყდაო. ერთ თვეში თბილისში დაბრუნდა, დაგვიბარა ზაფხულზე კიდევ გეწვევითო... მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით 15-16 წლისანები, თვითონაც ჩვენი ასაკის იყოო. პირობა შეასრულაო, იმ ზაფხულსაც ჩამოვიდა და მას შემდეგაც ბევრჯერ, სხვადასხვა სეზონზეო, როცა კი მოახერხებდა ჩვენთან გამორბოდაო. მერე მე ჯარში წავედიო, 2 წლის მერე ჩამოვედი, მოვიკითხე და მითხრეს გათხოვდაო... გულს ხელი შევაშველე, აბა მთლად ცარიელი სხეული როგორ მეტარებინაო?... .............. არ გაუმართლაო... ცუდი ქმარი შეხვდაო... ამბობდნენ სცემდა კიდეცო. ბევრჯერ ვცადეთ მისი დაცვა, მაგრამ არ დაგვანებაო, იძახდა ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი მიყვარსო, მის ბავშვურ თვალებში კი სულ სხვა რამ იკითხებოდაო. ტკივილიც არა, უფრო სხვა სიტყვა შეეფერებოდა მის დარდიან მზერას, ისეთი, სამყაროს ტრაგიზმს ერთი ხელის მოსმით რომ ასახავდაო... ადრიანად დაბერდაო, თუმცა ნაოჭები ტუჩებისა და თვალების სილამაზეს მაინც ვერაფერს უშვრებოდაო. მიუხედავად ასეთი ცხოვრებისა ღიმილი არასდროს დავიწყებიაო, ყველა შეხვედრისას ისე შემოგვცინებდა, როგორც მაშინ, იმ წმინდა გაზაფხულს, პირველად წყაროსთან რომ ვნახეთ და მასპინძელივით ჩვენსავე წყალზე რომ მიგვიპატიჟაო. ერთი შვილი გაუჩნდაო-ბიჭიო... რომ წამოიზარდა მამის ქცევებს აპროტესტებდაო, რამდენიმე წელიწადში კი დედა დედოფლად აქციაო. ის ნაპერწკალი, რაც ქმარმა მოსტაცა მის მზერას, შვილმა დაუბრუნაო... ისევ გალამაზდაო, თითქოს ნაოჭებიც სადღაც გაქრაო... კარგი შვილი გაზარდა და მანაც დაუფასა ქალს ასეთი აღზრდაო. მერე ქმარი გარდაეცვალა... არ გახარებია, მაგრამ არც უდარდიაო. არც შავი ჩაუცვამს და არც უტირიაო... ერთი უთხრა უკანასკნელ წამს: შენს სიცოცხლეში იმდენი მატირე ცრემლი გამიშრა, მაპატიეო!!! ვკითხე თქვენი ოჯახი-მეთქი? -ცოლი არ შემირთავს, დღემდე მისი ცხოვრებით ვცხოვრობ და ძალიან ბედნიერი ვარო, მთავარია ის იღიმოდესო! ჩემი რესპონდენტი მართლაც გულწრფელი და იშვიათი ღიმილით დასცქეროდა იმ სურათს, რომელიც 30 წლის წინანდელი მაინც იქნებოდა და თვალწინ ალბათ ის გაზაფხული თუ ედგა, პირველად რომ ეს ნაწნავიანი გოგონა დაინახა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რამე თანამედროვე აქტუალური თემა აირჩიე... რამე თანამედროვე აქტუალური თემა აირჩიე...
1. ლამაზი ისტორიაა. ხდებოდა ასე. ახლანდელ ახალგაზრდებს სასაცილოდ არ ეყოფათ, სამწუხაროდ ლამაზი ისტორიაა. ხდებოდა ასე. ახლანდელ ახალგაზრდებს სასაცილოდ არ ეყოფათ, სამწუხაროდ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|