ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2021


დაბრუნებამდე

ალიონის მზემ გამოძერწა სვეტები ლავრის,
უდაბნოსფერი მდუმარება ცად აღმართულა,
ფრესკა კი არა, კედლებიც კი მეტყველი არის,
დრო თავისივე მდინარებას ხატავს ქართულად.

რადგან სიცოცხლე თავისთავად მშვენიერია,
"მრავალჟამიერს" ძველებური სიმხნევით ვამბობთ,
მაგრამ ვერაფრით ავუქცევთ გვერდს - ჩვენ ის ერი ვართ,
ილია მართალს რომ ვესროლეთ სიმართლის გამო.

ჩვენ ის ერი ვართ, ღვთისმშობელმა რომ გვიწილხვედრა
და ლამის ჩვევად გავიხადეთ გინება დედის
(მით უარესი - ჩვენივესი), გვიჭირს მიხვედრა,
რამდენად ვცოდავთ... მაშინ, როცა შარავანდედის

მორგებას ვცდილობთ და ყიჟინით გულზე მჯიღს ვიცემთ,
შეშფოთებულნი (ევროპულად) სამშობლოს ბედით,
მაშინ, როდესაც საზღვრებთანაც ვერ ვდგებით მტკიცედ
და ერთმანეთში ვიკლავთ, რასაც სხვებთან ვერ ვბედავთ.

გარეს ვინ ჩივის, შინაურსაც ვეღარ აუხვალ -
თანამედროვე პილატეს თუ დღეგრძელ აღასპერს,
ამასობაში... თავგანწირვაც ვუქციეთ მწუხრად
გარეჯის მიწას შეხორცებულ ექვსიათას ბერს.

იმდენადაა აღრეული მღვრიე და სუფთა,
ვეღარ გაარჩევ, საშველად თუ არ უხმობ გამჩენს...
ჩვენ ის ერი ვართ, უძღებ შვილად რომ ვერგეთ უფალს
და ისევ მისი მეოხებით უნდა გადავრჩეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები