ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გამრავლების ტაბულა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 თებერვალი, 2009


ლექსის სიცოცხლე

(...) ცალკეული ლექსის დაბადება იდუმალებით წააგავს ცოცხალი ორგანიზმების დაბადებას. პოეტის სული გარესამყაროსგან იღებს ბიძგს, ზოგჯერ წარუშლელად ნათელ წამში, ზოგჯერ კი ბუნდოვანში, როგორც ჩასახვა სიზმარში და ხანგრძლივად ატარებს მომავალი ნაწარმოების ჩანასახს, ყურადღებას აქცევს ჯერ კიდევ სუსტი ახალი სიცოცხლის გაუბედავ მოძრაობას. მის განვითარებაზე ყველაფერი ზემოქმედებს _ მთვარის ირიბი სხივიც, მოულოდნელად მოსმენილი მელოდიაც, წაკითხული წიგნიც, ყვავილის სურნელიც. ყველაფერი განსაზღვრავს მის მომავალ ბედს. ძველები პატივს სცემდნენ მდუმარე პოეტს, როგორც თავს ევლებიან ქალს, რომელიც დედობისათვის ემზადება.

ბოლოს და ბოლოს ტანჯვით, ბავშვის გაჩენის ბადალი ტანჯვით (ამაზე ტურგენევმაც მიუთითა) ჩნდება ლექსი. სიკეთე იმას, ვინც მისი გაჩენის დროს გატაცებული არ იყო ხელოვნებისათვის უცხო რაიმე ფიქრებით, თუ ის, მტრედივით თვინიერი, ცდილობდა გადმოეცა უკვე ღრმად მოფიქრებული, გამზადებული და, თუ ის, გველივით ბრძენი, ცდილობდა ყოველი ნაფიქრი მოემწყვდია, რაც შეიძლება სრულყოვილ ფორმაში. ასეთ ლექსს საუკუნეებით შეუძლია სიცოცხლე, დროებითი დავიწყებიდან ახალი დიდებისაკენ მიემართება ხოლმე და სიკვდილის შემთხვევაშიც კი, მეფე სოლომონის მსგავსად, კიდევ დიდხანს ჩააგონებს ხალხს საღმრთო თრთოლვას. ასეთია `ილიადა~...

მაგრამ არის ღრმად მოფიქრებული ლექსები, რომლებშიც პირველყოფილი შთაბეჭდილებები არ გამდიდრებულა ახლით; არის ისეთებიც, რომლებშიც, პირიქით, ძირითად თემას ცვლის წვრილმანები: ისინი სახეთა სამყაროში კოჭლებად რჩებიან და მათი ნაწილების სრულყოფილება კი არ გვახარებს, არამედ უფრო გვამწუხრებს, როგორც კუზიანების უმშვენიერესი თვალები. ჩვენ დიდად ვართ დავალებული კუზიანებით, ისინი მოგვითხრობენ გასაოცარ ამბებს, თუმცა ზოგჯერ ისეთი სევდით ოცნებობ აშოლტილ სპარტელ ჭაბუკებზე, რომ აღარ გეცოდებიან მათი სუსტი ძმები და დები, რომლებსაც მკაცრმა კანონებმა დაადო მსჯავრი. ეს სურს აპოლონს, ცოტა საშიშ, შეუბრალებელ, მაგრამ უზომოდ ლამაზ ღმერთს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ლექსმა იცოცხლოს, მაგრამ არა საინტერესო მახინჯივით სპირტიან ქილაში გამომწყვდეულმა, ან ნახევრადცოცხალი ავადმყოფივით სავარძელში მჯდარმა, არამედ სრული და ძლიერი ცხოვრებით, რათა აღვიძებდეს სიყვარულსა და სიძულვილს, აიძულებდეს სამყაროს, ანგარიში გაუწიოს მისი არსებობის ფაქტს? რა მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს მან?

მოკლედ ვუპასუხებდი: ყველა.

სინამდვილეში მას უნდა ჰქონდეს: აზრი და გრძნობა. პირველის გარეშე ყველაზე ლირიკული ლექსიც კი მკვდრად დარჩება, ხოლო მეორის გარეშე ეპიკური ბალადაც მოსაწყენ გამონაგონად გამოჩნდება (პუშკინმა თავის ლირიკაში და შილერმა თავის ბალადებში იცოდნენ ეს). მას უნდა ჰქონდეს ყრმის სხეულის ნაკვთების სირბილე, როცა არაფერი იკვეთება და არც არაფერი იკარგება და კიდევ მზით განათებული ქანდაკების სიმკვეთრე; უბრალოებას _ მხოლოდ მას _ აქვს გზა მომავლისა და დახვეწილობას, როგორც მემკვიდრეობითობის, წარსული საუკუნეების ყოველი სიხარულისა და წუხილის ცოცხალ აღიარებას. და მაინც, ყველაზე მაღლა დგას _ სტილი და ჟესტი.

სტილში ღმერთი თავისი შექმნილიდან მოჩანს. პოეტი გვთავაზობს თავის თავს, თუმცა იდუმალს, საკუთარი თავისთვისაც შეუცნობელს. იგინებას გვრთავს ამოვიცნოთ მისი თვალების ფერი, მისი ხელების ფორმა. და ეს ისე არსებითია. განა დანტე ალეგიერი [იტალიელი პოეტი], ბეატრიჩეს ფერმკრთალ სახეზე შეყვარებული ბიჭი _ შმაგი ჰიბელინელი და ვერონელი დევნილი _ ნაკლებად გვიყვარს, ვიდრე მისი `ღვთაებრივი კომედია~... ლექსის ჟესტში ვგულისხმობ სიტყვათა ისეთ განლაგებას, თანხმოვანი და ხმოვანი ბგერების ისეთ შერჩევას, რიტმის აჩქარებასა და შენელებას, როცა ლექსის მკითხველი უნებურად დგება თავისი გმირის პოზაში, ბაძავს მის მიმიკას და სხეულის მოძრაობას და, თავისი სხეულის ჩაგონების წყალობით, განიცდის იმასვე, რასაც პოეტი გრძნობდა. ასე რომ, გამოთქმული აზრი სიცრუედ კი არ აღიქმება, არამედ სიმართლედ. პოეტთა ჩივილი იმაზე, რომ მკითხველი მათ განცდებს არ თანაუგრძნობს და მხოლოდ ლექსის მუსიკით ტკბება, გაუგებრობას ეფუძნება.

სიხარულსაც, წუხილსაც და სასოწარკვეთასაც მკითხველი მხოლოდ თ ა ვ ი ს ა ს გრძნობს. და მას თანაგრძნობა რომ აღეძრას, პოეტმა საკუთარ თავზე მაუდის ენით უნდა ილაპარაკოს, როგორც ამას ნადსონი [რუსი პოეტი] სჩადიოდა.

წინა ნათქვამს ვუბრუნდები: ღირსეულად რომ ატაროს თავისი სახელი ლექსმა, რომელიც ყველა ჩამოთვლილ ხარისხს ფლობს, ჰარმონია უნდა შეინარჩუნოს ამ ნაწილებს შორის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებისაკენ მიისწრაფოდეს არა `გაღიზიანებული დატყვევებული აზრით~, არამედ შინაგანი აუცილებლობით, რომელიც მასში ცოცხალ სულს _ ტემპერამენტს _ ჩაასახლებს. გარდა ამისა, ის უბადლო უნდა იყოს, უმართებულობამდეც კი. რადგან ლექსს ინდივიდუალურობას ანიჭებს მხოლოდ საზოგადოდ მიღებული წესიდან შეგნებული გადაცდომები, მითუმეტეს, რომ მათ შეუცნობლობის ბურუსში უყვართ გამოხვევა. ასე, ჩჰარლეს Aსსელინეაუ მოგვითხრობს `გარყვნილ სონეტზე~, რომელშიც ავტორი განზრახ არღვევს წესებს, თვალთმაქცობს, თითქოს ამას აკეთებდეს პოეტური აღმაფრენით ან ვნებით შეპყრობისას. [ფრანგი პოეტები] რონსარიც, მეინარიც და მალერბიც წერდნენ მსგავს სონეტებს. ეს უმართებულობები ხალის როლს თამაშობენ. მათი საშუალებით ყველაზე ადვილია ხსოვნაში შემორჩენილი მთლიანი სახის აღდგენა.

ერთი სიტყვით, ლექსი უნდა იყოს ადამიანის უმშვენიერესი სხეულის, შესაძლებელი სრულყოფილების ამ უმაღლესი საფეხურის, ნაძერწი: შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ადამიანებმა ღმერთიც კი `სახედ და ხატად~ თვისად შექმნეს. ასეთი ლექსი თვითღირებულია, მას, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც აქვს არსებობის უფლება. ასე, ერთი ადამიანის გადასარჩენად ექსპედიციები აღიჭურვება ხოლმე, რომლებშიც ათობით სხვა ადამიანი იღუპება. მაგრამ, რაკი გაჭირვებაში ჩავარდნილი გადარჩენილია, ის, როგორც ყველა, ვალდებულია საკუთარი თავის წინაშე გაამართლოს თავისი არსებობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები