ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2021


ისევ წვიმს... ისევ სველია ღამე,
ისევ აკივლებს ქარი დარაბებს,
მე ამჯერადაც მოვითვლი წამებს,
რაც დაგჭირდება ამ ჩემს კარამდე
შენ მოსასვლელად...
ამ ჩემს კარამდე...
ალბათ თუ გზაა დიდი ძალიან,
ძალიან შორი და ნისლიანი,
რომ აგვიანებ ალბათ ბრალია
ამ წვიმის... აბა სხვა ვისი არის
დანაშაული?
სხვა ვისი არის...
მიზეზი, ფიქრებს რომ აკანკალებთ?
და რომ გადაღლილ ლოდინსაც სცივა?
ვისი ბრალია მოწყვეტილ წამებს
გვირილასავით ფრთები რომ სტივა?
თუ არა წვიმის,
აბა სხვა ვისი?..
ასეა... ვიცი... ვიცი, რომ ხვალაც
გზას დაადგები შორეულს ისევ
და შენ არ მოხვალ... ვერ მოხვალ კვლავაც,
ვერ დაეხსნები გაუვალ ნისლებს.
ვიცი...
მე ვიცი!..
......
ისევ წვიმს... ისევ სველია ღამე,
ისევ აღელვებს ქარი დარაბებს,
მე მაინც დავთვლი ოპტიმისტ წამებს,
რაც დაგჭირდება ამ ჩემს კარამდე
შენ მოსასვლელად...
ამ ჩემს კარამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები