. . . ნაპირთან მივიდა, გაიმართა, გაირინდა. უსმენდა და უსმენდა ზღვის ხმასა და ღელვას. „- იქ უნდა ჩავიდე, ჩავიძირო“. . . - ჩაძირვა არა.... ისე მართლაც სულ სხვაა, როდესაც უსმენ. ხანდახან მეც თვალებს ვხუჭავ ხოლმე ნაპირზე და ყურს ვუგდებ ზღვას. - და გრძნობ? - კი, შევიგრძნობ კიდეც. - ჩემსავით არა მგონია შეიგრძნობდე. თითქოს მეუბნება, რომ მასში ამეხილება თვალი, მასში დავინახავ. ეს ღელვა რომ ჩამიხვევს, ჩემს თვალში ჩაწოლილი ბინდი გაიფანტება, მძლავრი ტალღებით, ენერგიით, გრუხუნით გაარღვევს სიბნელეს და დავინახავ ბევრ რამეს, იმაზე მეტს, ვიდრე სხვები ხედავენ. უსინათლოობიდან დიდ სინათლეში გადავალ, გადავინაცვლებ... - ნეტამც.. - ასე იქნება. ჩამომრეცხავს ცოდვებს, გამწმენდს. . . - ეჰ, ნეტავ შენ რაღა ცოდვა გაქვს.... - მაქვს. ბევრჯერ დავგმე, ვემდურე ცხოვრებას, რატომ დამემართა ეს მე და არა სხვას... ბევრმა ბოროტმა აზრმა გამიელვა, მაგრამ სხვაც რომ ბევრია ჩემნაირი; იქნებ ამის სანაცვლოდ რაღაც სხვაზე ამეხილოს თვალი, რაიმეს ჩავწვდე, რაც ფიზიკური ხედვისათვის უცნობი და უხილავია. მე ხომ ხატვაც ვცადე... ჩემებური მეთოდით ვკითხულობ კიდეც. რა საოცარია ცხოვრება, მრავალფეროვანი და ტკივილით სავსე. . . გიერთდებით ჩემი ტკივილით, ერთად შევუმსუბუქოთ ერთმანეთს. . . სამყარომ ძალიან მახვილი სმენა და ინტუიცია მომმადლა. - ეს შენი წილია, - ჩამჩურჩულა და მიდუმდა. ბევრ თვალხილულს ესმის მსგავსი ჩურჩული? იქნებ სანახაობით გატაცბულნი ყურს არ უგდებენ რას ეუბნება სამყარო, რას ავალებს ან ანდობს. ამიტომ ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ ოდესღაც შევაგინე სიცოცხლე, დავგმე ღმერთი, ვლანძღე ცხოვრება. ვუსმენდი მის მონოლოგს. ჩემდაუნებურად თავი დახრილი მქონდა; თითქოს საკუთარ მხრებზე და კისერზე ვიგრძენი მისი სათქმელის სიმძიმე, ოცნების წონა, წვდომის უნარი, აღსარების ყოვლისგამჭოლობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|