ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
21 იანვარი, 2022


ფინიკის სურა VIII

ხეირანი

გზაა. მტვერია. მზე. ოქროს გუმბათი მეჩეთს, ვიწრო გამტარი და საცალფეხო. საითაც წახვალ ყოველ მხრივ მზეა. ჩვენც ზუსტად მზისკენ მივეშურებით. დახეთქილია მიწა ნაპრალ-ნაპრალი, ასფალტს ბუღი სდის. მზეში, რომელშიც სხვა ცხრა მზე ბუდობს, სანთლით ვპოულობ შენს ნეტარებას. ნუ მომარიდებ შენს მსუსხავ სხივებს, ჩრდილში არასდროს მიყვარდა ყოფნა, იქ ჩამიყვანე, შორეთის გზაზე, გარუჯულ ტანით სადმე ზღვის ნაპირს, მიმაგდე როგორც სანაგვე ქისა. საქარე მინის ლინზით გავცქერი, სამყაროს, ვსუნთქავ გარემოს ტალღებს, შენ, ცივო ქარო, სარკმლით შემოდი, შემოდი, შემო, ნეტავ სადა ხარ?! როგორც გულმკვდარი ხელებს, ისე დავიფენ პალმის ხშირ ტოტებს, ამ წვრილ ქუჩაზე, ფოთლებს იქეთ რომ თეთრი კვამლია, სადღაც მენახა მსგავსი სიზმარი, თუმცა კი ცხადზე ცხადია თვალწინ, დიდი ხრიოკის ფონზე, უდაბნოს უღრმეს უბის წინაშე, უარაფრობის კართან, უბრალო, მქრალი და მოყავისფრო, ზოგჯერ უბრალოდ მონატრება მტვრად უნდა ამოახველო.
ბოლი სიგარის. კვამლი სიგარეტის. ჭაბურღილების ხმაური და ღრუბლების კიბო. რა უცნაური სურათია, როგორც ჩვენება, მირაჟი, უცხო თავისი არსით, მისტიკურობის მსუბუქი ექო, წრე არსებითი, სხვა წრეებს შორის, სხივები ფანჯრის ბოლოდან თავში, დღესავით ჩადგა გუგების ბურჯად, აქ დავრჩეთ, დავცეთ გრილი კარავი, აქ დავაფინოთ ფირუზის სუფრა, მუხლი მოვკეცოთ, მსუბუქი ლანჩით და ცივი წყალით მოვითქვათ სული. ნარგილე პიტნის და მწვანე ვაშლის, ჩაი კარკადე, მშრალი ყინულით. ნაფაზი, ორი, სამი და ოთხი, ნაფაზი და წინ სპარსეთის ყურე, ოქროს ქვიშებშორისი სისხლი, ორნაპირად რომ ელვარებს, ბრწყინავს, ათასვარსკვლავთვალებკამკამა, შემოჭრილია არხი როგორც მხრის არტერია. მკაფიოდ ისმის თევზის დგაფუნი, ოქროს ქვიშაზე, ოქროს მზიდან, ოქროს თევზები. პეპლებით ნაპირი მოხატული, იფრინე შენი უკმარი დროით, შენი სიცოცხლის მიქცევამდე. მარილის ტბაში სალოცავად გაბედო და უნდა ჩაყვინთო...
ნაპირთან კიბორჩხალა ვიყო, ზღვაში მედუზა, ოკეანეში მკვდარი ქვირითი, ცხელ უდაბნოში მორიელი, კუდშხამიანი, აქლემის ბოლო გაბრძოლება, წყალი მათარით, მოგზაურისთვის უმი ლუკმა, მკვდარი იმედი. მარილი ტანზე დამაყრიდეს, როგორც ყვავილა, როგორც ვარსკვავის ხელით მოსხლეტა, როგორც უდაბნოს უკმარისობა, მომედოს კანზე კეთრივით სიო. პეშვი ვაკმარო, ქრისტეს რაც ვზიდე, ყურემ გამრეცხოს, შემომეჯაროს ნიჟარების მჭახე რიჩხინი, ქარი ჩამიდგეს ორივ მხრიდან, ამეწვას ყური, მზე ჩამივარდეს დახრილ თვალებში, არ დავმორჩილდე, წამაქციოს, წამაბარბაცოს, სუსტი ფესვიდან ამომგლიჯოს, ხელი გამარტყას, სიყვარულივით დამცეს უსულოდ. არაფერია რეალური შენს სამყაროში. ამოისუნთქე, მზეს გაჰყევი და ამოყვინთე...
ეს ჩვენი მხარე, ნაპირისაქეთა, მეორე მხარე, ხედვის წერტილი, ღრმად ჩამიმარხავს რაც გულში მქონდა, თუნდაც აქედან, რა მცირეა, რა საბრალო ჩანს. ჩრდილი რომ გადგას, ფერიც გერთმევა. ცეცხლი ავანთოთ, მოლოდინი ნელა ჩავნაცროთ, ხელი არ დავწვათ, ციცინათელებს ჰგვანან ჩილიმის მუგუზლის ნაპერწკლები. ხელს თუ დაგიქნევ, არ ჩამაგდებ არაფრის ღირსად, არც კი მომხედავ. რა შეიცვალა ამ მცირე დროში, ერთი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ერთი ჩაყვინთვა, ამოყვინთვა, სხვა ხარ ყველასთვის, საკუთარ თავთან, მხოლოდ წერილი, გულდაწყვეტილი, მუქი წერტილით, ხელმოწერით, ბოთლში ვარდება, ეს დღე, ეს რიცხვი, ეს თვე და წამი, მიფრინავს სადღაც ნავთობის ზღვაში. უნდა დავბრუნდე ჩემს ნაპირზე მიუსაფარი, ჩემს ხმებს შევერწყა მოკვეთილი, მოვზიდავ მტევნებს, ჰაერს ჩავყლაპავ, თვალს მოვავლებ ჰორიზონტს შორით, თვალებით, ჯიქურ ვიყურები, მძიმე მხრებს ვათრევ, ყრუდ ყმუის ყურში, რაც განვიცადე, ხან ცრემლს ვიმადლი, შავ დღეებს ვნიშნავ, ხან ორშაბათის ღიმილებს ვისრი. თუკი შევტოპე, ღრმად შევტოპავ, თუ მაწამებენ, წამებით მომკლან, თუ დაშვებაა, ფსკერზე დავეშვა, თუ სიკვდილია, გულგრილად შევხვდე, გულს გავაყოლებ გაბოლილ სუნთქვას...
ნაფაზი. ერთი. ორი. ნაფაზი. ზუსტი დოზა. საქონლის მძიმე ბურგერს. ხორციან კრეპებს. ყავას თურქულად ხარშავს არაბი, სპილენძის ჯეზვე ნალექიან სიზმრებს ადუღებს, ნესვის ნარგილე უკანა გზაზე. როგორც კანდელი კუბოს სათავეს, ვიწრო ყურეში შემოდის გემი. საცობს ვუკეთებ სურვილების ბოთლს, და როგორც დანას მისკენ გავისვრი.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები