ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პროზა
21 თებერვალი, 2022


ფინიკის სურა IX

ალ-მინა’

გუგუნის ხმაა. გრუხუნებს ტანკი. და მანათობელ გილძებს ხარჯავენ. ხან ვარსკვლავივით მოწყდება ციდან, ხან უბრუნდება ფარულად ზეცას. ღამით, ქუხილით შემოდის გემი, თან ფრინველების მშვიდ სიზმრებს არღვევს, თან მომლოდინე მუშა ხელს ხარკავს. ბნელში წააგავს არწივს, ბეგობის, ბარტყებივით რომ ფოფინებს ნავებს. იღვრება მისგან შავი ოქრო, შავი ფულივით, და იბერება მტვრით ყოველივე. არტერიაო გასკდა კისერზე, ან გაიარა გამჭოლმა ტყვიამ, შემობერვიათ ლოყები ინდოთ, და მძიმე-მძიმედ ათრევენ სხეულს. ბეღურები რომ ნამცეცებს სდევენ, უკვე ნაცნობი პატრონის ხელით, კენკავენ ფრთხილად, მაგრამ სწრაფ-სწრაფად, შეესევიან მეზღვაურები სავსე ბადეებს და უპატრონო მკვდარ მძორებივით, ტვირთავ ვერცხლის ლაპლაპა თევზებს. ცალკე ოთახში გადააქვთ ჯგუფებს, მთელი ამ ყურის სიმყრალე, მკვდარი, ტენიან თითქოს საკუჭნაოში, ყველაზე არასაჭირო რამეს. სამზარეულოს აწყდება შეფი, ლესავს ათასჯერ გალესილ დანებს, პირდაბლაგულებს თუ დაჩლუნგებულს. თავზე დაუდგამს ცილინდრის ქუდი, თეთრი, შავ-შავი ლაქებნახატით, ზედ ეტყობოდა ანაბეჭდები, დამგვანებია წყლით სავსე ბურჯებს. თვალი უელავს დანატრულს ვახშამს, აგებულებას მადაც ეტყობა, წრეს ჰგავდა თავად უსწორმასწოროს, და შეიძლება მცირე ზომის რეზერვუარსაც. დღეს მოამზადებს საუკეთესოდ, თითების ჩამკვნეტ კერძს ნაისარის, შემოუხურავს თეთრი ფართუკი, თევზისთვალება სქელი ღილებით, მუცელზე თვალებგადმოკარკლულან, აჭრელებია აქაც ფერები, ცუდად შელესილ თეთრ კარკასივით. დაღრიჭავს კბილებს, გააღჭიალებს, როგორც ზვიგენი ბასრი, სწორპირი. ბადიდან იწევს ხროვა ლუყლუყით, დასიებიათ ძარღვები მკლავზე, ამ მეთევზეებს, რომელთა შრომას, შუბლზეც ემჩნევა ნამუსის ძარღვი. ‘’მე გამომყევი’’ მშვიდი ხმა ისმის, ჩაფლული თეთრ და გრძელ წვერში, კაცი, ჩურჩულით, როგორც ზაფხულის სიო, ამბობს და თითქოს არც ამბობს ამას, როგორც ჰიფნოზი, ანდა ძილი ბურუსმოცული, როგორც შორეულ პირობის ხსოვნას, გატეხილ სიტყვას და გატეხილ გულს, ერთი მეორეს მუდამ თან ახლავს, თუმც ამბობს ისეთ პირით და ტონით, ჯერარგაგონილს იგონებდესო, ვიღაც ისეთ ჰგავს უარს რომ ვერ ეტყვი, თავჩაქინდრული კვალში თუ გაჰყვე, განიარაღდე, და ვერც კი მიხვდე, მთვარეულივით დამუნჯდე მხოლოდ, დგებიან მყისვე მეზღვაურები და როგორც ცხვარები მისდევენ უკან. ყველამ მიიღოს თავისი ლუკმა, გაჰკივოს გემმა ზურგში ჰორიზონტს, ჩვენს ფანჯრებთან კი იგუგუნოს ომახიანად. ქიმზე კუთხეში ჩაჩოქილი, ზოლებიანი, ვერტიკალური შავი ზოლებით, ცალ ფერდზე რომ მაისური ჩამოხევია, ტატუებით კი მოუხატავს მხარი, კისერი, რომელიც წარსულ ნაწყვეტებს ჰყვება, არც იყურება ალიაქოთში, გამოთიშულა მწყობრ ფერხულს, სადღაც, სადღაც შორს წასულს, ფიქრში მხარულით, იქაც თევზები სდევენ სხმარტალით, ტალღებს კი უნდათ ფსკერზე ჩაუშვან. სქელ თითებს მოსულ კუნთებზე ისმევს, ფეხს აცანცარებს თოკებთან ახლო, უპეები რომ ჩაშავებია, თვალებზე წითელ ელვად გადასდევს, დაუსრულებელ სიზმრებზე გლოვა, დაუბრუნებელ სიტყვების წამი. აუსრულებელ ოცნებათა სიმკრთალე, მკვლელი. ძველ ჩიბუხს იღებს, ნაკაწრებიანს, შარვალს მოიჩხრეკს, თითქოს ფერთხავსო, ნოტიო თუთუნს აძრობს ჯიბიდან და ცერა თითით ნახვრეტში ტენის, განზე აფურთხებს, სამაშველო ნავს, სადაც მაშველი რგოლიც ჰკიდია, ზღვაზე ღრმა ნაფაზს ამოჰკრავს პირველს, გულმკერდს მოისრესს, გაიზმორება, ზედ მიაფერთხავს დარჩენილ თუთუნს და გადახედავს თანამოძმეებს. ინთება შუქი შებინდების, თევზი ისევ ყარს, მკაფიოდ ჩნდება წარწერა გემზე - ‘’დალანდი’’.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს