ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2022


ძლევამოსილი მადიარები

© ტარიელ ტატო კინწურაშვილი

------------

სანამ წმინდა საფეხბურთო თემებზე გადავალ, მანამდე იმ პოლიტიკური კატაკლიზმების შესახებ გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდში განვითარდა...

1956 წლის ოქტომბერი იდგა, როდესაც ბუდაპეშტში რევოლუციურმა მოძრაობამ დუღილი დაიწყო. დემოკრატიული რეფორმების სურვილით განმსჭვალულმა ხალხმა ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრა - ხალხი სიტყვის თავისუფლებას ითხოვდა.

რევოლუციამ უნგრული ფეხბურთის პროგრესი დიდად დაამუხრუჭა.

***

1953 წელს ლავრენტი ბერიას დახმარებით იმრე ნადი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო 1955 წელს თანამდებობიდან გადააყენეს და კომუნისტური პარტიიდანაც გარიცხეს.

1956 წლის 24 ოქტომბერს ნადი მართვის სადავეებს დაუბრუნდა. რეფორმისტმა პოლიტიკოსმა მრავალპარტიული მთავრობა შექმნა, უნგრეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა და „გაეროს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

უფრო მეტიც, იმრე ნადიმ ვარშავის პაქტიდან გასვლა განიზრახა, რასაც 4 ნოემბერს მარშალ კონევის მეთაურობით განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.

დასავლეთის ქვეყნები ახალი გლობალური დაპირისპირების შიშით უნგრეთის საქმეებში არ ჩაერივნენ.

ბუდაპეშტსა და მის შემოგარენში  ბრძოლები ერთი კვირის მანძილზე  მიმდინარეობდა - ბლომად სისხლი დაიღვარა...

2652 უნგრელი შეიწირეს და საბჭოთა არმიის დაახლოებით 700 ჯარისკაციც გამოესალმა სიცოცხლეს. თითქმის 200 000 ადამიანი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. უმრავლესობა ავსტრიაში გაიქცა.

აჯანყებულთა მარცხის შემდეგ ნადიმ თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარა.

რამდენიმე დღეში იგი დააკავეს და ფარულად გაასამართლეს.

1958 წლის 16 ივნისს იმრე ნადი სიკვდილით იქნა დასჯილი.

1958 წლის 17 ივნისს უელსმა უნგრეთს 2:1 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ჯგუფში ჩატოვა.

მეოთხედფინალში გასული „დრაკონები“ მომავალ ჩემპიონთან დამარცხდნენ.

ბრაზილია - უელსი 1:0

ჯეკ კელსის მიერ გამაგრებული უელსის ნაკრების კარი პელემ დალაშქრა!

იმ პერიოდში, როცა უნგრეთში რევოლუციურმა მღელვარებამ იფეთქა - ბუდაპეშტის „ჰონვედი“ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას ეწვია.
დამპყრობლებმა უნგრეთის ჩემპიონს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდეს, მაგრამ კლუბის დირექტორატმა მოწოდება ყურად არ იღო - „ჰონვედმა“ მოგზაურობის გაგრძელება განიზრახა.

ზოგიერთმა სახელმწიფომ უნგრული კლუბი არ მიიღო, მათ შორის: იტალიამ, საფრანგეთმა და ინგლისმა, - ჰოდა უნგრელებმაც შორეული ბრაზილიისკენ აიღეს გეზი, სადაც მეტად საინტერესო ტურნირში ჩაებნენ.

ბუდაპეშტის „ჰონვედი“ რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოს“ ხუთჯერ, ხოლო რიო დე ჟანეიროს „ბოტაფოგოს“ ერთხელ შეხვდა. ერთი მატჩი კი „ფლამენგოსა“ და „ბოტაფოგოს“ გაერთიანებულ გუნდთან გამართა. „ბოტაფოგოს“ კარიოკას მოქმედი გამარჯვებულის სტატუსი ჰქონდა მოპოვებული.

პელეს ეპოქაში, თითქმის ოცი წლის მანძილზე - ბრაზილიის „სერია A“ თუ სხვადასხვა შტატის პირველობები უძლიერესად ითვლებოდა, რადგან აღნიშნულ შეჯიბრებებში მონაწილე კლუბთა მაისურებით მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ შემოსილნი. ერთად აღებულ მთელ ევროპაში იმდენი მსოფლიო ჩემპიონი არ თამაშობდა, რამდენიც კარიოკასა და პაულისტას შტატების პირველობებზე.

ხსენებული ტურნირის გამართვიდან ერთ წელიწადში პელეს ეპოქა დაიწყო. 1958 წელს ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვა!

„ჰონვედის“ ბრაზილიურ ვოიაჟზე თხრობას მოგვიანებით განვაგრძობ...

ახლა კი სხვა თემას მივუბრუნდები.

***

მეტოქის ძლევას არაერთი სიტყვა შეიძლება დავუკავშიროთ...

მოიგო, გაიმარჯვა, დაამარცხა, დაჯაბნა, აჯობა და ასე შემდეგ, თუმცა ორმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში რაც ხდებოდა, ზემოთ აღნიშნული სიტყვები ჯეროვნად ვერ აღწერს - უნგრეთის ნაკრები მოწინააღმდეგე გუნდებს ანგრევდა, ანადგურებდა, შუაზე გლეჯდა!..

გუსტავ შებეშის ბიჭებმა, რომლებმაც საფეხბურთო სამყარო პირისაგან მიწისა აღგავეს, არაერთი ეპითეტით იქნენ შემკობილნი.
ჩამოვთვალოთ: „ოქროს გუნდი“, „ძლევამოსილი მადიარები“, „მსუბუქი კავალერია“...

უნგრეთის დიდ გუნდთან დაკავშირებულმა თემებმაც მრავლისმთქმელი სათაურები შეიძინა: „საუკუნის მატჩი“, „ბერნის სასწაული“, „უნგრეთის რევოლუცია“, „არპად ელოს რეიტინგი“, „ტოტალური ფეხბურთი“.

ძირითად ბირთვს ექვსი დიდებული მოთამაშე შეადგენდა. სხვებიც საოცარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ უწინარესად, სწორედ „ჯადოსნური სექსტეტის“ საოცარი თამაში განაპირობებდა ჯერ არნახული შედეგების დაფიქსირებას.

აი, ისინიც...

ფერენც პუშკაში - ნაკრების უპირობო ლიდერი / პოზიცია თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი.

შანდორ კოჩიში / პოზიცია თავდამსხმელი.

ნანდორ ჰიდეგკუტი / პოზიცია თავდამსხმელი.

ზოლტან ციბორი / პოზიცია მარცხენა გარემარბი.

იოჟეფ ბოჟიკი / პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველი.

დიულა გროშიჩი / პოზიცია მეკარე.

შებეშის მიერ შემუშავებულ (2-3-3-2) ტაქტიკურ განლაგებას კიდევ ოთხი დიდებული ფეხბურთელი სრულყოფდა.

მიჰაი ლანტოსი / პოზიცია დამცველი.

ენიო ბუზანსკი / პოზიცია დამცველი. 

იოზეფ ზაკარიაში / პოზიცია საყრდენი ნახევარმცველი. 

ლასლო ბუდაი / პოზიცია გარემარბი.

--

გუსტავ შებეში / მთავარი მწვრთნელი.

სხვებიც მაგრები იყვნენ!..

ს ა უ კ უ ნ ი ს  მ ა ტ ჩ ი

1953 წლის 25 ნოემბერი. ლონდონი - სტადიონი „უემბლი“. დასწრება: 105 000. მსაჯი ლეო ჰორნი (ნიდერლანდები).

უნგრეთის ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის რანგში ეწვია ნულოვანი მერიდიანის ქალაქს.

1953 წლამდე ინგლისის ნაკრებს არაბრიტანულ გუნდთან წაგება არ განეცადა. შინ მხოლოდ ერთხელ იყვნენ დამარცხებულნი - 1949 წელს ირლანდიამ იმარჯვა.

ინგლისი - უნგრეთი 3:6

გოლები...

1’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

13’ სიუელი / ინგლისი

20’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

24’ პუშკაში / უნგრეთი

27’ პუშკაში / უნგრეთი

38’ მორტენსენი / ინგლისი

50’ ბოჟიკი / უნგრეთი

53’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

57’ რამსეი (პენ) / ინგლისი

განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველივე წუთზე ჰიგედკუტისა და ოცდამეოთხე წუთზე პუშკაშის მიერ გატანილი გოლები.

საჯარიმოს მისადგომებთან ნანდორ ჰიგედკუტმა ტექნიკური მოძრაობით ინგლისელთა დამცველს კონცენტრაცია დააკარგვიანა და მერმის უნაკლოდ დაარტყა. ბირმინგემელი გილ მერიკის ნახტომი ამაო გამოდგა.

ლასლო ბუდაიმ ზოლტან ციბორის მიმართულებით პასი მარჯვენა ფლანგზე გაჭრა. ციბორმა როგორც კი ბურთი აზრზე მოიყვანა, უმალ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ფერენც პუშკაში მონახა, რომელმაც საოცრად მოატყუა ინგლისის ნაკრების კაპიტანი ბილი რაიტი და შემდეგ მარცხენა ფეხით შესანიშნავი გოლიც გაიტანა.

ბოლო გოლის ავტორს მომავალში „სერის“ ტიტული უბოძეს. 1966 წელს ალფ რამსეი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ინგლისელები ამ მატჩამდე უგულებელყოფდნენ საზღვარგარეთ აღმოცენებულ ტაქტიკურ განლაგებებს. ეროვნული გუნდი და კლუბთა უმეტესობა მოძველებული „WM“ (დაბლიუემ) სტრატეგიით გადიოდა ფონს. ამ მწარე მარცხმა ინგლისურ ფეხბურთში მოღვაწე მესვეურები ჩააფიქრა - ისინი მიხვდნენ, რომ მშობლიური თამაში საზღვრებს გარეთ დიდად პროგრესირებდა. რაღაცა იყო შესაცვლელი - რამდენიმე თვეში ხომ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ!

1954 წლის 23 მაისი. ბუდაპეშტი - სახალხო სტადიონი. დასწრება: 92 000. მსაჯი ჯორჯო ბერნარდი (იტალია).

უნგრეთი - ინგლისი 7:1

გოლები...

8’ ლანტოსი / უნგრეთი

21’ პუშკაში / უნგრეთი

31’ კოჩიში / უნგრეთი

56’ კოჩიში / უნგრეთი

60’ ტოტი / უნგრეთი

62’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

68’ ბროადისი / ინგლისი

73’ პუშკაში / უნგრეთი

1954 წლის 16 ივნისს მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატმა აიღო სტარტი, ხოლო 17 ივნისს საქმეში „მადიარები“ ჩაერთვნენ!

მ ე ო რ ე  ჯ გ უ ფ ი

უნგრეთი - სამხრეთ კორეა 9:0

გოლები...

12’ პუშკაში

18’ ლანტოსი

24’ კოჩიში

36’ კოჩიში

50’ კოჩიში

59’ ციბორი

75’ პალოტაში

83’ პალოტაში

უნგრეთი - დასავლეთ გერმანია 8:3

გოლები...

3’ კოჩიში / უნგრეთი

17’ პუშკაში / უნგრეთი

21’ კოჩიში / უნგრეთი

25’ პფაფი / გერმანია

52’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

54’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

75’ ტოტი / უნგრეთი

77’ რანი / გერმანია

84’ ჰერმანი / გერმანია

უნგრეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორჯერ გავიდა. პირველად უნგრელები 1938 წელს დიერდ შაროშისა და დიულა ჟენგელერის შესანიშნავი თამაშის წყალობით მივიდნენ ფინალამდე, სადაც იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

იტალია - უნგრეთი 4:2

იმ გუნდს ალფრედ შაფერი წვრთნიდა.

თექვსმეტი წლის შემდეგ უნგრეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ისევ ითამაშა.

1954 წელს დიდი გუნდის გამოკვეთილი ლიდერები ფერენც პუშკაში და შანდორ კოჩიში იყვნენ.

შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში გამოჩნდნენ ჯალმა და ნილტონ სანტოსები, ასევე შეუდარებელი დიდი. ეს ფეხბურთელები შემდგომ „მუნდიალებზე“ იმ საუცხოო გუნდების წევრები იყვნენ, რომლებსაც ხალხმა ფეხბურთის ჯადოქრები უწოდა. მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრები სწორედ უნგრეთთან დამარცხდა.

უნგრეთი - ბრაზილია 4:2

გოლები...

4’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

7’ კოჩიში / უნგრეთი

18’ ჯალმა სანტოსი (პენ) / ბრაზილია

60’ ლანტოსი (პენ) / უნგრეთი

65’ ჟულინიო / ბრაზილია

88’ კოჩიში / უნგრეთი

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმაც შთამბეჭდავად ითამაშა. ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის ნაკრებმა ჯერ ჩეხოსლოვაკია (2:0) დაამარცხა, შემდეგ კი შოტლანდიას გადაურბინა.

ურუგვაი - შოტლანდია 7:0

სამხრეთ ამერიკელებმა მეოთხედფინალშიც ბრიტანელებს სძლიეს.

ურუგვაი - ინგლისი 4:2

ინგლისელთა კარში ერთი გოლი ლეგენდარულმა სკიაფინომ გაიტანა. ურუგვაელთა რიგებში თითქმის ყველა ის წამყვანი მოთამაშე იყო, რომლებმაც 1950 წელს ბრაზილიაში დიდი სენსაცია მოახდინეს.

ნახევარფინალში ერთმანეთის წინაშე უნგრეთი და ურუგვაი წარსდგნენ. მძაფრ ორთაბრძოლაში უნგრეთის ძლიერმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონს 4:2 მოუგო. ძირითადი დრო ფრედ (2:2) დასრულდა.

გოლები...

13’ ციბორი / უნგრეთი

46’ ჰიგედკუტი / უნგრეთი

75’ ჰოჰბერგი / ურუგვაი

86’ ჰოჰბერგი / ურუგვაი

111’ კოჩიში / უნგრეთი

116’ კოჩიში / უნგრეთი

მადიარებს ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრები შეხვდა. როგორც უკვე ვიცით უნგრელები და გერმანელები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. იმ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გავიდა და აქედან რვაჯერ ბურთი გერმანელთა მეკარის ჰაინც კვიატოვსკის კარის ბადეში გაიხლართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ზეპ ჰერბერგერმა იმ მატჩში ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი არ ათამაშა - ფინალში კი სრულიად ოპტიმალური შემადგენლობა განაწესა მეტოქის წინაშე.

ბ ე რ ნ ი ს  ს ა ს წ ა უ ლ ი

1954 წლის 4 ივლისი. ბერნი - სტადიონი „ვანკდორფი“. დასწრება: 62 500. მსაჯი უილიამ ლინგი (ინგლისი).

უნგრეთი პუშკაშისა და ციბორის გოლებით მალე დაწინაურდა და მერვე წუთისთვის ჰერბერგერის გაწვრთნილი გუნდი უკვე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა.

გერმანელები მატჩის ასეთ განვითარებას არ შეურიგდნენ, მათთვის დამახასიათებელი შეუპოვარი ხასიათი გამოავლინეს, ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ ანგარიშით 3:2 გაიმარჯვეს.

მატჩის მეთვრამეტე წუთზე ტაბლოზე უკვე 2:2 იყო დაფიქსირებული. გროშიჩის კარი მორლოკმა და რანმა დალაშქრეს.

ოთხმოცდამეოთხე წუთზე გამარჯვების გოლი ჰელმუტ რანმა გაიტანა!

გერმანელებმა მსოფლიო ჩემპიონობა პირველად მოიპოვეს.

უნგრეთის ნაკრები მეორე ადგილს დასჯერდა.

შანდორ კოჩიში 11 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფინალური შეხვედრის გარდა ყველა მატჩში შეძლო თავის გამოჩენა, ჯგუფურ ეტაპზე კი გერმანიის ფედერაციული ნაკრების კარი სულაც ოთხჯერ აიღო.

უნგრელთა რეკორდი დღესაც მოუხსნელია - მადიარებმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ გათამაშებაზე 27 გოლი გაიტანეს!

***

1948 - 1953 / ცენტრალური ევროპის საერთაშორისო თასი

ტურნირი რომელიც უნგრეთის ნაკრებმა მოიგო ევროპის ჩემპიონატს ბევრად აღემატებოდა.

პირველი ევრო პირველობა 1960 წელს გაიმართა. ეს შეჯიბრი მომდევნო ოცი წლის განმავლობაში პრესტიჟს მოკლებული იყო და მაღალი რანგის ტურნირად არ ითვლებოდა.

ბებერი კონტინენტის ჩემპიონატზე, 1980 წლამდე მხოლოდ ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონის გამოსავლენად ორი მატჩის გამართვა იყო საჭირო, ოღონდ იტალიას სამჯერ მოუწია თამაში. 1968 წელს, იტალიის ნაკრებმა კონტინენტის ჩემპიონატზე პირველად იმარჯვა.

ნახევარფინალში ძირითადი მოთამაშეებისგან განახევრებული საბჭოთა კავშირისა და იტალიის ნაკრებთა შერკინება 0:0 დასრულდა. გოლები არც დამატებულ ტაიმებში გასულა.

"არიოლი & რეშკა" - ავერსი & რევერსი

ფინალში გამსვლელის ბედი მონეტამ გადაწყვიტა.

ფაკეტიმ ფრანგული ათფრანკიანის ავერსი აირჩია, მსაჯმა კი მონეტა ააგდო. იტალიელთა კაპიტანს გაუმართლა და "სკუადრა აძურა" ფინალში გავიდა.

ფინალი რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა.

იტალია - იუგოსლავია 1:1

იტალიელმა დომენგინიმ მატჩის ბოლოსკენ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

იუგოსლავიელებმა გოლი გააპროტესტეს, დომენგინიმ სასტვენამდე დაარტყაო, მაგრამ მსაჯმა სამხრეთელ სლავებს ყური არ ათხოვა.

ორი დღის შემდეგ, 1968 წლის 10 ივნისს ფინალი განმეორდა.

ამჯერად რომის ოლიმპიურ სტადიონზე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

იტალია - იუგოსლავია 2:0.

სამი თამაში (ორის ნაცვლად) და ჩემპიონობა.

***

უნგრეთის ნაკრებმა კი ხუთწლიანი მარათონული გათამაშება ტრიუმფით დაასრულა!

ტურნირზე უნგრელთა გარდა მონაწილეობდნენ: ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის, იტალიის და შვეიცარიის ნაკრებები.

ხუთგუნდიან ჯგუფში ოცი მატჩი ჩატარდა. ყველა თამაში მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩემპიონის გამოსავლენი საკვანძო შეხვედრა 1953 წლის 17 მაისსს რომში გაიმართა.

ოლიმპიური სტადიონი. დასწრება: 80 000. მსაჯი უილიამ ევანსი (ინგლისი).

იტალია - უნგრეთი 0:3

გოლები...

40’ ჰიდეგკუტი

63’ პუშკაში

70’ პუშკაში

ყ ვ ე ლ ა  მ ა ტ ჩ ი . . .

უნგრეთი - შვეიცარია 7:4

ავსტრია - უნგრეთი 3:2

უნგრეთი - ჩეხოსლოვაკია 2:1

შვეიცარია - ჩეხოსლოვაკია 1:1

ჩეხოსლოვაკია - ავსტრია 3:1

შვეიცარია - ავსტრია 1:2

ჩეხოსლოვაკია - უნგრეთი 5:2

უნგრეთი - ავსტრია 6:1

იტალია - ავსტრია 3:1

უნგრეთი - იტალია 1:1

ავსტრია - ჩეხოსლოვაკია 3:1

ავსტრია - შვეიცარია 3:3

ავსტრია - იტალია 1:0

შვეიცარია - იტალია 1:1

შვეიცარია - უნგრეთი 2:4

იტალია - შვეიცარია 2:0

ჩეხოსლოვაკია - იტალია 2:0

იტალია - უნგრეთი 0:3

ჩეხოსლოვაკია - შვეიცარია 5:0

იტალია - ჩეხოსლოვაკია 3:0

უნგრეთის ნაკრებმა 11 ქულა მოაგროვა (მაშინ გამარჯვებულს 2 ქულა ენიჭებოდა) და პირველ ადგილზე გავიდა!

10 გატანილი გოლით ფერენც პუშკაში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბომბარდირთა ამქარში მეორე ადგილი პუშკაშის თანამემამულემ და სეხნიამ ფერენც დეაკმა დაიკავა. მან შვიდჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ერთი წლით ადრე უნგრელები ოლიმპიურ ოქროს დაეუფლნენ!

1952 წელი - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

წ ი ნ ა ს წ ა რ ი  ტ უ რ ი

უნგრეთი - რუმინეთი 2:1

გოლები...

21’ ციბორი / უნგრეთი

73’ კოჩიში / უნგრეთი

86’ სურუ / რუმინეთი

პირველი რაუნდი

უნგრეთი - იტალია 3:0

გოლები...

11’ პალოტაში

20’ პალოტაში

83’ კოჩიში

მ ე ო თ ხ ე დ ფ ი ნ ა ლ ი

უნგრეთი - თურქეთი 7:1

გოლები...

18’ პალოტაში / უნგრეთი

32’ კოჩიში / უნგრეთი

48’ ლანტოსი / უნგრეთი

54’ პუშკაში / უნგრეთი

57’ გუდერი / თურქეთი

70’ ბოჟიკი / უნგრეთი

72’ პუშკაში / უნგრეთი

90’ კოჩიში / უნგრეთი

ნ ა ხ ე ვ ა რ ფ ი ნ ა ლ ი

უნგრეთი - შვედეთი 6:0

გოლები...

1’ პუშკაში

16’ პალოტაში

36’ ლინდი (ავტოგოლი)

65’ კოჩიში

67’ ჰიდეგკუტი

69’ კოჩიში

ფ ი ნ ა ლ ი / ოქროს მედლის მატჩი

1952 წლის 2 აგვისტო. ჰელსინკი - ოლიმპიური სტადიონი. დასწრება: 58 553. მსაჯი არტურ ელისი (ინგლისი).

უნგრეთი - იუგოსლავია 2:0

გოლები...

70’ პუშკაში

88’ ციბორი

საუკეთესო ბომბარდირთა ამქარში შანდორ კოჩიში მხოლოდ ერთით ჩამორჩა ხორვატული წარმოშობის იუგოსლავიელ ბრანკო ზებეცს. კოჩიშმა ექვსი გოლი გაიტანა.

***

ც ხ ე ლ ი

ზ ა მ თ ა რ ი

ს ა მ ხ რ ე თ

ა მ ე რ ი კ ა შ ი

1957 წლის იანვარსა და თებერვალში, ლეგენდარული ბელა გუტმანის ხელმძღვანელობით - ფერენც პუშკაში, ზოლტან ციბორი, შანდორ კოჩიში, იოზეფ ბოჟიკი, ლასლო ბუდაი, გიულა ლორანტი, გიულა გროსიქსი და სხვები ბრაზილიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებს დაუპირისპირდნენ. სტადიონები გადაჭედილი იყო...

1957 წლის 19 იანვარი. რიო დე ჟანეირო - სტადიონი „მარაკანა“ / ფლამენგო - ჰონვედი 6:4

ორ-ორი გოლი გაიტანეს „ფლამენგოსა“ და „ჰონვედის“ შემტევებმა - ევარისტომ და პუშკაშმა.

„დუბლის“ ავტორები მომავალში ესპანეთში აღმოჩნდებიან - ევარისტო „ბარსელონას“ მოთამაშე იმავე წელს გახდა, ხოლო პუშკაში „რეალში“ ერთი წლის შემდეგ ჩაირიცხა. უნგრელის მადრიდულ ზღაპარს ქვემოთ განვავრცობ, მანამდე კი ევარისტოზე ვიტყვი სათქმელს.

1957 წლის გაზაფხულზე პერუში ამერიკის თასის (Copa America) გათამაშება გაიმართა, სადაც ევარისტომ კოლუმბიის ნაკრებს ხუთი გოლი გაუტანა. ბრაზილია ტურნირის შვიდგუნდიან ჯგუფში არგენტინას ორი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გვიდა. საუკეთესო ბომბარდირთა ამქარში ევარისტოსაც მეორე ადგილი ერგო. მან, მისმა თანაგუნდელმა ლეგენდარულმა დიდიმ და იტალიური წარმოშობის არგენტინელმა ანტონიო ანჯელილომ რვა-რვა გოლი გაიტანეს. იტალიელ-არგენტინელმა უმბერტო მასკიომ და ურუგვაელმა ხავიერ ამბროისმა მეტოქეთა კარი ცხრაჯერ დალაშქრეს.

ერთ მატჩში გატანილმა ხუთმა გოლმა „ბარსელონას“ ტექნიკური მდივნის ყურადღება მიიპყრო. ხოსეპ სამიტიერი სამხრეთ ამერიკაში გაფრინდა, რათა დასწრებოდა 1958 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებს, სადაც მონაწილეობას ევარისტოც მიიღებდა. სამიტიერი ბრაზილიელი თავდამსხმელის ასპარეზობამ მოხიბლა და ევარისტომაც კატალონიაში ამოყო თავი. როდესაც ევარისტომ კლუბთან სარფიანი კანტრაქტი გააფორმა, მას სიტყვიერად აღუთქვეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უპრობლემოდ გაემგზავრებოდა, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა შვედეთში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა და ესპანეთის თასის გათამაშების შეხვედრებიც მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად დაიგეგმა. „ბარსელონამ“ სიტყვა გატეხა და ევარისტო არ გაანთავისუფლა - ვაკანტური ადგილი 17 წლის პელეთი იქნა შევსებული.

ევარისტოს ეროვნული გუნდის ფორმა აღარასდროს ჩაუცვია, ხოლო პელემ „მუნდიალზე“ ექვსი გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი პირველად მოიგო!

მ ე ო თ ხ ე დ ფ ი ნ ა ლ ი

ბრაზილია - უელსი 1:0

როგორც უკვე იცით გამარჯვების გოლი პელეს ანგარიშზე იყო.

ნ ა ხ ე ვ ა რ ფ ი ნ ა ლ ი

ბრაზილია - საფრანგეთი 5:2

პელემ „ჰეთ თრიკი“ შეასრულა.

ფ ი ნ ა ლ ი

ბრაზილია - შვედეთი 5:2

პელემ „დუბლი“ შეასრულა.

სანამ ევარისტოსა და უნგრულ ფეხბურთს დავუბრუნდებით - პელეს მიერ ფინალში გატანილ გოლებს აგიღწერთ...

პ ი რ ვ ე ლ ი  გ ო ლ ი

ნილტონ სანტოსმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი მოწინააღმდეგის კარისკენ ჩაჰკიდა. მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა პელემ “ტოპ სტარი” მკერდით მიიღო. ფეხბურთის მეფემ ბურთს მინდორზე დაცემის საშუალება მისცა, შემდეგ კი მრგვალი სფერო თავზე გადაუგდო გუსტავსონს და როცა ბურთი მოედანზე პარაშუტივით ეშვებოდა - პელემ უზუსტესი დარტყმით დალაშქრა სვენსონის კარი.

--

მ ე ო რ ე  გ ო ლ ი

ორლანდომ მოედნის ცენტრიდან პელეს მიმართულებით გაგზავნა ბურთი. მეტოქის საჯარიმო ზონიდან შორს მყოფმა პელემ ბურთი მკერდით მიიღო და მერე ქუსლით ზუსტი პასი შეასრულა მარცხენა ფლანგზე. ბურთს ზაგალო დაეუფლა, რომელმაც „ტოპ სტარი“ საჯარიმოში ჩაჰკიდა, ხოლო სვენსონის კარის მახლობლად პელემ ახოვან შვედებს - პარლინგს და აკსბონს დაასწრო, რასაც ორიგინალური თავური დარტყმა მოჰყვა.

--

ევარისტომ „ბარსელონაში“ გადასვლამდე „ფლამენგოსთან ერთად ზედიზედ სამჯერ (1953,1954,1955) გაიმარჯვა კარიოკას ჩემპიონატის გათამაშებაზე.

ბრაზილიელმა „ბარსას“ ფორმით ბლომად გოლი გაიტანა. ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი (ლა ლიგა), ერთხელ ესპანეთის თასი და ორჯერ საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი მოიგო.

1961 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ევარისტომ მარცხი იწვნია.

ბენფიკა - ბარსელონა 3:2

„ბარსელონას“ მხრიდან „ჰონვედის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა - კოჩიშმა და ციბორმა დალაშქრეს „ბენფიკას“ კარი.

1958 წელს უნგრელმა შემტევებმაც ევარისტოს გზა აირჩიეს და „ბარსელონას“ სამსახურში ჩადგნენ.

ევარისტომ ექვსი გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მხოლოდ პორტუგალიელ ჟოზე აგუაშს ჩამორჩა. ფინალში ანგარიში სწორედ აგუაშმა გაათანაბრა. 

მოკლედ ბერნის სახალხო სტადიონი უნგრელი ფეხბურთელებისთვის ძალზე უიღბლო გამოდგა. „ბენფიკამ“ და „ბარსელონამ“ ჩემპიონთა თასისთვის შვეიცარიის დედაქალაქში იბრძოლეს - გავიხსენოთ ბერნის სასწაული.

თუმცა ერთი უნგრელისთვის ბერნმა გაამართლა. „ბარსელონას“ მძლეველ ლისაბონის „ბენფიკას“ სათავეში „ჰონვედის“ ყოფილი მწვრთნელი ბელა გუტმანი ედგა. ბრაზილიური ტურნირის შემდეგ გუტმანი „სან პაულუს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც დინო სანი, მაურო და თვით ზიზინიო თამაშობდნენ. 1957 წელს უნგრელმა პაულისტას ჩემპიონატი მოიგო. იმ გათამაშებაზე 17 გატანილი გოლით პაულისტას

პირველობის საუკეთესო ბომბარდირი პელე გახდა!

ბრაზილიაში ყოფნისას გუტმანმა ხელი შეუწყო ტაქტიკური განლაგების ფორმირებას, რომელიც შემდეგნაირად იკითხებოდა - 4-2-4 .

4-2-4 უნგრული ფეხბურთის პიონერებმა, მარტონ ბუკოვმა და გუსტავ შებეშმა შექმნეს.

1958 წელს, შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ვისენტე ფეოლამ ხსენებული ტაქტიკური წყობა გამოიყენა და ბრაზილიის ნაკრებმაც მეტოქენი ლამაზი თამაშით მოსრა.

ჯინგასთან შედუღაბებული 4-2-4 და ჯოკერად გარდასახული პელე, რომელმაც ფეხბურთის მეტამორფოზა მოახდინა!

1958 წელს „ოქროს ესკადრონის“ ხანა დაიწყო.

***

გუტმანმა სან პაულუდან პორტუგალიისკენ აიღო გეზი და „ბარსელონას“ გზას „რეალიც“ გაუყენა.

1962 წლის 2 მაისს, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში „ბენფიკამ“ პუშკაშის „რეალს გამოუყვანა წირვა.

ბენფიკა - რეალი 5:3

პუშკაშმა სამჯერ აიღო (ჰეთ-თრიკი შეასრულა) „ბენფიკას“ კარი!..

აგუაშმა ისევ გაიტანა - „დუბლის“ ავტორად კი ეუსებიო მოგვევლინა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობას ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა მიაღწია...

შვიდ-შვიდი გოლი გაიტანეს: ფერენც პუშკაშმა (რეალი), ალფრედო დი სტეფანომ (რეალი), ხუსტო ტეხადამ (რეალი), ბენტ ლიოვკვისტმა (B 1913) და ჰეინც შტრელმა (ნიურნბერგი).

1961 წლის ადრიან შემოდგომაზე, ლიბერტადორესისა და ევროპის ჩემპიოთა თასის მოქმედმა მფლობელებმა საკონტინენტთაშორისო თასისთვის იბრძოლეს.

1961 წლის 4 სექტემბერი / ბენფიკა - პენიაროლი 1:0

1961 წლის 17 სექტემბერი / პენიაროლი - ბენფიკა 5:0

1961 წლის 19 სექტემბერი / პენიაროლი - ბენფიკა 2:1

ურუგვაული კლუბი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა!

მომდევნო წელს გუტმანმა ისევ ეკვატორის სამხრეთისკენ აიღო კურსი - მას მონტევიდეოს „პენიაროლი“ ჩააბარეს.

1962 წელს დიდმა უნგრელმა ტაქტიკოსმა „პენიაროლს“ ურუგვაის ჩემპიონობა მოაპოვებინა და კლუბი ლიბერტადორესის ფინალშიც გაიყვანა.
ლიბერტადორესის გათამაშება - ფინალური დაპირისპირებები...

1962 წლის 28 აგვისტო. მონტევიდეო - სტადიონი „სენტენარიო“ / პენიაროლი - სანტოსი 1:2

1962 წლის 2 სექტემბერი. სანტუსი - სტადიონი „ვილა ბელმირო“ / სანტოსი - პენიაროლი 2:3

გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი  მ ა ტ ჩ ი

1962 წლის 30 სექტემბერი. ბუენოს აირესი - სტადიონი „მონუმენტალი“ / სანტოსი - პენიაროლი 3:0

გოლები...

11’ კაეტანო (ავტოგოლი)

48’ პელე

89’ პელე

ლიბერტადორესის გადამწყვეტ ფინალურ მატჩამდე თერთმეტი დღით ადრე, „სანტოსი“ „ბენფიკას“ დაუპირისპირდა.

პელეს გუნდი ლიბერტადორესის მოქმედი ჩემპიონი იყო და საკონტინენტთაშორისო თასის მოსაპოვებელ შეხვედრებში ბელა გუტმანის ყოფილ კლუბთან მოუწია დაპირისპირება.

პ ე ლ ე  ე უ ს ე ბ ი ო ს  წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ !

1962 წლის 19 სექტემბერი. რიო დე ჟანეირო, სტადიონი „მარაკანა“. დასწრება: 85 459. მსაჯი რუბენ კაბრერა (პარაგვაი) / სანტოსი - ბენფიკა 3:2

1962 წლის 11 ოქტომბერი. ლისაბონი - სტადიონი „და ლუში“. დასწრება: 73 000. მსაჯი პიერ შვინტე (საფრანგეთი) / ბენფიკა - სანტოსი 2:5

1962 წელს ლულამ გუტმანის ტაქტიკით აშენებული მონსტრები ნაცარტუტად აქცია. ლუის ალონსო პერესი, იგივე ლულა - ბრაზილიური კლუბის მწვრთნელი გახლდათ. პელემ ორ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუტანა გუტმანის ყოფილ კლუბს და მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსი მოიხვეჭა. „სანტოსმა“ პირველობა მომავალ წელსაც არ დათმო და საკონტინენტთაშორისო თასისთვის გამართულ ორთაბრძოლებში „მილანი“ დაჯაბნა!


დავუბრუნდეთ ბრაზილიურ ტურნირს.

„ფლამენგოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ „ჰონვედი“ „ბოტაფოგოს“ შეხვდა.

1957 წლის 23 იანვარი. რიო დე ჟანეირო - სტადიონი „მარაკანა“ / ბოტაფოგო - ჰონვედი 2:4

გოლები...

10’ კოჩიში / ჰონვედი

23’ გარინჩა / ბოტაფოგო

44’ პუშკაში (პენ) / ჰონვედი

60’ პაულინიო / ბოტაფოგო

85’ კოჩიში / ჰონვედი

87’ კოჩიში / ჰონვედი

შემდეგ ტურს სან პაულუს „პაკემბაუს“ არენამ 26 იანვარს უმასპინძლა. „ფლამენგო“ და „ჰონვედი“ ისევ შეხვდნენ და ანგარიშში კვლავ 6:4 აისახა, ოღონდ ამჯერად „ჰონვედმა“ გაიმარჯვა. პუშკაშმა „პოკერი“ (ორჯერ პენალტი გარდასახა გოლად) შეასრულა და მოედანი უგოლოდ ევარისტოსაც არ დაუტოვებია.

მ ე ს ა მ ე  დ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბ ა

1957 წლის 2 თებერვალი. რიო დე ჟანეირო - სტადიონი „მარაკანა“ / ფლამენგო - ჰონვედი 2:3

პუშკაშისა და ევარისტოს ანგარიშზე თითო გოლი იყო.

გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ი  შ ე ხ ვ ე დ რ ა

1957 წლის 7 თებერვალი. რიო დე ჟანეირო - სტადიონი „მარაკანა“ / ბოტაფოგოსა და ფლამენგოს გაერთიანებული გუნდი - ჰონვედი 6:2

გოლები ისეთმა ფეხბურთელებმა გაიტანეს - შენი მოწონებული...

21’ გარინჩა / ბოტაფოგო

26’ კოჩიში / ჰონვედი

28’ დიდა / ფლამენგო

46’ ევარისტო / ფლამენგო

58’ დიდი / ბოტაფოგო

71’ პუშკაში / ჰონვედი

73’ დიდი (პენ) / ბოტაფოგო

89’ ევარისტო / ფლამენგო

ტურნირმა ვენესუელაში გადაინაცვლა...

1957 წლის 17 თებერვალი. კარაკასი - ოლიმპიური სტადიონი / ფლამენგო - ჰონვედი 5:3

ამჯერად „ჰეთ-თრიკი“ ევარისტომ შეასრულა. პუშკაშმა ერთხელ დალაშქრა „მენგოს“ კარი.

1957 წლის 19 თებერვალს ტურნირი კარაკასში დასრულდა.

ფლამენგო - ჰონვედი 1:1

გოლები რაღა თქმა უნდა პუშკაშმა და ევარისტომ გაიტანეს!

ბუდაპეშტის „ჰონვედის“ სტატისტიკა: 3 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ბურთების ბალანსი - 23 გატანილი და 26 მიღებული.

ბრაზილიის ნაკრებში ევარისტომ თოთხმეტჯერ ითამაშა და რვა გოლი გაიტანა.

1962 წელს ევარისტო „ბარსელონადან“ „რეალში“ გადავიდა. ის პუშკაშის თანაგუნდელი გახდა.

1965 წელს იგი „ფლამენგოს“ დაუბრუნდა.

ევარისტომ კარიოკას ჩემპიონატის თასი მეოთხედ აღმართა.

--

მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ბუდაპეშტის „კისპეშტს“ ფერენც პუშკაშის მამა წვრთნიდა. 1947 წელს იგი ბელა გუტმანმა შეცვალა, მაგრამ უმცროს პუშკაშთან უთანხმოების გამო კლუბი დატოვა, ხოლო უფროსი ფერენც პუშკაში ყოფილ პოზიციაზე დააბრუნეს. მისი მმართველობის დროს უნგრეთი კომუნისტური სახელმწიფო გახდა.

„კისპეშტი“ თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა და „ჰონვედი“ ეწოდა, რაც „სამშობლოს დაცვას“ ნიშნავს.
უფროსმა პუშკაშმა უნგრეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო, რაშიც ლომის წილი მისმა შვილმა და იოჟეფ ბოჟიკმა შეიტანეს.
გუნდის ოქროს ხანა მას მერე დაიწყო, როცა პუშკაშსა და ბოჟიკს - კოშიჩი, ციბორი და გროშიჩი შეუერთდნენ. „ჰონვედში“ ლეგენდარული უნგრეთის ნაკრების ბირთვი შეიკრა, რომელსაც „ძლევამოსილი მადიარები“ უწოდეს.

***

ახლა ალბერტს დავუთმოთ მცირე დრო და შემდეგ ისევ პუშკაშს მივუბრუნდეთ.

უნგრეთის ნაკრებმა ცენტრალური ევროპის საერთაშორისო თასის ხუთწლიან გათამაშებაზე კვლავ წარმატებით იასპარეზა. 1955 - 1960 წლებში გამართულ ტურნირს იუგოსლავია დაემატა და ცენტრალური ევროპის პირველობა ექვსგუნდიან ჩემპიონატად გარდაისახა.

ჩემპიონობა 16 ქულის მომგროვებელმა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა მოიპოვა. უნგრეთის აქტივში 15 ქულა დაფიქსირდა - „მადიარები“ მეორე ადგილს დასჯერდნენ.

შვიდი გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ბუდაპეშტის „ჰონვედის“ თავდამსხმელი ლაიოშ ტიხი გახდა.
პუშკაშმა ხუთი, კოჩიშმა და ციბორმა კი ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს.

ამ გათამაშებაზე გამოჩნდა ბუდაპეშტის „ფერენცვაროშისა“ და უნგრეთის ნაკრების ლეგენდარული მოთამაშე ფლორიან ალბერტი. მას „ფერენცვაროშის“ გარდა არც ერთ კლუბში არ უთამაშია.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ალბერტის კარიერულ პასპორტს წარმოგიდგენთ...

მან „ფერენცვაროშთან“ ერთად უნგრეთის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო და ერთხელ თასიც დაისაკუთრა.

ალბერტი ბაზრობათა თასის მფლობელიც გახდა.

1965 წლის 23 ივნისი. ტურინი - ოლიმპიური სტადიონი. დასწრება: 30 000. მსაჯი გოდფრიდ დინსტი (შვეიცარია) 1966 წელს, მსოფლიო

ჩემპიონატის ყბადაღებულ ფინალს სწორედ ეს არბიტრი სჯიდა.

იუვენტუსი - ფერენცვაროში 0:1

გამარჯვების გოლი მათე ფენვეშმა გაიტანა.

ფლორიან ალბერტი ერთადერთი უნგრელი ფეხბურთელია, რომელიც ფრანგული ფეხბურთის ჟურნალმა ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ოქროს ბურთი გადასცა.

1962 წელს ალბერტი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.

უნგრეთის ნაკრებმა მეოთხე ჯგუფში პირველი ადგილი არავის დაუთმო.

უნგრეთი - ინგლისი 2:1

უნგრეთი - ბულგარეთი 6:1

უნგრეთი - არგენტინა 0:0

მ ე ო თ ხ ე დ ფ ი ნ ა ლ ი

ჩეხოსლოვაკია - უნგრეთი 1:0

1962 წელს, ოთხი გატანილი გოლით, გარინჩასთან, ვავასთან, ვალენტინ ივანოვთან, დრაჟან ერკოვიჩთან და ლეონელ სანჩესთან ერთად ალბერტი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

1964 წელს იგი ევროპის ჩემპიონატის, ხოლო 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში იქნა შეყვანილი.

1966 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის საუკეთესო ბომბარდირობა შეძლო.

1967 წელს ბაზრობათა თასის გათამაშებაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

სამჯერ უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას მიაღწია.

ორჯერ უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

***

პ უ შ კ ა შ ი ს  რ ე ა ლ უ რ ი  კ ა რ ი ე რ ა

თქვენ უკვე იცით, რომ 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში პუშკაშმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მაგრამ „რეალი“ მაინც დამარცხდა. ორი წლით ადრე კი მრისხანე თავდამსხმელი ჩემპიონთა თასის ფინალში „პოკერის“ ავტორი გახდა.

1960 წლის 18 მაისს, გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი შედგა.

ალფრედო დი სტეფანოს „ჰეთ-თრიკი“ და ფერენც პუშკაშის „პოკერი“ - მადრიდის ‘რეალმა’ ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7:3 მოუგო!

განსაკუთრებით გამოსარჩევია, პირველი ტაიმის მუწურულს პუშკაშის მიერ მარცხენა ფეხით შესრულებული დარტყმა, რასაც შესანიშნავი გოლი მოჰყვა.

12 გატანილი გოლით პუშკაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორეზე დი სტეფანო გავიდა, მის ანგარიშზე 8 გოლი იყო. კიდევ ერთი სახელოვანი უნგრელი წარსდგა ევროპული ფეხბურთის „ავანსცენაზე“ - „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლასლო კუბალამ 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის მესამე ადგილი მიენიჭა. ევარისტოს აქტივში 4 გოლი აისახა.

კუბალა იშვიათი მოვლენა გახლდათ. მან თავისი ხანგრძლივი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ხუთ ნაკრებში ითამაშა. სხვადასხვა დროს: უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის, ესპანეთის, კატალონიის და ევროპის ასოციაციის ნაკრებთა ფორმები მოირგო.

„რეალმა“ საკონტინენტთაშორისო თასიც დამაჯერებლად დაისაკუთრა.

1960 წლის 3 ივლისი. მონტევიდეო - სტადიონი „სენტენარიო“. დასწრება: 71 872. მსაჯი ხოსე ლუის პრადო (არგენტინა) / პენიაროლი - რეალი 0:0

1960 წლის 4 სექტემბერი. მადრიდი - სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“. დასწრება: 90 000. მსაჯი კენ ასტონი (ინგლისი) / რეალი - პენიაროლი 5:1

პუშკაშმა ორი გოლი გაიტანა. დი სტეფანომ, ერერამ და ჰენტომაც აიღეს მეტოქის კარი. პრესტიჟის გოლი კი ალბერტო სპენსერის ანგარიშზე იყო, იმ სპენსერისა, რომელმაც ექვსი წლის შემდეგ რევანში აიღო.

1966 წლის 12 ოქტომბერი. მონტევიდეო - სტადიონი „სენტენარიო“. დასწრება: 58 324. მსაჯი კლაუდიო ვიკუნია (ჩილე) / პენიაროლი - რეალი 2:0

სპენსერმა „დუბლი“ შეასრულა.

1966 წლის 26 ოქტომბერი. მადრიდი - სტადიონი „სანტიაგო ბერნაბეუ“. დასწრება: 71 063. მსაჯი კონჩეტო ლო ბელო (იტალია) / რეალი - პენიაროლი 0:2

სპენსერმა „რეალის“ კარი ისევ დაიპყრო.

ის 1961 წელსაც მთავარ როლში გახლდათ. როდესაც საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე „პენიაროლმა“ „ბენფიკას“ 5:0 მოუგო სპენსერმა ორი გოლი გაიტანა.

54 გატანილი გოლით ეკვადორელი ალბერტო სპენსერი ლიბერტადორესის საუკეთესო ბომბარდირია.

პუშკაშს დავუბრუნდეთ!

უნგრელმა ბომბდამშენმა ესპანეთის ჩემპიონატი (ლა ლიგა) ხუთჯერ მოიგო და ოთხჯერ საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილ „პიჩიჩის“ ჯილდოს დაეუფლა.

როდესაც „ჰონვედში“ თამაშობდა უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც ოთხჯერ გახდა.

ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე კი ორჯერ მოახერხა საუკეთესო ბომბარდირობა.

2009 წელს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ ფერენც პუშკაშის ჯილდო დაარსა, რომელიც გადაეცემა წლის საუკეთესო გოლის ავტორს. პუშკაშის ჯილდო პირველად კრიშტიანო რონალდომ მოიგო. ეს პრესტიჟული პრიზი სხვადასხვა დროს ისეთ ფეხბურთელებს ერგოთ, როგორებიც არიან: ნეიმარი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხამეს როდრიგესი, მოჰამედ სალაჰი და ასე შემდეგ...

***

არ შეიძლება უნგრულ ფეხბურთზე ვსაუბრობდეთ და ფერენც ბენე არ ვახსენოთ. ამ უნიკალური მოთამაშის კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და მთელი კარიერის განმავლობაში - 18 სეზონის მანძილზე ბუდაპეშტის „უიპეშტის“ ფორმა ეცვა.

1966 წელს უნგრეთი მეტად საინტერესო ნაკრებით წარსდგა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მ ე ს ა მ ე  ჯ გ უ ფ ი

პორტუგალია - უნგრეთი 3:1

უნგრეთი - ბრაზილია 3:1

უნგრეთი - ბულგარეთი 3:1

მ ე ო თ ხ ე დ ფ ი ნ ა ლ ი

საბჭოთა კავშირი - უნგრეთი 2:1

ბენემ ოთხივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი.

--

ერთი წაგება და ერთი მოგება - ორი წლით ადრე უნგრეთის ნაკრები ევრო პირველობის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ნ ა ხ ე ვ ა რ ფ ი ნ ა ლ ი

ესპანეთი - უნგრეთი 1:1 (დამატებით დროში 2:1)

მ ა ტ ჩ ი  მ ე ს ა მ ე  ა დ გ ი ლ ი ს თ ვ ი ს

უნგრეთი - დანია 1:1 (დამატებით დროში 3:1)

ორი გატანილი გოლით ბენე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

იმავე წლის შემოდგომაზე უნგრელი თავდამსხმელი იაპონიაში გაემგზავრა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.
უნგრეთის ნაკრები ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა, ხოლო ფერენც ბენემ 12 გატანილი გოლით ყველა უკან მოიტოვა.

ბენე უნგრეთის ჩემპიონი რვაჯერ იყო და ექვს პირველობაზე ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ქვეყნის თასი კი სამჯერ აღმართა.
1969 წელს „უიპეშტი“ ბაზრობათა თასის ფინალში გავიდა და ორი მატჩის ჯამში „ნიუკასლ იუნაიტედთან“ (2:6) დამარცხდა. ბენემ ტურნირზე ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთით ჩამორჩა თანაგუნდელ ანტალ დუნაის.

1974 წელს „იასამნისფრები“ (უიპეშტის ზედსახელია) ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდნენ და ორმატჩიან დაპირისპირებაში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდნენ.

უიპეშტი - ბაიერნი 1:1 & ბაიერნი - უიპეშტი 3:0.

ბენე უნგრეთის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს.

***

ბოლოსკენ არპად ელო და მისი რეიტინგი ვახსენოთ.

ელო უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკის პროფესორი იყო. მან მოთამაშეთა ფარდობითი სიძლიერის გამოსათვლელად შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ისეთ სამაგიდო თამაშებში დაინერგა, როგორიცაა: ჭადრაკი, შაში, შოგი და გო. სამომავლოდ ელოს რეიტინგი ფეხბურთსაც დაუკავშირდა.

1954 წლის 30 ივნისის მონაცემებით უნგრეთის ნაკრებმა ელოს რეიტინგში 2231 ქულა მოაგროვა და ეს შედეგი დღემდე ხელშეუხებელი რჩება.

2014 წლის 13 ივლისს უნგრეთს გერმანია მიუახლოვდა, მაგრამ რვა ქულა დააკლდათ. იოახიმ ლიოვის გუნდმა 2223 ქულას მოუყარა თავი.

1950 წლიდან 1956 წლამდე უნგრეთის ნაკრებმა 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დიადმა „ოქროს გუნდმა“ 58 მატჩი მოიგო!

ათჯერ ფრე დაფიქსირდა.

ძლევამოსილმა მადიარებმა მხოლოდ ერთი მარცხი იწვნიეს.

04.07.1954 - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. დასავლეთ გერმანია - უნგრეთი 3:2.

მსოფლიოს რიგით მეხუთე ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებმა ხუთ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა!

ყ ვ ე ლ ა ზ ე  მ ე ტ ი  გ ო ლ ი  ე რ თ  ტ უ რ ნ ი რ ზ ე .


***

ძლევამოსილ მადიართა ოდინდელ საგმირო საქმეებზე თხრობა დავასრულე, თუმცა რამდენიმე დღეში ევროპის ერთა ლიგის გათამაშება დაიწყო, სადაც მოვლენები ისე განვითარდა, რომ მისი არ აღნიშვნა არასწორი იქნებოდა.

A ლიგის ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთს „სიკვდილისა“ ეთქმის _ უნგრელები სწორედ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდნენ.

ქვემოთ მათი მეტოქეები არიან ჩამოთვლილნი...

იტალია - ევროპის მოქმედი ჩემპიონი.

გერმანია - ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.

ინგლისი - ფეხბურთის სამშობლო.

ოთხი ტურის შემდეგ „სიკვდილის ჯგუფს“ უნგრეთის ნაკრები ლიდერობს!

მადიარებმა ისტორიული მეტოქე კვლავ დააჩოქეს.

2022 წლის 4 ივნისი / უნგრეთი - ინგლისი 1:0

2022 წლის 14 ივნისი / ინგლისი - უნგრეთი 0:4.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები