ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2022


Დაკარგული გვამები...

ყინავდა.
იმ საღამოს ცეცხლიც კი არ აგვინთია.
ბავშვებმა ვიცოდით, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა,
ამიტომ ვეკვროდით ერთმანეთის სხეულებს და უხმაუროდ ვსუნთქვადით.
თავშლის კუთხეს იფარებდა ტუჩებზე დედა,  ქვითინის ხმა რომ ჩაეხშო,
უსიტყვოდ სვამდა მამა.

მერე, შუაღამე კარგად რომ გადაიწვერა,
მამამ თქვა: ამათაც ვერ დავკარგავ!
კიდევ უფრო აუთრთოლდა მხრები დედას,
საკუთარ მუხლებზე ჩამოდო თავი და
რაღაც არაადამიანური ბღავილი აღმოხდა.
გადაწყდა. უსიტყვოდ შევთანხმდით:
არავინ, არასდროს ვახსენებდით ამ დაწყევლილ ღამეს.
არც გვიხსენებია.

..........
ღარიბული მზითვის ბოღჩაში,
ჩუმად გამოვკარი ჩემი ძმის გალიფეს შარვლი
და მისი ერთდერთი ძველისძველი ფოტო.
იმ ფოტოზე ალბათ 13-ს თუ იქნებოდა.
დიდი, ნათელი თვალები ჰქონდა,
მსხვილი საკბეჩი კბილები გადმოეყარა და
შეჰხაროდა ცხოვრებას.

გალიფეს შარვლის ჯიბეში დავმალე მისი ძველისძველი ფოტო,
შარვალი ჯერ გაზეთში გავხვიე, მერე კი
ჩემი შიფანერკის ძირში, ქვეშაგებს შორის დავმალე.

ხანდისხან შიფანერკასთან მივდიოდი,
მინდოდა, ხელი გადამესვა, მივფერებოდი მის შარვალს,
მაგრამ შიფანერკის ლაქიანი სარკე, ჩემს შიშებსა და იჭვებს ირეკლავდა.
ისევ ჩამესმოდა მამის ცივი ხმა: „ამათაც ვერ დავკრაგავ“,
ცივად ვუშვებდი ხელს კარის სახელურს და ვშორდებოდი,
თითქოს  იმ ქვეშაგებში თავად სიკვდილი იმალებოდა.

ისევ გადავდებდი დატირებას,
ის კია, იმ შიფანერკას რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ხშირად ვუვლიდი გვერდს,
მისი ფსკერი ჩემს ტკივილებს ნაღვერდალზე აღვივებდა,
მე კი ყოველ დღე დუმილის ნაცრით ვცდილობდი ჩამექრო,
როცა დილაობით კოლმეურნეობის ტყეში მივდიოდი და
საღამომდე მუხლჩაუხრელად ვმუშაობდი-
გეგმა მქონდა შესასრულებელი.

...........
გაზაფხულდა.
ბრუნდებიან სისხლში ამოსვრილი ბიჭები უკან.
მე გზას გავყურებ.
იმ გზას ჩემი ერთადერთი ვაჟი არ მოჰყავს.
მე ახლა უკვე ორი დაუტირებელი
და უნახავი ცხედრი მკიდიან მხრებზე.

ერთს დავეკარგე, რადგან შიშმა მასთან არ მიმიყვანა,
მეორე თავად დამეკარგა-
აღარც კი ვიცი, სად, ვისთან და რისთვის ბრძოლაში.

ჭიანაჭამი შიფანერკის გაღება მაინც მიწევს.
ახლა იქ, სადაც ჩემი ძმის გალიფეს შარვალი და ძველისძველი ფოტო
ქვეშაგებს შორის მაქვს დამარხული,
ჩემი ერთადერთი ვაჟის  შარვალ-ხალათი უნდა დავკიდო.
შიფანერკის დალაქავებული სარკიდან
სიკვდილი ისევ მიყურებს,
მაგრამ მას ახლა აღარ აქვს ბუდოვანი სხეული-
მე მას ვცნობ:
სიკვდილი  მე ვარ!

ის ქალი, ჩემივე სხეულით, სიკვდილისფერი მზერითა და
უკბილო პირით, შემომყურებს და მეუბნება:
შენ რომ გალიფეს შარვალი არ დაგემალა,
ახლა მხოლოდ ერთი დაკარგული ცხედარი გექნებოდა.

და ახლა ვიცი:
არა, ის გალიფეს შარვალი არ უნდა დამემალა,
მზის გულზე უნდა გამომეფინა,
რაც შეიძლება მაღლა,
ღმერთსა და კაცს, რომ კარგად შეემჩნია
და არასოდეს, არასოდეს დავიწყებოდათ!
მერე შარაზე უნდა გადმოვმდგარიყავი
და ყველა შემხვედრისთვის გზა გადამეღობა,
უნდა შემომეპატიჟებინა ეზოში,
მერე საზედაშე ქვევრისთვის თავი მომეხსნა,
და მეთქვა:
შესვით, შესვით ჩემი ძმის შესანდობარი,
ის იუნკერი იყო!
ჩემი ძმა იუნკერი იყო და ის იმ ძაღლებმა თბილისთან მოჰკლეს!
ეს ჩემი ძმა იყო, აი მიირთვით, საზედაშე ქვევრიდან შესვით მისი დიდების.
ჩემი ძმა იუნკერი იყო!

......
მე ჭიანაჭამ შიფანკერკის ფსკერზე ჩავმარხე გალიფეს შარვალი და
ერთადერთი ძველისძელი ფოტო.
იმავე შიფანერკის საკიდზე კი
ახლა ჩემი ერთადერთი ვაჟის შარვალ-ხალათი უნდა დავკიდო-
მას ჯერ ისევ ასდის ჩემი შვილის სუნი-
ჩემი შინმოუსვლელი ვაჟის სურნელი.
სარკიდან კი ერთადერთი დამნაშავე, საკუთარი აჩრდილი მიყურებს  და მეკითხება:
იქ, მიღმა, შენი ძმა რომ შეხვდება შენს ვაჟს,
ნეტა თუ იცნობს?
ანდა თუ იცნობს, ვაითუ ჰკითხოს:
მე იუნკერი ვიყავი და  იმ ძაღლებმა მომკლეს  თბილისთან,
შენ რისთვის მოგკლეს? 
.........
ჭიანაჭამი  შიფანერკის დალაქავებული სარკიდან
შემომყურებს სიკვდილი- ჩემი აჩრდილი.
მე გულში ვიკრავ ჩემი ვაჟის შარვალ-ხალათს და
მინდა ვიბღავლო:
შენ რისთვის მოგკლეს, შვილო?!
მაგრამ ხმა არ მაქვს,
მე ხმა არ მაქვს,
ხმა აღარა მაქვს,
შიფანერკის ფსერზე, ჩემი ძმის გალიფეს შარვალთან ერთად
დიდი ხნის წინ შეუჭამია ჩრჩილს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები