ახლა ღამეა და მე ატკივებული სულითა და მთვრალი ოცნებებით ვითვლი ნაბიჯებს განთიადამდე. ჩემი დუმილი საზღაურია: შენთვის დასანთები კოცონისათვის მომზადებული კვარია. ვინახავ. ვაფიცხებ. უნდა მოვიდე და ბაგეზე დაგაყარო. სიტყვები იქნება მტკივნეულად სასურველი, შენ გაოცდები. მოგინდება უჩემოდ ყოფნა, რადგან ძნელად გასატანი იქნება საჩემო ღამე. დაგაუნჯებს ჩემთვის დაკარგული სიზმრები. არსებულსა და არარსებულს, მოსახდენსა და ვერმომხდარს შორის დაიწყებ ბორიალს. ჩვენ დავმთავრდებით. ყველა ზღაპარი სრულდება ბოლოს. წაიღებენ ქარები და ყველა სიტყვას დააბინავებენ იმ სკივრში, წარსული რომ დავარქვით, მაგრამ მაინც ვერ ვაქცევთ ერთმანეთს წარსულად, რადგან ყველა ძარღვი დაკაწრული გვექნება, ყველა ვენა გადახსნილი, სისხლის ყველა წვეთი ატკივებული. ჩვენ დავმთავრდებით და მერე, როცა შემოდგომის პირზე, ბუხართან მიმჯდარს წამომივლის შენზე ფიქრები, აღარ დამჭირდება ნეკერჩხლის ჩანაცრება, მოგონებები მეყოფა გასათბობად. ჩვენ დავმთავრდებით. მაგრამ მინდა, დროსა და გულს მივცე საშუალება თავის გზაზე წავიდნენ; მინდა, სანამ ჯერ ყველაფერი არაა გვიან, ყველა სიტყვა ვთქვა; არც ერთი კოცნა არ შევარჩინო სამყაროს; მინდა, გგრძნობდეს სხეული, მინდა, შენი ხელები მათბობდეს; მინდა, შენს ხმებს ვუსმენდე; მინდა, მყავდე; მინდა, ბოლო წამამდე მყავდე, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება. გული დიდი ვერაგი ვინმეა, ხანდახან ადამიანებს საწოლში შემოგვიწვენს, ჩვენს სულსა და ხორცს გაგვაზიარებინებს, დაგვაჯერებს, რომ მართლაც არსებობს სამყაროში ჩვენი ნაწილი, რომელიც ჩვენ მსგავს სიზმრებს ხედავს, რომელსაც ისევე უხარია და სტკივა, როგორც ჩვენ, რომელსაც სადღაც შორს, სამყაროს დასასრულშიც კი ესმის ართქმული სიტყვები, რომელიც მოვა და თვალებით მოიტანს ვერგაცხადებულ საიდუმლოს, რომელიც ჩვენთან ერთად გადაყლაპავს ყველა ტკივილსა და სიხარულს, ჩაგვკიდებს ხელს და ყინვისაგან დამზრალ თითებს გაგვითბობს. გული დიდი ვერაგი ვინმეა, შეგვაყვარებს მთელი არსებით და მერე, როცა ყველაფერი მხოლოდ ილუზია აღმოჩნდება, ყველა ძარღვი გვტკივდება, ჩვენში რაღაც ნაწილი კვდება, სამყაროს მიმართ ჩვენი წარმოდგენები იცვლება და კიდევ უფრო ვშორდებით მზეს. მიუხედავად ამისა, თავდავიწყებამდე გვიყვარს, ესე იგი, ვცოცხლობთ და ვხვდებით, ამ სიყვარულისთვის ყველა უძილო ღამეს ჰქონდა თავისი გამართლება, ყველა ტკივილად ღირდა. ზღვარი არც არასდროს ყოფილა და არც ახლა შემიძლია მისი გამოკვეთა. არ მიყვარს ხაზები და ჩარჩოები. მე თავისუფლება მსურს, სულის თავისუფლება. ბოლომდე მეც არ ვიცი, სად მთავრდება რეალობა და იწყება ზღაპარი, ალბათ, ეს მაწერინებს. იქაც ვეღარ ვიგებ, სად ცხოვრებაა და სად ილუზია, როდის ვიცხოვრე და როდის მსურდა მეცხოვრა, როდის იყო ნამდვილი და როდის ჩემი სიცხიანი წარმოსახვის ნაყოფი... მას შემდეგ ბევრი წელი წავიდა, მე კი დღემდე ვზივარ ფანჯარასთან ზურგშექცეული და თვალებდათხრილ კედლებს შევყურებ. შევყურებ და ვცდილობ, ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირო; გავიხსენო ვინ ვიყავი მანამდე და რა მოხდა შემდეგ; გავიხსენო მიზეზები; გავიხსენო თავაწყვეტილი ვნებით გაჟღენთილი სიზმრები; გავიხსენო რა მოხდა და რა ვერ მოხდა; რა ვთქვი და რისი თქმა გამომრჩა; გავიხსენო... მოვიდა და ჩემი უძილო ღამეები აავსო. მოვიდა და ჩადგა ჩემსა და საღ აზრს შორის. მას არნახული სიზმრები ეზმანებოდა. მის ღამეულ მოჩვენებებში მე ვცოცხლობდი. მის ფიქრებში მე სურვილშემონთებული, ვნებააშლილი მივყვებოდი ბინდს და ვრჩებოდი განთიადამდე. ჩემი ლანდი თითისწვერებზე შემდგარი იპარებოდა მის ოთახში და ათრთოლებული თითები დაცურავდნენ მის მხრებზე, მკერდზე... და ვუკოცნიდი თვალებს, ჩემი ბაგეები მთის მდინარესავით მიუყვებოდა ყელს და სტოვებდა სველ ნაკვალევს და ქრებოდა აზრი... მკერდი ბობოქრობდა და ვეღარ გუობდა ბორკილებს... მთვრალი კაცის არეული ნაბიჯებივით უთავბოლო იყო მისი ხელების მოძრაობა. ვერ იტევდა სხეული სურვილს და მისი თითებიდან იფრქვეოდა ჩემს კანზე. ღობეზე ასული სუროსავით ეხვეოდნენ ხელები წელს და იქნება კიდევ უფრო გათავხედებულიყვნენ, იქნებ მეტიც გაებედათ, მაგრამ სინათლე განაჩენივით ედებოდა კედლებს და ბინდს წამებით ხდიდა სულს. იფანტებოდა საწოლში მტვერივით გაბნეული სურვილი და რჩებოდა ძილგამკრთალი, დაღლილი, მოტყუებული... ბინდს მიჰყავდა ჩემი სახება და კიდევ უფრო ირეალური ხდებოდა ყოფა. იწყებოდა ახალი დღე, რომელიც უდაბნოსავით მწველი და საშიში იყო, სადაც დახეთქილი ქუსლებითა და გამშრალი პირით, ღონემიხდილი მივიწევდით ბინდისკენ, რათა მას არნახული სიზმრები მოზმანებოდა, მე - ჩემს უძილო ფიქრებთან მეთია ღამე. ჩვენ შემოდგომით შევხვდით ერთმანეთს, დანახვის წამიდან ვინანე ჩემი განვლილი ცხოვრება, ყველა წამი, ყველა სიტყვა, ყველა ამბორი. მას ზამთრისპირის სიცივე შეჰპარვოდა და ხელკავით მიჰყვებოდა. ჩემთან ჯერ ისევ ივლისის მზე აცხუნებდა, ვიცოდი, ჩემი მცხუნვარება მის ყინვას გაალღობდა და მერე ეს დამდნარი ყინული დამახრჩობდა, მაინც ვერ ვაიძულე საკუთარ თავს გაჩერება, შეპყრობილივით მივიწევდი წინ, მისკენ და მისთვის. არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, თითქოს სამყაროში ეს ერთადერთი კაცი დარჩენილიყო და თუ მას არ შევეხებოდი, ღამეს ვერ გავიტანდი. ღამე კი იყო გრძელი და უკიდეგანოდ ბნელი. ღამეს მოჰყვებოდა ფორიაქი და მე შიშველი სხეულით ვიწექი ფიქრებით პირთამდე ავსებულ საწოლში და სიჩუმე მახრჩობდა, რადგან გაჩუმება დანაშაული იყო: თითქოს მაგნიტურ ველთან მოვხვედრილიყავი, ის მიზიდავდა, მიკრავდა, მთხოვდა მივსულიყავი და მისი სხეულის ნაწილი გავმხდარიყავი. ყველამ და ყველაფერმა დაკარგა ფასი, თითქოს აქამდე არ მეცხოვრა, თითქოს მასთან შეხვედრამდე ჩავლილი ყველა წამი უქმი ყოფილიყოს, თითქოს იმისთვის დავბადებულიყავი რომ ერთ დღეს მეთქვა: მიყვარხარ. სიგიჟეა იქნებ დაიწყო ამბავი, რომელიც იცი, რომ უსათუოდ დასრულდება, ვინ იცის იქნება ამ წუთას, ან იქნება თვეებსა და საუკუნეებსაც კი გაუძლოს. მაგრამ მე მაინც უფრო დიდ უგუნურებად მიმაჩნია გწამდეს სამყაროში რაიმეს მარადისობის, გარდა სიყვარულისა. სიყვარული კი სულ დარჩება შენში და მას ვერავინ წაგართმევს. დაე, წავიდნენ, გაიჯახუნონ კარი და იფიქრონ, რომ გტოვებენ გაძარცულს, გამოშიგნულს, სისხლისგან დაწრეტილს. სცდებიან, არა, შენ რჩები და იტოვებ შენში იმ ერთადერთს, იმ ძვირფასს და წასვლა სულაც არ ნიშნავს, განშორებას. ის შენში გააგრძელებს არსებობას, სადაც გინდა წაიყვან, როცა მოგესურვება ჩაეხუტები, იქნებ იყოს ისეთი დღეებიც, როცა გაწყრეთ და ერთ ხანს დამდურებულებმაც იაროთ... ამ ამბავში საუკეთესო მაინც ისაა, რომ ის შენ გეყოლება და ვერ შეგიშლის ხელს, მოექცე ისე, როგორც ეს შენ გინდა... ვერც მე დამიდგებოდა წინ, ამიტომ არც მიკითხავს, ისე წავიყვანე ჩემს პლანეტაზე და მერე იდგა იისფერი ღამეები, არდასასრულებელი, არშობილი სიხარულის წამები... იმ საღამოს, კარგად იყო შებინდებული სანაპიროზე რომ გავედით, ბინდი ჩამომდგარიყო. იდგა უტყვი სიჩუმე, ზღვას თითქოს დაღალული კაცივით მშვიდად დასძინებოდა, მხოლოდ მისი თანაბარი ფშვინვა ისმოდა. ხმას არ ვიღებდით, ნაბიჯებს ვითვლიდით, სინამდვილეში გულის მოძრაობას ვაყურადებდი. გამალებით ცემდა გული, გეგონება, გახეთქვას აპირებდა. ჩემი იასამნისფერი მოსასხამი დაუდევრად მივაგდე ქვიშაზე. ზედ ისე მივასვენე გიტარა თითქოს ქალწული დაეწვინოთ საქორწინო სარეცელზე. კოცონი აანთო. სულ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს, ისეთი უმნიშვნელო, ისეთი ფრთხილი, გვეშინოდა, მთელი ეს ამბავი ბაბუაწვერა არ ყოფილიყო და ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს არ გაეფანტა, დაენაწევრებინა და მერე არ გაგვღვიძებოდა სხვადასხვა საწოლში, რუხ, დაობებულ კედლებს შორის, სხვა კაცთან თუ სხვა ქალთან... ისე მოიკეცა, სპარსულ ხალიჩაზე ყეენი რომ ჯდებოდა. საყვარელი ქალის წელივით ნაზად შეეხო გიტარას და ფრთხილად დამისვენა მუხლებზე. შეუმჩნევლად შევახე ხელი სიმებს. ჟღერადობას ვცდიდი. მერე ავღიღინდი, ისე ჩუმად, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავს ვუმღეროდი. თვალები დავხუჭე, ოდნავ უკან გადავიხარე და სიმებს ხმა ავაყოლე, კი არ ვმღეროდი, გულის ძახილს ტირილით ვყვებოდი. ეს აღსარება უფრო იყო - დაღლილი სულის უკანასკნელი გაბრძოლება. ჩემს მოპირდაპირე მხარეს იჯდა. ბნელი ღამე იყო, უმთვარო. ცეცხლის ენებს შორის ჩემი თითები ბინდიდან გამოდიოდნენ და მერე ისევ იკარგებოდნენ. მისი ხელებიც იკვეთებოდნენ და მერე ისევ უჩინარდებოდნენ ბნელში. ძალიან დიდი ხელები ჰქონდა. წამით ვიფიქრე, რომ სულ ამ ხელების ბრალი იყო ჩემი ყველა ცოდვა, ჩემი ყველა წაბორძიკება... ჩემს ორივე მტევანს მოიმწყვდევს-მეთქი ამ ხელში, ვიფიქრე და ვიგრძენი, დიდი ხელი როგორ გაიშალა და მე დამჭკნარი იებივით მოწიწებითა და სევდით დავასვენე თითები. მერე ეს ხელი შეიკრა, ციხეში აღმოვჩნი და მომინდა სამუდამოდ პატიმრად ყოფნა, სამუდამოდ აქ დაბინავება, აქ დარჩენა. გავთბი... თავხედმა ფიქრმა უფრო შორს წასვლაც მოინდომა და შემეშინდა. შემეშინდა საკუთარი თავის. მივხვდი: იმისთვის დავბადებულვარ, რომ ერთ ღამესაც ამ კაცისთვის მემღერა. მივხვდი, რომ მთელ სამყაროდ მიღირდა და არაფერს ჰქონდა ფასი მის გარეშე. გამიკვირდა, როგორი იყო-მეთქი ნეტა ჩემი ცხოვრება მის გამოჩენამდე, რა მიხაროდა და მტკიოდა, ვერაფერი ვიაზრე. წაშლილიყო ყველა განვლილი დღე, ყველა ნათქვამი სიტყვა, ყველა სიზმარი. სხეულმა ვეღარ დაიტია და იმ წუთას რომ არ მეთქვა, სიტყვები, რომელიც ძალიან პატარები იყვნენ და თან ჩემს სიცოცხლეს იტევდნენ, გული გამისკდებოდა. წამოვდექი, მივუახლოვდი, ყურთან დავიხარე, მხარზე ფრთხილად შევეხე და სანამ თითები უძლებდნენ მისი კანის სიმხურვალეს, ყურში ჩავჩურჩულე: - უშეღავათოდ... უსაზღვროდ... თავდავიწყებით... ეს სიტყვები, ერთი შეხედვით ასეთი უწყინარნი, შესაძლოა, ამოქმედებულ ნაღმზე საშიშნი ყოფილიყვნენ, შესაძლოა, ნაფლეთებად დავეგლიჯე. ნელ-ნელა ჯერ ზღვა გაქრა, მერე კოცონი, მერე გიტარა, გაუჩინარდა სანაპირო, გაფერმკრთალდა ცაც და იისფერ სივრცეში ავტივტივდით - უწონოები, თითქმის უსხეულოები და სანამ გული შეაჩერებდა ძგერას, მან თავი გვერდზე გადმოხარა, სიცარიელეში მისმა თვალებმა მიპოვნა და თქვა: - როცა დრო მოვა, მე ვითხოვ, რომ ეს სამი სიტყვა დააწერონ ჩემი საფლავის ქვას. სხეულზე მილიონი ჭიანჭველა ამაცოცდა და სამყარო დაუბრუნდა საკუთარ თავს, მაგრამ იმხელა სივრცე დაეკავებინა სურვილს, რომ სიტყვებისათვის ადგილი აღარ დარჩა და ამიტომ მათ მშვიდად განაგრძეს ძილი. ჩვენ კი ვისხედით გვერდიგვერდ, ხანდახან, რომ შევირხეოდით, ჩვენი მხრები ერთმანეთს ეხებოდა და ცეცხლი მედებოდა. ვისხედით სანაპიროზე და თვალებში შევყურებდით განთიადს, რომელიც უსაშველოდ გრძელი, უმთვარო ღამის შემდეგ ჩამომდგარიყო. მოვიდა და ავადმყოფობასავით შემეყარა, წამომიარა და მისმა სურვილმა წითელებივით ამომაყარა სხეულზე. ის-ის იყო ვიფიქრე, დავივაკე, დავასვენებ-მეთქი ამდენი ფორიაქით დაღლილ სულს და გზაზე გადამეყარა. თან გადაყრაც არის და გადაყრაც, ამხელა კაცის ვერ შემჩნევა როგორ შეიძლებოდა. ის მოდიოდა და მოჰქონდა მხრებით გენი და ჯიში. მე ავხედე და საზღვარი ვეღარ ვიპოვნე, ისეთი ვრცელი იყო მისი სუნთქვა, თითქოს საწვიმრად გამზადებული ცა ჩამოსულიყო ზღვის მოსაფერებლად. მოვიდა და მოიტანა თავისი ხმები, ბგერები, მელოდია. მერე ეს მელოდია შეძვრა სულში და კუთხეში მიმჯდარი, მთვლემარე მუზა გააღვიძა. იყო გრძელი ღამეები, უსიზმრო, ნაცრისფერი და ის ავსებდა ფერებით. ზამთრის პირი იყო და თითქოს გამოაგაზაფხულა, გამოადარა. მზე კი ამოდიოდა ღამღამობით და მე შუაღამისას, როცა სამყარო მეპატარავებოდა, როცა ჰაერი აღარ იყო საკმარისი, თვალებს მაგრად ვხუჭავდი და ვფიქრობდი... რას გაუგებ ფიქრებს, სად აქვთ საზღვარი, რას დაადებ ბორკილებს ღამეულ ზმანებებს. და დილას მოჰქონდა მილიონი მზის გაკაშკაშებული სამყარო და ზღვის ურცხვი კვნესა - ტალღების ტანგო. და მერე, როცა მოვალეობები გალიის მიღმა მაქცევდა, სხეულში ვეღარ ეტეოდნენ სურვილები და გაქცევას, საზღვრების დარღვევას, სხვა დროისა და სივრცის პოვნას ცდილობდნენ... ყველაფერი თითქოს ბანალურობამდე ჩვეულებრივ გრძელდებოდა: ვიღვიძებდით საკუთარ საწოლებში, ვსადილობდით, ვაგრძელებდით მუშაობას, ვხვდებოდით მეგობრებს, ვიცინოდით უნიჭო ხუმრობებზე... მაგრამ იყო სხვა ცხოვრებაც, გაცილებით ნათელი და ფერადი, და ჩვენ სულ უფრო გვიჭირდა გარკვევა რომელი სამყარო უფრო ნაღდი იყო, ამიტომ ახალი დრო გამოვიგონეთ, ახლი სამყარო შევქმენით. და დაიწყო რაღაც წარმოუდგენელი, რაღაც აუხსნელი... მანამდე კი, სანამ საჭირო გახდებოდა სხვა სამყაროს გამოგონება, მე ვცხოვრობდი ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციაში, მოხუც მამასთან ერთად და ვიბრძოდით გადარჩენისთვის, ვიბრძოდით ჩვენი ვენახის შენარჩუნებისათვის, რომელიც უბრალოდ ვენახი არ იყო, ის ჩვენი წარსულიც იყო, ის თავად ჩვენ ვიყავით... იმ ცხოვრებაში, მე ევი მერქვა და ბოლოს, როცა ჯერ კიდევ საღი გონება მქონდა, სანამ იმ სხვა სამყაროს შენებას დავიწყებდი, რომელიც სხვა დროში გადამიყვანდა, ღვინის ყოველწლიურ გამოფენაზე ჩვენი მარანი უნდა წარმომედგინა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა, მაგრამ დასაწყისი (ვნება)ზე, დიდი მოცულობისაა და ნაკლებ ემოციური. .ფანტაზია კი მდიდარი. გაგრძელებას წავიკითხავ. მომეწონა, მაგრამ დასაწყისი (ვნება)ზე, დიდი მოცულობისაა და ნაკლებ ემოციური. .ფანტაზია კი მდიდარი. გაგრძელებას წავიკითხავ.
3. ოჰ, ზღვარი.... ოჰ, ზღვარი....
2. მეც იმედი მაქვს, რომ გაგრძელება უფრო დაგაინტერესებთ.
მადლობა. მეც იმედი მაქვს, რომ გაგრძელება უფრო დაგაინტერესებთ.
მადლობა.
1. საინტერესო დასაწყისია და იმედია საინტერესოდ გაგრძელდება ცოტა გაწელილი მომეჩვენა, მაგრამ არა უშავს საინტერესო დასაწყისია და იმედია საინტერესოდ გაგრძელდება ცოტა გაწელილი მომეჩვენა, მაგრამ არა უშავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|