ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2022


ზღვარი 37

ოცდამეთექვსმეტე თავი

- მშვიდობაა? - შეეკითხნენ ბიჭები, დამიანემ რომ უხმოდ გამოსწია სკამი და სუფრას მიუჯდა.
- ჰო, რავი, - ხელი ჩაიქნია დამიანემ და ჭიქა გაუწოდა, დამისხითო.
  მწარე იყო არაყი, მაგრამ ესიამოვნა. მეორედაც რომ გაუწოდა ჭიქა, საბამ ბოთლის პირი ჭიქაზე მიუკაკუნა.
- ჰა, ახლა ამოღერღე!
- არაფერი... ეკამ გაჭედა დილას და დავიღალე, ამის დედაც.
- რა გჭირს, შე ჩემა, რით ვერ დალაგდით? - წარბები შეყარა საბამ.
- ამის შემდეგ, ჩემო საბა, უფრო თუ ავირევით, თორემ დალაგება და სიმშვიდე აღარ გვიწერია, - გაეღიმა დამიანეს და მეორე ჭიქაც გადაჰკრა.
  გრიგოლმა ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და ძალიან სერიოზული ხმით ჰკითხა:
- რამე მოხდა?
- არა, ტო, არაფერი. განსაკუთრებული არაფერი. რატომ აგვიანებ, სულ სვამ და ა.შ. ნუ ეკაც მეცოდება, მართლა არასდროს ვარ სახლში რა, - ისე თქვა დამიანემ, საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა.
- ურთიერთობაში ერთი მხარე არასდროსაა დამნაშავე, - თქვა საბამ, რომელიც დიდი ხანია მიხვედრილიყო დამიანეს ოჯახის აბსურდულობას.
- ჰო, ევიმაც ეგ მითხრა ბოლოს, - თავისთვის ჩაილაპარაკა დამიანემ და მესამე ჭიქაც გადაჰკრა.
- კარგი ხო, მოკვდები, ამოისუნთქე და შეჭამე რამე, - უცბად გაბრაზდა რატი და ბოთლს ხელი წამოავლო.
  დამიანემ შეციებული ხაჭაპური გადაიღო, ერთი ლუკმა ჩაიდო პირში, მაგრამ არ ესიამოვნა, ერთ ხანს ხელში ეჭირა ხაჭაპურის ნაჭერი, მერე თეფშზე დადო და გაჩუმდა. ბიჭებიც გაჩუმდნენ.
- თითქმის 6 წელი ვხვდებოდით მე და ნინო ერთმანეთს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სიყვარულიც იყო, ვნებაც, საერთო ინტერესებიც, მაინც იყო ჩვენს ამბავში რაღაც ბუნდოვანი. ტვინს რომ ჭამდით, რატომ არ მოგყავს, რატომ არ მოგყავსო, ვხვდებოდი, რაღაც ბომბივით იყო ჩადებული ჩვენ შორის და დროს ვწელავდი. ადამიანები არ იცვლებიან. დღემდე ისიც მარტოა და მეც, მაგრამ მაინც უფრო უკეთ ვართ, ვიდრე ერთად ვიქნებოდით, ჩვენს ხასიათებში იყო რადიკალური სხვაობა და სიყვარულმა ეს ვერ გადაწონა, - რატი, როგორც ყოველთვის, დინჯად და პათეტიკური ტონით საუბრობდა.
  ცოტა ხანს შეისვენა, დამიანეს გაუსწორა თვალი და მერე უთხრა: არ გამოდის, ადექი და დაასრულე რა. დამიანე ერთ ხანს საკუთარ თეფშს დაჰყურებდა, მერე ისევ ანიშნა დამისხიო. ერთ ხანს ატრიალა შევსებული ჭიქა ხელში და მაგიდაზე დააბრუნა ისევ:
- მესმის, რატი, განა მე არ მიფიქრია მაგაზე, ვიცი, მაგრამ მე ჩემი ტვირთი ავიკიდე და უნდა მივიტანო ბოლომდე. არ გამოდის სხვანაირად.
- შენი მოვალეობების შესრულება დისტანციურადაც შეგიძლია და შეიძლება უფრო კარგადაც კი წავიდეს ყველასთვის ყველაფერი, - თქვა გრიგოლმა.
  ცოტა ხანს შეყოვნდა, თითქოს ფიქრობდა ვთქვა თუ არაო, მერე დამიანესკენ გადაიწია და დაბალი ხმით უთხრა: და საერთოდ, ბავშვისთვის არც ისე სასიამოვნოა, ფიქრობდეს, რომ ტვირთია. დამიჯერე!
- ჰო, ბიჭო, მაგრამ არც მასეა რა, - თქვა დამიანემ და აღარ გაუგრძელებია, გაახსენდა გრიგოლის მშობლების ამაბავი და ისიც რომ ეს ყველაფერი მის მეგობარს ჯერაც ვერ დაევიწყებინა და გაჩუმება არჩია. უფრო თემის შესაცვლელად, ვიდრე ინტერესისთვის მიუბრუნდა საბას:
- ბიჭო, გვიან ვნახე ნარეკები, რა ხდებოდა დილას, ხომ არაფერი გიჭირდა?
- ჰოოო, - დაუსტვინა რატიმ, - რევოლუციაა მოოდიის! - თქვა და სიცილით დაჰკრა ხელი მხარზე საბას.
- ისე, დამავიწყდა მეკითხა, შენ მაგ იდეებმა გაგაღვიძა თუ მთელი ღამე ფიქრობდი და განთიადისას მიხვედი ჭეშმარიტებამდე? - სერიოზული სახით ჰკითხა რატიმ.
- ჰა, ბიჭო, გამარკვიეთ ახლა რა ხდება, - დაინტერესდა დამიანე.
- რა და, ჩემო დამიანე, დილას 6 საათზე მირეკავს ვაჟკაცი. წამოვხტი დაფეთებული. ვიფიქრე, კლავენ-მეთქი, თორემ აბა ამ უთენია რას დარეკავდა. გამომაქცია ლამის საცვლების ამარა, გულს ვერ ვიბრუნებდი სანამ ამ გამოშტერებულამდე მივიდოდი. შენც არ მომიკვდე, ქვეყნის ბედი არ აძინებს თურმე ბიჭს!
- ისედაც ვკვდები პახმელიაზე და თუ კაცი ხარ ნუ მაფიქრებ, ამიხსენი წესიერად, - მოთმინებამ უღალატა დამიანეს.
- რა და, ძმაო, ამათ ნუ უსმენ, არ იცი რა არასერიოზულები არიან? მოკლედ, სხვა გზა არაა, ჩვენ უნდა ვცადოთ რამე! - საიდუმლონარევი ხმით უთხრა საბამ.
- გრიგოლ, თუ კაცი ხარ გამარკვიე, რა უნდათ, რას ამბობენ? - შეეხვეწა გრიგოლს.
- რა და ჩვენ კი ვიცინით ახლა, მაგრამ ძალიან კარგი იდეა აქვს საბას, უფრო ადრეც რომ უნდა დაგვეწყო ისეთი: საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბება უნდა.
- რაა? - გამოშტერდა დამიანე. საბა კიდევ ისეთი სერიოზული სახით შეჰყურებდა, იფიქრებდი ეს-ესაა მისი განაჩენი უნდა გამოაცხადონო.
- დაასხი! - გაუწოდა საბამ რატის ჭიქა. მერე ხმაურით მიაჩოჩა სკამი დამიანესკენ და გადაჭრით თქვა:
- აღარაა სიჩუმის დრო! ველოდეთ, ველოდეთ, ველოდეთ, რა გამოვიდა? ჩემი ფეხები! წავედით ფსკერისკენ. ვიღაც ვაზგენა რომ ზის, ჭამს, სვამს და სულ ერთ ადგილზე ჰკიდია შენი წარსულიცა და მომავალიც, იცხოვრებს, მოკვდება და პასუხსაც არავინ მოსთხოვს. იცი რატომ, ძმაო? იმიტომ რომ ვაზგენაა. ჩვენ კიდევ, მაგრად გვაქვს დანძრეული და იცი, რატომ? ჩვენ ყველაფრის აზრზე ვართ! ფართოდგახელილი თვალებით ვუყურებთ ქვეყანას, რომელიც იღუპება და ლამის არის პოპკორნიც მოვითხოვოთ.
  დამიანე ერთ ხანს უსმენდა საბას, მერე მისკენ გადაიხარა და ჩურჩულით უთხრა:
- უფრო ადამიანურ ენაზე რომ ამიხსნა, შეგიძლია?!
  საბამ გაოცებულმა შეხედა, თითქოს ცხადზე უცხადესია რასაც ვამბობ და შენ რა ვერ გაიგეო. მერე მაინც შესწორდა სკამზე და სრულიად სერიოზული სახით დაიწყო:
- გუშინ საღამოს სახლში ადრე მომიწია მისვლა. მოსწავლეები ჰყავდა სოფოს, 17-18 წლის მუტრუკები. რომ შეხედო, საჯიშე ბავშვები, დარჩეულები, თამარ დედოფალივით თვალხატულები, რაღაცნაირად რომ გული სიამაყით აგევსება მასეთები. უხსნის სოფო რაღაცას და მერე კითხვა დაუსვა, ჰოდა, პასუხს ვერ სცემს ვერც ერთი. 27 სექტემბერს რა მოხდაო და აზრზე არ არიან. გესმის? ხვდები ეს რას ნიშნავს, ბიჭო? ჩვენ აგერ გადავაგორეთ ნახევარი ცხოვრება, ვსხედვართ აქ და ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს ვამბობთ, მაგათი იმედი გვაქვს, მომავლის... იმ მომავალმა კიდევ, არც აფხაზეთი იცის, არც 9 აპრილი, არც დიდგორი! რას დაგიბრუნებს, ბიჭო, ისიც არ იცის, რომ დაკარგა!
  საბა ცოტა ხანს გაჩუმდა, ხმა არავის ამოუღია.
- ეს შემთხვევითი გგონიათ? - შეეკითხა ცოტა ხნის შემდეგ. ისეთი გაფითრებული იყო საბა, ძალაგამოცლილი, დაღლილი.
- ჰო, ვაფშე სხვა თაობა მოდის. ახლა რომ გვისმენდნენ მაგრად დაგვცინებდნენ, - სიმწრით გაიცინა რატიმ.
  გრიგოლი ფიქრებში იყო წასული, დამიანეს კიდევ თავი ისე სტკიოდა, ბოლომდე კიდევ ვერ ხვდებოდა, რისი თქმა უნდოდა საბას.
- თაობა კი არა, ძმაო, ჩვენ ვართ მაგარი სირები! რაშია იცი საქმე? ისტორიაში აღარ ასწავლიან, განგებ აქვთ პირზე ხელი აფარებული, რომ არაფერი წამოსცდეთ, ამ ბავშვებმა არ თქვან: მეო, ნერსესი და გრიგოლის, აღმაშენებლისა და რუსთაველის მოდგმა ვარ და ვინ გამოქლიავებული მოვა და მომჭამს ფეხებსაო!.. ამ ბავშვებს თუ ახლა არ მივხედეთ, დაიღუპებიან, ეგენიც და ჩვენც, ბიჭო! დახმარება სჭირდებათ, შველა უნდათ!
- ეეჰ, საბა, საბა, მესმის ეგ და გეთანხმები, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია? - ხელი ჩაიქნია დამიანემ.
- შენ ხომ გეზრდება ორი ვაჟკაცი? ხვალ რომ მოვლენ და გეტყვიან, შენი სამშობლო და შენი ტრადიციები სულ ერთ ადგილზე მკიდია, უნდა ჯონზე ან მაიკლზე დავქორწინდეო, მაშინ თქვი, აბა მე რისი გაკეთება შემეძლოო?! იქნებ ვერც კი შევძლოთ, ძმაო, მაგრამ ვცადოთ მაინც, ჩვენ ჩვენი ვცადოთ, რომ საკუთარი თავები არ შეგვძულდეს მერე!
- ამის დედაც... საბა მართალია! სამყარო ძალიან დიდია, ან ჩვენ ვართ ძალიან პატარები, მაგრამ გული ხომ გვაქვს დიდი. გახსოვს როგორები ვიყავით სკოლაში? გახსოვთ რა გეგმები გვქონდა? მერე სად წავიდა, ბიჭო, ის შემართება? არც არსად, ძმაო, აი აქაა! - მკერდზე მიიბრახუნა ხელი გრიგოლმა, - აქ გვაქვს და ეგ არ გვასვენებს!
- დავცხოთ, ბიჭებო? - სიცხიანივით აენთო თვალები საბას.
- დავცხოთ მაგისი, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!
  მიუჭახუნა რატიმ ჭიქა.  დამიანე ჩუმად იჯდა და თვალს ადევნებდა ბიჭებს. ცოტა ხანს დუმდა, მერე თქვა:
- ის რაც ახლა ხდება, მხოლოდ ჩვენს ქალაქს არ ეხება, არც მხოლოდ ქვეყანას, სადაც წყდება, ვიცით ყველამ. არც ბრძოლის მეშინია და არც დამარცხების, მაგრამ ბავშვები აღარ ვართ და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ამბების უკან დიდი პოლიტიკა დგას, რეჟიმთან ბრძოლა კიდევ, არც ისეთი მარტივი რომ არაა, ვიცით, ალბათ.
- ბევრი ბევრი დაგვხოცონ, ბიჭო, სხვა რა უნდა გვიქნან. დაგვხოცავენ? იქნება კარგიც კი იყოს ეგ!- აენთო საბა.
- ჰო, კაი, კაი, ილიაობა და წიწამური ნუ მოინდომეთ, ვის რაში უნდა, ჩვენი სისხლით ხელების გასვრა, ვიყვირებთ, ვიყვირებთ და გავჩუმდებით. საკუთარი ხმა ჩვენვე დაგვღლის.
  გაჩუმდნენ. მერე რაღაც ბავშვობის ამბები გაიხსენეს, ათას თემას შეეხნენ, მეორე ბოთლიც რომ გამოცალეს, მერე თქვა გრიგოლმა:
- მაგაზე, რაც დღეს თქვა საბამ, მეც ბევრი მიფიქრია, ჩვენ შეგვიძლია თუ არა რაღაც ძირეული ძვრები არ ვიცი და მგონია, რომ ის დიდი საქმეებიც მცირე დეტალებისგან იქმნება. მოდი ვცადოთ. საბამ სწორად თქვა, ბავშვებით უნდა დავიწყოთ. ეს მთავრობა, ძმაო, კარგს რომ აღარაფერს გააკეთებს, ცხადია, მაგრამ ესენი წავლენ და მოვლენ ის ბავშვები, დღეს რომ დიდგორის აზრზე არ არიან. აი ისინი უნდა გაიზარდონ ისეთები, რომ რამე შეცვალონ, მათ უნდა შეცვალონ ქვეყანა. ვცადოთ, პატარა პროექტებით დავიწყოთ.
- სინამდვილეში ძალიან ბევრნი ვართ, უბრალოდ ყველას გვგონია, მარტო ვარ და რას გავაწყობო, - თქვა საბამ, მერე კიდევ ერთი ბოთლი შეუკვეთეს და შებინდებამდე საუბრობდნენ.
  ბინდი იდგა, ქუჩაში რომ გამოვიდნენ, ტაქსიში რომ ჩაჯდა, მისამართის თქმა შეაყოვნა დამიანემ, სახლში მისვლა უმძიმდა: ფშავში დაუბერე, ძმაო. უთხრა დამიანემ მძღოლს და ბებიის სოფლის მისამართი უკარნახა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები