ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2023


მარინა?!- ჩვენი, პლეხანოველი

ნინო დარბაისელი

მარინა?! - ჩვენი, პლეხანოველი

1.

მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ.
ამას რას ვამბობ,
არასოდეს დაგინახივართ?!
ვერც დამინახავთ!

მე ის ქარი ვარ,
ის ქართველი,
საქართველოში
სულ უმიზეზოდ  შუაღამის ქალაქში რომ ამოვარდება.
მე ვარ ის ქარი და კიდევ  სხვები - მომრავლებული ჩემისთანები,
და იმიტომაც ვუბერავთ ასე გამწარებით, თითქოს ეგ ყოფა გვინდა ძირიდან ამოვაგდოთ,
მერე ვნაზდებით,
ვეალერსებით
მოკლე ყუნწებზე მოქანავე ფოთლებს, კენწეროს,
მტვრიან ნაყოფებს  და ამ ალერსში გამოვილევით
და ასე  ვქრებით
ასე ვკვდებით ყოველღამე,
გათენებამდე.

2.
მე ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
რუსთაველზე რუსთაველს ვეძებ.
ნუ იცით ხოლმე, ჟურნალისტებო,
სადაც რაიმე სახასიათოს გადააწყდებით, ზედ რომ აცხრებით.
გმირის შექმნა გსურთ ვინმე საწყალი მოკვდავისაგან,
ხოლო ისინი, ნამდვილები, 
უკვდავები,
გმირადწასულნი,
ან გმირადმყოფნი,
გმირადგამძლებნი - გვერდზე გრჩებიან.
მარინა გმირი არ ყოფილა,
მოკვდავი იყო,
სულიერად ავადმყოფი და
საკუთარი შეშლის მიზეზი
მოჩვენებითი ჭკვიანობისას  თუ ჭკვიანობის ფაზებისას სხვაგან და სხვაგან მონაყოლი იმდენი ჰქონდა, 
იმდენნაირი ვერსია იყო გავრცელებული,
რომ სხვებს კი არა,
ბოლოს თვითონვე ერეოდა და
ის ერჩია, ყოველ ჯერზე ახალი  და ცინცხალი ეთქვა.
იმის შესახებ სინამდვილე მე ვიციო,
მე კი არა და განა ვინმეს დაეფიცება?

3.

ჰო,  ახალგაზრდას სულ აქტრისა მარგარიტას მეძახდნენო
და  არა მარტო  იმას ბაძავდა,
თუ  კარგად იყო,
სულ  ცოცხალი ყვავილების თაიგული ეჭირა ხელში -
გაზაფხულობით - ყოჩივარდები,
მერე ვარდები, მიხაკები,
ქრიზანთემები.
ტაქსისტებისგან გამიგია,
ყოველდღე ადის  სულ სხვადასხვა სასაფლაოზე
და  თაიგულებს იქ იპარავსო.

იმ ჩვენს მარინას
პირისკანი ხომ თეთრი ჰქონდა,
“პუდრა-ფისოთი” მრავალგზისად გადაფეთქილი,
როგორც აქტრისა მარგარიტას,
მკვეთრად მოხაზულ შავ თვალ-წარბს ქვემოთ
ღაწვები მაინც  მოუჩანდა მოვარდისფერო.
ჩაცმა უყვარდა გემოვნებით,
გაზაფხულობით -  მოფრიალე ჭრელი კაბები
ან მუქ კაბაზე ჟაკეტი ვარდისკოკრებიანი,
და ზამთარ-ზაფხულ,
პომადა  - სწორად გადასმული - ახლად მოწეულ ალუბლისფერი
და ნაზკანიან, მოვლილ თითებზე - კარგი ბეჭდები და  ალისფერი მანიკური,
ზამთრობით -  შავი კარაკული და  რედიკული,
რედიკულში - ბლომად ფულები, სულ ქაღალდისა,
საიდანაო?
თბილისელი შავობა  და მოძველბიჭო ხალხი ჩუქნიდა.

4.

დილა-საღამოს,
დღეში ორჯერ,
წლობით რომ ნახავ ჩვენს მარინას,
გაუჩერდები,
დაუდგები,
რაღა ჭკუა მოგეკითხება!
მართლა რა გოგო ვიყავიო, ნეტა იცოდე,
თუ სადმე დიდი პოეტი იყო
ლექსებს მიძღვნიდა და
თავს იკლავდა, 
მერე იმ ლექსებს  სხვები  მპარავდნენ, ითვისებდნენო,
ერთმა ასეთიც დამიწერაო:
“მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
მიყვარხარ ძილში, ცხადში…”
და მთელი ლექსი გამოთქმით მითხრა. პეტეფის ცნობას რა უნდოდა,
მაგრამ გავჩუმდი,
პოეტი გვარად ჩხიკვაძეაო,
როდესაც მითხრა.
მერე უბეში ხელი ჩაიყო,
წვრილად ნაკეცი,
გაცრეცილი ფურცელი  მომცა და რომ გავშალე,
რაღა თქმა უნდა, ლექსი გამოდგა,
სულ კლიშეები, კლიშეები…
აკროსტიხში  კი იკითხებოდა:
,,მარინა მიყვარხარ შენ”.
დასაწყისი ახლაც  კი მახსოვს:
“მე ვინც მიყვარს, სხვისი საკოცნელია,
არ ვახსოვარ, სიყვარული  ძნელია”
ვაქე და ვაქე,
ძველ ნაკეცებზე გადაკეცა  ისევ ფურცელი და უბიდან  ლიფქვეშ  ჩაიდო.

როცა ურევდა, 
თვითონ ყვებოდა,
სადგურზე, სადმე
სასტუმროს ნომერს ავიღებო,
კაცს  შევიტყუებ,
გავატიტვლებ,
ფულს ამოვაცლი,
მერე  შარვალს და მთელ ტანსაცმელს
შიგ ჩავუყრი წყლიან ვანაში,
ანდა ფანჯრიდან გადავუყრი,
გამოვექევი,
მერე მეძებონ,
ნახონ, ერთი, როგორიაო,
და თუ თავისი ბოზობის ამბავს  ხითხით- ხარხარით
მთელ ქვეყანას არ უყვებოდა,
იდგა წყნარად და აქტრისასავით პოზირებდა,
იღიმებოდა.

5.

აბა ვის ახსოვს,
სადმე, თბილისურ რესტორანში
გალიცლიცებულ ღვინიან ჭიქას
ხელის ზურგზე რომ დაიდგამდა,
სულ გამოცლამდე ჰაერში როგორ ატრიალებდა,
რამდენი ჭიქა გაგვტყდომია შინ ვარჯიშისას!
მერე პლატმასზე გადასულებს ცოტა დაგვღვრია?
- ეს კითხვა ყველას არ ეხება,
ჩემებს ვგულისხმობ,
დანარჩენები ამას როგორ გააკეთებდნენ!

საღამოობით - კინო უყვარდა, ზოგჯერ თეატრიც, ფილარმონიაც.
კინო “სპარტაკში”ან “რუსთაველში”
იდგა სეანსის  დაწყებამდე
თავდაჭერილად და დაბალ ხმაზე  მობაასეს თუ ვერ იცნობდი,
გაიფიქრებდი,
ეს დახვეწილი ქალბატონი,
სანდომიანი,
რა იქნებოდა, ამდენ სუნამოს არ ისხამდესო.
დარბაზში შუქი ჩაქრებოდა და დასჭექდა:
- მიდით, ბიჭებო, მომენტიაო!
- გოგოებო, აბა, დროზე, პირები  კარგად დააღეთო!

წივილ-კივილი უნდა გენახათ!
ჰოდა, იმასაც ეს უნდოდა,
ათას რამეს,
უარესზე უარესსაც ზედ უმატებდა.
ხოლო ბიჭები ამხნევებდნენ უგოგოებო:
- მიდი, მარინა, ეგრე, მიდი!
წყვილები - წყნარად  დარბაზიდან იპარებოდნენ.
მილიცია კი,  დღეს პოლიციად რომ იწოდება,
როგორც ყველა  ტრივიალურ დეტექტივშია,
თითქოს ახლა-ღა გაიღვიძაო,
მომთავრებულზე გამოჩნდებოდა:
- აბა, რა მოხდა!  მოქალაქენო, მილიციაში წამობრძანდით და ვისაც გნებავთ, განცხადება დაგვიწერეთო!
  ვინ გაჰყვებოდა!

6.
იმ დროს მე ახლოს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ, - ტრანსპორტიდან და ტრანსპორტამდე 
სოლოლაკში გზაჯვარედინზე უნდა გამევლო.
ხოლო ის  იჯდა ზამთარ- ზაფხულ, უკვე აღარ იგინებოდა.
იჯდა თავისთვის, დარდიანი,
თითქოს ამბობდა:
მარჯვნივ წახვალ - დაიკარგები,
მარცხნივ წახვალ- დაიღუპები,
გაბრუნდები და  ეს ყველაფერი იგივეაო.
  მეუბნებოდა, დღეს პურის ფულიც ვერ ვიშოვეო,  რა მეშველება, როგორ ყველა  დამეხოცაო,
ცოცხლებიც სადღაც დამეკარგაო!
გამვლელ- გამომვლელს თავისი თავი გასჭირვებოდა.
გოგო ხომ კარგად გავათხოვე, მდიდარი სიძე გამომადგა, თანა ჰყვებაო, ახლა
დისშვილი ჩამომივიდა, ორი პატარა ბავშვი ჰყავს და სამსახური ვერ უშოვია,
ჩემთან ცხოვრობენ,
სახლში მშივრები მელოდებიან, ხელცარიელი, აბა,  როგორ წავიდეო.

7.
ერთ დღესაც, უკვე ბინდდებოდა, გამომიჭირა,  ის ტაბურეტი  მეპურესთან შემანახინა,
კაკოს ვირივით წამომკიდა ფუთა- პარკები,
ვერც ვერაფერი გავაჩერეთ,
კამოს ქუჩამდე  სვენებ-სვენებით მიმაზიდინა.

მაინც რა არის ადამიანი!
გულში ვფიქრობდი,
ის ხომ მაინც მეცოდინება, სად ცხოვრობს- მეთქი.
კამოს ქუჩაზე იყო რაღაც საავადმყოფო,
ეს ყველაფერი  პირველ სართულზე შემატანინა და სულის მოთქმაც არ დამაცალა,  შევარდა სულმთლად უმადლობოდ.

შემდეგი უკვე  გაუპარსავი დარაჯისაგან:
დიდი ხანია მაგას ასთმა აქვს, 
მერე ეგ ფეხიც მოიტეხა და არ ურჩება,
რაც თავი მახსოვს, აქა ცხოვრობს,
მიმღებში სძინავს  კოიკაზე,
რასაც შოულობს -  ავადმყოფებს და სანიტრებს აჭმევს.
დღეს რომ ძალიან დააგვიანდა,
მაგის ლოდინში ხალხი შიმშილით დაიხოცაო…
 

8.

მე ხომ ქარი ვარ, ღამღამობით რუსთაველზე დავხეტიალობ და
სოლოლაკში, სადაც პურის მაღაზიაა,
ანდა იყო,
ლერმონტოვისკენ,
ვიცი, ჩავივლი და იქ დამხვდება,
შუა ქუჩაში,
ტაბურეტზე,
ფეხმოტეხილი, 
შემცივნული,
ტანშეფუთნული,
თავისი ჯოხით ებონიტის ძაღლისთავათი, 
და მეტყვის ისევ:

- მაინც საქმე არაფერი გაქვს,
მოდი, მიშველე და გამყიდველთან შენახული ჩემი ფუთები  პლეხანოვზე
წამაღებინე!
და  ძველებურად დავიზურგები კაკოს ვირივით
ან
- შენ რა კარგი სუნი აგდის,
გეხვეწები, დუხი დამასხი.
მომე ეგ ბოთლი,  სულ ჩემი იყოს!
უცებ სიცილით გამომტაცებს,
ჩაბღუჯავს და  არ დამიბრუნებს.

მერე ქვეყანა სულ აირია.
მე აღარ ვიცი, როგორ მოკვდა,
ვინ უპატრონა, ვინ დაიტირა,
ნეტა დაწვეს თუ სამარეშია დღეს მარინა, 
ან რას მოველი,
ვისზე მგლოველი?
უკვე აივსო მკვდართა ველი,
ქრება ყოველი,
გაქრა მარინაც
ვინ მარინა?!
- პლეხანოველი!
ერთი შეშლილი,
ფსკერის  ლექი, განა ფერია!
ამ ცხოვრებაში კარგად  უნდა მიმოიხედო,
ყველაფერს ნახავ, 
შესათხზავი - არაფერია.

შენ, ბედო ჩემო,
რად დამიგე მახე, ტიალო?
როდემდე გინდა,
რუსთაველზე მახეტიალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები