ანა ახმატოვა - რეკვიემი
არ მიფარავდა უცხო ცის კალთა, ან უცხოს ფრთები, რათა მემდურონ, მე მაშინ ვიყავ საკუთარ ხალხთან, სადაც აღმოჩნდა, საუბედუროდ.
1961
წინასიტყვაობის მაგიერ
ეჟოვშჩინის საზარელ წლებში 17 თვე გავატარე ლენინგრადის ციხეების ვიზიტორთა რიგებში. ერთხელ, ვიღაცამ „ამომიცნო“. მაშინ, ჩემ უკან მდგომი ქალი, რომელსაც, რასაკვირველია, არაფერი სმენოდა ჩემ შესახებ, გამოერკვა ყოველი ჩვენგანისთვის დამახასიათებელი გახევებისგან და ოდნავ გასაგონი ხმით შემეკითხა (იქ ყველა ჩურჩულით ლაპარაკობდა): შეგიძლიათ ეს ყველაფერი აღწეროთ? მე ვუპასუხე: - შემიძლია. მაშინ ღიმილის მაგვარმა გადაურბინა ქალს წაშლილ სახეზე.
1 აპრილი 1957
მიძღვნა
ამ წუხილთან მთა-გორიც ქედს იხრის, მდინარებას შეანელებს ნევა, თუმც მტკიცეა კლიტეები ციხის, ჯურღმულშია ღრიანცელი კიცხვის და ბატონობს სასიკვდილო სევდა.
ვიღაცისთვის ქრის საამო ბრიზი, ვიღაცისთვის საღამოა ნაზი, ხოლო ჩვენ კი მნახველების რიგში, ვისმენთ ციხის აურზაურს, ხრიგინს და აბეზარ ჭრიალს მრავალ რაზის.
ვესწრებოდით თითქოს წირვას დილით, უთენია ავავსებდით ქუჩას, ვმწუხრდებოდით ცოცხალმკვდართა ხილვით, დაფარავდა ნევას სქელი ნისლი, დავეძებდით სადღაც იმედს ურჩად.
განაჩენი... და ქვითინი მყისვე, გარიყულის ღაწვებს ცრემლი ალტობს, გეგონება გული ამოძირკვეს, ან სხეული გადაემხო პირქვე, მილასლასებს თავბრუსხვევით მარტო...
დობილები სად მყავს გულნათუთქი, სატანურ წლებს რომ ვუძლებდით ერთად? რას ხედავენ იქ, ციმბირულ ბუქში? რას ლანდავენ ანდა მთვარის შუქში? განშორების სალმის მინდა შეთვლა.
მარტი, 1940
შესავალი
იცინოდა იმ დროს მხოლოდ მკვდარი, ასცდებოდა რადგან შიშით ღელვას, ირწეოდა ციხეების მცდარი დანამატი - ლენინგრადი დღეღამ.
თვალს მოკრავდით გაშმაგებულ ბღვერას მისჯილების უსასრულო მწკრივში, წააგავდა განშორების მღერას, ორთქმავალი რომ მორთავდა კივილს.
ცამ სიკვდილის ვარსკვლავები ჩეკა, დაკრუნჩხავდა შეუცდომელ რუსეთს და თელავდა სისხლიანი ჩექმა, სამთავრობო მანქანები მრუმე.
1935
1.
უთენია კარი გამოვაღეთ, წაგიყვანეს ჩხრეკის მერე ჩქარა და ქვითინი აუვარდათ ბალღებს, სახატესთან კელაპტარი ჩაქრა.
ცივი ბაგე და სხეულის თრთოლა, შუბლზე ოფლი და ღაწვებზე ცრემლი, მეამბოხე მსროლელების ცოლთა მსგავსად გიგლოვ გოდოლებთან კრემლის.
1935
2.
წყნარი დონის მირაკრაკებს წყალი, ქარვისფერი მთვარე შედის სახლში, დაუხურავს ალმაცერად ჩაჩი, ქარვისფერი მთვარე ამჩნევს აჩრდილს.
სნეულ სახეს ხედავს მთვარის სხივი, ეს ქალია მარტოხელა, ქვრივი, ციხეშია შვილი, ქალი მოცდით დაიტანჯა, ანუგეშეთ ლოცვით!
1938
3.
ეს მე არა ვარ, სხვა ეწამება. წელში გამწყვეტდა ეს სატანჯველი, დაე, თავზარი გლოვის ძაძებმა დაფაროს, ჩაქრეს, დაე, კანდელიც... ღამეა.
1939
4.
რა გადაგხდება თავს, რომ იცოდე - ოხუნჯს, ნებიერს ამხანაგების, „სამეფო სოფლის“ მხიარულ მცოდველს, რა განსაცდელი გელის განგებით - რომ მესამასე, ამანათებით, რიგში იდგები „ჯვრების“ თაღებთან, ახალ წელს შენი ცხარე ნაცრემლით ფერხთით ყინული რარიგ გალღვება. ალვა ირწევა იქვე სათუთად, ო, რამდენია შიგნით ნაცემი, კვდომამ რამდენი დაისაკუთრა...
1938
5.
ჩვიდმეტი თვეა ხვედრს ვუწევ ჯაათს, შინისკენ გიხმობ სნეული დედა, ფეხქვეშ გავეგე შენ გამო ჯალათს, ჩემი შვილიც ხარ და ჩემი ელდაც.
უკვე რამდენჯერ პირკატა მეცა, უცნაურობა აღარ მთავრდება - ვის ვთვლიდე კაცად, ანდა ვის - მხეცად, დიდხანს ველოდო კიდევ მსჯავრდებას?
შემრჩა დამჭკნარი ყვავილთა შეკვრა და სასაკმევლის ზარების რეკა, ნატერფალების კვალი არსაით.
მზერას იტაცებს კაშკაშა კრთომა, მალი სიკვდილით მიქადის კვდომას მიმოციაგე დიდი ვარსკვლავი.
1939
6
უკვე გავიდა მრავალი კვირა ამ უხალისო განწყობილების, როგორ გიცქერდნენ საპყრობილეში, თეთრი ღამენი, შვილო, მსურს მითხრა...
კვლავ მოგისჯიან ალბათ წვალებას, ქორული მზერა გაგქირდავს მკაცრად და მოასწავებს უთუოდ ჯვარცმას, შენს გარდაუვალ გარდაცვალებას.
გაზაფხული, 1939
7.
მსჯავრი
მკერდს მიეხალა როყიო სიტყვა, მოისურვილა ძალის წართმევა, არა უშავს რა, რადგან მზად ვიყავ, როგორღაც შევძლებ თავის გართმევას.
უნდა გავუძლო დღეს მკაცრ გამოცდას: მომიწევს ხსოვნის ბოლომდე ჩაკვლა, ხამს, სული მექცეს უგრძნობ ქვალოდად, ახლად მომიწევს ცხოვრების სწავლაც.
თორემ... დარაბის მიღმა ახლანდელ ზეიმს შევიგრძნობ ზაფხულის ალხის, მე ხომ წინმხედი ფიქრით დავლანდე ეს ნათელი დღე, დაცლილი სახლი.
ზაფხული, 1939. შადრევნის სახლი
8.
სიკვდილს
შენ მაინც მოხვალ და მოდი, მტკბარი, ძალიან მიჭირს, მოგელი, სად ხარ? შუქი ჩავაქრე, გაგიღე კარი, მოგელოდები საოცარს, სადას.
მოდი აშკარად, თუ გინდა - ბუნდში, მეგობრულ სახით, ან თუნდაც ყიფი, აღმხოცე ტყვიით, ბებუთით ქურდის, ანდა დამგესლე შხამიან ტიფით.
ან მონაჩმახის შემბოჭე ხუნდით გულისრევამდე ნაცნობი ამბის, ვნახო კოკარდა ცისფერი ქუდის შიშით დაზაფრულ კორპუსის გამგის.
აწ სულერთია. ჩანს ენისეი, პოლარულ ვარსკვლავს შევცქერი წმინდას, უკანასკნელი ზაფრის ნისლებით საყვარელ ლურჯ თვალს უქრება ბრწყინვა.
1939 წლის 19 აგვისტო, შადრევნის სახლი, ლენინგრადი
9.
გონებას მირევს დამაწყლულები უგუნურების მომფენი ჩრდილი, მისი ცეცხლოვან ღვინით ვრწყულდები, ბნელი ხევისკენ მიმიხმობს ხიბლით.
ის სასიკვდილო ჭრილობით მკოდავს, სჯობს გამარჯვება დავუთმო ნებსით და ყური ვუგდო საკუთარ ბოდვას, თითქოსდა უცხოს სიშლეგე მესმის.
არ დაიშურებს მხოლოდ სუდარას, იმედი არ მაქვს მისი შეწევნის (არ გაჭრის მასთან ხვეწნა-მუდარა, ვერც დავითანხმებ თავის შეწყენით):
არ მეხსომება შავდღეთა წნეხი და მზერა შვილის დაზაფრულ თვალთა, არც დღე, როდესაც დამეცა მეხი, ვერც ციხის ამბებს წავიღებ საგზლად და ვერც საამო სიგრილეს ხელის, ვერც მოცახცახე ცაცხვების ლანდებს, ან თანაგრძნობას შორეულ ხმების - უკანასკნელი ნუგეშის თანმდევს.
4 მაისი, 1940 შადრევნის სახლი
10
ჯვარცმა
„ნუ მტირი მე, დედაო, მხილველი საფლავისა შინა ძისა“
I
დიადი ჟამი განადიდა ღვთიურმა დასმა, ცის კაბადონი მინასავით გადნა სახმილით; „რად მიმატოვე?“ - შეჰღაღადა ზეციურ მამას, „ნუ მტირი...“ - დედა ანუგეშა ჯვრიდან ძახილით.
1938
II
გულს უმსჭვალავდა მაგდალინელს უშქარი ნემსი, უსაყვარლესი მოწაფე კი ჯავრით გახევდა, სადაც ჯვარმცულის დედა იდგა უჩუმრად მკვნესი, მათგან ვერავის გაებედა იქით გახედვა.
1940, შადრევნის სახლი
ეპილოგი
I
გავიგე, სახეს თუ რა აბერებს, თვალთაგან შიში ვით იმზირება, ვით ამოკაწრავს ლურსმულ წარწერებს დაუზოგავად ღაწვზე კირთება,
როგორ ათეთრებს გიშრის დალალებს უბედურების სასტიკი ხვედრი, ღიმილის მერე რარიგ ვალალებს მორჩილი ბაგე უეცარ ელდით.
მხოლოდ ჩემ გამო ღმერთს როდი ვვედრი - მსურს, რომ მოიღოს მათზეც წყალობა, ყინვაშიც, ხვატშიც ვინც მედგა გვერდით წითელ უსახურ კედლის მახლობლად.
II მიცვალებულთა პანაშვიდის ჟამია ისევ, მაშინდელ ნაცნობთ კვლავ შეგიგრძნობთ, გხედავთ და გისმენთ:
მახსოვს ის, ვისაც თვითმკვლელობის ჰქონდა მცდელობა, ისიც, ვისთვისაც საყუდელი მკვდართა მდელოა,
გამახსენდება მშვენიერი დაღლილი ქალიც, რომ ჩურჩულებდა: „აქ მოვდივარ ისე, ვით სახლში“.
მოხსენიება სუყველასი ცალ-ცალკე მსურდა, სია წამართვეს, ვერ ვიხსენებ სახელებს სრულად.
ფართო საფარველს უძვირფასესს მივუძღვნი, ნაქსოვს მწირი სიტყვებით, რაც მსმენია მათგან და მახსოვს.
მათ გავიხსენებ ყველგან, სადაც ვივლი მარადის, ვერ დავივიწყებ, რომც დამატყდეს თავს სხვა ვარამიც.
თუ დამიმუწეს მტარვალებმა ტანჯული პირი, რომლითაც ასი მილიონი მცხოვრები ყვირის,
ყოველ წლისთავზე გამიხსენეთ მხევალი, როცა, სული აღმომხდა, აღმივლინეთ საოხად ლოცვა
და თუ როდისმე მოინდომეს ჟამის ქადაგის გაუკვდავება და აღმართვა ჩემი ქანდაკის,
მე წინასწარვე მოვიწონებ ხალხის განზრახვას, ოღონდ აღმართონ ძეგლი ჩემი ნების თანახმად:
სადაც მე ვიშვი, მშობლიური არ მსურს ნაპირი, რადგან გამიწყდა საბოლოოდ მასთან კავშირი,
არც მსურს სამეფო ბაღშიც, ახლოს სანუკვარ ჯირკის, სადაც აჩრდილი უნუგეშო მეძებს და ტირის,
არამედ აქვე, სადაც დიდხანს ვიდექი რიგში, სამას გრძელ საათს, არ გამეხვნა თუმც კარი ჭიშკრის.
რადგანაც ვშიშობ დამავიწყდეს მკვდართა დუმილში „შავი მარიის“ შემზარავი ძრავის ღმუილი,
გაჯახუნება კარების და ქცევა უგბილი, დაჭრილ მხეცივით გააფთრებულ ბებრის ყმუილი.
დაე, ბრინჯაოს ქუთუთოებს ჩემსას ნიადაგ დაბლა ჩამოჰყვეს მდნარი თოვლი ცრემლის ნიაღვრად, ციხის მტრედებმა იღუღონონ ირგვლივ, საწუთრო გაგრძელდეს, ნევა ხომალდებმა წყნარად გაცურონ.
მარტი, 1940
თარგმნა ოთარ ცისკაძემ
2023 წ. მარტი
შენიშვნები:
„შავი მარია“ - ჩეკას მანქანების თიკუნი. მეამბოხე მსროლელები - პეტრე პირველს აუჯანყდნენ და სიკვდილით დასაჯეს კრემლთან, ერთ-ერთი ჯალათი პეტრე I იყო. „ჯვრები“ - ლენინგრადის ცნობილი ციხე.
Анна Ахматова - Реквием
Эпилог
I
Узнала я, как опадают лица, Как из-под век выглядывает страх, Как клинописи жесткие страницы Страдание выводит на щеках,
Как локоны из пепельных и черных Серебряными делаются вдруг, Улыбка вянет на губах покорных, И в сухоньком смешке дрожит испуг.
И я молюсь не о себе одной, А обо всех, кто там стоял со мною, И в лютый холод, и в июльский зной Под красною ослепшею стеною.
II
Опять поминальный приблизился час. Я вижу, я слышу, я чувствую вас:
И ту, что едва до окна довели, И ту, что родимой не топчет земли,
И ту, что красивой тряхнув головой, Сказала: "Сюда прихожу, как домой".
Хотелось бы всех поименно назвать, Да отняли список, и негде узнать.
Для них соткала я широкий покров Из бедных, у них же подслушанных слов.
О них вспоминаю всегда и везде, О них не забуду и в новой беде,
И если зажмут мой измученный рот, Которым кричит стомильонный народ,
Пусть так же они поминают меня В канун моего поминального дня.
А если когда-нибудь в этой стране Воздвигнуть задумают памятник мне,
Согласье на это даю торжество, Но только с условьем - не ставить его
Ни около моря, где я родилась: Последняя с морем разорвана связь,
Ни в царском саду у заветного пня, Где тень безутешная ищет меня,
А здесь, где стояла я триста часов И где для меня не открыли засов.
Затем, что и в смерти блаженной боюсь Забыть громыхание черных марусь,
Забыть, как постылая хлопала дверь И выла старуха, как раненый зверь.
И пусть с неподвижных и бронзовых век Как слезы, струится подтаявший снег,
И голубь тюремный пусть гулит вдали, И тихо идут по Неве корабли.
Март, 1940
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|