ოთხი დღეა რაც დიმა შოვში ჩამოვიდა. იცოდა, ინა მშობლებთან ერთად ბახმაროში უნდა წასულიყო. ორი დღეა ურეკავს, მაგრამ ვერ უკავშირდება. „დავიჯერო, ბახმაროში ასე ცუდად იჭერს ტელეფონი? ან ამდენი შემოსული ზარი ვერ დააფიქსირა? იქნებ შუქი ჩაქრა და და ვერ მოახერხა დაეტენა?“ . დარდობდა ბიჭი და არ იცოდა რა ეფიქრა. თვითონ მეგობრებთან ერთად ტყის განაპირას მდგომარე კოტეჯში დაბინავდა. საოცარი სიმშვიდე, კამაკამა, ლივლივა ჰაერი, მჟავე წყლები, ცად აწვდილი ნაძვები და ფიჭვები იდეალურ გარემოს ქმნიდნენ დასასვენებლად. ბიჭები დილით ადრე დგებოდნენ, ვარჯიშობდნენ, მაღლა მთის კალთებზე შეფენილ ტყეში გადიოდნენ, ეს ორი დღეა საუზმეც იქით მიაქვთ. იქ თამაშობენ, საუბრობენ. უკვირთ, ამდენი გაჩეხილი ნაძვნარი, სოკოებივით ამოსული კოტეჯები. დარდობენ, ბუნების ასე დამახინჯებაზე. ფიქრობენ, კამათობენ, როგორ შეიძლება ყოველივე ამის შეჩერება. დაზიანებული ბუნების შველა. ამ საუბრებში, სჯა-ბაასში, თამაშში გაჰყავთ დრო. ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლებად ეჭიროთ ტელეფონები, მხოლოდ დიმა ვერ ისვენებს. ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში რეკავს ინასთან, მაგრამ აბონეტი ისევ მიუწვდომელია. შუადღისკენ სადილის შემდეგ მჟავე წყალზე ჩავიდნენ. მიუხედავად წყნარი საათისა, დამსვენებელთა საკმაო რაოდენობა გამოსულიყო. ბიჭები მასლაათით მოდიოდნენ. უცებ დიმამ ნაცნობი სახე დალანდა. თვალებს არ დაუჯერა, კარგად მოიფშვნიტა და სიხარულით აღმოხდა: -ინა! - გოგონა არ შემობრუნებულა - ინა! - უფრო ხმამაღლა დაიყვირა ვაჟმა. ქალიშვილმა მოიხედა და დიმა რომ დაინახა, მისკენ გამოეჩქარა. - დიმა! რა კარგია, უცებვე რომ გნახე - ამ სიტყვებით შეეგება იგი მისკენ თითქმის სირბილით წამოსულ ბიჭს. - ინა, ინა! - იმეორებდა აღტაცებული ვაჟი - აქ საიდან გაჩნდი? ორი დღეა ვერ გირეკავ,, ტელეფონი სულ გათიშულია. არ ვიცოდი რა მეფიქრა. ბახმარო შოვზე გაცვალეთ? სად არიან შენები? - მარტო ვარ დიმა. ჩემები ვერ წამოვიდნენ. ბებომ ინსულტი მიიღო და ვერ დატოვეს. მეზობელი, დეიდა ნატო მოდიოდა შვილიშვილებთან ერთად და დედამ მას თხოვა, მეც წამოვეყვანე. - როგორ გამახარე. ინა, ჩემი პატარა - უთხრა ვაჟმა და ისევ ჩაიხუტა. - ტელეფონი? ტელეფონს რა სჭირდა? - სამი დღის წინ, ბებო რომ სამზარეულოში გაიშხლართა, ტელეფონი შიშით ხელიდან გამივარდა. არც დამცავი ეკეთა და ქეისიც იმ დილით მოვხსენი . მეტლახის იატაკზე ეკრანით დაცემული თითქმის ნაფხვენებად იქცა. წუხელ, გვიან მომტანა მამამ ახალი. სანამ გავითავისე დროც გავიდა. თან ვიცოდი, აქ გნახავდი და სიურპრიზად დავტოვე. - მე კი რა არ ვიფიქრე. ვდარდობდი. - ისევ ჩაიხუტა გოგო - როგორ გამახარე, რამხელა ბედნიერებაა შენი აქ ჩამოსვლა. ახლა ვისთან ხარ? - მზიკო, დათუნა! მოდით აქ - დაუძახა ინამ და მოსული ბავშვები დიმას გააცნო - ესენი არიან ჩემი მეგობრები. საოცრად ჭკვიანი და მოსიყვარულე ბავშვები. - გამარჯობა ვაჟკაც! - ხელი გაუწოდა დიმამ - მე დიმა მქვია, მეც ინას მეგობარი ვარ. სალამი პრინცესა - მიუბრუნდა გოგონას - როგორ ანათებ, მართლა მზესავით. ასეთი შეხვედრით დიმამ უცებ მოინადირა ბავშვების გული. - ახლა რას აპირებთ? საით? -იკითხა მან. - წყალს ავიღებთ, მერე ბინაში ავალთ. - სად ხართ? - „სანსეტ შოვში“. - სად გნახო? - საღამოს გამოვალთ მჟავე წყლებთან. - აწი ვერ მოგიშორებ თვალიდან, ჩემო სიხარულო. - თქვენ სად ხართ დიმა? - აი, გაიხედე ზემოთ. ხედავ ტყისპირა კოტეჟებს? ყველაზე ბოლოს, ტყესთან რომაა იმ კოტეჯში ვართ. - კარგი ადგილია. - ძალიან. ხვალ აგიყვან იქ. დილით ვარჯიში გვაქვს ხოლმე. ორი საათის შემდეგ შენს განკარგულებაში ვიქნები. - კარგი დიმა, წავალთ, თორემ ბავშვებს შიათ. - შენ არა? თუ „სვანმა თქვა, ჩემს ძმას შიაო“, ის ვარიანტია? - მეც მშია - გადაიკისკისა ინამ. - საღამომდე. საღამოს ყველანი ერთად შეიკრიბნენ. ბიჭებს ძალიან გაუხარდათ ინას ნახვა. ისაუბრეს ხან რაზე, ხან რაზე . გვიან დაიშალნენ. ყოველი დღის მეორე ნახევარი მათი იყო. ინას ხან პატარებიც მოჰყავდა. მაშინ იქვე, მინდორზე თამაშობდნენ, თუ მარტონი იყვნენ, ტყეში გადიოდნენ და იქ სეირნობდნენ ხოლმე. ერთი მაღალი ნაძვი ძალიან მოეწონა ინას. რატომღაც ნატვრის ხე დაარქვა და ყოველ ამოსვლაზე სხვადასხვა ფერის ხან ნაჭერს, ხან ძაფს შემოახვევდა ხოლმე. თითქმის ყოველ დღე ადიოდნენ მასთან და ხის ქვედა ტოტები ცისარტყელას დაემსგავსა. - ჩვენ ხუთში უნდა წავიდეთ, დიმა. მზია დეიდას მეუღლე მოგვაკითხავს ალბათ შუადღისკენ. - ჩვენ ოთხში მივდივართ. სამში არ გავალ სავარჯიშოდ და მთელი დღე ერთად ვიყოთ, კარგი? - კარგი. მე სასუსნავებს წამოვიღებ, მჟავე წყალი ავიღოთ და მდინარის ნაპირზე დავსხდეთ. მერე ტყეში ავიდეთ. აწი როდისღა ამოვალთ აქ? - რატომაც არა? მომავალ ზაფხულს. მერე ჩვენი შვილები ამოვიყვანოთ დასასვენებლად. - შვილები - ლოკები შეეფაკლა ინას. - შვილები აბა? ხომ იცი, ოთხი მაინც უნდა გვყავდეს, ორი ბიჭი და ორი გოგო - მიიხუტა და ლოყაზე აკოცა დიმამ. - ძილის წინ სიზმარიო - გაეცინა ინას. - მაგასაც ვნახავთ - დაქადნებით მიუგო ვაჟმა. შეთანხმდნენ, თორმეტ საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. საოცრად ლამაზი, მზიანი დღე გათენდა სამში. ორივენი განსაკუთრებით მხიარულები იყვნენ. ხელიხელ ჩაკიდებულები ჩავიდნენ მჟავე წყლებთან. ინას ხელჩანთა და სასუსნავებით სავსე პარკი დიმას ზურგჩანთაში მოათავსეს. ბოთლები აავსეს და მდინარისაკენ გასწიეს. ლამაზი ადგილი შეარჩიეს. - ჯერ ცოტა ხანი მზეს მივეფიცხოთ, ხომ არ გშია? -ჰკითხა ინამ და მდელოზე წამოწვა. - არა - უპასუხა დიმამ და ისიც ინას გვერდზე წამოკოტრიალდა. - უჰ, ეს რაღაა - წამოიძახა ინამ და წამოჯდა. ფეხები ჭიანჭველებს დაეფარათ. ზურგზეც შეცოცებულიყვნენ. - უჰ, მეც დამკბინეს - წამოიძახა დიმამ. ახალგაზრდები წამოხტნენ და ერთმანეთის ტანსაცმელს ფერთხვა დაუწყეს, თან ფეხებს აბაკუნებდნენ, რომ ჭიანჭველები მოეცილებინათ, მაგრამ ისინი შეუპოვრად აცოცდებოდნენ და აცოცდებოდნენ. - რა ხდება დიმა? ნახე რამდენნი არიან. ათასობით. გუნდებად მოდიან. რა უნდათ ნეტა? რამეს გვანიშნებენ? - კარგი რა , ჭიანჭველებმა რა უნდა მიგვანიშნონ? ალბათ მათ სამფლობელოში უნებართვოდ შემოჭრისთვის გვსჯიან. წამო გავიქცეთ, თორემ აგერ-აგერ დაგვფარეს. -ხელების ქნევით წამოიძახა ვაჟმა. - აბა, ჩვენს ნაძვამდე ვინ მიასწრებს? - შენ, რა თქმა უნდა. მე შენსავით სირბილი სად შემიძლია? უცებ რაღაცამ დაიგრუხუნა. - არსად ღრუბელი არაა და ეს ხმა რაა? - გაიკვირვა გოგომ. - რა ვიცი, აბა? ეს მთაა და ვინ იცის, იქ, ზევით, მწვერვალზე რა ხდება.წადი, გაიქეცი. სამ წუთს გაძლევ. მერე თუ დაგეწიე... - რას მიზამ? - მაგრად, მაგრად გაკოცებ. გოგოს გაეცინა და ადგილს მოწყდა. ის-ის იყო ფერდობის მესამედი აირბინა, რომ უეცრად რაღაც შეუცნობელმა, ტლაპოსავით მღვრიემ ლავასავით ჩაუქროლა ინას. გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო რომ უფრო ძლიერი ხმა გაისმა და ნაკადმა იმატა. შეშინებულმა უკან მოიხედა. ის ნიაღვარი დიმას მიწვდომოდა და წაექცია. ბიჭი წამოდგომას ლამობდა, რომ მეორე ტალღამ გადაუარა და ააბურთავა. ინას კივილი აღმოხდა. როგორღაც მშრალზე გამოხოხდა დიმა. ძლივს წამოდგა. თავიდან ფეხამდე ტალახში ამოვლებული საფრთხობელას ჰგავდა. ინამ მისკენ გადადგა ნაბიჯი თუ არა, დიმას ჩახლეჩილი ხმა მისწვდა სმენას: - არ გაბედო აქეთ. ზემოთ, ზემოთ ადი. გოგო შებრუნდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაიქცა. მაგრამ ეს მას ეგონა გაიქცა, სინამდვილეში ფეხები ტყვიაგადასხმულივით დაუმძიმდა და ძლივს დგამდა ნაბიჯებს. დიმამაც ამოაღწია, ხელი ჩაავლო. ერთმანეთის იმედით უფრო სწრაფად წავიდნენ წინ. „მათ“ ნაძვთან მიაღწიეს და დაეყარნენ. ძლივს აწიეს თავი და მათ წინ საშინელება გადაიშალა. მღვრიე მასა, ტალახი, ქვები, ხის ტოტები, ხეები აზვირთებულ ტალღებად მიედინებოდა და იქ, სადაც წუთების წინ ულამაზესი სანახაობა იშლებოდა, ყველაფერი ამ მასას გადაეგლისა. - დიმა, ეს... ეს... დიმა - ქვითინებდა ინა და ვაჟს ეკვროდა. - დიმა, ჭიანჭველები... - გაგიჟდი გოგო? რა ჭიანჭველები, ხალხი, ხალხი ჩაიმარხა ინა ხალხი. ვაიმე, ჩემი ბიჭები. თუ კოტეჯში იყვნენ, გადარჩებოდნენ, მაგრამ თუ ქვემოთ... - მზიკო, დათუნა, ნატო დეიდა - ქვითინს უმატა ინამ - და ჭიანჭველები, ჩვენი გადამრჩენი ჭიანჭველები... ისინი რომ არა, ახლა იქ ვიქნებოდით ჩამარხულები. აი, თურმე რას გვანიშნებდნენ, რას გაურბოდნენ საცოდავები. ისევ დაიგრუხუნა. - ვაიმე ინა, მეორე ტალღა მოდის, მეორე - შეჰყვირა ვაჟმა და გოგოს გადაეფარა. საბედნიეროდ, მათ ადგილსამყოფლამდე ვერ მოაღწია, ქვევით დაქანდა და მდინარეზე გადებულ, პირველ ტალღას გადარჩენილ ხიდს ეძგერა, მანქანებიანად ააბურთავა და ტალახით გადაფარა. პირველად დიმა მოეგო გონს. წამოიწია. - გადავრჩით, ინა, გადავრჩით. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ სხვები? რამდენი ჩაიხრჩო ამ საზიზღარ ლაფში ნეტა? - ყელში ცრემლები გაეჩხირა ვაჟს. - ტელეფონი, ტელეფონი მომე, იქნებ ვინმემ მიპასუხოს. გოგომ აკანკალებული ხელით ძლივს ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და მიაწოდა. - შენი? - რომ ამაბურთავა, ეტყობა მაშინ ამომივარდა - უპასუხა. ზედიზედ აკრიფა რამდენიმე ნომერი, მაგრამ „აბონენტი მიუწვდომელია“ იყო პასუხი. - მგონი შეჩერდა ინა, აღარ მოდის ზემოდან. ადექი, იქნებ ვინმე ვნახოთ, იქნებ ვინმეს მივეშველოთ. - არ შემიძლია, ვერა, არა... ჩურჩულებდა გაფითრებული გოგონა და ერთიანად კანკალებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|