დისტრიბუტორი ვიყავი, ბორჯომის ქარხნის ერთი დისტრიბუტორი. ეს საქმე ზურამ შემომთავაზა - მძიმე ოთხმოცდაათიანების მიწურულს მოსკოვის ბაზარზე ხელახლა გამოჩენილი ,,ბორჯომის“ დისტრიბუციის საქმე. ვინ არის ზურა? ჩემი მეგობარი, დიდთავა და დიდგულა, გონიერი და ღონიერი, უკან არ დამხევი, არც საქმეში და მით უმეტეს, არც გაწევ-გამოწევაში, სხვის სასარგებლოდ ლუკმის გამყოფი, დინჯი და სიტყვაძუნწი.
მოვიდა ერთ დღეს და მეუბნება - საქართველოში მივდივარ ერთი თვით, დედა და ძმა უნდა მოვინახულო და ჩემი ბიზნესი დროებით შენ მინდა დაგიტოვოო. ვიცი, პასუხისმგებლობით მოეკიდები საქმეს და ქარხნის წარმომადგენელიც კმაყოფილი იქნება საქონლისა თუ ფულის ბრუნვითო. მერე კი გააგრძელა - დარწმუნებული ვარ, ჩემს დაბრუნებამდე ახალ კლიენტებსაც მოაგროვებ და საკუთარ ბიზნესსაც ააწყობო. ბოლოს - თანახმა ხარ თუ არაო? - მკითხა. ბალაკლავის ტყეში ჭინჭარი აღარ დავტოვეთ შენ და მე წამლად და მაგაზე უარს როგორ გეტყვი-მეთქი - ვუპასუხე. გაუხარდა, ჩემი თანხმობა რომ მოისმინა და იმის ახსნას შეუდგა, თუ რა უნდა გამეკეთებინა და როგორ. ამიხსნა, რისი ახსნაც საჭირო იყო, შემდეგ კი მისივე კლიენტების სიაც გადმომცა მისამართებიან-ტელეფონებიანად. სიაში, ძირითადად, რესტორნები იყო წარმოდგენილი, თუმცა რამდენიმე მაღაზიაც ერია. მეორე დღეს, დილაუთენია წავედით საწყობში ქარხნის წარმომადგენლის გასაცნობად და მასთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად. ბორჯომის კომპანიას საწყობი უზარმაზარი ბაზის ტერიტორიაზე დაექირავებინა. მივედით თუ არა, ზურამ უმალ საქმის უფროსი გამაცნო, რომელმაც დამატებით საკითხებზე გამიმახვილა ყურადღება, თან ერთი ბოთლი შუშის ,,ბორჯომი“ გადმომცა და მითხრა - დავკავშირებოდი ახალ კლიენტებს, უფრო - რესტორნებს. ამ უკანასკნელებს იმიტომ, რომ საქონლის მიტანისთანავე იხდიდნენ თანხას, კონსიგნაცია-რეალიზაცია მათ არ აინტერსებდათ, მხოლოდ დაბალი ფასი, ვინაიდან საბრუნავი ნაღდი ფულის დეფიციტს არ განიცდიდნენ. დასაწყობებული საქონლის ნაღდ ფულად უსწრაფესად გადაქცევა ყველა კომპანიის ოცნებაა და ბაზარზე ახლახან გამოჩენილი ბორჯომის კომპანიის მენეჯმენტსაც სწორედ ეს აინტერესებდა.
საქმეში მალე და იოლად გავერკვიე. ერთ დღესაც მოვაგროვე შეკვეთები, მივედი მეორე დილით, უთენია, საწყობში, ვნახე უფროსი და ასი ყუთი ბორჯომის საწყობის კარებთან, სამანქანე ადგილზე გამოტანა ვთხოვე, თავად კი, ბაზის მახლობლად, გზატკეცილზე გავედი კერძო თუ ხალტურის მოყვარული მძღოლების გამოსაჭერად.
ასი ყუთი შუშის ბორჯომი მაშინ ორი ტონა ტვირთი იყო. საძებნი მანქანის ტიპს სწორედ წონა განსაზღვრავდა და მეც ,,გაზელის“ ტიპის ავტოებზე შევაჩერე ყურადღება, თანაც ბრეზენტიანებზე, ვინაიდან უფრო მსუბუქები იყვნენ ჯიხურიანებთან შედარებით და მეტი ტვირთამწეობის რესურსი ჰქონდათ.
ადრე დილა იყო, უღრუბლო და მზიანი დილა. აქიდანვე ეტყობოდა, წინ ცხელი დღე მელოდა. ოთხზოლიან გზაზე ავტოები ინტენსიურად მოძრაობდნენ, - ყველა თავის საქმეზე გარბოდა. საათზე მეტი დრო მოვანდომე ჩემთვის სასურველი ავტოს გამოჭერას - ზოგს მარშრუტი არ აწყობდა, ზოგს საფასური, ზოგიც ისეთ კლიენტს დაეძებდა, იმ მიმართულებით დამგზავრებოდა, საითკენაც თავად მოძრაობდა.
ავტომანქანების დიდი ნაკადიდან ბრეზენტიანი ,,გაზელი“ მოულოდნელად გამოვარდა, ჩქაროსნული ზოლიდან განაპირა ზოლამდე გზა მოხერხებულად გადმოჭრა და ზედ ცხვირწინ ისე გამიჩერა ავტო, ვითომ ტაქსი ყოფილიყო. ახალი, მოვლილი მანქანა ჩანდა. ჩემი ყურადღება მუქ-მწვანე ბრეზენტზე ოქროსფერი ციფრებით დატანილმა ტელეფონის ნომრიანმა კომპანიის წარწერამ მიიქცია - ,,რუსული ბეწვეული.“ გამოვარდა-მეთქი, ვთქვი, ვინაიდან მისთვის გაჩერება არ მითხოვია, რადგანაც ჩქაროსნულ ზოლში დიდი სისწრაფით მიჰქროდა და არასაჩემოდ ჩავთვალე. ალბათ, შორიდანვე თუ შემნიშნა, სხვა ავტოების გაჩერებას რომ ვლამობდი და თავად მომძებნა-გამომიჭირა.
მძღოლი ქერა და ლოყებღაჟღაჟა, ჩაფსკვნილი ახალგაზრდა კაცი იყო. ფანჯრის ჩამოწევა დაიწყო თუ არა, მივესალმე და საქმის ვითარება სწრაფად ავუხსენი. გამაწყვეტინა და ტონაჟის ამბავი მკითხა. მივხვდი - სატვირთო ნაპოვნი იყო. ისიც ცხადი იყო, რომ ,,ხალტურშჩიკთან“ მქონდა საქმე. შემდეგი კითხვა თანხასთან დაკავშირებით დამისვა და როცა დავუსახელე, მაშინვე დამეთანხმა. გამიკვირდა, შეუვაჭრებლად რომ განმიცხადა თანხმობა, მაგრამ, ვიფიქრე - ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში აწყობს-მეთქი.
კაბინაში ჩავუჯექი და ასიოდე მეტრის მოშორებით სარკინიგზო კვანძის უზარმაზარი სასაქონლო ბაზის ტერიტორიაზე საშვით შევიყვანე. ბორჯომის მინერალური წყალი, მაშინ, მხოლოდ ნახევარლიტრიან შუშის ტარაში იწარმოებოდა და მუყაოს ყუთებში ოც-ოც ბოთლად ეწყო. ყოველი პალეტი ორმოცდაათი ასეთი ყუთისგან შედგებოდა. საწყობის რკინის კარებთან, ორიოდე ნაბიჯით მარჯვნივ, სწორედ ორი ასეთი პალეტი გამოედგათ. აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ საწყობში მტვირთავებად მუშაობდნენ, ყუთები სწრაფად შეყარეს ძარაზე, მძღოლმა ბრეზენტის დამაგრების პროცედურა მოამთავრა და გზას გავუდექით.
პირველი კლიენტი, - რესტორანი ,,ზურისთან,“ - ,,ლენინგრადის პროსპექტის“ მიდამოებში, რვა მარტის ქუჩაზე იყო. საცობების გამო იქ მისვლას ორჯერ მეტი დრო, თითქმის ერთი საათი მოვანდომეთ. მანქანა შენობის უკან, საქონლის მისაღებ მხარეს, ჩამოსაცლელ კარებს მივაყენეთ. ჩავედი და შემკვეთი მოვიკითხე. ორი მუშა გამომაყოლა, რომლებმაც ოციოდე ყუთი წყალი რამდენიმე წუთში ჩამოტვირთეს. მძღოლი ისევ შეუდგა ბრეზენტის დამაგრებას, მე კი შემკვეთთან მუშებიანად შევბრუნდი, უფროსს საქონლის მიღება დაუდასტურეს, ამ უკანასკნელმა კი თანხა მომითვალა, სამომავლო შეკვეთის სავარაუდო თარიღიც დამისახელა, წარმატებები მისურვა და გამომემშვიდობა.
გარეთ გამოვედი. ,,გაზელი“ ისევ იქ იდგა. მივედი, კარი გამოვქაჩე, მაგრამ დაკეტილი იყო. მძღოლი სადღაც წასულიყო. ვიფიქრე, - ალბათ, საჭიროებამ თუ შეაწუხა-მეთქი. ასე იყო, თუ ისე, საქმე დალოდინებას მოითხოვდა და ბოლთის ცემას მშვიდად შევუდექი. ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა. შორიდანვე ეტყობოდა - შეწუხებული მოაბიჯებდა. მოვიდა, თავისი კარი კლიტით გააღო, საჭეს მიუჯდა, მერე გადმოიხარა და მეც გამიღო. დავჯექი თუ არა, ახალი ამბავი მომახსენა, - სასწრაფოდ სამუშაოზე უნდა გამოვცხადდეო! ულტიმატუმის ფორმით იყო ნათქვამი. გავიფიქრე, ალბათ ხუმრობს-მეთქი. დუმილი გამიგრძელდა, რამაც იგი მიახვედრა, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სათანადოდ ვერ აღვიქვი.
- ,,კამანდირ,” სანამ თქვენ ბორჯომის საკითხებს არკვევდით, რესტორნის ბუღალტერიიდან ჩემი კომპანიის ოფისში, სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსთან დავრეკე, მან კი ისე დამიღრიალა, ახლაც ყურებში მაქვს მისი ხმა, თან მკაცრად გამაფრთხილა, - ერთ საათში უნდა მოხვიდეო, გენერალური მოდისო, ყველა ხაზზე უნდა დააყენოსო, მაგი ჩვენს შესამოწმებლად იშვიათად მოდისო, მაგრამ რატომღაც დღეს დააპირა მოსვლაო და თავის მხრივ დააყოლა, - ვიცი გღალატობ, მაგრამ რა ვქნა, უნდა წავიდეო!
- გენერალური არ ვიცი მე, რაზეც შემითანხმდი, ჯერ ის საქმე დავასრულოთ და მერე სადაც გინდა, იქ წადი, - ვუთხარი სერიოზული ინტონაციით და ასეთივე გამომეტყველებით.
- ოი, ოი, შენ არ იცი, ვინ არის ჩვენი გენერალური, - მთავრობაა, მთავრობა! მაგისთვის ჩემი და ჩემნაირების სამუშაოდან გაგდება არაფერს ნიშნავს, სრულიად არაფერს! სენატორია, სენატორი! - მის ხმაში განგაშის ნოტები იგრძნობოდა.
- შენი მანქანის ძარაზე ერთი ტონა და ექვსასი კილოგრამი ტვირთი ძევს, სად წავიღო, მითხარი, სად!? - ვკითხე ხმამაღლა. ცოტა ხნით იყუჩა, ალბათ ჩემი ომახიანი ხმით ნათქვამის გაფანტვას დაელოდა და როცა იგრძნო საჭირო მომენტი, ისევ წამოიწყო:
- ბავშვები მყავს, პატარები, - ორი გოგო და ბიჭი; სამსახურიდან რომ გამაგდონ, მერე რა ვქნა, სად წავიდე? - მითხრა მშვიდად. რომ გამიშვან, არც ცოლი დამაყრის ხეირს, ახლა ის გამაგდებს, სახლიდან გამაგდებს, - იცი ეს შენ!? - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ხმას წამოუწია. ამათი ცოლები ქმრებს სახლიდან უმიზეზოდაც რომ აგდებდნენ, გაგონილიც მქონდა და ნანახიც, მაგრამ ეს ამბავი ჩემ საქმეს ახლა ვერაფრით შველოდა, - შეკვეთების დროული შესრულების ვალდებულება მაწვა კისრად.
- ეს ტვირთი სად წავიღო? ან კლიენტებს რა ვუთხრა? ისინი საქონელს ელოდებიან, თუ არ მივუტან, დავკარგავ, ეს კი ბიზნესის სიკვდილს ნიშნავს, ბიზნესის სიკვდილი კი - ჩემ შიმშილს - შენ ეს იცი!? დაურეკე შენს უფროსს ისევ და აუხსენი, რომ რაღაც შეგემთხვა - მოიფიქრე, რაც გინდა - და რომ, ერთ საათში ვერ მიხვალ, მინიმუმ ორი საათი მაინც დაგჭირდება და იქნებ ამ დროში მოვასწროთ დაწყებული საქმე, - ვუთხარი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მაძიებლის ინტონაციით.
- არა, არა! რას ამბობ? გენერალური გიჟია, მასეთებს არ ჭამს, არც მომისმენს, გამაგდებს, აუცილებლად გამაგდებს, დამიჯერე, არ ვტყუი! - მითხრა ამჯერად მშვიდად და დარწმუნებით.
- კარგი, კარგი, აქ ახლოს ერთი მაღაზიაა, პროსპექტის მეორე მხარეს, ორიოდ კილომეტრში, ისიც ჩემი კლიენტია, მათთვისაც დამაქვს ბორჯომი, კარგი ხალხია, დაქოქე და მივიდეთ იქ, ვთხოვ, თუ დამთანხმდნენ, ჩამოვცალოთ და წადი, შენს გზაზე წადი, მაგრამ იცოდე, - არაფერს გიხდი, შენი ვალი არ მაქვს, შენ შეთანხმება დაარღვიე! - ვუთხარი მკაცრად.
- არა, ,,ნაჩალნიკ,“ ოღონდ ახლა ჩამომცალე, გამიშვი და ხვალ მოვალ, სადაც შენ მეტყვი, იქ მოვალ და გავაგრძელოთ, ოღონდ ახლა გამიშვი! - მითხრა ხვეწნა-მუდარით და დაამატა, - ხვალ შაბათია, მანქანას სახლში მატანენ, პრობლემა არ არის, მოვალ და გავაგრძელოთო.
მივედით ზემოხსენებულ მაღაზიასთან, რომელსაც უკვე მარკეტად მოიხსენიებდნენ და რომელიც, საკმაოდ დიდ ფართზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში იყო განთავსებული. ქუჩის მხრიდან ჩამავალი კიბეები ჩავიარე, სავაჭრო თაროებს შუა გავედი და უფროსებს გამოვეცხადე. გაუკვირდათ ჩემი დანახვა: ჯერ არ გაგვიყიდიაო თქვენი ბორჯომი, - სწრაფ-სწრაფად მომაყარეს სათქმელი. ეგონათ - გაყიდული საქონლის თანხის მისაღებად მივაკითხე. ავუხსენი რისთვისაც ვიყავი მისული, - ხვალ დილამდე თქვენს საწყობში ოთხმოცი ყუთი ბორჯომი უნდა დამაწყობინოთ და თუ უარს არ მეტყვით, ,,მაღარიჩი“ შეთანხმებისთანავე თქვენს მაგიდაზე იქნება-მეთქი. დამეთანხმნენ. მარკეტის სალონში გავედი, ერთი ბოთლი შამპანიური და კანფეტების ნაკრები შევიძინე, უკან მივბრუნდი და მაგიდის თავში მჯდომ ქალბატონ ხელმძღვანელს მივართვი. გაუხარდა და იქვე, შორიახლო მჯდომ მამაკაცს ანიშნა, - საქმე მოეგვარებინა. იგი წამოდგა და სარდაფის იმ ნაწილში შემიყვანა, რომელსაც საწყობად იყენებდნენ; გარედან შემოსასვლელი რკინის მძიმე კარი გამოაღო, ათიოდე საფეხურით მაღლა ამიყვანა და ამიხსნა, - საიდან და როგორ შემომეყვანა მანქანა ეზოში, სად გამეჩერებინა და ჩამომეცალა. ეს მარკეტი მცირე პარტიებით იღებდა ,,ბორჯომს“ ჩემგან და ამიტომ, ამ საწყობით ადრე არ მისარგებლია, მხოლოდ წინა, საპარადე მხრიდან ვაწვდიდი ხოლმე საქონელს და თუ სად ასაწყობებდნენ, ამისი არა ვიცოდი რა. კაბინეტში მალევე დავბრუნდით, მერე კი სავაჭრო დარბაზის გავლით ისევ ქუჩაში გავედი, სადაც ,,გაზელის“ მძღოლი მელოდებოდა.
მძღოლს მანქანა ,,მარკეტის“ უკან, სულ ახლახან ნანახ ეზოში შევაყვანინე, საჭირო ადგილას დაყენებაში დავეხმარე და ვთხოვე, - ტვირთის ჩამოცლაში მომშველებოდა. ცივი უარით გამისტუმრა, - წელის ტკივილები მაქვს, არ შემიძლიაო. მანქანის ძარაზე ავალ და იქიდან დაგეხმარები, ჩამოსაცლელ ყუთებს მოგიჩოჩებო, - მითხრა. რას ვიზამდი, - ესეც დახმარება იყო და აღარაფერი მითქვამს - ძირითად საქმეს მარტოდმარტომ შევუდექი. ფიზიკური შრომისათვის საჭირო ძალა და ღონე ყოველთვის მქონდა, ეს არ იყო პრობლემა. პრობლემა მცხუნვარე მზე და თეთრი პერანგი იყო, რომელშიაც იმ დღეს გახლდით გამოწყობილი. ოცკილოგრამიანი მუყაოს ყუთები ისე უნდა ჩამომეცალა და ჩამეტანა სარდაფში, თეთრი პერანგი ლაქებით არ ამეჭრელებინა. მე ხომ წინ გზა მქონდა - სხვადასხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახლამდე გასავლელი. ამიტომ, ვცდილობდი ყუთები წინ წაწეულად დამეჭირა, რაც საქმეს მოუხერხებელს ხდიდა და ტვირთს ამძიმებდა. სხვა საკითხები ასე გადავწყვიტე: ყუთები საწყობში ჩამავალი კიბეების თავთან ჩამოვცალე და მოჩქარე მძღოლი თავის გზაზე გავუშვი.
მეორე დღეს, შაბათ დილით, შეთანხმებისამებრ დათქმულ დროს მოვიდა. სარდაფის საწყობიდან საქონელი მარტოდმარტომ ამოვზიდე. მძღოლმა გუშინდელივით წამომიკრა ხელი - ძარაზე შეხტა და ყუთებს სიღრმისკენ ხან ხელით, ხანაც კიდევ ფეხით მიათრევდა-მიასრიალებდა. მალე დავტვირთეთ და გზას გავუყევით. მძღოლს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. არც მე გამჩენია სურვილი, მესაუბრა მასთან.
ყველა კლიენტს, რომლებიც გუშინ დავაღალატე, გუშინვე შევეხმიანე ტელეფონ-ავტომატით და სადღეისოდ მიტანის პირობა აღვუთქვი. საქმე ეფექტიანად წავიდა - ორ საათზე ცოტა მეტ დროში ყველას ჩამოვურიგეთ მათი წილი ტვირთი. საქმე იმანაც გაგვიიოლა, რომ შაბათი დღე იყო და როგორც წესი, - გზები განტვირთული. ბოლო კლიენტი კოსიგინის ქუჩაზე იყო, - აქაური სასტუმროს რესტორანი. ორი მუშა გამოვიდა და საქონელი მიითვალა, მერე ანგარიშსწორებისთვის შიგნით შევედი, საქმე მოვაგვარე და რამდენიმე წუთში ისევ ,,გაზელის“ კაბინაში დავბრუნდი. მძღოლს რეისის ანგარიში გავუსწორე, მან კი ფული გადათვალა და შარვლის ჯიბეში ჩაიდო. მერე ავტო დაქოქა, ცოტა ხნით უკუსვლით იარა, მოსაბრუნებელზე შევიდა, მოატრიალა და ისევ კოსიგინის ქუჩაზე დავბრუნდით. აქედან ლენინის პროსპექტამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო. მძღოლს ავტო ნელი მოძრაობით მიჰყავდა დაღმართში.
სადისტრიბუციო გზის მთელ მანძილზე უბრად მყოფმა მძღოლმა უცებ ხმა ამოიღო და ბუზღუნს მოჰყვა, - არ ვიცოდი, ასე დიდი მანძილი თუ იქნებოდა, თორემ დასახელებულ თანხას არ დაგთანხმდებოდი, არ გამოგყვებოდიო. ჩემთვის ცხადი შეიქნა, - გუშინდელივით ისევ დავას აპირებდა, ამჟამად სხვა საკითხზე. მე მას მაშინვე განვუცხადე:
- გუშინ, თავად რომ გამიჩერე მანქანა, - საქმე ხომ აგიხსენი? ჯერ მარშრუტი გაგიხმოვანე და მერე თანხაც დაგისახელე, შენ კი, მაშინვე დამეთანხმე! განა ასე არ იყო!? - ვუთხარი ნაწყენმა, უფრო კი, - გაბრაზებულმა.
- კი, მასე იყო, მაგრამ არ მეგონა, ასე გრძელი გზა თუ გამოვიდოდა; ახლა ფაქტიურად წაგებაში ვარ, - თქვა გამწყრალ-გაწბილებულის ტონით.
- ცნობილი ფირმის მძღოლი ხარ და მოსკოვის ქუჩები არ იცი? თუ არ იცოდი, რატომ არ მკითხე, აგიხსნიდი და იქნებ სხვა რამეზე შევთახმებულიყავით ან საერთოდ გეთქვა უარი, - ვუთხარი გაგულისებულმა. ახლა, როცა საქმე ფაქტიურად დავასრულეთ, ახალ ამბავს რატომ იწყებ-მეთქი?
- როგორც არ უნდა იყოს, ახლა მე წაგებაში ვარ და თანხა უნდა დამიმატოო! - თქვა წყნარად, მაგრამ კატეგორიულად. - შენ მეორედ არღვევ ჩვენს შეთანხმებას! რომელ წაგებაზე მელაპარაკები, გუშინ იმ სარდაფში ჩემი ლამაზი თვალების გამო კი არ დამაწყობინეს საქონელი, ფული გადავიხადე, ფული! გესმის თუ არა, - შენი გუშინდელი ისტორიის გამო ზარალში მე ვარ! აღარაფერს ვამბობ კლიენტების გუშინდელ გაწბილებასა და ჩემ შრომაზე, - შენი მანქანის დაცლა-დატვირთვას, ყუთების სარდაფში ჩატანა-ამოტანას რომ მოვახმარე! - ვუთხარი ხმამაღლა.
- რა ვქნა, ასე მოხდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ახლა კი ის მსურს, ცოლ-შვილთან ხელცარიელი იდიოტივით არ გამოვცხადდე ამ უქმე დღეს! - თქვა მშვიდად.
უკვე ლენინის პროსპექტზე ვიყავით, იური გაგარინის ხელებგაშლილ ძეგლთან და ქალაქის ცენტრისკენ სხვა ავტოებთან ერთად მივგორავდით. ვიფიქრე, - ვიდრე გიჟური თანხა გაუჟღერებია, მერე კი ვირზე შემჯდარა და გადახდა მოუთხოვია, ავიღებ და მივცემ გარკვეულ ოდენობას-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ჯიბიდან სხვადასხვა კლიენტისგან მიღებული თანხები ისევ ამოვიღე, სამი ათმანეთიანი გამოვარჩიე და მანქანის ,,ტორპედოზე,“ მძღოლის მხარეს, კუპიურები დახეთქებით დავდე.
თანხას ხელი ისე მოუსვა და ჯიბისკენ ისე გააქანა, არც კი შეუხედავს. ცხადი იყო, არც წაგებაში იყო და არც ცოლ-შვილი ადარდებდა, - ყვავს კაკალი გააგდებინეს პრინციპით მოქმედებდა.
გამიხარდა, ჩემმა ნაფიქრალმა რომ გაამართლა და კონფლიქტი ამოწურულად რომ ჩაითვალა. მეტრო ,,ოქტომბერთან“ მისვლამდე, ორასი თუ სამასი მეტრით ადრე, გზატკეცილის ჩქაროსნული ზოლიდან შუა ზოლში ისე გადავიდა, რომ სწორი ხაზის აკრძალვა არ გაითვალისწინა და უდარდელად გადაკვეთა.
- ეს რა ქენი? - ვუთხარი მაშინათვე;
- არაფერი განსაკუთრებული, - მიპასუხა უსწრაფესად. მივხვდი - მის არსებაში გამარჯვებული დაუდევარი აღზევებულიყო, რომელიც, სულ მალე, დანარჩენი სამყაროს დალაშქვრაზეც არ იტყოდა უარს.
მეტროს წინ, ქუჩის გადაღმა, ვლადიმერ ლენინის ძეგლთან ახლოს, ულვაშებიანი, ტანდაბალი ავტოინსპექტორი იდგა, რომელმაც გაჩერების მოთხოვნით ჩემ მიერ ნაქირავებ მძღოლს ჯოხი ზანტად წამოუწია, ამ უკანასკნელმა კი ინსპექტორს ნელი სვლით ჩაუარა წინ, გზა კიდევ უფრო გაინაპირა და მარჯვნივ, ლენინის ცისკენ აწვდილი ხელის მხარეს მოწყობილ სადგომზე ავტო მოხერხებულად შეაყენა.
საბუთები დაძებნა, იპოვა და ჩავიდა. უკან რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
- რაო, რა გითხრა? - ვკითხე ჩვეულებრივი, რიგითი ცნობისმოყვარის ინტერესით, როგორც ეს სჩვევიათ ხოლმე გვერდით მჯდომ თანამგზავრებს.
- გაოცებული ვარ, იმ სიშორეზე როგორ შემნიშნა, ეს ტიპი ინსპექტორი კი არა, მგონი თვით ეშმაკი იყოო! - თქვა გაკვირვებულის გამომეტყველებით.
- აღარ იტყვი, რა გითხრა? - ვკითხე კიდევ უფრო დიდი ინტერესით.
- კი, გეტყვი: თუ ოფიციალურად გსურს გადაიხადო, ორმოცდაცამეტ მანეთს გამოგიწერო, ხოლო თუ ასეთი არ გსურს - აქვე ოცდაათი მომეციო! - მერე, შენ რა არჩევანი გააკეთე? - ვკითხე ისევ.
- მივეცი ოცდაათი! - მითხრა გულდაწყვეტილმა.
გაოგნების გრძნობა უსწრაფესად დამეუფლა და რამდენიმე წამს გაგრძელდა. როცა ცოტა დავლაგდი, სიხარული მეწვია - ჩემგან უსაფუძვლოდ მოთხოვნილი თანხა მისი გადაცემიდან ორ თუ სამ წუთში რომ წაართვა, - ავტოინსპექტორმა კი არა, - რაღაც სხვა, დიდმა ძალამ. ერთხანს სამართლიანობის აღდგენის სულ ახლახან გამოვლენილ ფაქტზე ვფიქრობდი, მერე კი, შიშნარევი გრძნობა დამეუფლა: მივხვდი, - ჩვენი ქმედებები, მთელი ჩვენი ცხოვრება ერთ, რაღაცნაირ დიდ სიბრტყეზე იდო და ზემოდან ვიღაც აკვირდებოდა და არკვევდა. ეს აღმოჩენა იყო! დიდი და უცხადესი აღმოჩენა!
ჩემი მძღოლი მოსკოვის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, მე კი მის გვერდით, კაბინაში ორი თანამგზავრის ადგილი მეკავა და მთელი გონებით ჩემ არსებაში, საკუთარ ფიქრებში ვიყავი წასული. ცოტა ხნის შემდეგ ჰაერის უკმარისობა ვიგრძენი. ჩემი არსება, ახლა, განუზომლად დიდ სივრცეს მოითხოვდა, უღრუბლო და უსაზღვრო ცას, შეუზღუდავ სივრცეს თუ არემარეს! გამიჩერე-მეთქი, ვუთხარი. გაკვირვებით შემომხედა, მაგრამ თხოვნა დააკმაყოფილა - ავტომობილი სავალი ნაწილიდან განაპირა ზოლისკენ წესების დაცვით გაიყვანა და ტროტუართან ახლოს დაამუხრუჭა. დავემშვიდობე და მეტროსადგურამდე გზა ფეხით გავაგრძელე.
მეტროში აღარ შევსულვარ. მერე კი, საერთოდ ვთქვი უარი მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილებაზე და ბინისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუყევი. მანამ ვიარე, სანამ კარგად არ დავიღალე.
სახლში საღამო ხანს მივედი, მაგრამ არაფერი მიკეთებია. სულ იმაზე ვფიქრობდი, ერთ კილომეტრ მანძილზე, გაგარინის ძეგლიდან ლენინის ძეგლამდე, ორი თუ სამი წუთის სხვაობით როგორ იზეიმა სიმართლემ და სამართლიანობამ, როგორ არ შეერგო ერთი ფირმის ერთ მძღოლს ის, რაც მას ისედაც არ ერგებოდა.
მოგვიანებით, დაძინებამდე, სხვა, ახალი აზრი მეწვია, - ჩემთვის გასაგები და ლოგიკურად ახსნადი იყო ის, რაც ,,გაზელის“ მძღოლს გადახდა თავს, მაგრამ გაუგებარი რჩებოდა შემდეგი - რატომ გავიდა თანხა ჩემი ჯიბიდან, რატომ დავზარალდი ამ საქმეში თავად, რაში იყო ჩემი ბრალეულობა და როგორ უნდა ამეხსნა ეს ფაქტი. ვერ ამოვხსენი და ასე ჩამეძინა შუაღამეგადასულზე.
ამ თავსატეხს შემდეგშიც ბევრჯერ მივუბრუნდი, მაგრამ უშედეგოდ. დრო და დრო ისევ გამახსენდებოდა და საათობით ვცდილობდი მასში გარკვევას, თუმცა ამაოდ. ეს ამბავი, მერე და მერე სულ მიმავიწყდა და დიდი ხნის განმავლობაში აღარც გამხსენებია. მხოლოდ ორიოდე წლის შემდეგ, ზამთრის ერთ საღამოს, გვარიანად შემცივნულმა და შინ ასე მიბრუნებულმა, სრულიად შემთხვევით, ცხელი აბაზანის მიღებისას ვიპოვე პასუხი ამ თავსატეხზე, რამაც დიდი სიხარული მომგვარა და იმავდროულად, ძალიანაც დამაღონა. დაღონების მიზეზი სხვა არა იყო რა, თუ არა, უმარტივესი საკითხის გართულებული გზით ამოხსნის მცდელობა. მივხვდი თუ არა, რაში იყო საქმე, რისთვის გავიდა ჩემი ჯიბიდან ის ოცდაათი მანეთი, მაშინვე შავი ვარიანტის წერას შევუდექი და ეს მეორე აღმოჩენა ამ ნაწერის სათაურად გამოვიტანე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 9. მადლობა, მუხა და წარმატებები! ანანია ბროველი. 2024-02-17 15:47:54 კომენტარის პასუხი, მადლობა ყურადღებისთვის. . საერთოდ ძალიან მიყვარს პუბლიცისტიკის კითხვა და მით უმეტეს დიდი სიახლით და ინტერესით ველოდები თქვენს კრიტიკულ-პუბლიკაციების აქ დადებას, იმედია არ დააგვიაბთ თხოვნას. დაველოდები.
9. მადლობა, მუხა და წარმატებები! ანანია ბროველი. 2024-02-17 15:47:54 კომენტარის პასუხი, მადლობა ყურადღებისთვის. . საერთოდ ძალიან მიყვარს პუბლიცისტიკის კითხვა და მით უმეტეს დიდი სიახლით და ინტერესით ველოდები თქვენს კრიტიკულ-პუბლიკაციების აქ დადებას, იმედია არ დააგვიაბთ თხოვნას. დაველოდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|