ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
3 იანვარი, 2024


მამაჩემის იავნანა


1
ცხრა წლის ვიყავი, როცა ჩვენი სოფლის სკოლიდან დედიკოს სამსახური შესთავაზეს. იმ პერიოდისათვის ეს არ იყო ისეთი შეთავაზება, რომელზედაც უმუშევარ, პროფესიამიძინებულ და ეკონომიკურადაც შეჭირვებულ პირობებში მცხოვრებ ადამიანს შეეძლო უარი ეთქვა. მაშინ ჯერ კიდევ 90-ანი წლები ბობოქრობდა და არცთუ ისე მარტივი იყო ქალაქში, ოჯახის ერთი წევრის მიერ გამომოშავებული ფულით გეცხოვრა. ბევრი აღარ უფიქრიათ ჩემს მშობლებს, ალბათ მიიჩნიეს, რომ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება დიდი სისულელე იქნებოდა და ერთ დღესაც ბებიასთან, იმერეთის განსაკუთრებულად ლამაზ და ბუნებით ძალიან მდიდარ სოფელში გადავბარგდით. სოფელში, საიდანაც მამიკო ყოველ დილით ქალაქში წავიდოდა, სამსახურეობრივ ვალს მოიხდიდა და საღამოს, სახლში დაბრუნებული მეურნეობასაც მიხედავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ყოველ შაბათ-კვირას ბებიასთან ვატარებდით, მაინც არ იყო იოლი იმის გაცნობიერება ამიერიდან ამ სოფლის მკვიდრნი რომ ვხდებოდით და მისი წესებით რომ უნდა გვეხელმძღვანელა, რომ მისი გრძელი და მონოტონური დღეები ჩვენც ისე უნდა გადაგვეგორებინა, როგორც ამას აქ მაცხოვრებლები აკეთებდნენ. არც სკოლასთან შეგუება იყო მარტივი. მარტივი კი არა, თავიდან ისე რთულად და ისე უცხოდ გვესახებოდა ყველაფერი, თითქოს სხვა ქვეყნის კუთხეში ვყოფილიყავით და არა კარგად შესწავლილ, ბავშვური ოცნებებით არაერთხელ შემორბენილ ნაცნობ გარემოში. ერთადერთი, რაც სოფელში ყოფნას გვიადვილებდა სამეზობლო იყო, საყვარელი და თბილი სამეზობლო, რომელთაც, "ქალაქელი ბავშვებისთვის", ყოველთვის ჰქონდათ გადამალული ჩურჩხელები, ტკბილიკვერები და ვაშლის კანფეტები. ყველა მათგანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი მუდამ მომღიმარი, უიშვითესად მოსიყვარულე, სიკეთეაკრეფილი თვალებით მომზირალი და ჯანსაღი იუმორით დახუნძლული მეზობელ-ნათესავი (მამიკოს და მას საერთო წინაპარი ჰყავდათ) დაჩი იყო. დაჩი, რომლის უბანში გამოჩენაც არამარტო მე, არამედ ყველას თანაბრად უტკბობდა სულს. თავისი საქციელით უცხოს, სოფლის გზაზე მხოლოდ ერთხელ გავლილ ადამიანსაც ისე აყვარებდა თავს, იფიქრებდით იმ კაცს მასთან ერთად ალბათ უამრავი დღე გაუტარებიაო.
დაჩის მშობლები არ ჰყავდა, არც დედმამიშვილები. დედა თორმეტი წლისას გარდაცვლია, მამა არ ახსოვდა. ორი წლის ყოფილა ბიჭი, როცა მამამისი საზღვარგარეთ წასულა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით და მას მერე აღარც დაბრუნებულა. თავიდან თურმე გამოდიოდა კონტაქტზე და ცოლ-შვილს მცირედით ეხმარებოდა, მერე კი ესეც შეუწყვიტავს და მთლად გაუჩინარებულა. თორმეტი წლის დაობლებულ მოზარდს გვერდით სახლში მცხოვრები ბიცოლა (მამამისის ძმის ცოლი) უწევდა დედობას, მთლად დედას ვერ უნაცვლებდა, მაგრამ თავისი უანგარო სიყვარულითა და მზრუნველობით უდედობის ტკივილს მაინც უმსუბუქებდა. ჩემს მეხსიერებას კი დაჩი მარტოდ მცხოვრებ იმ ანგელოზად ახსოვდა, რომელიც ცხრა წლის ბავშვის ხედვით სხვისთვის უფრო არსებობდა, ვიდრე თავისთვის. ბევრჯერ მინახავს როგორ მიუტოვებია საქმე, როცა სხვას მისი დახმარება სჭირდებოდა, როგორ გაუხდია ქურთუკი გადაუღებელ წვიმაში და მეგობრისთვის უთქვამს: "შენ უფრო გჭირდება, მე, ასეთ ჯანღონით სავსეს ეს წვიმა აბა რას დამაკლებს"-ო და თვალიც ჩაუკრავს. ყოველდღე ვხედავდი როგორ ყიდულობდა პურს სკოლასთან მდებარე პატარა ჯიხურში და საღამოობით, კარგად შებინდებულზე როგორ კიდებდა, ცელოფანში მოთავსებულ საკვებს, ოთხშვიალიანი ოჯახის ეზოს ჭიშკარზე. გარდა ამისა, ყოველთვის ჰქონდა ჯიბეები სავსე მზესუმზირითა და საღეჭი რეზინით- "LOVE". ბავშვებისთვის დიდი ბედნიერება იყო მასთან შეხვედრა, ყველა მათგანს ბურთებივით უხდებოდა ლოყები.
თხუთმეტი წლით უფროსი იყო დაჩი ჩემზე. ეს ის ასაკობრივი სხვაობაა, როცა ადამიანი არც თანატოლად გეკუთვნის და არც ბიძად. და რადგან დაჩის ჩემთვის არასდროს უგრძნობებია რომ ბავშვი ვიყავი... და რადგან ისე მექცეოდა, როგორც უმცროს მეგობარს, მეც უკვე გაზრდილად ვთვლიდი თავს და ანალოგიურად ვპასუხობდი მის დამოკიდებულებას. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ასაკთან შედარებით, მე მართლა დიდი ვიყავი ფიზიკურადაც და გონებრივადაც. ჩემთან ნამდვილად შეიძლებოდა რიგ საკითხებზე მსჯელობა და პოლემიკაც კი. ამით ბებიას ვგავდი, ნიჭდაუფასებელს, მაგრამ უსაზღვრო გონიერებით დაჯილდოებულ ბებიაჩემს.
სოფელში წასვლამდე, რამდენიმე თვით ადრე წერა დავიწყე, მანამდეც ვწერდი, მაგრამ უფრო ვიწროდ. ვწერდი ლექსებს, ნოველებს, ჩანახატებს... ვწერდი და ვინახავდი. ჩემს ნაწერებს ერთადერთი მკითხველი ჰყავდა. შემოქმედი და მკითხველიც თავად მე ვიყავი, მანამ, ვიდრე ერთ დღესაც მამიკოსთან რაღაც საქმეზე შემოსულმა დაჩიმ შემთხვევით წერის პროცესში არ შემომისწრო. ფანტაზიას ისე ვყავდი შეპყრობილი ვერც კი შევამჩნიე, როგორ მადგა თავზე ადამიანი და როგორ ადევნებდა თვალს ყველა იმ სიტყვას, რომელსაც იმ მომენტში ჩემი კალამი ფურცელს ანდობდა. როცა წერა დავასრულე მივხვდი, რომ ოთახში ვიღაც იყო, მეტიც, იმ ვიღაცას ჩემი ფიქრები თავისივით შეესრუტა, მივხვდი და შემრცხვა, შევშინდი. ან რა იყო სასირცხვილო და საშიში, მაგრამ მე მაშინ მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი და ის რეაქციები მაფრთხობდა, რომლებსაც ჩემი ნაწერები გამოიწვევდა. აწითლებულმა ავწიე თავი. დაჩი დაჟინებით მიყურებდა, თვალებში სევდა, სიხარული, გაკვირვება და კიდევ სხვა რამდენიმე გრძნობა ერთად ჩასდგომოდა. გარკვეულ ხანს ასე მიცქერდა, მერე კი მთელი სერიოზულობით მითხრა: " დამპირდი, რომ ჩემს ცხოვრებაზე აუცილებლად დაწერ!.. მპირდები?" თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ხუმრობის რომ ვერაფერი შევატყვე გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად თავი დავუქნიე. უფროსმა მეგობარმა მთელი ჩემი "შემოქმედება" თავისთან წაიღო, წინააღმდეგი თუ არ ხარ მინდა წავიკითხოო და მეც აღარაფერი მქონდა მისი საწინააღმდეგო.
***
ერთგული ბიცოლასა და ბიძას ხელშეწყობით ( რა თქმა უნდა არც დედის ხალხს მიუტოვებია ბიჭი, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ) დაჩიმ უნივერსიტეტი წარმატებით დაასრულა. პრაქტიკული კურსიც იქვე, ქალაქში გაიარა, შემდეგ კი თავისივე რაიონის სკოლაში იპოვა ადგილი და მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ჩვენ რომ სოფელში დავბრუნდით, ის რაიონში ერთ-ერთ (ერთდერთ თუ არა) ძლიერ და უკიდეგანოდ განვითარებულ პედაგოგად მიიჩნეოდა, ხელფასიც ნორმალური ჰქონდა და ცდილობდა მასზე გაწეული ამაგის გამო, ყველასთვის სათითაოდ გადაეხადა. ცოტა ხანში დამატებითი გაკვეთილების ჩატარებაც დაიწყო. თავისი სოფლის ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა, სხვა მოსწავლეებისგან კი იღებდა თანხას, მაგრამ იმდენს, ვისაც რამდენის გადახდაც შეეძლო. ასე თბილად და გემრიელად მიდიოდა ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება, ბიჭის, რომელიც მიუხედავად წარსულის მიერ დასმული სამუდამო დაღისა, მაინც არ გაბოროტებულიყო და სინათლეს აფრქვევდა ირგვლივ. მეტიც, მას წარსულის ამ ტკივილებისთვის ერთ ხურჯინში მოეყარა თავი და გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში მიეჩინა ადგილი, რათა მისი მიმალვით არსებობის გზის სიკეთით გაგრძელება შესძლებოდა. აგრძელებდა კიდეც!
***
მარტის ერთ ჩვეულებრივ, თუმცა საეჭვოდ მზიან დღეს დაჩი ჩვეულებისამებრ წავიდა სკოლაში. ჩვეულებისამებრ დაიწყო გაკვეთილების ჩატარება, ჩვეულებისამებრ დაასრულა და ასევე ჩვეულებისამებრ დაელოდა მოსწავლეების შეგროვებას, რომლებისთვისაც დამატებითი მეცადინეობა უნდა ჩაეტარებინა. ფიქრებში იძირებოდა მასწავლებელი, როცა ისედაც ღია კარზე დააკაკუნეს. მიტრიალდა, კარში სკოლის დირექტორი და მის გვერდით მდგარი ახალგაზრდა, დაახლოებით ოცი წლის, საშუალო სიმაღლის, სუსტი, შავი, გრძელი თმისა და მუქი ლურჯი თვალების მქონე გოგონა შენიშნა. ეს იყო ის გარეგნული მახასიათებლები, რისი აღქმაც  ერთი შეხედვით მოასწრო დაჩიმ. მარტმა ამინდის არევა დაიწყო, დაჩის შიგნითაც აირია რაღაც, ჯერჯერობით უჩინრად, ფრთხილად, შეუცნობლად...
დირექტორი ღიმილით მიესალმა პედაგოგს, შემდეგ კი მოსვლის მიზეზიც აუხსნა. საქმე იმაში იყო, რომ გოგონას, ოჯახური მდგომარეობის გამო, თავის დროზე უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ მოეხერხებინა. რადგან სწავლა ძალიან ნდომებია და ამის სურვილი არც არასდროს განელებია, როგორც კი შესაძლებლობა მისცემია ოცნების ახდენა გადაუწყვიტავს. სკოლის დირექციისთვის მიუმართავს და იმ მასწავლებლის შესახებ უკითხავს, ვინც მიძინებული ცოდნის გამოფხიზლებაში დაეხმარებოდა და გამოცდების ჩაბარებას შეაძლებინებდა. ასეთ პედაგოგად კი ერთპიროვნულად დაჩი მოიაზრებოდა. მანამდე დაჩის აბიტურიენტი არასდროს მოემზადებინა, იმიტომ კი არა, რომ შესაფერისი ცოდნა და  შესაძლებლობა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ იმ პერიოდში არცთუ ისე ხშირად ჟღერდა ეს სიტყვა. მოსწავლეები ძირითადად სკოლაში მიღებული ცოდნით აბარებდნენ და გადამზადებას იშვიათად თუ საჭიროებდნენ. ახლად მოსული სტუმარი კი ასაკობრივად არც აბიტურიენტს ჰგავდა და არც ცარიელს (ცოდნას ყველაზე უკეთ მზერა ავლენს), ამიტომაც დირექტორის თხოვნამ თავიდან ძალიან გააკვირვა დაჩი, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გოგონას საამისო მიზეზი ჰქონდა და გამოცდებამდეც რამდენიმე თვე იყო დარჩენილი მასწავლებელმა, მის მომავალ სტუდენტობაზე, უყოყმანოდ აიღო პასუხისმგებლობა.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები