 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 3 მარტი, 2024 |
(გაგრძელება)
14 ზოგჯერ ძალიან გვიჭირის სიმართლისთვის თვალის გასწორება. რეალობის აღქმა და ისეთად მიღება, როგორიც ის სინამდვილეშია. ასეთი რამ განსაკუთრებით მაშინ გვემართება, როცა საქმე ჩვენთვის უძვირფასეს, უმნიშვნელოვანეს ადამიანებს ეხება. ღრმა დაკვირვებითაც ვერაფერს ვამჩნევთ ან არ გვინდა რომ შევამჩნიოთ. არ გვინდა პრობლემა აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ, გავაზვიადოთ და რთულად გადასაჭრელად ვაქციოთ. ვამჯობინებთ საკუთარი თავები მდგომარეობის სიმსუბუქეში დავარწმუნოთ. ასე გვირჩევნია, ასეთი სიბრმავე უფრო მოგვწონს. ამიტომაც ვბრაზდებით ყველა იმ თვალხილულ ნაცნობსა თუ მეგობარზე, რომლებიც ჩვენზე უკეთ ხედავენ და აცნობიერებენ სიტუაციის არსს. დაჩისაც მსგავსად დაემართა. ქვრივის წყალობით, ერთადერთი შვილის თავს დატეხილი პრობლემის ამგვარად გაშიშვლებამ და ღიად დანახვამ, იმ მომენტში ძალიან გააღიზიანა კაცი. ქალისთვის არაფერი უთქვამს. სახლში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა. დიდხანს იყო ჩაფიქრებული. დიდხანს ებრძოდა საკუთარ სხეულში ახლად ჩაღვრილ უსიამოვნო განცდებს. იქნებ მაქსიმეს მდგომარეობა მართლაც რთულადაა? იქნებ ბიჭს შველა უნდა და მე ამას ვერ ვამჩნევ? იქნებ მისი ფსიქოლოგთან წაყვანა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა? მდუმარედ ეკითხებოდა თავის თავს და ტვინს იჭყლეტდა, რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის ასეთი ჩაკეტილობა? იქნებ ამხანაგებთან გაუფუჭდა ურთიერთობა? იქნებ კიდევ ვინმემ დასცინა ფეხის გამო და უკვე მოზრდილმა ვეღარ აიტანა, ვეღარ გაუძლო ჩაგვრას? უნდა გაერკვია, აუცილებლად უნდა აღმოეჩინა მიზეზი. ჯერ მაქსის ჰკითხა შეფარვით. შვილისგან რომ დიდი ვერაფერი შიტყო, სკოლაში წავიდა. მასწავლებლებს და მოსწავლეებს გაესაუბრა, მაგრამ იქ ყველაფერი რიგზე იყო. ბიჭი კლასელებს და პედაგოგებსაც ძალიან უყვარდათ და ერთმანეთთანაც მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. მაშინ კი დაიბნა დაჩი, ძალიან დაიბნა. მერე იმ აზრამდე მივიდა, რომ ქვრივის შეთავაზება ურიგო არ იყო და მაქსიმე ფსიქოლოგთან წაიყვანა. რამდენიმე სეანსის შემდეგ ბავშვს უკეთესობა დაეტყო. მანამდე თუ ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდა, ვიზიტებიდან დაბრუნებულს იქ შესვლა აღარ უნდოდა. ყოველთვის, სახლში მისვლისთანავე მამას გვერდით დაისვამდა და მასთან ერთად იმ კონკრეტული დღის საუბარს განიხილავდა. მოზარდის ჩაკეტილობის მიზეზად მხოლოდ ერთი ფაქტორი არ გამოკვეთილა. წლების განმავლობაში გრძნობდა ბიჭი მამამისის მძიმე ტვირთს. გრძნობდა უდედობის დიდ ტკივილს. ხედავდა მშობლების უიმედო მდგომარეობას. განიცდიდა თავის, ლამის თანდაყოლილ სიკოჭლეს და იმას, რომ სხვებივით არ შეეძლო ეკეთებინა რაც უნდოდა... კიდევ და კიდევ განიცდიდა სხვა რაღაცეებსაც, მაგრამ ითმენდა. არ იმჩნევდა. მამიკოს არ აჩვენებდა. ერთ დღეს კი ვეღარ გაუძლო მისმა ნორჩმა გულმა და ყველა ეს უარყოფითი ემოცია თუ ნაგროვები დარდების ნაკადი ერთიანად ამოხეთქა. ჯებირებს გადააცდინა და უსაშველოდ დაღლილმა ნებაზე მიუშვა. იმ მომენტში, მართლაც დროული იყო ქვრივის შეთავაზება. დროული იყო დაჩის სწორი გადაწყვეტილებაც. საუბრების გარდა, ფსიქოლოგის მიერ დანიშნულმა, ფიზიკურმა აქტივობებმაც შეუწყვეს ხელი მაქსის თანდათანობით გამოჯანმრთელებას. ვარჯიშები, ცურვა, სპორტის სხვა სახეობებით სხეულისა და გონების დაკავება, საუკეთესო წამალი აღმოჩნდა მისთვის. გარემოს გამოცვლა, ახალ სიტუაციებსა და ახალ საზოგადოებასთან კავშირიც მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი გახლდათ. ამიტომაც მამა-შვილმა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები ჩვენი სოფლისგან საკმაოდ მოშორებულ ულამაზეს კუთხეებში გაატარა. რამაც, რა თქმა უნდა დადებითი შედეგი გამოიღო. დაახლოებით წელიწადნახევარი დაჭირდა მაქსიმეს სრულად გამოჯანმრთელებას. ამ დროის განმავლობაში მისი ფსიქიკური მდგომარეობა იდეალურ ფორმაში ჩადგა და არც მოზარდობის წლებში შერყეულა და არც შემდეგ პერიოდებში. შვილის თვალებში დანახული სიცოცხლის ხელახალი სხივი მამას უკიდეგანოდ აბედნიერებდა, მაგრამ ამ დიდ სიხარულს შიგადაშიგ ერთი ფიქრი უნელებდა ხოლმე. ფული... ბიჭის ოპერაცია... რამდენჯერაც შეაგროვა თანხა, იმდენჯერ დაეხარჯა. ასე არაფერი გამოვიდოდა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა. რაღაც უნდა ეღონა! და გააკეთა ის, რასაც გაჭირვებული ადამიანები ყველაზე უკანასკნელ და უიმედო მომენტში აკეთებენ. უკვე გაუსაძლისი გამხდარიყო შვილის შეფარული ტკივილის მუდმივად შეგრძნება. ვეღარ უძლებდა, სულს უხუთავდა ასეთი არსებობა. ამიტომაც გადაწყვიტა! რადგან ოპერაციისა და შემდომი რეაბილიტაციებისათვის საყოფ თანხას თავის ახლობლებში ვერ იშოვიდა, ერთ კარზე დააკაკუნა! დაჩიმ ფული ლიზას მდიდარ მამიკოს თხოვა. კაცი მიხვდა თუ რას გრძნობდა იმ წამს მშობლის გული, რომელმაც შვილის გამო საკუთარ თავს, საკუთარ სიამაყეს გადააბიჯა და მიადგა მას, ვისაც ერთ დროს კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. თვითონ მსგავსად არ მოქცეულა. სტუმარი სახლში შეიპატიჟა, გაუმასპინძლდა, მერე კი მისი წლებსშეზრდილი პრობლემაც მოისმინა. მოისმინა, მაგრამ ვერაფერი უშველა, ვერ დაეხმარა. ცოტა ხნის წინ, ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი გაკოტრებულიყო, მთლად უფულოდ დარჩენილიყო. იმდენად რთული მდგომარეობა შექმნოდათ, რომ ნებიერად გაზრდილ ლიზას შვილი მშობლებისთვის დაუტოვებია და თვითონ იტალიაში წასულა სამუშაოდ, ოჯახს რომ დახმარებოდა. "რა არის ცხოვრება არა? დღეს იმდენი გაქვს უმიზნოდ ფანტავ, არ გენანება, ხვალ კი შეიძლება ხელი გაიშვირო კაპიკებისთვის!"- ამ სიტყვებით დაასრულა კაცმა დაჩისთან საუბარი. შეძრწუნებულ მამას წამიერად თავისი უფროსკლასელი მეგობარი მოაფიქრდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ მისმა ბიზნესმა საერთოდ არ გაამართლა და ფიქრი საწყისშივე ჩაკლა. დაღონებული მასწავლებელი კვლავ გაკვეთილებს დაუბრუნდა და ისევ განაგრძო ხელფასის დაზოგვა. ამასობაში მაქსიმეს ცამეტი წელი შეუსრულდა. ის დამოუკიდებლობას უკვე მიჩვეულიყო და თავის თავს შესანიშნავად უვლიდა. ხანდახან კი სახლის საქმეებსაც აშორებდა მამას. რთველიც ერთად მოიწიეს "ბიჭებმა" და შეშაც მოიმარაგეს საზამთროდ! და ასე, ერთმანეთის მხარდამხარ, თბილად ატარებდნენ ზამთრის ცივ დღეებს. თებერვლის ბოლოსკენ დიდი ხნის უნახავი ნათესავი ესტუმრათ. ამ კაცს ძალიან აფასებდა დაჩი. როგორ გაზრდილხარო ჩაიხუტა სტუმარმა მაქსიმე, ბიჭს კი საერთოდ არ ახსოვდა ის. თუმცა მოსვლისთანავე მოეწონა. სანტერესოდ მოსაუბრე და ზედმეტად თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა მის თვალში. თავისი დიდი ოჯახის შესახებ მოყვა. თქვა როგორი წვალებით ასწავლა შვილებს. როგორ პატიოსან ხალხს ჩააბარა მერე ისინი. როგორი ქორწილი გადაუხადა თითოეულს და ა.შ. ამ ყველაფრის გასაკეთებლად ბევრი ვიშრომე და დღესაც ღამეებს ვათენებო ამბობდა. კიდევ კარგი ეს თურქეთი არსებობსო. იქ რომ არ წავსულიყავი დღეს ან ვიქნებოდი ან არაო. მანამდე თუ ცოლ-შვილს ყველაფერი აკლდათ, ღვთის წყალობით ახლა არც შიათ და არც წყურიათო. მხოლოდ იმაზე მწყდება გული მათთან დიდ დროს რომ ვერ ვატარებო. ასე, რამდენიმე კვირით თუ ჩამოვირბენ სტუმარივითო. დაჩი ყურადღებით უსმენდა ნათესავს. არცერთი სიტყვა არ გამოპარვია მისი ნათქვამიდან. გაჟღერებულ ფრაზებს მონაცვლეობით ატრიალებდა გონებაში: " წავედი და შვილებს ვასწავლე"... "ქორწილი გადავუხადე"... "აღარაფერი აკლიათ"... "შრომა"... "ფული"... "თურქეთი არსებობს"... თურქეთი... ნელ-ნელა სახე გაუნათდა. დარდიან მზერაში იმედი ჩაუსახლდა. ჯერ მაქსიმეს შეხედა უსაზღვრო სიყვარულით, მერე კი სტუმარს უყურა კარგა ხანს. მასში ანგელოზი დაინახა მარტოხელა მშობელმა. ჰო, ნათესავის სახით ანგელოზი მოსულიყო მამა-შვილის გადასარჩენად. ბევრი აღარ უფიქრია მასწავლებელს. გზა, რომელსაც ამდენ ხანს მთელი გულით ეძებდა, დღეს თავად მიდგომოდა კარს. ახლა მისი გაგნება იყო მთავარი, კვალი რომ არ არეოდა, სწორად რომ ევლო. ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა კაცს. აინტერესებდა რა სამუშაოები იყო იქ, იმ ქვეყანაში. რისი კეთება უწევდა ძირითადად. სეზონური საქმე იყო თუ მუდმივი. გრაფიკი, ანაზღაურება, კვება, საცხოვრებელი... სულმოუთქმელად მიაყარა კითხვები ნათესავს. დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღების შემდეგ კი თავისი განზრახვაც გაამჟღავნა. იმ მომენტში მაქსიმე არ იყო ოთახში, ამიტომაც უფრო გათამამდა მამამისი. მას მერე დაელაპარაკებოდა, მერე აუხსნიდა, მერე დაარწმუნებდა გადაწყვეტილების სისწორეში. ახლა მთავარი სტუმრის აზრი იყო. ახლა სტუმრის სიტყვაზე იყო დამოკიდებული მამა-შვილის სრულყოფილი მომავალი. დაჩის თხოვნამ ძალიან გააკვირვა ნათესავი. კაცმა ყველაფერი იცოდა მისი ცხოვრებისა და შვილთან უახლოესი დამოკიდებულების შესახებ. გაეგო ისიც, რომ ბიჭი დიდი ხნით არასდროს დაუტოვებია მამას. რომ ვერ ეგუებოდა მისგან სიშორეს. ახლა კი თანახმა იყო, გაურკვეველი დროით დაცილებოდა მაცოცხლებელ იმედს. თურქეთში წასვლის ერთადერთი მიზეზის შეტყობის შემდეგ კი სტუმარმა გააანალიზა, რომ დაჩი თანახმა კი არა, იძულებული იყო, უცხო ქვეყნის მიწაზე ფეხის დადგმა სასწაულად ჩაეთვალა. ბევრი ცრემლი დაიღვარა მამა-შვილის კაცური საუბრის დროს. კი, კი... კაცებიც ტირიან ხანდახან, თანაც ისე ძლიერად... ისე გულწრფელად... დიდხანს ჰყავდა ბიჭი გულში ჩაკრული. ხვდებოდა როგორ ტანჯავდა მაქსიმეს ის განცდა, მშობელს რომ მის გამო მსხვერპლის გაღება უწევდა. ხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა შვილის დასამშვიდებლად. არ არსებობდა არც სიტყვა, არც ქმედება, რომელიც იმ მომენტს მშვიდად და წყნარად აქცევდა. გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ რეალობასთან შეგუება იყო! ერთ კვირაში დაჩიმ ყველანაირი საბუთი მოაწესრიგა. საჭირო ნივთები ჩაალაგა. სახლისა და ეზოს საქმეებს ბოლოჯერ მიხედა. მაქსის რჩევა-დარიგების მეასე ლექციაც ჩაუტარა და დედა-ბებიას მიაბარა ისევ და ისევ. მართალია ბიჭი უკვე დიდი იყო და მიხედვა აღარ ჭირდებოდა, მაგრამ მამიკოსთვის ის ყოველთვის პატარად რჩებოდა და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მერე კი კლინიკაში წავიდა. ცოლს უნდა დამშვიდობებოდა. დინა ახალი გაღვიძებული დახვდა. იმ წამს ისეთი ლამაზი ეჩვენა ქალი... ისეთი სუფთა... დღეიდან მის გარეშე ცხოვრებაც უნდა ესწავლა. დღეიდან მხოლოდ შვილი იქნებოდა დედის მნახველი... ტკივილისგან ლამის გაიგუდა დაჩი! მეორე დღეს დირექტორთან განცხადება შეიტანა: "გთხოვთ, გამათავისუფლოთ"... კვირის ბოლოს კი თურქეთის გზას დაადგა. მათემატიკის მასწავლებელს პროფესია უნდა შეეცვალა! (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აუ... გული დამწყდა... ნეტავ, გაუმართლოს აუ... გული დამწყდა... ნეტავ, გაუმართლოს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|