 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პროზა 7 მარტი, 2024 |
(გაგრძელება)
15 თქვენთვის, ვისაც სამშობლო იძულებისა თუ ვალდებულების გამო დაგიტოვებიათ და სხვა ქვეყანაში წასულხართ სამუშაოდ, უცხო არ იქნება ის გრძნობა, ის განცდა, ის ღელვა და ის ცრემლები, რომლებსაც ახალბედა ემიგრანტები და მისი ახლობლები ღვრიან ერთმანეთთან გამომშვიდობებისას. იმ მომენტში ყველაფერი უფერულდება. ყველანაირი დადებითი ემოცია სადღაც ქრება და ასპარეზი მხოლოდ ტკივილს ეთმობა- ძველთან განშორების ტკივილს, ახალთან შეგუების ტკივილს, გაუსაძლისი მონატრების ტკივილს... ყველაზე მძაფად კი მათ ტკივათ, რომლებსაც შვილების სხვების ანაბარა დატოვება უწევთ. ზოგიერთებს ახლად ფეხადგმულებისაც, წლების შემდეგ უკან დაბრუნებულებს რომ გაზრდილები ხვდებიან და მათთვის თავგანწირულ მშობელში რომ უცხო ადამიანს ხედავენ. დაჩის მდგომარეობა ცოტათი სხვანაირი იყო. მას უკვე ჩამოყალიბებული, საკუთარი ხელით აღზრდილი და შეგნებული შვილისგან, მცირე ხნით (ასე ფიქრობდა) წასვლა უწევდა და იმის შიში არ ჰქონდა, რომ ბიჭი დაივიწყებდა ან გაუუცხოვდებოდა. თუმცა თავისი წილი ტკივილი მაინც უნგრევდა სულსაც და სხეულსაც. უცხო მიწაზე მცხოვრებს, როცა მონატრების შემხუთველი სურვილი შემოაწვებოდა და წასვლაზე დააფიქრებდა, ყოველთვის ახსენდებოდა მიზანი, რისთვისაც იქ გადახვეწილიყო და თავს ფიქრის გაღრმავებას უკრძალავდა. მაქსიმე ყველაფერი იყო მისთვის. სიცოცხლის აზრი და ცხოვრების გაგრძელების მთავარი ძალა. მარტის შუა რიცხვებში წავიდნენ დაჩი და მისი ნათესავი თურქეთში. სასაზღვრო პუნქტი უპრობლემოდ გაიარეს. ცოტა ხანი კიდევ იმგზავრეს და იმ უფერულ კორპუსს მიადგნენ, რომელიც ამიერიდან მასწავლებლის თავშესაფრად უნდა ქცეულიყო. კარზე დააკაკუნეს. ვიღაც ზორბა კაცმა გაუღოთ. კიდევ ბევრი იყო იქ ისეთი და განსხვავებული აღნაგობის მქონენიც. ოთახნახევრიან ბინაში დაახლოებით თხუთმეტი კაცი ცხოვრობდა (იმ პერიოდში საქირაო ბინის პოვნა რთული იყო). წვრილი მავთულებისგან შეკრული, უთავო, ძველი ლეიბებით დაფარული საწოლები ერთმანეთის პირისპირ ჩაემწკრივებინათ. მათ შორის კი ვიწრო გასავლელი დაეტოვებინათ. მისაღები და საძინებელიც ეს ოთახი გახლდათ. მის გვერდით კედლებდაბზარული, ძველი, პატარა სამზარეულო მდებარეობდა, სადაც ერთი მაგიდა, ხუთი თუ ექვსი სკამი, საღებავაცლილი მოყავისფრო კარადა და ოდესღაც თეთრი ნიჟარა იდგა. სამზარეულოს მაჯვნივ მასზე კიდევ უფრო პატარა ბნელი სააბაზანო ამოეშენებინათ. რადგან თურქეთის ბევრ ქალაქში ბუნებრივი აირი დღემდე არაა შეყვანილი, ამიტომ იქ მაცხოვრებლებიც დენის წყლის გამათბობლით სარგებლობდნენ, ეს რა თქმა უნდა დიდი საფრთხის შემცველი იყო, იმიტომ რომ ასაკდაუდგენელ ბინაში ელექტრო გაყვანილობაც უძველესი გახლდათ. სამუშაოებიდან დაბრუნების შემდეგ დაბანისა და ჭამისთვის რიგში დგომა უწევდათ. ვინც მალე მორჩებოდა საქმეს, შესაბამისად სხვებზე ადრე ახერხებდა მოწესრიგებას. ბოლოს მისულებს კი ხანდახან მოუწესრიგებლადაც ჩაძინებიათ ხოლმე. დაღლილობა და გამუდმებული შრომა თავისას შვრებოდა. საქმე რომ ეპოვათ უთენია უწევდათ ადგომა. ოთხის ნახევარზე ან ოთხზე, სახლში მყოფთაგან ერთი რომელიმე აუცილებლად იღვიძებდა და დანარჩენებსაც აფხიზლებდა. წინა დღით დაკარგული ენერგია ჯერ აღდგენილიც არ ჰქონდათ, ახალი დილა რომ ისევ "სამსახურში" ეძახდათ. კორპუსთან ახლოს ე.წ "ბირჟა" იყო, სადაც სამუშაოს მაძიებლები იკრიბებოდნენ. სწორედ იქ მიდიოდნენ თურქი " მემამულეები", რათა თავიანთი "პრობლემის" მოსაგვარებლად მუშები შეერჩიათ. ძირითადად ძველ ნაცნობებს ანიჭებდნენ უპირატესობას ან ისეთებს, რომლებიც ჯან-ღონით სავსენი იყვნენ. ფიზიკურ მუშაობას დიდი ძალა ჭირდებოდა და სუსტი და კაფანდარა თვალში დიდად არ მოდიოდათ. საქმე ბევრნაირი იყო: მშენებლობა, საწყობების დასუფთავება-დატვირთვა, ნახშირიანი ტომრების ერთი ადგილიდან მეორეზე მიტანა, ტყეში ხეების მოჭრა, შეშის დაჩეხვა (ზამთარში ღუმელებით თბებოდნენ), ჩაისა და თხილის დარგვა, გაწმენდა, სეზონზე კი მათი კრეფა, მაღაზიების მომარაგება საჭირო ინვენტარით და ა.შ. ყველას, ვისაც შრომა არ ეზარებოდა, ფულის შოვნა შეეძლო. რაც უფრო მძიმე იყო საქმე, ანაზღაურებაც მით უფრო კარგი გახლდათ. დაჩი არ იყო ზარმაცი და თანხაც ძალიან ჭირდებოდა. ამიტომ დილა არ ყოფილა ბირჟაზე რომ არ ჩასულიყო და "მუშტარს" არ დალოდებოდა. არაფერი არ ეთაკილებოდა. ყველანაირ სამუშაოზე თანახმა იყო. პირველ დღეებში თითქმის შუადღემდე უწევდა იქ დგომა. არავინ ეკარებოდა. ალმაცერად უყურებდნენ უცხო კაცს, არ იცოდნენ რისი გამკეთებელი იყო და თავს იზღვევდნენ. მარტო მას როდი უწევდა მოცდა. ბევრი ადამიანი რჩებოდა ხოლმე საქმის გარეშე. ყოველდღე ყველა ვერ მუშაობდა, რადგან იმ ტერიტორიაზე ადგილობრივებზე მეტი ჩვენები იყვნენ. იქაურობა სამუშაოს მომლოდინე ქართველებით იყო სავსე. ერთხელაც მასწავლებელს დასდეს "პატივი" და ახალი "პროფესია ჩაუწერეს" დიპლომში. პირველ დღეს მტვირთავი იყო. მეორე დღეს დამლაგებელი. ვიღაცის სახლის სარდაფი დაასუფთავა. მერე სამშენებლო მასალებით დატვირთული მანქანები დაცალა. შემდეგ თხილისა და ჩაის ჯერიც დადგა და ასე... იქიდან მოყოლებული უსაქმოდ თითქმის აღარასდროს დარჩენილა. ძალიან ახარებდა ეს კაცს. ნელ-ნელა ფულიც დაინახა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ფიზიკურად ჯანმრთელი დაჩი თავს შესაშურად გრძნობდა. მხოლოდ მონატრება უკლავდა გულს. მართალია შვილს ხშირად ეკონტაქტებოდა, მაგრამ მარტო ხმის გაგონება არ მიაჩნდა საკმარისად. ამიტომაც ერთ დღეს სამშობლოში გაემგზავრა, რა თქმა უნდა დროებით. ნამდვილი სიურპრიზი იყო ბიჭისთვის მამის დანახვა. სიხარულისგან აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სულში უძვრებოდა მშობელს. კოცნიდა, ეხვეოდა. თავის მხრივ დაჩიც აივსო მაქსიმეს და დინას სიყვარულით. მათი ფერებით ნაწილობრივ მაინც ჩაიცხრო მარტოობის დიდი ტკივილი. მეზობლები და ახლოს მცხოვრები ნათესავებიც მოინახულა. მერე კი ისევ თურქეთში დაბრუნდა და კვლავ ის საქმეები გააგრძელა, რომლებსაც საქართველოში წასვლამდე აკეთებდა. ზოგჯერ სამუშაო ისე ღლიდა ყოფილ მასწავლებელს საუბრის თავიც არ ჰქონდა. მოწესრიგებას თუ შეძლებდა ვახშმისთვის აღარ იცდიდა ხოლმე და უჭმელ-უსმელი იძინებდა. არცთუ იშვიათი იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ უძლებდა ძლიერი მამა. შვილის გულისთვის ყველაფერს უძლებდა და გაუძლებდა კიდეც უსასრულოდ. პირველ წელიწადს ყოველ სამ თვეში ერთხელ მიდიოდა ხოლმე დაჩი ცოლ-შვილთან. მათგან გაცემული თბილი ენერგიებით დაიმუხტებოდა და მერე ისევ ახალ საცხოვრებელს უბრუნდებოდა. შემდეგ და შემდეგ ვეღარ წავიდა. ამასობაში მის საბუთებსაც უცხო მიწაზე ყოფნის ვადა გაუვიდა და კაცი არალეგალ უცხოელად იქცა. თუმცა თუ არაფერს დააშავებდი ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. არავინ არ მოგდევდა ფეხებში და არ გაკონტროლებდა. მთავარი იყო მშვიდად და პატიოსნად გემუშავა და სახელმწიფოც თვალს დახუჭავდა შენს "ონავრულ" ქმედებაზე. დაჩის არც პატიოსნება ეშლებოდა და არც სიმშვიდე, ამიტომაც მთელი გულით მიიღო ის მეზობელმა ქვეყანამ. დაახლოებით სამ წელიწადში კაცმა გარკვეულ თანხას მოუყარა თავი. ნაწილიც ბოლო პერიოდში შეძენილი მეგობრებისგან ისესხა. არავის უარი არ უთქვამს. ყველამ ხელი გაუმართა და როგორც იქნა, თექვსმეტი წლის ასაკში, თურქეთის ერთ-ერთ ძლიერ საავადმყოფოში, მაქსიმეს ხელახალი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციიდან ცოტა ხნის შემდეგ კი მისი ცხოვრება სრულყოფილი გახდა! პირველად სწორედ მაშინ მიხვდა მამა-შვილი როგორი ყოფილა ნამდვილი ბედნიერება. მერე მაქსი სამშობლოში დაბრუნდა. დაჩისაც უნდოდა წასვლა, მაგრამ... ისევ ფულის შოვნა იყო საჭირო. მალე შვილი აბიტურიენტი გახდებოდა, მერე სტუდენტი. გვერდით დგომა დაჭირდებოდა ქალაქში გადასულ ბიჭს. ამიტომ ცოტა კიდევ უნდა დაეგროვებინა, ცოტა ხანს კიდევ უნდა გაეძლო ერთგულ და უღალატო მამიკოს. ასეც მოიქცა. შვილს ყველანაირად შეუწყო ხელი, მასწავლებლებთან მომზადება, ექსკურსიები, ბანკეტი, ჩაცმა-დახურვა არაფერი მოუკლია მისთვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩაბარების შემდეგ კი ქუთაისში პატარა, თუმცა ნათელი და მოვლილი ბინაც უქირავა. ყველაფერს აკეთებდა ბიჭის უზრუნველყოფისთვის, ისიც თავის მხრივ აფასებდა მამის ამაგს. წესიერად და პატიოსნად ცხოვრობდა. კარგადაც სწავლობდა, ბევრი მეცადინეობის შედეგად კი სახელმწიფო სტიპენტიანტი გახდა. მაქსიმე დაჩის იმედებს ამართლებდა. სიცოცხლე უხაროდა მარტოხელა მამას. ყოველი დღის გათენება ისევ დღესასწაულად იქცა მისთვის. გარდა ამისა, სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა კაცს. ბოლო საუბრისას შვილმა საოცარი ამბავი უთხრა. თურმე დინას მდგომარეობა დღითიდღე სასიკეთოდ იცვლებოდა და ექიმები ქალის გამოჯანმრთელების შანსს არ გამორიცხავდნენ. ღრუბლებში დაფრინავდა დაჩი. ამდენი ხნის შემდეგ მის თავზე სასწაული ტრიალებდა. ცოლი უბრუნდებოდა, ცხოვრების უდიდესი სიყვარული. გაორმაგებულად დაიწყო მუშაობდა. რაც შეიძლება ბევრი ფული უნდა ეშოვა, თანაც მოკლე დროში, რათა სახლში მალე დაბრუნებულიყო და დარჩენილი წლები დინას გვერდით გაეტარებინა. მიზნის მისაღწევად ღამეებს ათენებდა. მაქსიც ათენებდა ღამეებს, ოღონდ ამჯერად მეცადინეობის გამო არა. ბიჭის გულსა და გონებაში რაღაც უჩვეულო, უცხო გრძნობა შეჭრილიყო და ცდილობდა სახელი დაერქმია მისთვის. ვერ ხვდებოდა, გოგონა, რომელიც მის კურსზე სწავლობდა და რომლისთვისაც სხვებისგან განსხვავებული ყურადღება არასდროს მიუქცევია, ასე რატომ უფორიქებდა სულს. იდგა, იჯდა თუ იწვა, ყოველთვის მასზე ფიქრობდა. ლექციებზეც თვალი და ყური მისკენ გაურბოდა. იქ იყო, სადაც ის ჩნდებოდა. იმ გზას ადგებოდა, რომელ გზასაც გოგონა მიუყვებოდა. ლამის მის აჩრდილად იქცა. ბოლოს კი როგორც იქნა თავს გამოუტყდა, რომ უყვარდა. ძალიან, ძალიან უყვარდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა თუ მას ვერ ხედავდა. ბრმავდებოდა, ყრუვდებოდა, ენა ებმოდა. მოკლედ საოცარ დღეში იყო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა თაიას (ასე ერქვა გოგონას) დალაპარაკებოდა. გადაწყვიტა და განახორციელა კიდეც ქმედება. როცა თავისი გრძნობის შესახებ გოგონას უთხრა, მას არ გაკვირვებია. ცოტა ხანს უყურა, მერე გაუღიმა, ბოლოს კი ისე ლამაზად გადაიკისკისა, იფიქრებდით ვარსკვლავები რაკრაკით ჩამოცვივდნენო ციდან. რა მოხდა? რას ნიშნავდა ეს? თაიამ მაქსიმეს თანაუგრძნო? მისმა გაბედულებამ გაახარა? თუ უბრალოდ დასცინა ბიჭის სიყვარულს?.. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საოცარი ადამიანია დაჩი. ასეთები ერთეულები არიან 5 საოცარი ადამიანია დაჩი. ასეთები ერთეულები არიან 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|