ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
22 მარტი, 2025


სიყვარული მთებში

სიყვარული მთებში
(ნაწილი 1)
- დალი, ადე გოგო, უკვე მზე ამოვიდა, ტყეში გავიდეთ - გავძახე მეგობარს. მე ავდექი, სანამ მოვწესრიგდებოდი, მეგონა დალიც გაიღვიძებდა. თქვენც არ მომიკვდეთ, გულიანად ფშვინავდა.
- დალი, დალი - დავუძახე და ახლაც რომ ვერ გავაღვიძე, შევანჯღრიე.
- რა ხდება?  - უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.
- წამო, გოგო, გავიდეთ ტყეში, დასაძინებლად ჩამოვედით?  დიასახლისმა ხომ გვითხრა:  ახალი ბილიკები გაჭრეს, საოცრად ლამაზი ადგილებიაო, ვნახოთ. თან დილის სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ.
- კარგი, რა, ნია. რა დროს ტყეა? დამაძინე, თუ ღმერთი გწამს, ტყე სად გაიქცევა? - უკმაყოფილო ხმით მიპასუხა დალიმ და თვალები დახუჭა.
გაწბილებულმა ქურთუკს ხელი დავავლე და გარეთ გავედი. „მარტო წავალ, ვინ შემჭამს? იყოს ეს ძილისგუდა აქ. ყოველ დღე ხომ ვერ შევეხვეწები? მე იმისთვის ჩამოვედი, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს ვიყო ტყეში, ვიარო, დავისვენო“ - გავიფიქრე და ეზოდან გავედი.
ბილიკი იქვე, ორმოციოდე მეტრში იწყებოდა, გორაკს მიუყვებოდა და ნაძვნარ-ფიჭვნარში იკარგებოდა. ირგვლივ საოცარი სიმშვიდე სუფევდა. მზე ის-ის იყო ამოიწვერა და მისი ანცი სხივები თვალუწვდენელ ფიჭვებს კენწეროებს უკოცნიდნენ. ხეობაში ჩაწოლილი ნისლი ფეხაკრეფით მიიპარებოდა სადღაც. ჩიტების ჭიკჭიკი, ჩხიკვის დაჩხავლება, ჭრიჭინათა ჭრიჭინი საოცარ ჰარმონიას ჰმნიდა. ბილიკი ხან გორაკს მიუყვებოდა, ხან დაღმართს ჩაჰყვებოდა, ხან გაივაკებდა. აქა-იქ ხის ძელსკამები ჩაედგათ, მორებით ორიგინალური კიბეები მოეწყოთ, პატარა ბოგირების ქვეშ ნაკადული მილიკლიკებდა. მოხიბლული მივყვებოდი ბილიკს. მყუდროებას არაფერი მირღვევდა. აბასთუმანში უკვე მეორედ ვიყავი . შარშან სურდო გამირთულდა, ბრონხების ანთებაში გადამივიდა. ისე ვახველებდი, რომ მე კი არა, გარშემო მყოფებიც ძალიან წუხდებოდნენ. არანაირმა წამალმა არ მიშველა და ექიმმა დედას ჩემი წაყვანა აბასთუმანში  ურჩია.
- იმ ტყეში რა გაგაჩერებს? მოწყენილობისგან სული ამოგხდება. არანაირი გასართობი იქ არაა. სულ ბავშვები ან ავადმყოფი მოხუცები არიან ხოლმე. - მითხრეს მეგობრებმა, მაგრამ მე იმდენად გამაწამა ხველამ, მზად ვიყავი საერთოდ უკაცრიელ ადგილზეც კი მეცხოვრა, ოღონდ მშველებოდა. მართლაც, ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ხველამ იკლო და ათ დღეში, ჩემდა გასაოცრად, იშვიათად წამოვახველებდი ხოლმე. მე და დედა ძირითადად პარკში გავდიოდით. ტყეში სიარული უჭირდა, მარტო კი არ მიშვებდა, მაგრამ პარკშიც მშვენივრად ვისვენებდი. თვალუწდენელი ნაძვები და ფიჭვები, ზედ მძრომიალე ციყვები, ათასი ჯურის ფრინველების ჭიკჭიკი საოცრად მამშვიდებდა. დედამ იქაურ ექიმთანაც მიმიყვანა, ანალიზებიც გამაკეთებინა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, რომ პროფესორმა უთხრა: ყველაფერი ნორმაშია, ფილტვებიც სუფთა აქვს და ბრონხებიც, ოღონდ, თუ გინდათ თქვენი შვილი საბოლოოდ გამოჯანსაღდეს, მინიმუმ სამი წელი მაინც უნდა ატაროთ აბასთუმანშიო.
წელს დედამ ვერ მოახერხა წამოსვლა, მარტო გაშვებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. ძლივს დავიყოლიეთ დალი, რომ აბასთუმანში წამოსულიყო. ზღვაზე ერჩივნა.
- მთელი ზამთარი წამდაუწუმ რომ გემართებოდა სურდო, სულ რომ ქსუტუნებდი, წელსაც ისე გინდა? წამოდი აბასთუმანში და ნახავ, როგორ გაკაჟდები.
- ხო, შვილო, ხო. ზღვა კარგია, მაგრამ აბასთუმანი უფრო მოგიხდება. ცოტას მოიმატებ კიდეც, ჩხირივით რომ ხარ - უმტკიცებდა დედა.
როგორც იქნა, დავიყოლიეთ დალი და აი, ჩამოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, სულ ტყეში ვყოფილიყავით, გვევლო, გვევარჯიშა. ახლომახლო ღირსშესანიშნავი ადგილები დაგვეთვალიერებინა, მაგრამ უკვე ვგრძნობდი, დილით დალის წამოგდება ძალზედ ძნელი იქნებოდა და  მარტო უნდა მევლო.
ნელ-ნელა მივსეირნობდი. უცებ, რაღაც ხმაური შემომესმა. წინიდან სამი, ულამაზესი ცხენი მოდიოდა. ბილიკი იმდენად ვიწრო იყო, გვერდის ავლა გაგვიჭირდებოდა, ერთ მხარეს ციცაბო კლდე ეკვროდა, მეორე მხარეს კი ხრამი. შევჩერდით. მე მათი შემეშინდა, მათ - ჩემი. იქვე მდგარ ხეს ავეკარი. - მობრძანდით, ლამაზებო - ვუთხარი ცხენებს და გავინაბე. თითქოს გაიგესო, ნელი ნაბიჯით დაიძრნენ და ფრთხილად ჩამიარეს. ისეთი ლამაზები იყვნენ...ერთი თეთრი იყო, მეორე შავი შუბლზე თეთრი ლაქით, მესამე კი წაბლიფერი. ცხენები ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ ტყეში, პირისპირ შეხვედრისას მაინც შემეშინდა. როგორც კი ჩამიარეს, ფეხს აუჩქარეს და მალე თვალს მიეფარნენ. გზა გავაგრძელე. ცხენებზე ვფიქრობდი. როგორი ლამაზები, სრულყოფილები არიან, როგორი ერთგულები. ის იყო ავივაკე, რომ უეცრად, ქვემოდან მომავალი ორი ვაჟი შემომეფეთა. შევკრთი. - ახლა მჯერა, რომ სამოთხეში ვარ, აი, ანგელოზიც - სიცილით მიმართა ერთმა მეორეს - გამარჯობა, ანგელოზო - მომიბრუნდა მე.
- გამარჯობა - ჩავიბურტყუნე და გზის გაგრძელება ვცადე.
- სად გეჩქარებათ ქალიშვილო? გავიცნოთ ერთმანეთი. მე საბა მქვია, ჩემს მეგობარს კი - ლადო.
- ნუ შეაშინე, გაიწი, გაატარე - უთხრა მეორემ და თვითონაც კიდისკენ მიიწია.
- რატო ვაშინებ? - მხრები აიჩეჩა საბამ. - უბრალოდ, გაცნობა მინდოდა. ა, ქალბატონო, მიბრძანდით - მითხრა მან და გზა დამითმო.
- მადლობა - წავილუღლუღე მე და გზა გავაგრძელე.
კარგი ბიჭები ჩანდნენ. გარეგნულად ორივე მიმზიდველი იყო. მაღლები, ზომიერად დაკუნთულენები. ერთი ლურჯთვალა და ქერა იყო, მეორე მუქი წაბლისფერი თვალებითა და თმით. უკან არ მიმიხედავს. ვაი, თუ, ისინი უკან იყურებიან და რამე არ იფიქრონ-მეთქი.
ბინაში მთავარი გზით დავბრუნდი, კიდევ ვინმე რომ არ შემფეთებოდა.
დალის ჯერ კიდევ ეძინა. მოგვიანებით ვისაუზმეთ და პარკში გავედით. იქ სეირნობაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბილიკებით ტყეში სიარულს ვერ შეედრებოდა. ვისხედით ძელსკამებზე. იქვე, ცხენების პატრონები მსურველებს ასეირნებდნენ. ერთი ცხენი განსაკუთრებით ლამაზი იყო. შავი, მბზინავად შავი,  შუბლზე კი, გულის ფორმის თეთრი ნიშანი ჰქონდა.
- სიამოვნებით შევჯდებოდი იმ ცხენზე - ვუთხარი მზესუმზირის კნატა-კნუტით გართულ დალის.
- მჯდარხარ ოდესმე ცხენზე?
- არა.
- გაგიჟდი ნია? ახლა ცხენიდან ჩამოვარდნაღა გაკლია - მითხრა მან და თავი უკმაყოფილოდ მიაბრუნა.
- ნია, შეხედე, ის ბიჭები როგორ გვიყურებენ. - მუჯლუგუნი მკრა დალიმ.
მივიხედე. შორიახლო მდგარ სკამზე საბა და ლადო დამსხდარიყვნენ და ჩვენსკენ იყურებოდნენ, თან საბა აშკარად ჩვენზე ლაპარაკობდა.
- ამ დილით ტყეში შემხვდენენ და გამეცვნენ - ჩავიბურტყუნე უხალისოდ.
- მართლა? რატომ მეც არ წამოგყევი... შტერი ვარ რა - გაბრაზებით ჩაილაპარაკა დალიმ..
- რა პრობლემაა, გაიცნობ. ალბათ ისევ შევხვდებით.
- მე ახლა მინდოდა. - ჭირვეულად ჩაილაპარაკა მან.
თითქოს გაიგონეს დალის ნათქვამიო, ბიჭები წამოდგნენ და მოგვიახლოვდნენ. ლადო ფეხს ითრევდა.
- რა კარგია, ისევ რომ შეგხვდით. ახლა მაინც გავიცნოთ ერთმანეთი. მე საბა ვარ, ეს ლადო. მეგობრებიც ვართ და ერთი გუნდის კალათბურთელებიც.
- მე დალი ვარ, ეს კი ნიაა. კურსელები და დაქალები - გაუღიმა დალიმ და ხელი გაუწოდა.
- ცხენით გავისეირნოთ, არ გნებავთ? - შემოგვთავაზა საბამ.
- უჰ, მე არა. ცხენის მეშინია. აი, ნია კი ნატრობდა იმ ცხენით სეირნობას - შავ ცხენზე მიანიშნა დალიმ.
ლადო უცებ შებრუნდა. ცხენის პატრონთან მივიდა და საუბარი დაუწყო.
საბა დალის გვერდით დაჯდა. ლადომ ცხენი ახლოს მოიყვანა. -გთხოვთ-მითხრა ღიმილით. კი წამოვდექი და ცხენს მივუახლოვდი, მაგრამ მერე რა მექნა, არ ვიცოდი. ეტყობა ლადო მიხვდა, რომ ცხენზე არც კი ვმჯარვარ. - მარცხენა ფეხი უზანგში შედგით, მე დამეყრდენით და მარჯვენა უნაგირზე გადაატარეთ, მეორე უზანგი მოირგეთ, უნაგირის კეხს ხელი მოჰკიდეთ და გასწორდით. ნუ გეშინიათ, მე გაგყვებით გვერდით. სხვა დროს იქნებ შემშინებოდა და უკან დამეხია, მაგრამ არ მინდოდა ლადოს თვალში მშიშარა გამოვჩენილიყავი. მისი ინსტრუქციის მიხედვით უნაგირზე ავმხედრდი და უცებ თავი ძალიან ბედნიერად ვიგრძენი. ლადომ აღვირს ოდნავ მოქაჩა და დავიძარით. ქარიშხალა ჰქვია, მაგრამ ძალიან მშვიდიაო - მითხრა პატრონმა, არ შეგეშინდეთ. თუ გინდათ აღვირსაც მოგცემთ. - მითხრა მან.
- არა, ამ ჯერზე ასე იყოს - მეც გავუღიმე ვაჟს.  ის იყო, მოედანს ორჯერ ნელ-ნელა შემოვუარეთ, რომ ქარიშხალა პატრონთან გაჩერდა.
- რა ჭკვიანი ხარ - მოვეფერე ცხენს- დრო დამთავრდა ალბათ.
- თუ გნებავთ, ისევ გავაგრძელოთ - შემომთავაზა ლადომ.
- არა, მადლობა. დღეს მეყოფა
- თქვენი ნებაა. დასაწყისისთვის კარგია - გამიღიმა ვაჟმა და გადმოსვლაში დამეხმარა.
დალი და საბა ისე გართულიყვნენ საუბარში, ჩვენი მიახლოება არც კი შეუმჩნევიათ.
კარგა ხანს ვისაუბრეთ. უფრო მეტად დალი და საბა აქტიურობდნენ, ჩვენ ძირითადად ვუსმენდით.
- ხვალ დილით ისევ გამოხვალთ სასეირნოდ? - მკითხა ლადომ.
- აუცილებლად - ჩემს მაგივრად უპასუხა დალიმ. - ნამგზავრი რომ ვიყავი, დილით იმიტომ დამეზარა ადგომა. ხვალ მეც მოვდივარ.
- ძალიან კარგი, - გაუხარდა საბას - აბა, დილამდე.
- ჰე, ძილისგუდავ, არ დგები? - ჩამესმა დალის ხმა . თვალი ძლივს გავახილე. კარგად არც კი იყო გათენებული.
- რამ წამოგაგდო ამ ბინდბუნდში, ჯერ რა დროს გარეთ გასვლაა, დაწექი, კარგად გათენდეს და გავიდეთ. არსად გაგექცევა ეგ საბა - წავიბურტყუნე და საბანი თავზე გადავიფარე. ვინ გაცალა, ეგრევე გადამხადა და იმდენი ქნა,  წამომაგდო. მე ხელ-პირი ძლივს დავიბანე, დალის კი მაკიაჟი სრულყოფილად გაეკეთებინა.
ბილიკს ავყევით ფერდობისკენ და ვაჟებიც შეგვხვდნენ. იმ დღესაც ბევრი ვიარეთ. ხან რომელი ხის ძირში ჩამოვჯექით და ხან რომელი ხის ფესვზე, ვინ იცის. ბოლოს ისევ პარკში ამოვყავით თავი.
- დღეს არ გინდა ცხენით სეირნობა? - მკითხა ლადომ.
ქარიშხალა ისევ დინჯად დადიოდა წრეზე.
- მინდა, ოღონდ მე ვიხდი.
- ეს რა სალაპარაკოა? - გამიღიმა ლადომ. ცხენის პატრონთან მივიდა და რიგი მოიკავა.
- სანამ ჩვენი რიგი მოვა, ნაყინი ხომ არ მივირთვათ?
- კარგი იდეაა - წამოიძახა დალიმ.
- ასაწონი ნაყინი აქ არაა, ამას უნდა დავჯერდეთ - გვაუწყა საბამ და ბარამბოს ფირმის ნაყინი ჩამოგვირიგა.
სანამ  ნაყინს მივირთმევდით, ჩვენი რიგიც დადგა. უკვე დაუხმარებლად ავმხედრდი, მაგრამ აღვირის გამორთმევის მაინც მეშინოდა.
- ნუ გეშინიათ, ეს ცხენები ისე არიან გაწვრთნილები, ძალიანაც რომ გინდოდეთ, ამ ბილიკზე ფეხს არ ააჩქარებენ - გამამხნევა ლადომ  - მეც გვერდით გამოგყვებით.
ამ შეთავაზებით გულმოცემულმა აღვირი გამოვართვი და დავიძარით. ლადო მართლაც გვერდით გამოგვყვა. ისეთი სიამოვნება იყო ცხენზე ჯდომა, რომ როცა ქარიშხალა შეჩერდა ორი წრის შემდეგ, ჩამოსვლა არ მინდოდა.
- მეორე სეანსიც თქვენია - გამიღიმა ლადომ.
- მადლობა, ახლა ნუ გამომყვებით, უკვე აღარ მეშინია.
- ყოჩაღი გოგო ბრძანდებით - ისევ გამიღიმა ლადომ და იქვე ხეს მიეყრდნო.
საკმაოდ თავდაჯერებულად ვიჯექი ცხენზე. მადლობელი ვიყავი ლადოსი, რომ შიში დამაძლევინა. როგორც კი ქარიშხალა გაჩერდა, ლადოს არ დავლოდებივარ, ჩემით მოვახერხე ჩამოქვეითება.
- სულ ცოტაც და გამოცდილი მხედარი იქნებით - გამიღიმა მოახლოებულმა ლადომ. დალის და საბას არც კი შეუმჩნევიათ ჩვენი მიახლოება, ერთმანეთს უყურებდნენ და  გულიანად იცინოდნენ.
- რას გადაყევი ამ ცხენს, მისი სუნი აგდის - ცხვირაბზუებით მითხრა დაქალმა, როცა გვერდით მივუჯექი.  მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე, წამოვდექი და აღმართს ავუყევი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები