ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ივნისი, 2025


●●●( მზიანეთი )

...და აი, ქვეყანაში  დადგა დრო კიდევ უფრო მეტი დამნაშავის აღმოსაჩენი საშუალების მოძებნისა.
თუმცა, საძებარიც რა იყო? კანონი და მისი ჯანი!

განა ვინმეს სურდა ასეთი კანონის მიღება და მისი დაუმორჩილებლობისთვის ციხეში ადამიანების ჩაყრა? გარემოებები აიძულებდა.

მოქალაქეებზე მეტი ზრუნვა ვერ იქნებოდა  ახლა სახელმწიფოს პრიორიტეტი, ისედაც რა უჭირდათ ამ მზიანეთში?!
რომ არა ათასი ჯურის აგენტი, რომელიც ებრძოდა  და ძირს უთხრიდა კეთილშობილთა პარტიას, რომელიც მას მართავდა. ებრძოდა შიგნიდან, თუ გარედან. თითქმის ყველა მეზობელი, თუ არამეზობელი.

განა რას უშლიდა სხვებს ეს პატარა სახელმწიფო,  მცირერიცხოვანი მოსახლეობით და მწირი შესაძლებლობებით?
ვის აუმღვრევდნენ წყალს, გაცხადებული მშვიდობის მტრედები?
მაგრამ ბნელეთის მოციქულებს თვალს სჭრიდა ამ პატარა ქვეყნის ბრწყინვალება, გასაოცარი დემოკრატია და უმწიკვლო  სამართალი.
ჰა და ჰა თანასწორობამდეც მივიდოდნენ, რომ არა ამდენი მტერი.

შური და ბოღმა გაბრმავებთ, მეგობრებო! - უნდოდათ ეთქვათ ომახიანად, ორ ფეხზე დგომით და ღირსებით მაღალი ტრიბუნებიდან. თუმცა, გადაწყვიტეს არაფერი ეთქვათ, რადგან
არავისთვის არაფერი ჰქონდათ დასამტკიცებელი.

როცა ყველა რადიკალი ჩააყუდეს, პრევენციაზეც დაფიქრდნენ.
ხომ შეიძლება რადიკალიზმის მარცვალი კიდევ ვინმეს გაღვივებოდა გულსა და გონებაში?
სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ახალი კანონი.  რაც  საშუალებას მისცემდა დაენახათ მოქალაქეთა ერთგულება, მორჩილება და გნებავთ სამშობლოს სიყვარული .
ქვეყანა და კეთილშობილთა პარტია ხომ ერთი იყო!

ამიტომაც გადაწყვიტეს, დაწერეს, წარადგინეს და ერთხმად მიიღეს:
ყველა , ვინც ემხრობა ხელისუფლებას და მის ურყევ კურსს, ცალი თვალი  მოხუჭოს და ისე იაროს. 
და რომ ეს თვალი უნდა იყოს მარჯვენა.

მოქალაქის მარჯვენა თვალი ხომ ისედაც ხელისუფალია.
მუდამ ფხიზელი, მშვიდობის სადარაჯოზე მდომი და  გლობალურ ბოროტებაში კენტ სიკეთედ მოდრეიფე.

გარდა იმისა, რომ სამართლიანი იყო, კანონს გენიალურობასაც უწინასწარმეტყველებდნენ.  მათი გათვლებით ნელ დუღილზე მყოფი ეკონომიკა კვლავ ამოდუღდებოდა, გაიხსნებოდა: ცალმხრივ ფაბრიკები, თვალის ასახვევი ჭინჭებისთვის, მეორემხრივ ქარხნები, ახალი ციხეებისთვის რკინა-ბეტონის, თუ ცემენტის დასამზადებლად. დასაქმდება ხალხი და ქვეყანა აყვავდება : -
ერთგულთათვის აყვავილდება,
დანარჩენებისთვის კი, ჭეშმარიტად აყვავდება და დასჩხავლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები