შენ შემოდიხარ როგორც არილი საძინებელში შემოპარული, სიცარიელეს ავსებ, სულის სიღრმეში რაღაც შეირხა, მოვედ სალბუნად ხელთა, შეშლილთა, შემოარღვიე გარსი.
ერთი-ღა დამრჩი, არსად წახვიდე და მდინარეში შევალ ახლიდან, ნაკლული ნეკნი ღმუის, ნეკი-ნეკისა, - შერიგებისა, მადლი მოიღე, - შესაგებელი ლოცვანათევი ღამის.
კარი განმიღე შეყვარებისა, სისავსის ბნელთან შედარებისას ამჯერად ვირჩევ სავსეს. ცხოვრება როგორც ლურჯი ფრინველი ვერ მოვიხელთე. გულთამხილველო, ნუ წარმიკვეთავ სასოს.
უცნაურია, მაგრამ აქამდე ვით სახადი ან გადასახადი რაღაც მიშლიდა სუნთქვას, სიტყვას დაიჭერს ზოგჯერ ქამანდიც თუკი ეს სიტყვა ქანაანამდე დიდი ხნით ადრე ითქვა.
ყურნი განვიხვნე, კარნი განვაღე, ჰო-და, მითხარი, აიარაღე ის ერთადერთი სიტყვა. თუ ვინმე მკითხავს, რას ვგულისხმობდი, ვეტყვი ჩამოჯდეს, თავი მომადოს, გავუმეორებ, - მიყვარს.
ისე ნუ წავალ, ისე ნუ წავალ, ვერ მოვეწიო ლოცვის მოსავალს ქარწაღებული ფეტვი. გამომაცილე სცენის ფარსიდან, საკმარისია, ჩემი არსი და ჩემი გული რაც ვფანტე.
05.11.2025
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ლოცვაა :) 5ქ ლოცვაა :) 5ქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|