ნაწარმოებები


ვუსამძიმრებთ ყოველ ქართველს, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალებას     * * *         * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დ. /
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 მარტი, 2026


მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი

"მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი"

  დილის 9 საათი იყო, როცა ავლაბრის მეტროსთან მივედით. მეტროდან იწყებოდა ხალხის უწყვეტი ნაკადი და მათ შევუერთდით ჩვენც.
  ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით სამებისკენ მიმავალ ჩიხს. თავდახრით გვეგებებოდნენ  დაბზარულჩუქურთმებიანი, ხის ფანჯრიანი ძველი თბილისის სახლები. ფართოდ შეეღოთ დარაბები და პატარა გოგო-ბიჭები ხალისითა და ღიმილით გაყვიროდნენ: "ვის უნდა წყალი?", "გადაეცით!", "გადააწოდეთ!" აივნიდან ჩამოწვდილ  ბაწარმობმულ პარკებში  ცარიელ ბოთლებს აწყობინებდნენ, წყლით ავსებდნენ და უკან უბრუნებდნენ.
  ზოგიერთი  ბოთლებს პირდაპირ ისვროდა აივნიდან, რასაც ქალების ხოხოლა მოყვებოდა ხოლმე: "ნუ ისვრით!, "თავში არავის მოხვდეს!" "აღარ გვწყურია!".. "შენ არ გწყურია, სხვას სწყურია!" -მოყვებოდა ხალისიანი პასუხი.
    ასე წვეთ_წვეთად ილეოდა დრო, გზის ნახევარიც არ გაგვევლო, როცა მზემ ძალიან დააცხუნა. ჰაერი ჩაიხუთა. უკვე ხშირ-ხშირად მოისმოდა: "ექიმი!", "სასწრაფო!"... ახალგაზრდა ექიმი წითელჯვრიანი  ოთხკუთხა ყუთით ხელში შეუჩერებლად გადადიოდა ხალხის ერთი ნაკადიდან მეორეში და დაუღალავი ღიმილით, შემართებით აფხიზლებდა, ფეხზე აყენებდა უჰაერობისა და  სიცხისაგან გათანგულ მოხუცსა თუ ახალგაზრდას.
  ჩვენს წინ სასულიერო პირი  უკვე რამოდენიმე საათია მორჩილად მიყვებოდა ხალხს, ერის სულიერ მამასთან მიმავალ გზაზე.
  "ნეტავ ნაკურთხი წყალი გვასხუროს ვინმემ!", "წყალი გადმოგვასხით წყალი" - მოუწოდებდნენ აივანზე მდგომ ავლაბრელებს. სად იყო და სად არა მოწმენდილ ცაზე აქა-იქ გაფანტული ღრუბელი ერთად შეგროვდა და მოხდა სასწაული, მზიანი ციდან წამოვიდა შხაპუნა წვიმა.
  "დაილოცოს ღმერთის სახელი!", "დიდება უფალს!", "იქიდანაც გვიაფარავს ჩვენი პატრიარქი!"- ისმოდა ხალხის შეძახილი. ნახევარი საათი წვიმდა, მერე გადაიღო, მაგრამ ძველი აღთქმის ღრუბლის მსგავსად სამებისკენ მიმავალ გზაზე შებინდებამდე გვაგრილობდა.
    საღამოს 8 იყო , როცა მივუახლოვდით ეკლესიის კარიბჭეს, ასეთი დიდებული სამება არასდროს მენახა,  ბუმბერაზივით აღმართულიყო და ამაყად გადმოჰყურებს შავი ლანდებით მოჭედილი ეზოს...  კიდევ რამდენიმე საათი და ეკლესიაშიც შევედით. სწრაფი ნაბიჯებით ჩავუარეთ და წამის მეასედში თვალი მოვკარით მინავლულ სხეულს, როგორც ყვავილებში ჩაფლულ სამშობლოს, რომელიც ლაზარეს მსგავსად მდაბალი და დაწუნებული მოელოდა აღდგომის დღეს.. აღდგომა კი ქართველი ერისათვის ასე ახლოს არასდროს ყოფილა..
  ზღვასავით ხალხი კი კვლავ ულევ ნაკადად აგრძელებდა ტაძრისკენ სვლას, საათობით მორჩილად ელოდა გამომშვიდობების წამს, რომელიც ძალიან ჰგავდა მარადისობას...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები