ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2009


ორეულს

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ
და შეძახილი:-დროზე შეჩერდით!-
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...

ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...

შენ მე მაწამებ,მე შენ გაწამებ,
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...

ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,
მე რომ ვმაღლდები,შენ რად ეცემი?
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?

და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები