ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2008


ხამსა და კოკაკოლა

  ხამსა  და  კოკა-კოლა

                                                                                                                                  ვუძღვნი ქუთაისელ ძმაკაცებს
             
                                                        ხამსა
                                         
    თითქმის მეცხრე წელია საქართველოს დამოუკოდებლობის გამოცხადებიდან გასული, ქ. ქუთაისი კი ელოდება დამოუკიდებელ შუქს, დამოუკიდებელ გაზს, დამოუკიდებელ წყალს, დამოუკიდებელ სამსახურს, მას კი ისე აგვიანდება, გეგონება ქუთაისლებს ერთხელ ისე შეეშალათ დამოუკიდებლობასთან, ეხლა უკვე მისასვლელი  პირი აღარ ააქვთო. ბედს შეგუებული “დამნაშავე” ქუთაისლები კი მოთმინებით ელოდებიან “სასჯელის” გასვლის ვადას, არადა ვადას არ ეუბნებიან “დამნაშავეებს?!” ერთმანეთში კი ჩუმად, ისე რომ დამოუკიდებლობამ არ გაიგონოს იძახიან: - გონია სიმონ “პაჟიზნენი” გაგვიჩალიჩესო.
    ჰოდა, "სასჯელ-მისჯილი"  ნოემბრის ერთ საღამოს, თავად არჩილ სერაპიონის ძე ნიჟარაძის ოჯახში, ვაჟიშვილ, ისიც არჩილ არჩილის ძე ნიჟარაძის სამეგობრო შეკრებილიყო.
    ორმოცდახუთ წელს გადაცილებული უმცროსი არჩილ ნიჟარაძე, რომელსაც მოფერებით აჩუნიას ეძახდნენ, ჯერ კიდევ არ აპირებდა დაცოლშვილებას, ამიტომ, საზრუნავი და საფიქრალი მხოლოს ერთი ჰქონდა, ვინმე გაეშაყირებინა, ფული ეშოვნა და სამეგობრო – სამეზობლოსთან ექეიფა. ამ ხასიათის გამო აჩუნიასთან მეგობრობა ბევრს უნდოდა, თვითონაც არავის უარს არ ეუბნებოდა. მის საძინებელ ოთახში, რომელიც ალბათ ათი კვადრატული თუ იქნებოდა, ხშირად ნახავდით დაძინებულ აჩუნიას და ნარდის ან კარტის მოთამაშე ამხანაგებს. მოკლედ აჩუნია მარტო არასდროს  იძინებდა და არასდროს  იღვიძებდა. ყველას სიამოვნებდა შაყირის დიდოსტატთან ურთიერთობა. აჩუნიას შემოსავლის წყარო ქიმწმენდის საამქრო იყო, რომელიც კომუნისტების დროს ქალაქის ცენტრალურ ადგილზე, “ბალახვანში” გახსნა არჩილმა. ეს იყო ქუთაისის პირველი “ხიმჩისტკა”, რომელიც იმდენს უტოვებდა რომ არჩილი იმ ავად სახსენებელ დროს, ყოველდღე ოთხ-ხუთ კაცს პატიჟებდა ქუთაისის ნებისმიერ რესტორანში. ეხლა კი, ახალი მთავრობის დროს, ვინმე იმერეთის გუბერნატორმა ბეშიაშვილმა, არჩილს საამქრო გაუუქმა იმ მოტივით რომ ისტორიულ ადგილზეაო. შეეგუა აჩუნია დამოუკიდებელი გუბერნატორის ბრძანებას და “ბალახვანის ხიმჩისტკა” გადმოიტანა საკუთარ სახლში, ეკლესიის მახლობლად. ეს ერთადერთი ეკლესია იყო ქრისტიანულ სამყაროში, სადაც მოციქულთთავი პეტრეს გვარი, რომელიც არც მათემ, არც ლუკამ, არც იოანემ და მარკოზმა არ იცოდნენ, ანდა იცოდნენ და დაგვიმალეს, ქუთაისლებმა  აღმოაჩინეს! ეს მსოფლიო ისტორიული აღმოჩენა, თავიანთი თავმდაბლობის გამო უბრალოდ არ გაახმაურეს, იცოდნენ რომ ადრე თუ გვიან ქრისტიანული სამყარო არ დაუვიწყებდა ამ ღვაწლს ქუთაისლებს! მოკლედ, ბევრი რომ არ გაწვალოთ, წმინდა პეტრეს გვარი ყოფილა პავლოვი! ასე ეძახიან ქუთაისლები წმინდა პეტრე- პავლეს საკათედრო ტაძარს, “პეტრე პავლოვის” ეკლესიას. უნდა აღინიშნოს რომ ფიზიოლოგ პავლოვის გვართან ნათესაური კავშირი არ დასტურდება!
    გადმოიტანა ხმამაღალი ნათქვამია, წამოიღო არჩილმა “ხიმჩისტკის” ოცდახუთწლიანი გამოცდილება, მანქანა- დანადგარები კი გუბერნატორს დაუტოვა. სახლში აკითხავდნენ არჩილს “უხიმჩისტკოდ” დარჩენილი ქუთაისლები. არჩილიც არ ამადლიდა მის მრავალწლიან გამოცდილებას. შხამ- ქიმიკატების გარეშე დარჩენილმა, აღმოჩენაბსაც კი მიაგნო, ასე მაგალითად:  თუ პიჯაკი ან ლაბადა დასვრილი იყო ცხიმით, არჩილს ის მისი ეზოს ადესის ძმრით  ამოჰყავდა, ხოლო ძვირფასიან “დუბლიონკას”, სოფელ გვიშტიბის ნივრიანი წყლით წმენდდა, ნიორს იქვე “პიანი” ბაზარში, ნაცნობი გვიშტიბელი გლეხისგან ყიდულობდა კილოს ლარნახევრად, მერე ამას ყველაფერს კარგად გარეცხავდა სუნი რომ არ დარჩენილიყო და საიდუმლო ფორმულას არ მიმხვდარიყვნენ, გააუთოვებდა ნახშირის უთოთი და ტანსაცმელი ახალივით იყო. კმაყოფილი იყო კლიენტი, კმაყოფილი იყო არჩილიც. მართალია ისე როგორც უწინ რესტორანში ვეღარ დადიოდა, ვერც ფილტრიან სიგარეტს ეწეოდა მაგრამ უფრო გემრიელი იყო ასე ნაშოვნი ფული, ვინაიდან ასე უნდა გამოესწორებინა შერცხვენილი პირი დამოუკიდებლობასთან.
იმ საღამოსაც აჩუს ნაშოვნი დამოუკიდებელი შვიდი ლარით სუფრა იყო გაშლილი. ეყიდათ “პიანი” ბაზარში სამ ლიტრიანი “ბანკით”, უწინ საკამპოტედ რომ ხმარობდნენ ქუთაისლები, გაურკვეველი ხილისგან გამოხდილი არაყი ლიტრა ლარად, სამი ცალი შავი პური, ოთხი ბოთლი  ქუთაისური ლუდი “აია”, რომელსაც საფრანგეთში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ლუდის კონკურსში და საბუთიც ჰქონდა ჩამოტანილი, ნამდვილად რომ იყო კონკურსის მონაწილე.
მართალია ლუდი “აია” ნახმარ ლიმონათის და ბორჯომის კარგად გამორეცხილ მწვანე ბოთლებში ესხა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო რომ ქუთაისურმა ლუდმა, პირველი ნაბიჯი გადადგა ველური კაპიტალისტური ბაზრის, პროფესიონალ ლუდებთან შესარკინებლად და ამიტომ გამბედაობას უქებდნენ გულშემატკივარი ქუთაისლები!
ეს სასიხარულო ამბავი ქუთაისის რადიომ “დამოუკიდებელმა თეთრ ქვებმა” (ასე ერქვა რადის, ვითომ მანამდე რიონის ქვები რამეზე იყო დამოკიდებული) ახარა ქუთაისლებს.
გაბრაზებული დამო(უ)კიდებლობის, ცენტრალური ასო “უ”-ს, “ურაზე” გადასვლის შედეგად, უწყალდენ-უგაზუფულოდ დარჩენილი ქუთაისლებისთვის რადიო “დამოუკიდებელი თეთრი ქვები” იყო ერთადერთი საშუალება, რომელიც ყოველდღე  გადმოსცემდა ქალაქის ცხელ ამბებს და გუბერნატორ ბეშიაშვილის სწავლებას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ქუთაისლებმა ისე რომ პარიზის მოსახლეობას გადაუსწრონ ცხოვრების დონით.
- ეხლა ჩვენ უკვე დამოუკიდებლები ვართ და მის განსამტკიცებლად აუცილებელია რომ ქუთაისი და პარიზი დავამეგობროთ! – ისმოდა რადიოდან გუბერნატორის ხმა. ეტყობა ბეშიაშვილმა იტვირთა წლობით წაჩხუბებული ქუთაისლების და პარიზელების შერიგება. – ამისათვის მე გამოვეცი ბრძანება და დღეიდან დანიშნულია “ЛАЗ”- ის ტიპის კომფორტული ავტობუსი, ქუთაისი- პარიზი, სანომრე  ნიშნით КУТ-793 რომელიც გავა ჯაჭვის ხიდის ავტოსადგურიდან, ყოველ კვირას, დღის 12 საათზე. სამამულო ომის ვეტერანები ისარგებლებენ ფასდაკლებით. – ახარა ბეშიაშვილმა რადიოს მსმენელებს.
ფეხზე ამდგარი ტაშის კვრით შეხვდნენ აჩუნია ნიჟარაძე და მისი სამეგობრო ამ ნანატრ და სასიხარულო ამბავს.
- ე ბიჭო! ოუწიე ცოტა ხმას, არ მესმის! – თქვა “კერასინკაზე” თითქმის გადამჯდარმა გია კოსტავამ, რომელიც რაღაც ხასიათზე არ იყო იმის გამო რომ ბაზრობაზე სამ ლარად ძლივს გაყიდა შპაგა, რომლითაც საქართველოს პირველობა ჰქონდა მოგებული ფარიკაობაში.
- რა ოუწიო, ხო დაჯდება მერე ბატარეიები! – გაუბრაზდა არჩილი.
- თუ დაჯდება გიყიდი, რა მოხდა! – უთხრა უშპაგოდ დარჩენილმა მოფარიკავე საქართველოს ჩემპიონმა.
- რას მიყიდი შე ჩემა, ამაში ექვსი ცალი ბატარეია მიდის!
- ექვსი რა ამბავია? – თქვა ელექტრო რადიატორზე ისე ჩამომჯდარმა ვანიჩკა კაპანაძემ, გეგონებოდა ბოლოს დენი რომ იყო ქუთაისში და როდის იყო არავის ახსოვდა, ვითომ რადიატორს სითბო ჰქონდა დარჩენილი და საჯდომს ითბობდა.
- ხო, ექვსი ბატარეია მიდის. – მხარი დაუჭირა მიშა ჩერგელაშვილმა, რომელიც გულმოდგინედ ცდილობდა სამლიტრიანი “ბანკიდან” უდანაკარგოდ არყის ჩამოსხმას.
- ეს ბიჭო, იცი რა რადიოა? არჩილ სერაპიონიჩი დააჯილდოვა ამ “სპიდოლა” რადიოთი შ.ს.ს. მინისტრმა სპეც ოპერაციისთვის “დოტოგო”სანამ უბნის რწმუნებული გახდებოდა – აჩუნიამ გრძელ მაგრამ სწორ ცხვირში შეიქსუტუნა და “სერბერნარივით” თვალები გადაავლო სამეგობროს, ყველა მიხვდა რომ შაყირობდა.
- ეს რომელი სპეც ოპერაციისთვის, - გაღიმებულმა უთხრა ვანიჩკა კაპანაძემ, - ლიონკა პანტელეევი რომ დეიჭირა სერაპიონიჩმა თავისი ბანდით ლენინგრადში?
- “შერლოკ ჰოლმსა” ბიჭო რისი დამჭერი იყო, კუილს ვერ იჭერდა ტრაკში! – ჩაერია ჯანსუღ გიგიაძე. - ლიონკა პანტელეევი კი არა, ბაზარში გლეხისთვის წართმეულ ინდაურს ვერ იჭერდა ისე რომ კუდი არ გამოჩენოდა შინელიდან.
    არჩილ სერაპიონიჩს ქუთაისლებმა “შერლოკ ჰოლმსი”იმიტომ შეარქვეს რომ ქუთაისის ერთ უბანში სადაც ის უბნის რწმუნებულად მუშაობდა, მცდელობა მოხდა გარაჟის გატეხვის. მივიდა სერაპიონიჩი თავისი “კალიასკიანი” მოტოციკლეტით დანაშაულის ადგილზე, კარგად დაათვალიერა გამადიდებელი შუშით, მერე დაფიქრდა და დედუქციის მეთოდით დასკვნა გააკეთა: - “გარაჟი რომ გაეტეხათ, აუცილებლად მოიპარავდნენ მანქანასო!” ამ დასკვნით გაოცებულმა ქუთაისლებმა, ყველაზე დიდი გამომძიებლის, შერლოკ ჰოლმსის სახელი შეარქვეს მის საპატივსაცემოდ.
- არა, არა, მართლა სერაპიონიჩს მისცეს მილიციაში. – არ ტყდებოდა აჩუნია.
- ჰოდა, მიტო გვიყვება საშინელ ამბებს, რადიოა თუ მილიციის მორიგე! ამდენი მოკლეს! ამდენი დაჭრეს! ამდენი დააყაჩაღეს! – გაიკვირვა გია კუხიანიძემ.
- ჰე ახლა, არ გევიკეთოთ თითო შუშა? – იკითხა აჩუნიამ.
- კი გევიკეთოთ. – წაიკრუტუნა კუთხეში ჩაცუცქულმა და იღლიაში “ბროგჰაუზ ე' ფრონის”ენციკლოპედიის 67-ე ტომ ამოჩრილმა მერაბ ურუშაძემ, რომელსაც ბიჭები სიგამხდრის გამო “ტარანჩიკას” ეძახდნენ.
    “ტარანჩიკა” ექიმი იყო მანამ, სანამ ღვინომ არ სძლია. სახლიდან გასაყიდი რომ აღარაფერი  დარჩა, ისეთ ბიზნესს მიაგნო რომ საქართველოს ყველა ბიზნესმენს შეშურდებოდა. “ბროგჰაუზ ე' ფრონის” უმაღლესი ხარისხის ცარცის ფურცლებს ჰყიდდა მზესუმზირის გამყიდველებზე, ფურცელს ერთ თეთრად. ქუთაისის ყველა “მესემიჩკე” ყიდულობდა ათ ფურცელს მაინც, მერე ამ ფულით “პიანი” ბაზარში ისე გამოთვრებოდა არყით რომ ბაზრის ტვირთის გადასაზიდი კაჭკით მიჰყავდათ სახლში.(აბა “‘ბროგჰაუზ ე' ფრონის” უნიკალურ ენციკლობედიას აღარავინ ყიდულობდა დამოუკიდებელ ქუთაისში და რა ექნა?)
    ყველამ გადაკრა თითო ჭიქა არაყი. ზოგი წყალს ეცა, ზოგი ლუდს, ზოგიც პურს. ვერ გაარკვიეს რისი არაყი იყო.
- არაყი კი არა “ბაბასილია”! – დაასკვნეს ბოლოს.
- არჩილ, არჩილ! – შემოესმათ ეზოდან ხმა. აჩუნიამ გარეთ გაიხედა. ეზოში ანაფორიანი. "ბატარეა" მომარჯვებული კაცი მოდიოდა.
- მოდი, მოდი მამაო. – შემოიპატიჟა არჩილმა მისი კლასელი მამა საკო. საკოს იმიტომ ეძახდნენ რომ საკანდელიძე იყო გვარად. – სად იყავი მამაო? – ჰკითხა აჩუმ.
- მაიაკოვსკიდან მოვდივარ, მიცვალებულს აუგე წესი. – უპასუხა მღვდელმა.
- სუფრა გვიკურთხე მამაო. – ღიმილით სთხოვა არჩილმა.
მამაომ სუფრას ჯვარი გადაწერა.
- ერთ ჭიქას ხომ დალევ?- მიაწოდა ჭიქა მასპინძელმა. მამა საკომ ჭიქა გამოართვა.
- ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა! – თქვა და ოდნავ მოსვა. – რა უცნაური ხალხი ვართ ქართველები. – დაიწყო მოყოლა მამაომ. – კაცო, ოჯახის უფროსი გარდაცვლილიყო, ცხრა მთას იქეთ იყოს და შვილებმა წამიყვანეს წასის ასაგებად.გაგიხარდებოდა კაცს ისეთი მოვლილი სახლ-კარი და უშველებელი ვენახი ჰქონდათ. რომ გავაპატიოსნე და მოვრჩი ჩემს საქმეს მიცვალებულთან სკამზე ვენახის შესაწამლი მანქანა შევამჩნიე, ისე იყო გაპრიალებული “შკურკით”, ოქროსი გეგონებოდა. ეს რატომ დევს მიცვალებულთან თქვა ვიკითხე, მაგი მამაო, უყვარდა მამაჩვენს, მევენახე კაცი იყო და ძალიან გთხოვთ ეგებ გვიკურთხოთ, საფლავში გვინდა ჩავატანოთო. რას ლაპარაკობთ თქვენ?! ვის გაუგია ვენახის შესაწამლი მანქანის კურთხევა თქვა უთხარი.
- მერე, მერე? – შეეკითხნენ ამბის მოსმენით გაოცებული ბიჭები.
- რა მერე? მაგას მოუკლია მამათქვენი და მაგი გინდათ საფლავში ჩაატანოთ თქვა?
სიცილით შეწუხებული ასკდებოდნენ ბიჭები ერთმანეთს. ვანიჩკა კაპანაძე ისე გადმოვარდა რადიატორიდან და მაგიდას დაეჯახა თავით, მიშა ჩერგელაშვილს რომ არ ეყოჩაღა, იმ სამლიტრიანი “ბანკიდან” გრამი აღარ დარჩებოდა. თავის გატეხვა მერე გენახათ “ბანკა” რომ გატეხილიყო. გადარჩა ვანიჩკა სიკვდილს.
    როგორც იქნა დაამთავრა ქუთაისის დამოუკიდებელმა რადიო “ თეთრმა ქვებმა” გულისშემაწუხებელი საინფორმაციო ამბების მოყოლა.
    აჩუნიამ "ლამპას" აუწია და ხმამაღლა გამოაცხადა.  - ეხლა იწყება ჩემი წამება!
- რატომ ბიჭო? – შეეკითხნენ ბიჭები.
- რატო და მოუსმინეთ რადიოს და მიხვდებით. – უპასუხა არჩილმა.
რადიომ დაწყო თანამედროვე მუსიკის დაკვრა, უკრავდა მეტალოპლასტმას- ელექტრო-რეპ-ჰიპ-ჰოპ სტილს, ქუთაისური როკ-ბანდის “LIP-HOთ” “ცხელი ტუჩის შესრულებით.შემდეგ გადავიდა საზღვარგარეთის, იგივე სტილის მიმდინარეობის  ანსამბლებზე, თანაც უნდა გამოგეცნო, თუ რომელი ანსამბლის ბასს-გიტარისტს გაუწყდა “სტრუნა’ ან რომელი ფირმის “მაიკა” ეცვა ჰიპ-ჰოპის ძალიან მაგარ შემსრულებელს. თუ გამოიცნობდი, რადიო “დამოუკიდებელი თეთრი ქვები” გაჯილდოვებდა ორი ბოთლი “აია”-ს ლუდით, რომელსაც პარიზში ჰქონდა კონკუსში მონაწილეობა მიღებული.
-ჰე, აპა უპასუხეთ! - ნიშნის მოგებით თქვა აჩუნიამ.
- ბიჭო, რაცხა ნორმალური შეგვეკითხონ და რატომ არ უპასუხებთ! – თქვა
ნორმალური კითხვის პასუხის გაცემაში დარწმუნებულმა, ლენინგრადში
ექიმად ნამუშევარმა და ეხლა უმუშევარმა ვანიჩკა კაპანაძემ. ნიჟარაძეების  რკინის ციფერბლატიანმა, შავმა ებონიტის ტელეფონმა ზარი დარეკა,

- დიახ, გისმენთ! - უპასუხა არჩილმა. - ჩვენ დამოუკიდებელი რადიო “თეთრი ქვებიდან” გაწუხებთ, - გაისმა ყურმილიდან.
- გისმმენთ ჩემო ბატონო! - გაიმეორა არჩილმა.
- რადიო პრიზებს ათამაშებს და თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მონაწილეობა
მიიღოთ. - გაისმა ისევ ყურმილიდან.
- კი ბატონო! - დაეთანხმა არჩილი. - ჩემი ტელეფონი ვინ მოგცათ? - ლოგიკურ-ზრდილობიანი კითხვა დასვა აბონენტმა.
- ჩვენ ნებისმიერ ნომერზე ვრეკავთ და თუ სურვილს გამოთქვამენ გათამაშებაში მონაწილეობაზე, იმ შემთხვევაში ვუსვამთ კითხვას. შეგიძლიათ არ მიიღოთ მონაწილეობა. - აუხსნეს არჩილს.
- არა, არა! მივიღებ მონაწილეობას. – ლოგიკურ-ზრდილობიანი პასუხით დაკმაყოფილებული დათანხმდა აჩუნია.
- თქვენი გვარი?- გაისმა ყურმილიდან.
- არჩილ არჩილის-ძე ნიჟარაძე! - ამაყად უპასუხა აჩუნიამ. რადიოს ოპერატორმა გვარი ჩაიწერა, შემდეგ კი კითხვა  დსვა: - რა გვარი იყო ვლადიმერ ილიას-ძე ლენინის მეუღლე?
- ნადეჟდა კრუპსკაია! - დაუფიქრებლად უპასუხა აჩუნიამ.
- გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ! - იყო ოპერატორის პასუხი. ხვალ დილით 10 –საათზე წამოიღეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მობრძანდით რადიოში პრიზის გადმოსაცემად.
- უკაცრავად, უკაცრავად, რა პრიზი მოვიგე შეიძლება გავიგო?- შეეკითხა აჩუნია.
- როგარ არა, ძვირფასიანი არ არის, მაგრამ პრიზია მაინც. - უპასუხა რადიოს
ოპერატორმა.
- რა თქმა უნდა. - გაამხნევა იაფფასიანი პრიზით შეწუხებული ოპერატორი არჩილმა.
- თქვენ მოიგეთ ერთი კილო ხამსა! - იყო პასუხი რადიოდან. კარგად ბრძანდებოდეთ!
- აჩუნია რა მოხდა? - შეეკითხნენ ბიჭები.
- რა და ხამსა მევიგე სიმონ!
- რა ხამსა, რის ხამსა? - ვერ გაერკვნენ ბიჭები რაში იყო საქმე. აჩუნიამ მოყვა, თუ როგორ გახდა ერთი კილო ხამსას მფლობელი.
- მაგ კითხვას მეც ქე უპასუხებდი. _ თქვა გია ბოჭორიშვილმა, რომელსაც აჩუნია წრიპინიას ეძახდა.
- წრიპინია რას გეტყვი იცი? შენ რაფერ უპასუხებდი ბიჭო, დედაშენის გვარი არ იცი შე შობელძაღლო!  ამ დროს კიდევ ერთი სტუმარი შემოემატათ.
- ბიქტორიჩს გაუმარჯოს! - მიესალმნენ ბიჭები. ბიქტორიჩი ავტო-სკოლაში მუშაობდა მართვის მასწავლებლად და ეტყობოდა რომ ვიღაც კლიენტმა იმდენი ფული მისცა რომ ძლივს ეყო მსუბუქად ქანაობისთვის.
  აჩუნია ცოტა გაბრაზებული იყო ბიქტორიჩზე. ამას წინათ არ დაუჯერა და ისე დათვრა არჩილთან რომ ცოტა თავი შეირცხვინა, სკამზე ჩამოძინებულმა შარდი ვერ შეიკავა, ამიტომ დაბრძანდიო არ სთავაზობდა აჩუნია.
- ბიქტორიჩ, დაბრძანდით! – შესთავაზა ვანიჩკა კაპანაძემ. ბიქტორიჩი არ ჯდებოდა და აგრძელებდა მსუბუქ ქანაობას.
- ბიქტორიჩ დაბრძანდით! – ახლა წრიპინიამ შესთავაზა.
- ბოინგი ვარ 747! – იყო ბიქტორიჩის პასუხი.
- მერე ბოინგი თუ ხარ დაჯექი შე კაცო! – შესთავაზა ახლა ბოინგს გია კუხიანიძემ.
- ვერ ვჯდები! – პასუხობდა ბოინგი.
- რატომ, ავარიული დაჯდომაც არ შეგიძლია? – შეეკითხა ვანიჩკა კაპანაძე.
- არა! – ჯიუტად პასუხობდა ბოინგი.
- მაინც რატო არა? –გაუკვირდა ყველას, აჩუნიას გარდა.
- იმიტომ რომ დისპეჩერი არ მაძლევს “პასატკას”! - თქვა ბოინგმა და არჩილისკენ გაიხედა.
- ჰე, მიიღე ზაპრავკა თუ არა, ქე ჩამეენაწყლები ბოინგო! – გაბრაზებული ხმით უთხრა დისპეჩერმა.
“ბოინგმა” უსიტყვოდ შეასრულა დისპეჩერის ბრძანება, არაყი გადაკრა და დაეშვა “პასადკაზე”.
- ბიჭო, აჩუ, მეგეტანა ხამსა რა ვქნა. – იდეა შემოაგდო ჯანსუღია გიგიაძემ.
- ხვალეო ბიჭო, ხვალეოო. – სიმღერით უპასუხა აჩუმ.
- რა ხვალე შე ჩემა, აქვეა რედაქციის შენობაში რადიო, წევიდეთ და მევიტანოთ. რავა მე შენ გეტყვი ხვალეო რო იძახი, გადაფორმება დაჭირდება ავტო ინსპექციაში თუ რა! ერთი კილო ხამსაა ბოლოს და ბოლოს!  ამას ისიც ემატებოდა რომ ძნელი დასალევი იყო გაურკვეველი არაყი ლუდით, ხამსით და შავი პურით მაინც სულ სხვა იქნებოდა. გადაწყდა! აჩუნია და ვანიჩკა კაპანაძე მოიტანდნენ ერთ კილო ხამსას. ჩაიცვეს და ხელის ფანრებით გაუდგნენ გზას.
    რედაქციის შენობა არჩილის სახლიდან დაახლოებით ხუთი წუთის სავალზე იქნებოდა. როდესაც “პეტრე- პავლოვის” ეკლესიას მიუახლოვდნენ, არჩილმა პირჯვარი გადაიწერა მადლობის ნიშნად. ჩაბნელებული რედაქციის შენობის კარები,  გარედან დახვდათ ბოქლომით დაკეტილი, რამაც ცოტა არ იყოს გაკვირვება გამოიწვია. ზემოთ აიხედეს და მესამე სართულზე სინათლე შეამჩნიეს, დაიწყეს დაკაკუნება რედაქციის მინიან კარზე. შენობის შიგნიდან ვიღაცის ლანდს მოკრეს თვალი, რომელსაც ხელში “ჟუკის” ტიპის ფანარი ეჭირა, რომელიც ხელის მოჭერა- გაშვების პრინციპზე მუშაობს. ეტყობოდა დარაჯი იყო, იმიტომ რომ მეორე ხელში არმატურის რკინის ნაჭერი ჰქონდა. დარაჯი კარს მიუახლოვდა.
- რა გნებავთ?- შეეკითხა,  თანაც “ჟუკით” ათვარიელებდა პროფესიონალურად ორივეს.
- გააღეთ, კარები თუ შეიძლება! – ამაყად უთხრა კონკურსში გამარჯვებულმა არჩილმა.
- რატომ? – უპასუხა უხეშად დარაჯმა, რომელმაც არ იცოდა რომ პრიზიორს ელაპარაკებოდა.
- ჩვენ რადიოში გვაქვს საქმე! – ჩაერია ვანიჩკა კაპანაძე.
- რადიოში რა გინდათ? – შეეკითხა დარაჯი.
- რა გვინდა და გავიმარჯვეთ! – უთხრა პრიზიორმა.
- ოლიმპიადაში?- იკითხა დარაჯმა
- არა კაცო რა ოლიმპიადაში! მოვიგეთ, მოვიგეთ! – აუხსნა აჩუნიამ.
- რა მოიგეთ? – ჰკითხა დაბნეულმა დარაჯმა.
- ამან მოიგო, ამან! – არჩილისკენ ხელი გაიშვირა ვანიჩკამ, ეგება ეს მაინც შეუშვას მარტო, პრიზის წამოსაღებადო.
- ხამსა, ხამსა! – უთხრა აჩუნიამ.
- ერთი კილო! – დაუმატა ვანიჩკამ დამაჯერებლობისთვის.
- აააა... – თქვა საქმის ვითარებაში უკვე გარკვეულმა დარაჯმა, მერე კარებს მიუახლოვდა, აქეთ-იქეთ  გაიხედა  და ბიჭებს შეეკითხა:
- სასწორი გაქვთ წამოღებული?
- რა სასწორი? – გაოცებულმა შეხედეს ვანიჩკამ და არჩილმა ერთმანეთს.
- რა და ბიჭო, კილოიანი პარკების მაგიერ, ბოჭკით მეიტანეს ასაწონი ხამსა  რადიოში და სასწორი თუ არ გაქვთ წამოღებული, ორას გრამს მაინც მოგპარავენ. - დააბეზღა დარაჯმა წონის დაკლების თაღლითობაში შემჩნეული რადიოს თანამშრობლები!
- ორას გრამს რა უჭირს! - თქვა არჩილმა, რომელმაც თამამად გაიმეტა რადიოს თანამშრომლებისთვის მოგებული წილიდან, ორასი გრამი ხამსა.
- რა ხამსა! რის ხამსა!! - იყვირა დარაჯმა, - რა უნდა ხამსას რადიოში, ფოთში აღარ არის!  მომწყდით აქედან, სანამ პოლიციას დაუძახე! გაშეშებული აჩუნია ხმას ვეღარ იღებდა, მხოლოდ ცხვირში ქსუტუნებდა.

- აუუ!! ვიღაცამ ბიჭო მაგრად გაგვისკვაპარჭინა!... - თქვა ვანიჩკა კაპანაძემ, (ყველაფერი იყო ნაგულისხმები ამ სიტყვებში).  მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. ცოტა ხანს დამუნჯებულები მიდიოდნენ, მერე დუმილი დაარღვია “გასკვაპარჭინებულმა” პრიზიორმა.
- ვიცი, ვიცი ვინც გააკეთა ეს!
- ვინ? - შეეკითხა ვანიჩკა.
- ვინ და შურიკია მათხოვარმა! მე მაგის...
ასე ეძახდნენ  თემურ ცირეკიძეს იმის გამო რომ ცალ თვალში -8 ჰქონდა, მეორეში -12 და რა თქმა უნდა სათვალეს ატარებდა.
- მოვკლავ, მოვკლავ! – ეკლესიამდე იძახა აჩუნიამ. ეკლესიას რომ მიუახლოვდნენ, მეექვსე მცნება გაახსენდა “არა კაც კლა” და თქვა:
- არა, კი არ მოვკლავ, ნაწვიმარი ლეღვივით გოუხდი ტრაკს!
ვისაც ნაწვიმარი ლეღვი უნახავს წითლად გადახლეჩილი, ხშირ შემთხვევაში სიკვდილს ამჯობინებდა...
ვანიჩკა არჩილს სახლში აღარ გაჰყვა, ეკლესიასთან დაემშვიდობა. სახლში  მისულმა აჩუნიამ, ხმა არავის არ გასცა, გაიხადა და ლოგინში ჩაწვა, მარტო ღმერთმა იცოდა რას ფიქრებდა გაშაყირებული შაყირის დიდოსტატი.
 
   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები