ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2008


ფობია

ბოლო დროს, რაღაც, ფობიებმა დამისადგურეს,
ვთვლი ნაფეხურებს, კიბეებზე ვდგავარ მუდმივად,
ამ ზეცის მსგავსად, დედამიწაც თავზე დამყურებს,
მე კი სიზმარში ნარბენივით, თითქოს, მუნჯი ვარ.

ისე კი, ვყვირი ყველა სიმით, ვყვირი ნერვებით,
აქ აყრილია ქვაფენილი, გზა ქვიშისაა,
წარსულის სული დაშრამული მაქვს სატევრებით,
დრო სავალია... და არ ვიცი, საით მივყავარ.

ვეღარ ველევი, შეჩვეული ვარ სუნთქვას მაინც...
სანამ ბორბალი სხეულს ზურგზე დამაბიჯებდეს,
მინდა ცრემლები შევუმშრალო ღრუბლებზე მაისს,
რომ დილის სხივებს ხელისგულზე კვლავაც ვიჭერდე.

ვეღარსად ვხვდები ამწვანებულ, ქორფა ბილიკებს,
თითქოს, არასდროს, გაზაფხული აქ არ ყოფილა,
თვალებს ვიშტერებ, არ ვიჯერებ, რომ დამივიწყეს,
და უკვე ჩემი არსებობაც გახდა ფობია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები