ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2009


ლექსი ცოტაი

ეტიუდები  ალბომისათვის

,,კოლხური  გრაფიკა”



საგაზაფხულო    ეტიუდები



ნაცნობი 
მუქარისა

იცრიცება  ჯანღის  რიდე
და  ფერდობთა  შემუქება...
გული  მიგრძნობს  -  ჩემს  სიმშვიდეს
გაზაფხული  ემუქრება...


მარადსასურველი 
ქარისა

დასწაფებია 
პაწაწინა  წანწკარა  წყარო
მზეს  -  მოყუდებულს 
ბროლისყელა  ოქროს  ხელადით...
ნათელხილვათა  საუფლოდან 
აძრულო  ქარო  -
კვლავ  ნათლის  ზღვაში  ანებივრე
სივრცე  ყელამდი!!!


ნაგვიანევი 
სინანულისა

ნორჩი  მარტის  მიყვარს  ცქერა,
ყველა  რტოს  რომ  კვირტებს  უშლის...
დღეს  თვალს  ვერ  ვუსწორებ  ჭერამს  -
ტოტი  მოვატეხე  გუშინ..




სამაისო 
კონცერტებისა

            ჩემი  ეზოს  შაშვებს

რა  ბილეთი  ან
მოსაწვევი  მინდა  ბარათი  -
ზედ  აივანთან 
მიმართავენ  კონცერტს  შაშვები!...
-  შავჩოხოსნებო,
აქ  იმღეროთ  უნდა  მარადის!..
დედაც  ვატირე 
გასტროლებზე  თქვენი  გამშვების!!!




მზისმონატრული 
ატმის 
კვირტებისა


კვლავ  ცივად
წვიმა  ცრის  გუშინდელი.
კვლავ  მზეს  ელიან  ატმის  კვირტები...
სუყველა  კვირტში  ზის  გულწითელა
და  უცახცახებს  პაწაწა  ფრთები...



ჩემი  ეზოს  ალვების 
ერთი  დღისა  და 
ერთი  ღამისა

ორი  ესკიზი


1.  უქარო  ღამისა

ჟრჟოლა  დაუვლით  ალვებს  წამისად,
კვლავ  მიუსაფრად  დარჩენილთ  გარეთ...
კენწეროებზე
შუაღამისას
მთვარეულივით
გაივლის
მთვარე...



2.  ქარიანი  დღისა

დაიცხრობს  როცა 
უკეთურ  სურვილს
ქარი
და  ნება  იზევებს  ნათლის  -
მზე
კენწეროებს
გადუვლის  ზრუნვით
და  გადარჩენილ
ალვებს  გადათვლის...




მოულოდნელად 
ლამაზი 
დღისა

ათასში  ერთხელ  -
სულ  უმიზეზოდ!..
- ისე  ლამაზი  დღე  გათენდება,
თითქოს  საფლავზე  ამოენთო
ცისკრის  ყვავილი...





ნამეტნავად
ფხიზელი 
დილისა

ანუ
ნაბახუსევი 
ექსპრომტი
მეგობრებს


არსად  ჩანს  ღრუბლის 
იორი  ფთილაც,
გრილი  ნიავიც 
ფრთებს  ფრთხილად  კეცავს...
-  ისე  ფხიზელი  გათენდა  დილა,
-  სირცხვილისაგან 
გაწითლდა 
ზეცა...




ზეზეურად 
გამხმარი 
ხისა

ნაგვემს 
გასული  ზაფხულის  გვალვის -
ზამთრის  ქარებმა  უხმეს  რტოები...
აწ  -  მისი  ფიჩხის  ბრიალა  ალით
თითებს  ითბობენ  უღმერთოები...




ზაფხულის 
ეტიუდებიდან
*****************************************




ცხინვარე  ცისა

გალეულ 
ღელეს 
მისდევს 
მწყურვალი
და  გათანგული 
სიცხით 
ნახირი...
თითქოს  შიშხინებს
ცის  სიმხურვალით
მზეც  -
კვერცხის  გული  -
კეცზე  დახლილი...




მწყურვალი 
ყანისა


ოხშივარი  ასდით  ფიჭვებს  -
განწირულებს  სანაფოტედ...
ცხელ  ცას  შეკრული  აქვს  კრიჭა
და  მწყურვალი  ყანა  ჰგოდებს...




მზესუმზირების 
უზრუნველობისა


როდესაც  ცაში  მუმლი  ირევა,
ვით  უბადრუკი  სული  ჭაობის,
ვუმზერ  - 
მზისგულზე 
მზესუმზირები
რა  უზრუნველად 
ყელყელაობენ!..





ალიტერაციული 
ფანტაზია

ბეკეკებმა  კიკინით
კორდი  მოიკუნტრუშეს,
კობჩხილები  გაბეკნეს,
გადაკიკნეს  კენკრები.
კბილი  გაკრეს  კუნელს  და
ეკლნარ-კურკანტელებში
კაფანდარა  კანჭები
დაიკაწრეს  ეკლებით...



კოლხური 
ღამის 
ფანტაზია

/ ციური  ალიტერაცია/

ტატნობს 
სურა  მერწყულის
შეანარცხა...  მერე  რა!..
ცეტად,
ცის  სამერცხლურით
იცქირება
ცერერა...






შემოდგომის  ეტიუდებიდან
**********************************************



ხნიერი 
მსხლის 
გახსენებისა

ხშირი  მორევია  ხავსი,
გუნდიც  შესევია  ფითრის...
დგას  ხე
-  მწუხარების  მსგავსი
და  მზე
მეჩხერ  ფოთლებს  ითვლის...



წვიმის 
მოლოდინისა

ცა
მაღალ  მთებზე
ჩამოფხატული,
ლამის  გადაჰყვეს 
ღრუბლის  სიმძიმეს...
მოწყენა...
ალბათ 
ჩამოჰყვა
დუმილს...
ისევ  იწვიმებს...




შემოდგომური 
ფერებისა

დონედ  ორთქლდება 
დუმილი  ტბორის
და  გარინდული  ცივად  ცის  სარკე 
ხარბად  აგროვებს
და  დაბინდული
წიაღისაკენ
მიერეკება
ასე  უმწეოდ
და  საყვარლად  ნაღვლიან  ფერებს...
ფერებს  - 
რომელთა  იავარქმნაც
მტკიოდა  მუდამ...




ნოემბრის 
ქარისა

შფოთავს  და  წვალობს
და  სულ  ამაოდ
ცდილობს  გახვევას
ჭრელ,
გაცვეთილ  და 
გახუნებულ
ფოთლების  ქურქში
ჟინდამცხრალი  და  შეცივნული
ნოემბრის  ქარი...
-  მეჩხერ  ფოთლებში
ნემსებივით  ატანს  სიცივე...




ზამთრის  ეტიუდებიდან
***************************************




ორი  - 
სიყრმისდროინდელი

1. ზამთრისპირის
      ღამისა

შეცივნული  ქარი  შფოთავს -
ხეებს  ბოლო  ფოთლებს  აცლის... 
ღამე  ცივად  გაიშოტა -
ზამთრის  სიახლოვის  მაცნე...

ჰყინავს,  მაგრამ  მთებს  არ  სცივათ,
თითქოს  მთვარე  ემზეურათ...
ბებერ  ჭადარს  ქერქი  სცვივა -
ქარი  ჰკორტნის  ზეზეურად...               

1964  წ.



2.    ზამთრის 
        გათოშილი 
        მოლოდინისა

გაფითრებულან  ბთები  სიცივით,
მაგრამ... 
ლოდინი  უფრო  ძნელია...
მაინც  ელიან...  –
არავინ  იცის
ასე  როდიდან  დგანან,
ელიან...

გადამთიელი  ცივი  ქარები
გათოშილ  ტოტებს  ალაწუნებენ...          .
ელიან...
დგანან...
და  კანკალებენ
ალვები,
ყინვით  ალანძულები...

                                      1964  წ.


ცისარტყელას 
მონატრებისა
                     
ლალი  აბშილავას

ჩემს  ნატვრის  ხეს  -
ოლეს,  ვერანს,
ხედავ,
ჟამი  ვით  ბელავს...
ქარმა  ზამთრის  რაც  დაჰბერა,
გულიც  ვერ  გავითბე  რა...
- მომენატრა  ცისარტყელა,
შვიდმშვილდა  და  შვიდფერა!..



გავდივარ  და  მალე  მოვალ.
მიყვარართ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები