 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 11 აპრილი, 2008 |
- შენ როდისმე აგიტყავებია თითები? – მე ამიტყავებია. და დღემდე ასე ვიტყავებ ყველა თითს რიგრიგობით და მერე ნუნებიდან წამოსულ თბილ სისხლს ვლოკავ. იცი როგორია კანგადაცლილი ხორცი? – ხაოიანი. და ის იცი რა მაგარი გრძნობაა, როცა სხეულში ერთდროულად ათი გული გიცემს და კანგადაცლილი თითები ფეთქავენ და ფეთქავენ? მე იმათ ფეთქვას ლოკვით ვაცხრობ, ხაოიან ხორცს ენის წვერით ველაქუცები, ტუჩებით ვქაჩავ ჭრილობებიდან წამოსულ შინდისფერ სისხლს, ნერწყვთან ერთად ვყლაპავ და არც ერთ წვეთს არ ვიმეტებ გადასაფურთხებლად.
ჩურჩულებდა კუთხეში მიყუჟული ალალე და თან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ფრჩხილით, მარცხენა ხელის არათითის ნუნას ძიძგნიდა, თითებიდან ატყავებულ კანს კი იქვე, ფეხებთან ყრიდა.
- ასე თუ გააგრძელებ, ცოტა ხანში საკუთარი თითებიდან აძიძგნილ ნაფლეთებში ჩაიძირები და დაიხრჩობი, - მეორე კუთხიდან გადმოხედა ლეგამ ალალეს, მერე ისევ მუხლებში ჩარგო თავი და ისეთი გაცხარებული კამათი გააბა ვიღაცასთან თუ რაღაცასთან, კაცი იფიქრებდა, ცოტაც და ჩახოცავენ ერთმანეთსო.
ლეგა ერთი ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მის არც თუ ისე დიდ ფალოსს ლაპარაკი შეეძლო და მას მერე იყო, ადამიანებთან ურთიერთობა რომ აკრძალა. ახლა ის მხოლოდ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას ესაუბრება. სახელად ფალინო დაარქვა, რაღაც იტალიურად ჟღერსო. აი ახლაც ის და ფალინო რაღაცაზე გაცხარებით კამათობენ.
- გააჩერეთ ეს ადამიანი. არ გესმით ხალხო? გააჩერეთ ეს ადამიანი, თორემ მე არ ვიყო ქალი-გალაქტიკა, თუ მაგის ფალინო კედელს არ შემოვანარცხო.
ქალი-გალაქტიკა ერთადერთი ადამიანი იყო იმ თეთრ ოთახში, რომელსაც არამარტო ლეგას, არამედ თვით ფალინოს საუბარიც კი ესმოდა და საშინლად იღგზნებოდა, როდესაც ფალინოს ზედმეტად მამაკაცური და ვნებიანი ხმა მის ყურებამდე აღწევდა. ქალი-გალაქტიკა ირწმუნებოდა, რომ სწორედ ფალინოს ვნებიანმა ხმამ გააბრიყვა ის რამდენიმე მილიარდი წლის წინ და მასთან გატარებული ერთი ღამის ბრალია, რომ უკვე რამდენიმე მილიარდი წელია ფეხმძიმედაა და ვერაფრით გააჩინა ეს ოხერი დედამიწა. მოკლედ, ქალ-გალაქტიკას აჩემებული აქვს, ფეხმძიმედ ვარ და დედამიწას ველოდებიო. ქალი-გალაქტიკა თეთრი ოთახის მესამე კუთხეში სახლობს.
ალალემ ჯერ ლეგას გადახედა, სულ ერთი წამით მისი ფალინოსაკენ გააყოლა მზერა, მერე ქალ-გალაქტიკას მიუტრილადა და შეშინებულმა იკითხა:
- ქალბატონო გალაქტიკა, აი უცებ, ამ წუთას, არა აი აი ამ წამს რომ დაგეწყოთ მშობიარობა, ვინ მოგეშველებათ? ამ ჩვენს ოთახში ერთი კინკილა ბებია-ქალიც კი არ მოიძებნება, წარმოიდგინეთ, მე ჩემი ატყვაბული თითებით ვერაფერს გავხდები, ლეგას ალბათ ფალინო არ გამოუშვებს, იმას კი რა შეუძლია? – ხელი გაიშვირა ალალემ მეოთხე კუთხისაკენ, სადაც დაახლოებით 93 წლის მოხუცს ეძინა და რაც მთავარია, ისე ღრმად ეძინა, რომ არასდროს იღვიძებდა. აი ასე, სულ ეძინა. მის სიზმრებს კი თეთრი ოთახის მაცხოვრებლები მეოთხე კუთხის თავში ჩამოკიდებული ტელევიზორის მეშვეობით ადევნებდნენ თვალყურს. სწორედ ამ ტელევიზორის წყალობით იცოდნენ, რომ მას მოხი ერქვა. ახალგაზრდობაში დაქირავებულ მკვლელად მუშაობდა. მოკლული ჰყავდა ზუსტად 18 და ნახევარი ადამიანი. ნახევარი იმიტომ, რომ ის ცოცხალ-მკვდარი გადაურჩა. დამქირავებელმა მოხის ეს ამბავი არ აპატია და სულ არაპროფესიონალი ეძახა. მერე მოხიმ იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ერთ საღამოს დაიძინა და უკვე დაახლოებით 60 წელია, რაც ასე ძილში ატარებს ცხოვრებას. ჰოდა, მის თავთან ჩამოკიდებული ტელევიზორი ზუსტად მაშინ ირთვება, როდესაც მოხი თავის მომდევნო მსხვერპლს მისდევს მოსაკლავად.
ასეთ დროს ალალე კიდევ უფრო დიდი მონდომებით იწყებს თითების ძიძგვნას. ლეგა და ფალინო კამათს წყვეტენ. ქალ-გალაქტიკას კი როგორც წესი ცრუ სამშობიარო ტკივილები ეწყება და მისი გამაყრუებელი კივილი თვით ძილში ჩაძირულ მოხისაც კი აფხიზლებს, რაც ტელევიზორში გამოსახულებას აფუჭებს და ამის გამო ფალინო ისე ბრაზდება, რომ ლეგასაც კი ეშინია საკუთარი მამაკაცური ღირსების. როდესაც ქალი გალაქტიკა მიხვდება, რომ ჯერ დედამიწა დაბადებას არ აპირებს, ჩუმდება და ისიც პირდაფჩენილი აშტერდება ტელევიზორს.
იქ კი რა ხდება, ვაი, რა ხდება:
მეთერთმეტე მსხვერპლი: სახელი: მონე გვარი: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მკვდარია ასაკი: მკვლელობის მომენტში ზუსტად 29 წლის 40 დღისა და 18 საათის შესრულდა. ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, რომელიც ვეღარასდროს დაოჯახდება განათლება: იურისტი მკვლელობის ადგილი: საკუთარი სახლის ცუდად განათებული სადარბაზო მკვლელობის სცენა: - მოხი შენ ხარ? ისე უცებ მომეპარე, შემეშინდა - არ გრცხვენია მონე? მე ვინ უნდა შევაშინო? - შენც მართალი ხარ. რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? ამ შუაღამისას აქ რამ მოგიყვანა? - ისეთი არაფერი, ვიფიქრე, შევუვლი, ვნახავ, როგორ არის-მეთქი - ჰოდა, ძალიან კარგი, დავლიოთ რამე - ვერა, საქმე მაქვს - რა საქმე? - დიდი არაფერი, უბრალოდ აი ამ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია უნდა გავისროლო. ერთი გულში უნდა დაგიმიზნო, მეორე კი თავში – საკონტროლო გასროლა, ხომ გაგიგია. - მოხი, მოიცა რა, რას მეკაიფ...
მოხი დაპირებას ასრულებს, ჯერ გულში ესვრის მონეს, მერე საკონტოლო ტყვიას - თავში და ცუდად განათებული სადარბაზოდან გამოსული მოხი გაიფიქრებს, ნეტა მიცვალებულების თვალებში მართლა რჩება მკვლელის გამოსახულება? მერე უკან მიტრიალდება, ეზოში გამხმარ ტოტს მოქექავს და მონეს, მაინც ყოველი შემთხვევისათვის, თვალებსაც დასთხრის.
ტელევიზორი ქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხის სულ ცოტა ხანში ცრემლები წამოუვა და მისი მლაშე ცრემლები მაინცდამაინც ალალეს ატყავებული თითებისაკენ დაიწყებს დენას. ყველაზე მეტად ამის ეშინია ალალეს. მოხის ცრემლები საშინლად მარილიანია.
ლეგას აზრით, ალალე ძალიან ლამაზია. ფალინოს თქმით კი მას უბრალოდ მკვრივი მკერდი აქვს და სწორედ მისი მკერდი ატყუებს ლეგას: - არც თვალები უვარგა, ვერ ხედავ, ბეცია, არც ტუჩები, თხელი და უსიცოცხლო, თითები ხომ საერთოდ, სულ სისხლი სდის.
მიუხედავად ფალინოს ბუზღუნისა, ლეგას ოცნებად აქვს ქცეული როგორმე ალალეს ატყავებული თითები საკუთარი ენით დაუამოს. ალალე ხვდება, რომ ლეგასა და ფალინოს კამათის ძირითადი ობიექტი სწორედ ის არის, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
სამაგიეროდ ქალი-გალაქტიკა მოსწონს ფალინოს, თან ისე მოსწონს, რომ დაახოებით 75 წლის ქალის მიმჭკნარი სხეულის თითოეული ნაკვთის დანახვა ლურჯი და გადაქექილი ხავერდის ხალათის მიღმაც კი შეუძლია. მიუხედავად ქალი-გალაქტიკას მტკიცებისა, რომ დედამიწას ელოდება, შეიძლება ითქვას, რომ მას ფეხმძიმობის არანაირი ნიშან-წყალი არ ეტყობა. მის გაძვალტყავებულ და ჩამომხმარ სხეულს საკუთარი თავის ზიდვა ძლივს შეუძლია და დედამიწას ხომ მითუმეტეს ვერ ატარებს მუცლით.
მართალია ფალინოს არ ახსოვს რა მოხდა მასსა და ქალ-გალაქტიკას შორის რამდენიმე მილიარდი წლის წინ, მაგრამ დედამიწის მამობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. მითუმეტეს, რომ ქალი-გალაქტიკა ამტკიცებს, მამა ფალინოაო.
აქ სულ აწმყოა. აქ არ არსებობს მომავალი. არ არსებობს წარსული. უფრო სწორედ, აქ, ამ ოთახში, ოთხკუთხა თეთრ ოთახში, ერთადერთი წარსული მოხის სიზმრები და ქალი-გალაქტიკისა და ფალინოს რამდენიმე მილიარდი წლის წინ შესრულებული სექსუალური აქტია.
- ალალე, შენ იცი როგორი იქნება ჩემი დედამიწა? – ეკითხება ქალი-გალაქტიკა ალალეს და თან მუცელზე ისვამს ხელს. - არა ქალბატონო გალაქტიკა - ის ყველაზე ლამაზი დედამიწა იქნება მთელს სამყაროში. - დარწმუნებული ვარ, ქალბატონო გალაქტიკა - არა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედამიწა ჩემი შვილია, უბრალოდ, ის მართლა სასწაულია. - საიდან იცით? ჯერ ხომ არ დაბადებულა? - სიზმრებს მარტო მოხი კი არ ნახულობს, წუხელ დამესიზმრა.
ქალი-გალაქტიკას სიზმარი:
ნახა, ხელში ეჭირა თოთო დედამიწა, ოკეანესფერი თვალები ჰქოდა, უდაბნოსქვიშისფერი თმები მწვანე აბრეშუმში იყო გახვეული და ყელზე თეთრი ბროლის მძივი ეკიდა ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ სულ არ ჰგავდა ჩამომჭკნარი სხეულიდან ახალგამომძვრალს.
- მეც ველოდები თქვენს დედამიწას ქალბატონო გალაქტიკა, დილას გადავწყვიტე, ჩემი თითებიდან ატყავებული კანით მისთვის გადასაფარებელი შევკერო. მოხარული ვიქნები, თუკი დედამიწას ჩემს კანში გაახვევთ. - დიდი მადლობა ჩემო ალალე, ოღონდ დაიბადოს, ოღონდ მალე დაიბადოს.
ლეგა და ფალინო ისე დაიღალნენ კამათით, რომ ჩაეძინათ. მათი ჩაძინება და მოხის თავზე ტელევიზორის ჩართვა ერთი იყო.
მეცხრამეტე მკვლელობის მცდელობის სცენას ხედავს მოხი. ალალე საკუთარ კუთხეში კიდევ უფრო მეტად იყუჟება. ქალ-გალაქტიკას წელის არეში ტკივილები ეწყება.
მსხვერპლის სახელი: ჰერმანი გვარი: ისიც ჰ-ზე იწყება ასაკი: უცნობია საქმიანობა: თუ არ ვცდები – მწერალი მკვლელობის დამკვეთი: თავად მოხი მკვლელობის დამკვეთის მოტივაცია: შური მკვლელობის მცდელობის იარაღი: საბეჭდი მანქანა მკვლელობის მცდელობის ადგილი: საკუთარი სამუშაო კაბინეტი, ოღონდ სახლში
- გამარჯობათ, მე ბატონ ჰერმანთან ვარ, მელოდება. მოხის კარს ახალგაზრდა მსახური გოგონა უღებს, ბატონი ჰერმანის ოთახში აცილებს და ჩაის მოსამზადებლად გადის.
- გამარჯობათ ბატონო მოხ, დილიდან გელოდებით, ვაფასებ ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს. ჩვენ შეგვიძლია არაერთი არაჩვეულებრივი საღამო გავატაროთ ლიტერატურაზე საუბარში. მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა შეიცნოს ადაიანმა ჭეშმარიტი ლიტერატურა. - მოხარული ვარ ბატონო ჰერმან, ჩემი სურვილიც ეს არის. დიდი ხანია ვეძებ ადამიანს, რომელიც დამეხმარება შევიგრძნო ნამდვილი ლიტერატურის გემო. - ჩვენ შეგვიძლია ახლავე შევუდგეთ საქმეს. სულ ერთი წუთით მიგატოვებთ, ხელებს გადავიბან.
ჰერმანი გადის. მოხი საწერი მაგიდიდან იღებს რკინის საბეჭდ მანქანას და კარის უკან უსაფრდება ფერმანს. ორ წუთში ჰერმანი კარს აღებს, სულ ერთი წამით მოავლებს ოთახს თვალს და თავში საზიზღარ ტკივილს იგრძნობს.
თუკი სადმე მკვლელების მფარველი ანგელოზი არსებობს, მაშინ ჰერმანი ყველა ვარიანტში მკვდარი უნდა იყოს, რადგან ორად გაპობილი თავიდან თქრიალით მოდის სისხლი და საბეჭდი მანქანიდან ჩამოცვენილ ფურცლებს წითლად ღებავს.
მაგრამ, როგორც ჩანს, საბედნიეროდ, ამ სამყაროში მკვლელების მფარველი ანგელოზი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ცოცხალ-მკვდარი ჰერმანის გადარჩენა ექიმებმა მაინც მოახერხეს. და როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, მან კვლავ შესძლო დამოუკიდებლად სიარული, სადღაც ტრამალებში გადაიკარგა, ზოგმა თქვა მოკვდაო, ზოგმა კი მგლების ხროვას დაუდგა მწყემსადო.
ტელევიზორი ქრება. ალალე მოხის თვალებიდან წამოსული მლაშე ცრემლების ნიაღვარს ელის, მაგრამ ცრემლი არსად ჩანს, როგორც ჩანს, ეს ცოცხლად გადარჩენილი მსხვერპლის დამსახურებაა.
ჯერ ფალინოს გაეღვიძა. კედელზე თავმიდებულ ლეგას ისე მშვიდად ეძინა, რომ მისი გაღვიძება დაენანა და მესამე კუთხეში მიყუჟულ ქალ-გალაქტიკას ჩუმად გადახედა. იწვა 75 წლის მოხუცი თვალებდახუჭული და მიცვალებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე დედამიწის მომლოდინე ქალს. სულ ერთი წამით გულს შემოეყარა ფალინოს, მშობიარობას რომ გადაჰყვეს, მერე რაღა მეშველებაო, მაგრამ ეს ფიქრი მაშინვე ამოიგდო თავიდან და ახლა ალალეს გადახედა. ალალე თავის კუთხეში ჩაცუცქულიყო და ფეხებთან დაყრილ საკუთარი კანის ნაგლეჯებს სულ სათითაოდ კრეფდა. მომავალი დედამიწისათვის გადასაფარებლის შეკერვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ფალინოს ახლა ის მოეჩვენა სულ ერთი წამით, რომ ალალე არც ისეთი შეუხედავი იყო, როგორსაც ის ლეგას უხატავდა, მაგრამ ეს ფიქრიც სასწრაფოდ მოიცილა თავიდან და ახლა მოხის კუთხეს მიუბრუნდა. მოხის მშვიდად ეძინა, უსიზმროდ. ალბათ ამიტომ იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად სუნთქავდა და ისიც მიცვალებულს ჰგავდა.
რამდენიმე სიტყვა თეთრი და ოთხკუთხა ოთახის შესახებ:
ოთახი ალბათ ხვდებით თეთრია და იქიდან გამომდინარე, რომ ოთახი ოთხკუთხაა მას ზუსტად ოთხი კუთხე აქვს, არც მეტი და არც ნაკლები. თითოეული კუთხე შეადგენს 90 გრადუსს, არც მეტს და არც ნაკლებს. ოთახის ერთადერთ ინვენტარს მეოთხე კუთხის თავზე მოთავსებული ტელევიზორი შეადგენს. ოთახს აქვს ერთადერთი ფანჯარა და ისიც ჭერზე. როგორც ამ ოთახის მაცხოვრებლები ამბობენ, ეს არის ფანჯარა ევროპაში, მაგრამ თვითონ სიტყვა ევროპა ან საიდან გაიგეს და ან რას ნიშნავს, ეს კი აღარ იციან.
რაც მთავარია ოთახის ჭერი ძალიან მაღალია, ასე რომ მის მაცხოვრებლებს არანაირი შანსი არა აქვთ, რომ როდისმე თუნდაც ცალი თვალით მაინც შეიხედავენ ევროპაში. თითოეულ მათგანს ევროპის განმარტების საკუთარი ინტერპრეტაცია გააჩნია:
ალალე თვლის, რომ იქ ხუთკუთხა ოთახებიც კი არსებობს. ლეგა ამტკიცებს, რომ ევროპაში სპეციალურად მისნაირი ფალინოებისათვის წითელი ფანრების ქუჩებს აშენებენ. ქალი-გალაქტიკა თავს იკლავს, გუშინ რომ გეძინათ, ევროპამ ჩამომძახა, ქალბატონო გალაქტიკა, ულამაზესი აზია შემიყვარდა და სანამ დედამიწას არ გააჩენ, ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელიაო, ჰოდა, მთხოვა, იქნებ როგორმე მშობიარობა დააჩქაროთო. მოხი არც არაფერს ფიქრობს და არც არაფერი ესიზმრება.
ჰო, და კიდევ, თეთრი ოთახის შუაგულში ერთი დიდი, მართკუთხედი და ცარიელი ხის ყუთი დგას. ოთახის მაცხოვრებლები ამ ყუთს ახლოს არ ეკარებიან. ერთი რამ კი კარგად იციან, ოთახის ოთხი მკვიდრიდან ერთ-ერთი საბოლოოდ ამ ყუთში გადაინაცვლებს, რომელსაც თან ჩაატანენ ყველა იმ ნივთს, რითიც ის სარგებლობდა ხოლმე და რაც მთავარია, უყვარდა.
ესეც რამდენიმე სიტყვა თეთრი ოთახის შესახებ.
. . .
ოთახის მაცხოვრებლების გასაოცრად, მოხის ხველა აუტყდა. აი ასეთი რამ კი არასდროს დამართვნია მოხის. ლეგა და ქალი-გალაქტიკა თითქმის ერთდროულად წამოცვივდნენ ფეხზე. ალალეს ნემსი შეერჭო ისედაც ატყავებულ თითში და ძლივს გასაგონად შეჰკივლა.
მოხის ისე ახველებს, რომ თითქმის ყველა დარწმუნებულია, მას საკუთარი მსხვერპლების აჩრდილები ახრჩობენ. სულ ტყუილად:
ტელევიზორი შხრიალით ირთვება:
- გამარჯობა მოხი, მე ვარ ანგელოზი-ოზი, მკვლელების მფარველი ანგელოზი, ანუ შენი მფარველი ანგელოზი - შენ რომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, მაშინ ჰერმანი მკვდარი უნდა იყოს - მე 25 წლის წინ დავიბადე, შენ კი ჰერმანს დაახლეობით 60 წლის წინ კლავდი. - ჰოო? - ჰო. - ჩემგან რა გინდა? - დაახლოებით ერთ საათში ქალბატონ გალაქტიკას მშობიარობა დაეწყება. - მერე მე რა შუაში ვარ? - შენი დახმარება დასჭირდება. - ჩემი? - ჰო.
ტელევიზორი ითიშება. ანგელოზი – ოზი ტელევიზორიდან პირდაპირ მოხის კუთხეში ინაცვლებს, მას ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს და მოხი ისე აჭყეტს თვალებს, თითქოს სულ რაღაც ერთი საათის წინ ჩაიძინა.
დაზაფრული ალალე, ლეგა და ფალინო, ხან მოხის შესცქერენ და ხან ქალ-გალაქტიკას. მოხი ფეხზე დგება, 93 წლის მოხუცის კვალობაზე საკმაოდ მარჯვედ იმართება წელში:
- გამარჯობათ, მე მოხი ვარ, მკვლელი. - ვიცით, - პასუხი სამივე კუთხიდან ერთდროულად მოდის. - ძალიან კარგი. შემთხვევით, სანამ მე მეძინა, აქ ვინმე ჰერმანს ხომ არ გამოუვლია? - არა, ბატონო მოხ, - პასუხი ისევ სამივე კუთხიდან ერთდროულად მოდის. - ძალიან კარგი. ალბათ თქვენ ბრძანდებით არა ქალი-გალაქტიკა, - მოხი ალალეს ეკითხება. - არა ბატონო მოხ, მე ალალე ვარ, ქალი-გალაქტიკას შვილისათვის, დედამიწისათვის, საკუთარი თითებიდან ატყავებული კანით გადასაფარებელს ვქსოვ. - ძალიან კარგი. ანუ თქვენ ელოდებით დედამიწას? – ეკითხება ქალბატონ გალაქტიკას მოხი, მაგრამ პასუხის მაგივრად, ქალბატონი გალაქტიკა წელში იხრება, მუცელზე იჭერს დაკრუნჩხულ ხელებს, გაფიჩხულ ფეხებს ჩაჩხავს და სასწაულიც ამას ჰქვია: მისი საშოდან ჯერ ქვიშა იშლება მერე წყალი მერე ქვიშა და წყალი ერთმანეთში თავისით ირევა, იზილება, რაღაც ფორმას იღებს, სფეროს ემსგავსება და იქვე იატაკზე რჩება, უსიცოცხლო, მიმკვდარებული, არც გულის ცემა, არც სუნთქვა. აღარც ქალბატონი გალაქტიკა ჰგავს ცოცხალს, გალურჯებული ტუჩებიდან სისხლი სდის და ტუჩებივით ლურჯი ხალათის გულისპირს უსველებს.
ლეგა ქალი-გალაქტიკას მოსულიერებას ცდილობს, საფეთქლებს უზელს, ფალინო კი... აბა ფალინოს რა შეუძლია? ალალე საკუთარი კანის ნაფლეთებისაგან შეკერილ გადასაფარებელში ახვევს იატაკზე აზელილ დედამიწას და დაბნეული გაიძახის: - ისუნთქე რა, ისუნთქე, გეხვეწები. მოხი კი დგას, თეთრ წვერზე ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები და აზრზე არ არის რა ჯანდაბა ემართება. თვრამეტნახევარი ადამიანი ისე გაისტუმრა საიქიოს, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, ახლა კი დგას და პატარა ბავშვივით ბღავის. ანგელოზი-ოზი წაადგა თავზე მოხის, ფრთა შემოხვია მხრებზე და ყურში ჩასჩურჩულა: - გამოართვი ალალეს დედამიწა, გულში ჩაიხუტე. მოხი უსიტყვოდ ემორჩილება ოზის, ალალეს ართმევს ახლადდაბადებულ დედამიწას, დაჰყურებს და გულში იხუტებს: ფეხებში ძალა ეცლება, თვალებში გამოსახულებები ებლანდება, იატაკზე ჯდება და ხელებში სითბოს გრძნობს, მისი გულის ფეთქვა კი ნელ-ნელა თოთო დედამიწის სხეულში გადადის. ალალეს კანის ნაფლეთებში გახვეულ დედამიწას ოზი ხელში იყვანს, ძლივს მოსულიერებულ ქალ-გალაქტიკას აწვდის მას, თვითონ კი მოხი აჰყავს ხელში და ოთახის შუაგულში მდგარ მართკუთხედ ხის ყუთში აწვენს.
ალალე, ლეგა, ფალინო და ქალბატონი გალაქტიკა მოხის დაჰყურებენ, მოხი კი ვეღარაფერს ხედავს. სამი, ორი, ერთი და მოხი მკვდარია:
- ნეტა, მართლა რჩება მიცვალებულის თვალებში უკანასკნელი გამოსახულება? –კითხულობს ალალე. - ანგელოზო-ოზ, რჩება? ჰა? – ახლა ლეგა კითხულობს. - ნახეთ, როგორ ჰგავს ბატონი მოხის ჭრელი თვალები ჩვენს დედამიწას, - ჩურჩულებს ქალი-გალაქტიკა და პაწია დედამიწას ჩამჭკნარ მკერდში იხუტებს - თურმე რჩება, - ამბობს ანგელოზი - ოზი.
. . .
ახლა ბატონი ჰერმანი და ბატონი მოხი მგლების ხროვას ერთად მწყემსავენ და მათ ყოველ ღამე სახარებას ერთად უკითხავენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. ეს მოთხრობა წიგნშიც არის შესული, დაწერილია 2008 წელს აგვისტოს ომის დრეებში. იმიტომაც არის ასეთი არეულ-დარეული ალბათ :) ეს მოთხრობა წიგნშიც არის შესული, დაწერილია 2008 წელს აგვისტოს ომის დრეებში. იმიტომაც არის ასეთი არეულ-დარეული ალბათ :)
23. მომეწონა, მესაინტერესოვა და გამახსენდა, რომ ეს ოდესღაც სადღაც წამიკითხავს...
წარმატებები!
+5 მომეწონა, მესაინტერესოვა და გამახსენდა, რომ ეს ოდესღაც სადღაც წამიკითხავს...
წარმატებები!
+5
22. ჰერმან, კიდევ კარგი ცოცხალი გადაურჩი მოხს... თორემ რა მეშველებოდა მერე მე შენი მგლის გარეშე. ისე, მოხი რა ბედნიერი კაცია. : ) დადის ახლა ჰესესთან ერთად ტრამალ და ტრამალ და დასდევს მგლებს. დაგვდევს. მოკლედ ეს მოთხრობა იმდენ რამეს მოიცავს და მალავს, რომ სრულყოფილი კომენტარის გაკეთება თუ გინდა ახალი რამე უნდა დაწერო. აი, დეფიმ რომ დაწერა პოს უილიამ უილსონზე ზუსტად ეგრე. --- ჰერმან, მიშველე! გვ ჰერმან, კიდევ კარგი ცოცხალი გადაურჩი მოხს... თორემ რა მეშველებოდა მერე მე შენი მგლის გარეშე. ისე, მოხი რა ბედნიერი კაცია. : ) დადის ახლა ჰესესთან ერთად ტრამალ და ტრამალ და დასდევს მგლებს. დაგვდევს. მოკლედ ეს მოთხრობა იმდენ რამეს მოიცავს და მალავს, რომ სრულყოფილი კომენტარის გაკეთება თუ გინდა ახალი რამე უნდა დაწერო. აი, დეფიმ რომ დაწერა პოს უილიამ უილსონზე ზუსტად ეგრე. --- ჰერმან, მიშველე! გვ
21. ჰოო, ასეთ რამეს არ ველოდი პორტალზე. დიდი გაუგებრობაა. სწორედ ისეთი გაუგებრობა, როგორიც ის ყველაფერი, რასაც ეხება (ჩემი აზრით). მე არ მიყვარს ამ გაუგებრობის შესახენ გასაგები აზრების მოსმენა, ასეთი "გაუგებრობა" უფრო გასაგებია. ძალიან მომწონს. ჰოო, ასეთ რამეს არ ველოდი პორტალზე. დიდი გაუგებრობაა. სწორედ ისეთი გაუგებრობა, როგორიც ის ყველაფერი, რასაც ეხება (ჩემი აზრით). მე არ მიყვარს ამ გაუგებრობის შესახენ გასაგები აზრების მოსმენა, ასეთი "გაუგებრობა" უფრო გასაგებია. ძალიან მომწონს.
20. ასეა, ამბები ხან დადებით ხან უარყოფით ემოციებს გვიტოვებს ;) ასეა, ამბები ხან დადებით ხან უარყოფით ემოციებს გვიტოვებს ;)
19. "თითები ატყავებული" "შინდისფერი სისხლი" წავიკითხე ბოლომდე და უსიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა. "თითები ატყავებული" "შინდისფერი სისხლი" წავიკითხე ბოლომდე და უსიამოვნო შეგრძნებები დამიტოვა.
18. ადრე მაქვს წაკითხული.
ზუსტად ისეთი დაწურულია, მე რომ მიყვარს ადრე მაქვს წაკითხული.
ზუსტად ისეთი დაწურულია, მე რომ მიყვარს
14. ამტყავდა კითხვისას თითები... ამტყავდა კითხვისას თითები...
13. მიყვარს ეს ადამიანი.... მიყვარს ეს ადამიანი....
12. კი დავიღალე მაგრამ ძალიან მოხიბლული დავრჩი. 5 ქულა შენ! კი დავიღალე მაგრამ ძალიან მოხიბლული დავრჩი. 5 ქულა შენ!
11. ძველი მინიატურები ალბათ საინტერესო აღარ იქნება :) ძველი მინიატურები ალბათ საინტერესო აღარ იქნება :)
10. ამელი....დადე რა შენი სხვა მინიატურებიც.... ამელი....დადე რა შენი სხვა მინიატურებიც....
9. იქვე მომწონდა. იქვე მომწონდა.
8. ჩემი ჭკვიანფანტაზიებიანი გოგო... ჩემო უნიჭიერესო ყმაწვილქალობავ, დადე სხვა მინიატურებიც... უხ, შე ქალთარაფერავ... ჩემი ჭკვიანფანტაზიებიანი გოგო... ჩემო უნიჭიერესო ყმაწვილქალობავ, დადე სხვა მინიატურებიც... უხ, შე ქალთარაფერავ...
7. ნუ მოგერიდებათ განმარტებების შესახებ კითხვების დასმა :) თვითონაც ვიცი, რომ ერთხელ წასაკითხი და მარტივი მოთხრბა არ არის :) რასაც შევძლებ ავხსნი, რასაც არა და თქვენ თვითონ ამოხსენით :) ნუ მოგერიდებათ განმარტებების შესახებ კითხვების დასმა :) თვითონაც ვიცი, რომ ერთხელ წასაკითხი და მარტივი მოთხრბა არ არის :) რასაც შევძლებ ავხსნი, რასაც არა და თქვენ თვითონ ამოხსენით :)
6. სხვაბიც დადე, ნინო! ყველა დადე... :) სხვაბიც დადე, ნინო! ყველა დადე... :)
5. ჩემთვის ღრმაა, კიდევ უნდა ვნახო. თანაც არა ერთხელ. მერიდება ავტორს ვკითხო რაღაცეების განმარტება. სიმართლეს ვგრძნობ ნაწერში, და ვნახავ. ჩემთვის ღრმაა, კიდევ უნდა ვნახო. თანაც არა ერთხელ. მერიდება ავტორს ვკითხო რაღაცეების განმარტება. სიმართლეს ვგრძნობ ნაწერში, და ვნახავ.
4. გამიჭირდა გაგება, შეუფასებლად ვტოვებ. თუმცა ძალიან მიყვარს ბევრი შენი მინიატურა და გაფასებ როგორც ნიჭიერ ავტორს. კიდევ გადავიკითხავ ხვალ. იქნებ სხვა თვალით შევხედო გამიჭირდა გაგება, შეუფასებლად ვტოვებ. თუმცა ძალიან მიყვარს ბევრი შენი მინიატურა და გაფასებ როგორც ნიჭიერ ავტორს. კიდევ გადავიკითხავ ხვალ. იქნებ სხვა თვალით შევხედო
3. მეც მიხარიხარ... ცოტა მოგვიანებით წაგიკითხავ:) მეც მიხარიხარ... ცოტა მოგვიანებით წაგიკითხავ:)
2. ახლა აღმოვაჩინე ეს პორტალი და გადავწყვიტე ჩემი ბოლო მოთხრობა დამედო :) ახლა აღმოვაჩინე ეს პორტალი და გადავწყვიტე ჩემი ბოლო მოთხრობა დამედო :)
1. ამელი? გამიხარდა ამელი? გამიხარდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|