ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2009


ცივია მთვარე





ცივია მთვარე
ღამის მკერდში გამომწყვდეული,
მთვარე დაღლილი
შემოდგომის შორი ძახილით,
მალე ზამთარიც
აიტაცებს თეთრი სხეულით,
დრო-ჟამს გაჰყვება
ცივი მეფე ყინვის მარხილით...

ჩუმი იქნება,
ჩემი სახლი და მთვარიანი,
ნაძვები ჩემსკენ
გადმოხრიან ტოტებს თოვლიანს,
ბილიკს გაჰყვება
სუსტი ქალი თავსაფრიანი,
შეჭიდებული ყინვის გოლიათს...

გამახსენდება
დათოვლილი ჩემი სოფელი,
ნისლში ჩირაღდანს
გაანათებს, ალბათ ბებია,
ეკლესიისკენ
გაუძღვება მას ღვთისშობელი
მრავალი ლოცვა
აღმოხდება სახესევდიანს...

გაჰყვება ბილიკს
სამოთხისკენ რომელიც უხმობს,
ცოდვას ჩაჰხედავს
როგორც უფსკრულს და გადალახავს,
პატარა მთვარე
გაუნათებს სარეცელს უხმოდ,
და დაასიზმრებს
შვილიშვილის ღამეულ სახლ-კარს...

-----------------------------------------------------
მ  ა  რ  ი  ა      მ  ა  გ  დ  ა  ლ  ე  ლ  ს

ის ხელი მარია
სისხლი რომ სწყურია,
კვლავ ფიქრობს,
კვლავ იბრძვის,
კვლავ აღმართულია.

და როგორც სამყაროს
მძიმე დასასრული,
ეს დღეც იმ დღესავით
ჯვარზეა გაკრული!!!
---------------------------------------------

უ  ფ  ა  ლ  ო

უფალო, ბრმას თვალი ამიხილე,
უფალო, მუნჯს ბაგე გამიხსენი,
გულში სინანული გამიღვივე,
ცოდვათა ჩამიცხრე ქარიშხლები...

ბნელიდან ნათელში გამიყვანე,
ყინვიდან სითბოში გამიძეხი,
კვირტები ხელახლა ამიყვავე,
ნაგვემნი ცოდვათა ქარიშხლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები