ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
18 სექტემბერი, 2009


ჭიანჭველა და რწყილი


          სულოს, როდესაც ის პატარა იყო 


პატარებო, ეს ამბავი
კარგად იცით, ალბათ, ყველამ –
რწყილმა წყალში ჩავარდნილი
როგორ იხსნა ჭიანჭველა.

რასაც ახლა მოგიყვებით,
ამბავია სხვანაირი –
გასაჭირში ჩავარდნილი
ჭიანჭველამ იხსნა რწყილი.

სულ თავიდან ყველაფერი
ისე მოხდა, როგორც ძველად –
დაძმობილდნენ და გაუდგნენ
გზას რწყილი და ჭიანჭველა.

მერე, ნაპირს მიადგნენ და
თუმც არ იყო წყალი დიდი,
გადახტომა არ დასჭირდათ –
მდინარეზე იდო ხიდი.

წყალში თუკი არ ჩავარდა
ჭიანჭველა, რწყილი თუნდაც,
მკითხავთ – ან ერთს, ან მეორეს
დახმარება რაღად უნდა?

სხვა მხარეს რომ გადავიდნენ,
მოსახდენი მაშინ მოხდა –
რწყილმა ფეხი ქვას წამოჰკრა
და მეოთხე ფეხი მოსტყდა.

ჩაიჩოქა. ეხუმრებით?
ფეხი მოსტყდა, განა ეღრძო.
ახლა ხტუნვა კი არა და
სიარულიც ვეღარ შეძლო.

ჭიანჭველა არც დაფიქრდა –
მეგობარი ჭირში გინდა, –
თუმცა სამჯერ მძიმე იყო,
რწყილი ზურგზე მოიკიდა.

გზას გაჰყვა და სწორედ ამ დროს
შავი ხოჭო აზუზუნდა.
ყურს თუ კარგად დაუგდებდით,
გაიგებდით, რის თქმაც სურდა:

– გზზზა დიდია, რწყილი მძიმე,
მზზზე ჩადის და გვიანდება.
კიდევ დიდხანს უნდა ზზზიდო?
ზზზურგი დაგიზზზიანდება!..

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

შეაქცია ხოჭოს ზურგი,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

სად იყო და სად არ იყო,
წინ კალია დაუსკუპდა.
ჭიანჭველას რომ შეხედა,
ლამის სული შეუგუბდა:

– ამსიმძიმე ტვირთით, ძმაო,
სად მიდიხარ, ერთი მითხარ?
ეგ დასვი და მარტო წადი,
თორემ ვეღარ ივლი დიდხანს!

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

არც კალიას დაუჯერა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

ის-ის იყო, რწყილმა ჰკითხა:
– ძმაო, ხომ არ დაიღალე?
გაიგონა წუილი და
ხედავს, კოღო ჭუტავს თვალებს.

– წწწელს იწყვეტავ ნეტავ, რისთვის?
წწწაიქცევი, წწწინ ვერ წახვალ.
ნუ იდარდებ რწწწყილზე, წადი,
მაგისთანას სხვასაც ნახავ!

– მოიტეხა რწყილმა ფეხი,
ძმობილია რწყილი ჩემი.
თუ ერთმანეთს არ გავწირავთ,
ორივენი გადავრჩებით!

კოღოც გზიდან მოიცილა,
გზა განაგრძო ჭიანჭველამ...
როცა არის გასაჭირში,
მაშინ უნდა ძმობილს შველა.

სადაცაა დაღამდება,
მზე მთებს მიღმა გადავიდა.
ცაცხვის ძირას ისვენებდნენ,
ფუტკარი რომ აბზუილდა.

არ უკითხავს არაფერი,
რაც მომხდარა, მიხვდა თავად.
რწყილს კი უთხრა: ხვალისათვის
არ იქნები უკვე ავად.

ჩემს მალამოს წაგისვამ და
ფეხი მალე მოგირჩება.
მეგობარი გყავდეს გვერდით.
ეს იქნება ჩემი რჩევა!..



დაიხსომეთ, პატარებო,
რაზეც არის ეს ზღაპარი –
მეგობარი მეგობრისთვის
მალამოა უებარი.

სიხარულშიც, გასაჭირშიც
მეგობარი გყავდეთ გვერდით...
ლხინი – იქაც, ლხინი – აქაც,
სულ სიკეთით დამიბერდით!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები