ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2009


უშენობის დასრულებამდე

                                                            "მომენატრე, ახლა ისე მომენატრე,
                                                            ვით ჩიტუნას_ ფრთამომტვრეულს_ აღმა ფრენა"...


                                                                                                                    მე


შენ არ ჩანხარ და
ამინდები
ხდება მორუხო,
თუმცა, ორივეს,
ცა გვახურავს
საქართველოსი,
მოთმინებიდან
გამოძერწილ
იმედს მოვუხმობ,
ღრუბლებიდან კი,
აფახურებს
ფრთას ანგელოზი.

ორთქლი მინებზე
იმ უხილავ
ნაკვალევს ხატავს,
სუნთქვას რომ ახლავს,
მონატრება-
შესისხლხორცებულს,
ბავშვობის შემდეგ,
ყველა ნივთი
დაპატარავდა,
ვამჩნევ სხეულზე
ძველ იარებს,
წლებით მორჩენილს.

მხოლოდ თვალები
ინახავენ
ყოველგვარ განცდას,
(უკვირთ გარშემო,
აშკარაა,
რას ვდარდობ ამდენს!..)
მზე_ ლურჯი სცენის
კულისებში
მიმალულ ქალს ჰგავს,
მე_ ვითვლი წამებს,
უშენობის
დასრულებამდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები