ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
27 ოქტომბერი, 2009


ეეჰ, არ იცი ქალების ამბავი...

- ,,ზდაროვა" ვასია!
- ვასია, მამაშენია! გაგიმარჯოს...
- მამაჩემი -  ოთარია, გოიმ და მეორედ არ მიჰქარო.
  ისე, თუ გინდა, შენც მამა დაუძახე, არ ეწყინება. რას ჩალიჩობ?
- ბებიაშენისა!  მამა არა, ბიჭო ის... მამას, მამაჩემს არ ვეძახი.
- ჰოდა, მეც მანდა ვარ, ვინმეს - ,,მამა" ხომ უნდა უთხრა?
- ,,პაშოლ" რა...
- რა იყო?! რა ხასიათზე ხარ?! მაგ დამპალ ,,მაზოლზე" ხომ არ დაგადგა ვიმემ ფეხი?
- ეეე, მიდი რა! არაფერიც არ მჭირს...
- რა, არაფერი, შეჩემა? ზეთი ჩამოგდის ცხვირიდან და იღრინები უჯიშო ძაღლივით! ჰა, თქვი ახლა! ხო ვიცი, მერე შენით უნდა მოაღო პირი და სამი საათი მებაზრო. ახლა მითხარი და მოკლედ.
- არაფერი, რა!
- ჰა, ახლა! თქვი!
- ფული გაქვს?
- რამდენი?
- 150 მანეთი.
- შენ ხო არ აწვალებ? ამდენი რად გინდა?
- ეეე... გააქ, თუ არა?
- საიდან?
- ღმერთის ,,კრიშიდან".
- იქ შენთვისაც იქნება შეჩემა. მიდი და აიღე. ჩემი ,,დოლიაც" წამოიღე, თუ გინდა და ნახევარი შენი იყოს.
,,ხარაშო", მაყუთი ხო იშოვე, ახლაც  არ იტყვი, რად გინდა?  რაში გჭირდება ამხელა ფული ? თავანია, ბიჭო?
- თავანი არა... ჩემი თამაში სად გინახია?.. მოსკოვში უნდა წავიდე...
- მოსკოვში?.. ლენინი უნდა ნახო?
- ჰო...
- რა საკითხთან დაკავშირებით, ამხანაგო ,, სკუნზიკ"?
- რა საკითხთან და... ეს ამდენი წესიერი ხალხი რომ შეახოცე რევოლუციას, გრიგოლ მილორავას რატომ არ ამოუკალე თავი? მაგის ჩათლახი შვილიშვილი - ლაშა, დღეს ხომ ვეღარ მოუშლიდა  ხალხს ნერვებს მეთქი, უნდა ვუთხრა.
- ჩემზე მეტყველებთ, ამხანაგო? თან 150 მანეთი გნებავთ, არა? ერთი ეს მიბრძანეთ - ვალერიან აბაზაძეს, რომ ამოუკალეს თავი -  37-ში, რა ხეირი? იმიტომ არ დაეთრევა მისი მათხოვარი შვილიშვილი, დღეს, აღმა-დაღმა და პატიოსან მოსახლეობას 150 მანეთს სთხოვს?
- სთხოვს თორემ, აძლევენ რა, ბებია მაგათისამ...
- მართლა რა გინდა ბიჭო მოსკოვში? ნინო მოგენატრა, ,,სკუნზიკ"? აბა,  თვალებში შემომხედე! უი! ,,სკუნზიკას" ნი-ნი-კო მო-ნა-ტრე-ბი-ააა!!! მომი-კვდ-ეეს თაა-ვიი!!!
- წადი რა!!!
  დაბადების დღე აქვს 27-ში.
- მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე  ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც რას უნდა ელოდოს? 27-ში კი, მანეთიანს მოგცემ და  ტელეფონით მიულოცე.
-ეეე, ატრაკებ და გიხარია! ახლა მე მკითხე?.. ბიძაშენს ვერ გამოართმევ?
- სტავროპოლშია.
- ნიკას არ ექნება?
- მაგდენი? საიდან. ერთი-ორი თუმანი, კიდე ჰო...  ,,ვან გოგასაც" უნდა ჰქონდეს რაღაცა, ფრანგული ფუნჯები და საღებავები უნდა ვიყიდოო.
- ჰოო?
- ჰო.
- წამოხვალ?
- წამო.
  ლაშამ, ,,სკუნზიკას,"  ანუ გიოს, მხარზე გადახვია ხელი და ორი მეგობარი, მესამის -დათოს, ,,ვან გოგას" სახლისკენ მიმავალ აღმართს, ლაპარაკ-ლაპარაკით გაუყვა.
- ბარემ ისიც მომითარგმნე, ეს 150 მანეთი რაში დაგეგმე და როგორ გაანაწილე? -  შეეკითხა გიოს, ლაშა.
- ლია დეიდამ, სტუდბილეთით ,, ტუდა-აბრატნის" 53 მანეთი უნდაო. აქედან ,,იკარუსი" აეროპორტამდე, იქ ტაქსი, ცენტრამდე, მერე უკან, ნუ ქალაშიაც - ყველაფერი ვთქვათ - 22 მანეთი. 75 გამოვიდა?
- მერე?
- 20 მანეთად საჩუქარს ვუყიდი. ესეც 95. რესტორანი, გაჭიმე-გახეთქე, ჰა, ერთი-ორი გოგოც რომ წამოიყვანოს, 50 მანეთი.
5 მანეთიც ჯიბეში ხომ უნდა მედოს?
- ჰო.
- ჰო და 150-ა, რა. პირველ რეისს გავყვები, ბოლოთი ჩამოვალ. არ მეყოფა?
- კი, მარა სტუდბილეთი?... შენ საიდან? სტუდენტი როდის გახდი, ეს მითხარი?
- მე არა, შენ ხომ ხარ?
- მერე?
- შენი სტუდბილეთით და პასპორტით წავალ.
- ვა, მართლა? შენ ხომ არ გიქიქინებს? პასპორტში არ ჩაიხედავენ, შენი ჭკუით, ინდაურ?
- მერე რა, ვგავართ სურათებზე ერთმანეთს.
- ვინა ბიჭო? ორბელიანის აივანივით თავი გადევს,მაგ კისერზე, მე როგორ მგავხარ?
- ბებიაშენისა, შენ ხომ გაქვს კურკასავით პატარა, რა!.
- მეე, ბიჭო?!! შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა!  წვიმაში ტან-ფეხიანად მშრალი ხარ ხოლმე, პლაჟის ,,ზონტიკივით" გაქვს ეგ შტერი თავი გაფოფრილი... არა, ჩემი პასპორტით ,,აპასნია", გაგაფართხალებენ... არ გამოვა.
- აბა რა ვქნა?
- რა და ... შენი პასპორტით უნდა წახვიდე... ,,ზნაჩიტ" - 200 მანეთი გვაქვს საშოვნელი. აქეთ-იქით 75,  25-ად რამეს უყიდი. 100 მანეთი კი იქ, კისრამდე გეყოფა. 2-3 დღეც დარჩი თუ გინდა.
-200 მანეთი სად ვიშოვო, მერე?
- დააღე ახლა პირი! 150 ხომ გიდევს ჯიბეში?! სადაც 150-ს, იქ 200-საც ვიშოვნით.
- ჰოო? ისე გაასწორებდა... ერთი-ორი დღე მართლა დავრჩებოდი ,, ტურასთან", ნაქირავებში.
- ,,ვაბშე" რამე მაყუთი გაქვს?
- 14 მანეთი...
- 14 ? - აბა, აგიწყვია ცხოვრება...  ,,ვან გოგასთანაც"" მოვედით.  ,,დავაი", დარეკე ზარი, რას უყურებ?
- ლაშა? ,,სკუნზიკ"?  - გააღო კარი, ,,ვან გოგამ". - შემოდით, ტო. რა ჯორებივით დადექით?
- შემოდით ბიჭებო! როგორ ხართ? დედაშენი როგორ არის გიო? აწუხებს წნევა? - შინ შეიპატიჟა ბიჭები, სამზარეულოდან გამოსულმა ელისომ, დათოს დედამ.
  თქვენი ძმაკაცი ახლა აბრძანდა ლოგინიდან, ჯერ ჩაიც არ დაულევია. სამზარეულოში შედით და ერთად ისაუზმეთ. ყიყლიყო, ხომ გიყვართ? მაწონიც არის, ხაჭო, არაჟანი. კამეჩის სულგუნი გამოგვიგზავნეს ზუგდიდიდან, ერბო გაუდის, პირდაპირ.
- არ გვშია, ელისო დეიდა, მადლობა.
- ეეე, წამოდით რა! მარტო ხომ არ შევჭამ! - სამზარეულოსკენ უბიძგა ხელი დათომ მეგობრებს და ლამის ძალით დასხა სკამებზე. - დასალევად ჩალიჩობთ, თუ რას დამადექით ამ დილა უთენია?- ხმადაბლა, დედას რომ არ გაეგო ისე იკითხა მასპინძელმა.
- ნახევრად გამოიცანი.
- ნახევრად?
- ჰო. დალევისთვის რაა საჭირო?
- დასალევი.
- ეეე!.. დასალევი რომ დაითრიო, მაგისთვის რაა საჭირო?
- ვინმეს უნდა გამოართვა.
- ეე, დებილი ხარ, რა!
- ეს სულელი ხომ არ არის?! რა უნდა ,,სკუნზიკ", არ იტყვის?!
- მაგას არა, მე მინდა.
- რა?
- ფული.
- ვაა, სულ ესეთი ორგინალური როგორ უნდა იყო, ბიჭო? ისეთი რამე მოგინდება, გააკვირვებ კაცს.
- შენც ნუ გაიკვირვებ და ისე მომეცი.
- აბა, კბილები დაკრიჭე და ისე მთხოვე: დათო, ძალიან გთხოვ ფული მინდა...
- და მომცემ?
- არა, მეც კბილებდაკრეჭილი გიპასუხებ: ბებიაშენის არ გინდა?
  კბილებდაკრეჭილი მეგობრის  დანახვაზე ბიჭებს გაეცინათ. ყველაზე მეტად, საკუთარი ,,ანგლობა"  ,,ვან გოგას"მოეწონა.
- წამოდით, მაგარი რამე მოგასმენინოთ. სანტანა! ქარავანი! ეე! სოფელი! აზრზე მოდით,  ,,ფირმა დისკია", გოიმური ..ზაპისი" არ გეგონოთ.
- ეე, საიდან ბიჭო?! - ალალად გაუხარდათ და გაუკვირდათ მოსულებს.
- სტიოპასგან ვიყიდე... 70 მანეთიო, მაგ ჩემისამ, ძლივს ექვს თუმნად მოვაცემინე.
- ფული საიდან გქონდა? - გულმა ცუდი უგრძნო გიოს.
- ფუნჯები უნდა მეყიდა რა, მამაჩემმა მომცა.
- ფუუჰ, შენი! მერე, მაგ ფულით იყიდე? გაგიჟდი?!
- რამ გამოგასირა, ბიჭო?!
- ეე? თქვენ თავი ხო არაფერს მიარტყით? რა თქვენი საქმეა, მე რას ვიყიდი?! გიჟები არიან მამაძალი?!!
- მოკლედ, დააბრუნებ და ფულს გამოართმევ!. - კატეგორიულად მოჭრა ლაშამ.
- შენ ხომ არ გაუბერე?! ან გახსნილ ,,დისკს ", რომელი ბარიგა დაიბრუნებს?! ან რატომ უნდა დავუბრუნო? შენ რაღაც, ვერა ხარ, აი!!! - სერიოზულად გაბრაზდა დათო.
- ბიჭო, ,,სკუნზიკას" ფული სჭირდება, შეუშვი რა, მაგ რეგვენ თავში!..
- ... არ გამოვა...
- რა არ გამოვა?
- ეგ საქმე არ გამოვა. ვერ დავაბრუნებ და არც დაიბრუნებს, მორჩა!... რად გინდა ,,სკუნზიკ"ფული?
- ნინოსთან მინდა მოსკოვში ჩავიდე. მეორე წელია იქაა და ერთხელაც ვერ ჩავედი... მაგრა ტეხავს რა...
  27-ში დაბადების დღე აქვს.. ჩამოდიო მთხოვა. ჩამოვალ მეთქი, დავპირდი. რომ არ ჩავიდე, იმასაც მაგრად გაუტყდება და მეც... ფული არ მაქვს მეთქი, ხომ ვერ ვეტყვი?
- მაგას როგორ ეტყვი შე ჩემა... გადააქნია თავი მასპინძელმა. - მოიცა რაღაცას მოვიფიქრებ... - ტელეფონი მომაწოდე!
- ტატო! გამარჯობა! სანტანა გინდა?.. ოთხი თუმანი გაქვს? - მასპინძელმა სტუმრებს გახედა. სტუმრებმა, უარის ნიშნად თავები გააქნიეს. - 4 თუმნად ჩემს ,,ფარფლებს" მოგცემ და ჰენდრიქსის პლაკატს, გაწყობს?.. ლენონის პლაკატიც?.. ოო, რა გოთვერანი ხარ!.. კაი, მასე იყოს. ოღონდ, ახლავე მოდი და ფული მოიტანე.
- 40 მანეთი ვიშოვეთ. თქვენ რამდენი გაქვთ?
- ჩემები დასავლეთში წავიდნენ დასაფლავებაზე და თუმანი დამიტოვეს, აჰა, ,,სკუნზიკ' გამომართვი. - წითელი თუმნიანი ჯინსის ჯიბიდან ამოიღო ლაშამ.
- 14 მანეთი მე მაქვს.
- ოთხი შეინახე, 2-3 დღე სიგარეტზე გვეყოფა. მოკლედ 60 მანეთი არის. დაგვჩა - 140. - დებიტ-კრედიტი გააშანშალა ლაშამ.
- თხუთმეტი მანეთიც მჭირდება. დღეს უნდა ვიყიდო თვითმფრინავის ბილეთი, თორემ ლია დეიდამ ვეღარ შეგინახავო, მითხრა.
- კიდევ 15 გვჭირდება?
- ჰო.
- ადე, წავედით.
  დათო, ტატო ფულს რომ მოგიტანს, სასტუმრო ..საქართველოსთან"ჩამოდი, ბაღში ვიქნებით.
- სად მივდივართ ლაშა?
- ჩემთან. დავით გურამიშვილი მაქვს, ძველი, საიუბილეო გამოცემა. ორი თვის წინ ბუკინისტი, სამ თუმანს მაძლევდა.
  ოცი წუთში, საიუბილეო ,,დავითიანით" ხელდამშვენებული მეგობრები,  ბუკინისტურ მაღაზიას მიადგნენ.
- აი, წიგნი წამოვიღე. გახსოვთ, რომ მითხარით მოიტანე და 40 მანეთს მოგცემო?.. ოღონდ, ცოტა სწრაფად, მაგრად გვეჩქარება.
  ბუკინისტმა, ხელში აიღო წიგნი, გადაათვალიერა, დარწმუნდა ბიბლიოთეკიდან, რომ არ იყო მოპარული. შენახვის ხარისხითაც კმაყოფილი დარჩა. წიგნი არ იყო დაზიანებული. არც დაჩხაპნილი გახლდათ და არც დახეული.
- მდაა, რაღაც გეშლებათ ყმაწვილო... მე ალბათ გითხარით, მოიტანეთ წიგნი და რომ გაიყიდება, 25 მანეთს გადაგიხდითო.
- არა, კაცო 25 კი არა, 40 მითხარი! ჯანდაბას 30 იყოს. სასწრაფოდ დამჭირდა ფული, თორემ ნაღდად არ გავყიდდი.
- კეთილი ბატონო, დავადოთ ფასი და ვნახოთ როცა გაიყიდება, გადაგიხდით...
- უფროსო! ვერ გაიგე რა გითხარი? ახლა მჭირდება ფული, ახლა!!!
- ახლა საიდან მოგცეთ? ა, ბატონო, ნახეთ ნავაჭრი თანხა. 17 მანეთია სულ.
- ოხ, შენი!.. ჯანდაბას, მოიტა რაც გაქვს!
- სულ თუ მოგეცით მე როგორ ვივაჭრო? მხოლოდ 15 მანეთი შემიძლია მოგცეთ.
- აზრზე ხარ რა ,,კრიჟანია"! სუფთა გობსეკია რა!!!
- აბა, აბა! ყმაწვილო! თუ ჩემი პირობა არ მოგწონთ, მიბრძანდით აქედან! - გაბრაზდა მოხუცი ბუკინისტი.
- ჰო, კარგი, მაიტა.. შენი...
  ხედავ ბიჭო, თითქოს იცოდა ამ ჩემისამ,  რამდენიც გვჭირდებოდა. ზუსტად არ გაარტყა, ტო?
- მამაშენს რას ეტყვი წიგნზე, ლაშა?
- მეორეც გვაქვს ბიჭო, ასეთი. შენ მაგაზე არ იდარდო. წამო ახლა,  ,,საქართველოსთან" ბაღში, დავჯდეთ და ,,ვან გოგას" დაველოდოთ. შეიძლება ვინმე ჩვენიანიც გაიჩითოს. დღეს, კიდევ რაღაც რომ ვიშოვოთ, საქმეა რა.
  ბაღში, ნაძვის კუნძებზე ჩამოსხდნენ, მეგობრები. საოცარია, მაგრამ იქვე კუთხეში,  არავინ იდგა ბირჟაზე.
- მამაშენს რამდენი დარჩა ბიჭო, კიდე? სამი წელი?
- ჰო, სამი... მაგან გაგვწყვიტა ლაშა წელში. იცი რა ჯდება ერთი ,,პერედაჩა"?
- ვიცი, როგორ არ ვიცი...
- დედაჩემი დილით პოლიკნინიკაშია, ღამით კი, პლეხანოვზე აფთიაქს ალაგებს...  მიმალავს, ჰგონია არ ვიცი... ბევრი საქმე მაქვს და გვიანობამდე მტოვებენ ლაბორატორიაშიო -ასე მეუბნება. ახლა, ჩემი ოთახი უნდა გავაქირავოთ, 50 მანეთად. ვიღაც ორი სტუდენტი გოგოა. უნივესიტეტთან ახლოს ვიქნებით და გვაწყობსო, ასე უთქვიათ.
- კარგი ნაშები არიან?
- რა ვიცი, მე არ მინახავს... არა მგონია კარგები იყვნენ. გინდაც იყვნენ, მე რა?..
- რა  შენ, რა? ძმაკაცებზე არ უნდა იზრუნო?
- აბა, ბიჭო, თქვენ აგაოხრებინებთ ახლა იქაურობას, მაგ ჭკუაზე ვარ.
- გეხუმრები ,,სკუნზიკ".
- ვიცი, ლაშა.
  ჩემი დაა და ცალკე გასაჭირი.
- ნატუკას რა სჭირს ბიჭო?
- ცეკვაზე ხო დადის?
- მერე?
- იცი რა ჯდება ფორმა? ქვეყანა ფული. კიდევ კარგი, დედაჩემმა მიაკვლია და საკონცერტოდ, ოპერიდან გამოაქვს, ხოლმე. მაგრამ, პატივი ხომ იქაც უნდა სცე ? ახლა, მე უნდა რომ, რეპეტიტორებთან მომამზადოს. წელს უნდა მოეწყოო, მეუბნება. არ ჩავაბარებდი, მაგრამ ნინოსი მრცხვენია. ყველა სწავლობს, მაგის დედა ვატირე, ის მთლად მოსკოვშია სამედიცინოზე და მე აქ,,გეპეიშიც" არ ვისწავლო? ისედაც ზემოდან მიყურებს დედამისი, არ ვევასები. მოკლედ ასეა, რა... ის გოგო კი, ჩამოდი, ჩამოდიო, გამიხურა. თითქოს მე არ მინდოდეს.
- ეე, ,,ვან გოგ" აქ ვართ ბიჭო! მოიტანე? - ჯანაშიის ქუჩის კუთხეში დათოს მოჰკრეს თვალი.
- აჰა, 40 მანეთი და ზემოდანაც - ხუთი, ჩემმა დამ მომცა, ყულაბაში ჰქონია.
- საღოლ, ჯიგარი ხარ! ნუციკოს კი გადაეცი, მოსკოვიდან შოკოლადის ფილა ჩემზეა-თქო.
- შოკოლადი კი არა, შეხედე ვინ მოდის? - ეე, რაფო! მოდი აქა! როგორ ხარ ბიჭო? ვერ გვიცანი?
- ბიჭებს გაუმარჯოს! თქვენ როგორ ხართ, კარგო ხალხო? ჰოდა, კარგადაც გამყოფოთ ღმერთმა! - მიესალმა ბაღში მყოფთ, დაბალი ტანის, მწითური, სათვალიანი,  ნაყვავილარი სახის - რაფიელ კრიხელი.
- სად დაიკარგე, რაფო ჯან, არ ჩანხარ რაღაც?
- მამაჩემთან, საკონდიტროში დავიწყე მუშაობა, ბიჭებო. იქა ვარ დღე და ღამე. რა ვქნა, ვეღარ ვიცლი ხოლმე, დაგენაცვლეთ. გამოიარეთ, კაი ნამცხვრებს გაგატანთ, თქვენთვის ,,სპეცზაკაზი" იქნება, მარგარინზე კი არა, სულ კარაქზე გამოგიცხობთ.
- ნამცხვრები არ გვინდა და ფულს ვერ გვასესხებ, რაფოჯან? ხომ იცი დაგიბრუნებთ. - ხეირის სუნი იგრძნო ლაშამ.
- უიიი, არა ბიჭებო, აბა საიდან? არა, მაქვს თორემ, თქვენ როგორ დაგიკავებთ? აი, 15 მანეთი მამაჩემს ვესესხე და რაჩიკასთან მიმაქვს, წავაგე და დამეხმარეო, მითხრა. მაგანაც გააჭირა, რა! სულ აგებს და მერე მე მთხოვს.
- რაჩიკა ვინ არის, რაფო?
-აი, აქ, დაბლა, სომხურ სკოლაში რომ სწავლობდა. მერე, ცოტახნით დაიჭირეს, იცით რა თქვენ...
- 15 მანეთი გაქვს?
- ჰო, უნდა მივუტანო, რა.
- მაჩვენე.
- რა ჩვენება გინდა ლაშა? თუმნიანია და ხუთმანეთიანი.
- მაჩვენე ბიჭო!
-აჰა, ნახე რა...
-აი, ასე... ახლა კარგად დამიგდე ყური: ხუთი მანეთი შენ გქონდეს, ჩაიდე ჯიბეში. იმ რაჩიკას კი გადაეცი, ფული ლაშას მივეცი,  ჩემი მეგობარია და დასჭირდა. შენ კი ასე გადმოქცა - სხვისი ტრაკით თამაშს შეეშვი თქო! გაიგე? ერთი-ორი საათი აქ ვიქნები, თუ პრეტენზია აქვს მოვიდეს. ხო, ეტყვი? რა გინდა ძმაო? შენც მოგებაში დარჩი, ჩვენც მაგრად გაგვისწორე. ჯიგარი ხარ! რამე თუ გითხრა, აქ მაათრიე. გაიგე?
- ჰო, წადი და ასე უთხარი რაფო. ნუ გეშინია, აქა ვართ? და სხვა დროსაც აღარ მისცე ფული, იცოდე. გაიგე, ძმაკაც?
- გავიგე ბიჭებო. ვეტყვი და... თუ რამეა... ხომ დამიბრუნებთ?
- დარდი ნუ გაქვს, არაფერიც არ იქნება.
  აჰა ძმაო, 9 თუმანიც გვაქვს! ესე თუ გავაგრძელეთ, შეიძლება ქორწილის ფულიც ვიშოვოთ, შე ჩემა!
  წავედით, ბილეთი ავიღოთ, თორემ შესვენება დაიწყება. პასპორტი აქა გაქვს?
- კი, ტო! გინდა გაჩვენო? - გაეცინა გიოს და ,, ვან გოგას" თვალი ჩაუკრა.
- ბაბუაშენს აჩვენე, შე ჩემა, გაუხარდება, დაკაცებულაო იტყვის!
  უყურე ამ თუქსუსს, მოვიდა აი, ხასიათზე! დილით კარგად გდიოდა ცინგლები? - ბიჭები სიცილ-სიცილით  სასტუმროში შევიდნენ და ავია-ბილეთების სალაროსკენ გაემართნენ.





        ( ალბათ, მალე, დასასრულიც იქნება)







                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები