ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2009


არც თუ საახალწლო ( ჟანრს რამდენად შეეფერება, რა მოგახსენოთ)

- გამარჯობა ქალებო!
- მარტო ქალებს უნდათ გამარჯვება? ჩვენ რა დავაშავეთ?
- უი, კაცებიც აქ ყოფილხართ? უკაცრავად, გვიან შეგამჩნიეთ. რა ხდება ჩვენ თავს? აქ რატომ მოგვიყვანეს? არ მომწონს რაღაც აქაურობა. ყოფილხართ ადრე აქ რომელიმე?
- მე არა.
- არც მე.
- მეც არ ვყოფილვარ.
- პირველად ვარ.
- სად ვართ?
- რა გითხრა. ხომ ხედავ არავინ იცის.
- ამ ბებერ ცხენებს რაღა უნდათ ჩვენთან?
- რას გაიგებ? გეტყვის ვინმე რამეს?.. ისე, არც ჩვენ ვართ ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენ და ცხენები ერთად, რა შუაშია?
- მეც ეს არ მიკვირს?
- რაღაც ცუდს მიგრძნობს გული.
-  ასე არ ვართ ყველა.
- უთენია წამომათრიეს, ღერი არ ჩამიდია პირში. კიდევ კარგი წყლის დალევა მაინც მოვასწარი.
- მე, გზაში წავიწიკნე რაღაც...
- კიდევ ორი შემოიყვანეს.
- ადგილი აღარ დარჩა და სად უპირებენ დატევას?
- მოძებნიან.
- ცხენებიც მოაყოლეს?! გადავირევი ქალი! ერთად შევჯგუფდეთ, აქ არ ჩაგვიყენონ.
- მაინც სად ვართ ნეტავი, ა?
- წარმოდგენა არ მაქვს. მომიყვანეს თუ არა, შემხედეს-შემომხედეს, მერე სასწორზე შემაგდეს და აქ შემომათრიეს.
- იმ ცხვირგაბიჟვინებულმა, ყურში ფანქარი რომ ჰქონდა გაჩრილი? იმან არ გაიხაროს! ჯერ ძუძუზე მეცა. რა უნდოდა ოჯახქორს, რძეს მისინჯავდა თუ რა? კი ჩავცხე კარგად მარა, მარჯვე აღმოჩდა, აიცდინა იმ ოხერმა. მერე, მეც შენსავით ამწონეს და აქ შემოსვლაზე რომ გავუძალიანდი ისე გადამიჭირა ჯოხი ზურგზე, ამ ხნის ვარ და სული როგორ არ გამძვრა მიკვირს, შენ არ მომიკვდე.
- ჰო, ის იყო, ის. მეც დამიწყო ხელის ფათური, სულ დამიჟღლიმა ძუძუები, იმ არ გასახარებელმა.
  ისე გიყურებ-გიყურებ და ახლა მივხვდი, შენ აფრასიონასი არ ხარ?
- კი, ქალო. ხატულა ვარ მე.
- ვერ მიცანი მერე? წყაროდან, სანამ გოგიას სამჭედლომდე მიხვალ, ხიდამდე შუკა რომაა, იმის ბოლოში ვცხოვრობ?
- ნაზიბროლა?
- გიშველოს გამჩენმა! სახელიც გხსომებია.
- რა ვიცი დაია, დღეს ისე ვარ აფორიაქებული შენ კი არა, საკუთარ თავს ვერ ვცნობ მგონია და არ გეწყინოს.
- რა უნდა მეწყინოს შე ქალო? ასე არ ვარ მეც და ყველა აქ მყოფი? ძლივს გიცანი ხომ ხედავ? ისე, კარგა ხანია არ მინახიხარ?
- ძნელი ყოფილა სიბერე ჩემო ნაზი. ხუმრობა ხომ არაა, რვა შვილი დავზარდე, ორი - დავიტირე. შვილიშვილებს და შვილთაშვილებს ხომ ნუღა იკითხავ. იმდენი არიან, რაოდენობა მერევა უკვე, სახელებზე რომ არაფერი ვთქვა. ზოგი სადაა და ზოგი სად.
- მეც ასე ვარ გენაცვალე?. ერთი შვილი და შვილიშვილი შემრჩა მხოლოდ. დანარჩენები დაიფანტნენ. სანამ ჩემი ნიშიკო იყო ცოცხალი, კიდევ რა მიჭირდა? კაცი იყო და იმედი მქონდა მაინც. შარშან, ნესტორის უმცროსი ბიჭის ქორწილი რომ იყო, იმის წინა დღეს  გამოვიტირე. მთელი ცხოვრება შრომაში, ჯაფასა და უღელში გაატარა საცოდავმა. ყანწიღა დარჩა იმის სახელზე, ესაა და ეს.
- კიდევ მოყავთ მგონი ვიღაც?
  არა, ის ფანქარგაჩრილია მხოლოდ... ავად იყურება რაღაც. გვთვლის თუ რას შვება ის ოხერი? ეს ცხენებიც რა უშნოდ ფრუტუნებენ? ტლინკებს ყრიან. არ დააშავონ ვინმე.


- სევასტიჩ! - გასძახა კარს იქით მყოფს, ფანქარგაჩრილმა. - 11 ტონა და 440 კილო ცოცხალი წონაა! არ მგონია აწი, ,,ბოინში" ვინმემ  საქონელი მოიყვანოს. რა ვქნათ, დავიწყოთ დაკვლა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები