ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: თარგმანი
25 ნოემბერი, 2009


იოსიფ ბროდსკი

ფედია დობროვოლსკის ხსოვნას

ჩვენ ისევ ვცხოვრობთ.
ისევ ვკითხულობთ ანდა ვწერთ ლექსებს.
ვათვალიერებთ ლამაზმანებს,
ილუსტრირებულ ჟურნალების ყდებიდან რომ
უღიმიან ქვეყნიერებას.
ფიქრებში განვსჯით ჩვენს მეგობრებს,
როცა გაივლის მთელ ქალაქს და უკან გვაბრუნებს
მოძაგძაგე და გათოშილი, ცივი ტრამვაი.
ჩვენ ისევ ვცხოვრობთ.

ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ ხეებს,
რომლებიც
გაშიშვლებული შავი ხელებით
ცის უსაშველო ტვირთს იკავებენ,
ან იმტვრევიან ზეცის სიმძიმით,
ღამ-ღამობით რომ მიწას გვაგონებს.
ჩვენ ვხედავთ ხეებს,
მიწაზე გართხმულთ.
ჩვენ ისევ ვცხოვრობთ.
ჩვენ, რომლებთანაც ძალზე დიდხანს საუბრობდი
თანამედროვე ფერწერაზე,
ანდა ვისთანაც კათხა ლუდს სვამდი
ნევის პროსპექტის
კუთხეში მდგარი, –
იშვიათად გიხსენებთ ახლა.
და თუ გიხსენებთ,
ჩვენი თავი გვებრალება იმავე წუთში,
გვებრალება საკუთარი მოხრილი ზურგი,
საკუთარი გული, რომელიც ძველებურად აღარ მუშაობს,
საზიზღრად ფეთქავს და მკერდიდან
თითქოს ამოხტეს
უკვე სამი სართულის შემდეგ.
და უცებ ვფიქრობთ,
ერთ მშვენიერ დღეს
მასაც – ამ გულსაც –
შეემთხვევა რამე უაზრო…
და მაშინ ერთი ჩვენთაგანი
შენგან რვა ათას კილომეტრზე
დასავლეთისკენ
დაასკდება მოასფალტებულ ბინძურ ტროტუარს,
ძირს მიმოფანტავს თავის წიგნებს,
და რასაც იგი დაინახავს უკანასკნელად,
იქნება უცხო სახეები, ამ შემთხვევით შეშფოთებული,
რომელიღაც სახლის კედელი
და სადენებზე დაკიდული ზეცის ნაჭერი, –
ზეცის,
რომელიც ებჯინება იმავე ხეებს,
ხანდახან რომ შევამჩნევთ ხოლმე…




ძეგლი

აღვმართოთ ძეგლი
ქალაქის გრძელი ქუჩის ბოლოს
ანდა დიდი მოედნის ცენტრში,
ძეგლი,
რომელიც მოერგება ნებისმიერ არქიტექტურას,
რადგან იქნება ცოტაოდენ კონსტრუქციული და ძალიან რეალისტური.
აღვმართოთ ძეგლი,
არავის რომ ხელს არ შეუშლის.

პიედესტალთან
გავაშენებთ ლამაზ ყვავილნარს,
ან თუ მოგვცემენ ამის ნებას ქალაქის თავნი –
პატარა სკვერსაც,
ჩვენი ბავშვები
ნარინჯისფერ თამთამა მზისგან
თვალს მოჭუტავენ,
პიედესტალზე მდგარ ფიგურას
აღიარებულ მოაზროვნედ,
კომპოზიტორად
ან გენერლად წარმოიდგენენ.

პიედესტალთან – თავს ვდებ –
ყვავილებს ყოველ დილით
თვლა არ ექნება.
აღვმართოთ ძეგლი,
არავის რომ ხელს არ შეუშლის.
თვით შოფრებიც კი
დატკბებიან, მის დიდებულ სილუეტს რომ დაინახავენ.
პაემანებსაც
ძეგლის ირგვლივ სკვერში დათქვამენ.
აღვმართოთ ძეგლი,
სამსახურისკენ აჩქარებით მიმავალნი გვერდს რომ ჩავუვლით,
მის შორიახლოს
დაიწყებენ სურათების გადაღებას უცხოელები.
ღამით ქვემოდან გავანათებთ პროჟექტორებით.

აღვმართოთ ძეგლი სიცრუისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები