ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2009


და წავალ - გაუდის ნახატი ქუჩებით... (მთლიანად)


1 . Sagrada Familia
(ბარსელონა)

მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები,
ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები
და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები.

რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს,
ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს...
ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე,
წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ.

ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს,
იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ
ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს
მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი.

მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე,
თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც''
ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე
ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით.

დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს,
ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით,
ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს,
სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი.

და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით,
რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე,
ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები,
და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.




2. Sagrada, barca (და… მე ისევ არსად ვარ)

მე ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
დაუმშვიდობებლად მივდივარ ჩვეულად,
უკან დაბრუნებას ვიცი, რომ ვერ შევძლებ.

ასფალტზე ჩრდილები წაშლიათ ნაბიჯებს,
წასვლა რა ძნელია, შენც ხვდები მშვენივრად,
ქარი ლამისაა სიცილით ჩაბჟირდეს,
ჰგონია, ვთამაშობ და მაინც შენი ვარ.

წარსულის ეპიზოდს ჩამოჰგავს საგრადა
გამოქანდაკებულს მზერით მომავლიდან,
ამ მოშიებული თვალებით დაგხატავ
ფართო გასაყართან ქუჩების, თავიდან.

გავიდა შიშველი ვნებები, გათავდა,
მათი გახსენებაც მზარავს და არ მინდა,
ოცნების ქალაქი უფიფქოდ გათოვდა,
მელანქოლიურad ვიქეცი, ამინდად.

ღელავს შენობებზე თაღების ბოჰემა,
სუნთქვაშეკრულია ფერადი ჩუქურთმა,
შენგან განსხვავებით ჩემში ვერ მოხერხდა
უკვდავი გრძნობების დევნა და უკუთქმა.

და ისევ არსად ვარ, ღამე ჩახვეულა
გაუდის ტრამვაის სისხლიან რელსებქვეშ,
ფიქრები ვაქციე კალმად და რვეულად,
მერე, _ მთვარეულმა, გაგცვალე ლექსებზე.




3. Sagrada...(ალიბი)

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა,
ბაგეთა სიშიშვლეს ვერაფრით ვიოკებ,
სიცოცხლე იმ დიდი ვნებისაც დამთავრდა,
თავისდაკარგვამდე ბგერა ზრდის იოგებს.

ვყოვნდები. რამდენი დამრჩა უსათუოდ
სათქმელი. და მაინც წასვლა ვამჯობინე...
ბორგავს დედამიწა _ საბრალო სასტუმრო
ცოდვების. ბოლოჯერ ვაცილებ ჯებირებს

სულს. თან მსდევს სახეზე ორმაგი პროფილი,
უკან კი ქუჩაა დამყოლი ქალივით
ფეხქვეშგაგებული. სიგიჟე ყოფილა
ეძებო, იმის რომ გიყვარდა, ალიბი.

ნაკლი გაქვს შენც, ალბათ, ოდენა იოტის,
მე თვალებს ლოდინის დოზებით ვაოსებ,
თან ვხატავ სტრიქონებს მოდურს და პოეტურს,
აქ ყველა პაუზას შორის ქაოსია.

მოღოღავს ტრამვაი, მართკუთხა სიკვდილი,
ქალაქის არც ისე ქარიან ამინდში,
და ახლა საშინლად მჭირდება სიმშვიდე,
პირიქით,- აღარ მსურს სიმშვიდე, გამიშვი.

ვიცოდი, ჩემი გზა სხვებისას არ ჰგავდა...
ღამეა, ლამპიონს სევდა სდის ლანდივით,
მომყვება ლექსებში ნებითად Sagrada,
იქნება ეს წასვლა ყველაზე ნამდვილი.




4. Sagrada (...ადიოს!)

ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ძირს გდია ქუჩა, რომ მომსდევდა ფეხდაფეხ,
გიყვები შეწყვეტილ სიზმრებზე უსიტყვოდ,
და გაუთენებლ ღამეთა შესახებ.

მზე ფერიცვალების სამოსს ჰგავს საკრალურს,
მისქვეშ მოღრუბლისფრო ღმუიან ბელტები,
ოჯახის სიწმინდეს ღაღადებს Sagrada,
მე ასე უშნოდ და უნდილად ვბერდები.

რთულია გარდაცვლა. და მაინდამაინც
ვერავინ შემატყობს სახეზე ქარიშხლებს,
ვიპოვე სიკვდილის შიშების წამალი,
იმ დღიდან, როდესაც გიხილე... კაეშნით,

ნატერფალს გავყვები შიშველი გაუდის,
არაცნობიერი ღვივდება ლანდები,
გულის ყველა კედელს ზანზარი გაუდის,
ქალაქის კარიბჭის კიდესთან ვთავდები.

ცა მელნად იღვრება ქაღალდის ტილოზე,
სიშორის სიძველის სუნი აქვთ შენობებს,
რა რჩება მეტი სხვა… ტაძარი, ილოცე,
ითხოვე შეშლილი სულისთვის შენდობა.

ლექსს ახლავს ნახატი განცდების მისტიკა,
ცოდვებს არ ითვლიან… ღმერთმა მაპატიოს.
ესაა ტრამვაის და ვნების მუსიკა,
ვტოვებ და მივდივარ შენგანაც… ადიოს.




5. ნახატი ქუჩებით(FIN)

რა ჩიქორთული გზით ვიარე აქამდე,
ფინალი ხომ ბევრად რთულია ყოველთვის,
აღარ ვთვლი კედლებზე მოფანტულ ნაქარგებს,
რომლებსაც მომავლის საბაბად ვტოვებდი.

ქარია. შენ ალბათ დუმილსაც იზუთხავ,
ითვისებ ვერთქმული ბგერების მანერებს,
და სულში ისეა გამჯდარი ცის სუნთქვა,
ცხადად გრძნობ, თუ როგორ გეწვება ნერვები.

ყველა უიმედო ნატვრა თან ტრავმაა,
იქნებ, ამაშია მთავარი მაგია,
სიკვდილის სუნი აქვს რელსებზე ტრამვაის,
სიმშვიდისმომგვრელი წამების მაგივრად.

სხეულიც ქაოტურ ნაბიჯით დავძარი,
მე მქვია მხატვარი, ოღონდ თვითმარქვია,
დგას თაღებაწვდილი ვეება ტაძარი-
განსხეულებული გრძნობების არქივი.

გათავდა საშენო სიტყვების მარაგი,
მზის ბოლო სურვილი ეცემა ქვაფენილს,
სავსეა გარემო, ახლოა არავინ,
მიუღწევადია თავს ზემოთ აფრენა.

სახლობს მყუდროება ლოდინის დასასრულს,
ლამპიონები კი აქა-იქ მეწამულ
ფერებით ნუსხავენ შუქ-ჩრდილებს ფატალურს...
გაუდის ნახატი ქუჩებით მე წავალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები