ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოჟიდარ ბელოპავლიჩი
ჟანრი: პროზა
29 დეკემბერი, 2009


მაკ-კორმაკი აღარ ხუმრობს. ძნელი დრო. II ნაწილი

დასაფლავების წინ.
     
    "დიდი ჯოს" დასაფლავებაზე ბევრი ხალხი შეიკრიბა. მოსალოდნელიც იყო. "დიდი ჯო" ხომ ბრუკლინის "უოთერ-ფრონტის" უბნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბანდიტი იყო. ჯუზეპე მასტროპადრონე, ან უბრალოდ "დიდი ჯო", დონ ფუჩინო მასტროპადრონეს უფროსი შვილი იყო. იგი არავის უყვარდა (რათქმა უნდა მშობლების, დონ ფუჩინოსა და დონია ფილუმენას გარდა). უფრო მეტიც, მას ვერავინ ვერ იტანდა და გულში ყველა ნატრობდა მის სიკვდილს. აბა როგორ უნდა ყვარებოდა ვინმეს ორმეტრიანი, იტალიელი იდიოტი, რომელსაც ჭკუა და საქციელი მხოლოდ ფულზე, ძალადობასა და ქალებზე ჰქონდა მომართული.
      ჯოს, ამ მართლა ორმეტრიან საქონელს, თითქმის არაფერი არ ადარდებდა და არაფერი ჰქონდა წმინდა. მისთვის სულ ერთი იყო ვისთან მოუვიდოდა უთანხმოება, ჩხუბი, ან ვისთან მოუნდებოდა სექსი - მას შეეძლო მეგობარი ცემით მოეკლა ბანქოს თამაშისას (ასეც ჰქნა ამ ჩვენმა ჯომ, როდესაც საწყალი დამიანო მალეზი "შემოაკვდა"ცემით, ვისკით გალეშილს), მას შეეძლო კლასელი გოგონა მოხუცი და ავადმყოფი მამის თვალწინ გაეუპატიურებინა (ასე გააუბედურა მან ისედაც უბედური, კოჭლი მენი რეილი), ჯოს მესამე გახმაურებული "გმირობა" უოთერ-ფრონტის უბნის გიჟის, ფერუჩინოს, დასახიჩრება იყო - ერთ დღეს, სულელმა ფერუჩინომ ჯოს გაზეთს, როდესაც "დიდი ჯო" ახალ ამბებს ეცნობოდა, ცეცხლი მოუკიდა და ყვირილით "ცეცხლი! ცეცხლი!" მის გარშემო სირბილი დაიწყო. საწყალ ბიჭს გაქცევაც არ უცდია. ჯომ თავის მცველებს (იგი მუდმივად მცველებით დადიოდა) ფერუჩინო დააჭერინა და პორტის საწყობში მთელი დღე აწამა წათლილი ბამბუკის ჯოხებით. იმ დღის მერე, ფერუჩინოს მეტყველება წაერთვა და იგი მხიარული შერეკილიდან, რომელიც მთელს უბანს უყვარდა და რომელსაც მთელი უბანი უვლიდა, ინერტულ, თვალებგაყინულ, უტყვ დებილად გადაიქცა...
        აღარაფერს ვიტყვი "დიდი ჯოს" ურიცხ საყვარლებსა და მეძავებზე, რომლებსაც ჯო წინდებივით იცვლიდა და ყველას, გამონაკლისის გარეშე, სცემდა...შემდეგ ფულს იხდიდა, თუ დაზარალებული გავლენიანი ან მდიდარი იყო, ან თავის მამიკოს და მამიკოს ნაცნობებს რთავდა გარჩევებში, თუ საქმე გარჩევებამდე მივიდოდა.   
      ჩვენი ანტი-გმირი უბნის ღარიბ მეზობლებს საერთოდ არად აგდებდა და მათ, როგორც ტირანი ფეოდალი თავის ყმებს, ისე ექცეოდა. მთელს უბანს ახსოვდა დალაქი პეტრინოს კოხტა სადალაქოს დაწვა; ტაქსის მძღოლის, ვალერიოს, სიმწრით, კრედიტში ნაყიდი, დაჩეჩქვილი ყვითელი მანქანა; ღარიბების ადვოკატის, დონ ჩიროს, სასტიკი ცემა და უამრავი სისაძაგლე, რომელსაც "დიდი ჯო" და მისი ერთგული ძაღლები, ძმები ტალიავინები ჩადიოდნენ უოთერ-ფრონტში.
      ჯოს გამოჩენისას ხალხი თვალებს დაბლა ხრიდა და ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. "დიდ ჯოზე" საუბარს კი არა, მასზე კრინტის დაძვრასაც კი, ყველა ერიდებოდა. რა იცი ვინ აიღებს ხელს ნამუსზე და გამორჩენისათვის, ვინ მიიტანს ენას დონ ფუჩინოსთან? დონ ფუჩინო კი ადგილობრივებისთვის მეფეც იყო, პროკურორიც, მოსამართლეცა და მფარველიც.
      დონ ფუჩინოსთან "დიდ ჯოზე" ჩივილებით ბევრი მიდიოდა, მაგრამ დონ ფუჩინო მათ მონაყოლს დიდ ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა მომჩივანს აუცილებლად წითელი კიანტის ერთ ჭიქას შესთავაზებდა-ხოლმე, დააწყნარებდა და ეუბნებოდა:
      " სინიორ აბრუცცი, ნუ მიიტანთ გულთან ახლოს ჩემი უფროსი ბიჭის გამოხტომებს, იგი ახალგაზრდაა, თავში ქარი უქრის...
      "სინიორა პეტრუჩელლი, არ იწყინოთ, მე ყოველთვის დაგეხმარებით, არ იფიქროთ რომ არ ვიცი რა სისულელეებსაც სჩადის ჯუზეპინო...
      "სინიორ ფერარა, მე ყველაფერი ვიცი. ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი..." - ასეთი იყო დონ ფუჩინოს სტანდარტული პასუხები.
      ძალიან დაჟინებული მთხოვნელებისათვის დონ ფუჩინოს პასუხი არ ჰქონდა, უფრო სწორად, მას მათთვის სიტყვიერი პასუხი არ ჰქონდა. აწიწმატებულ, შეუგნებელ და აბეზარ მეზობელს, დონ ფუჩინოს "ბულდოგები" იქვე, მასტროპადრონეების სახლის უკანა ეზოში უსწორდებოდნენ-ხოლმე. თუმცა, ასეთი დაჟინებული მთხოვნელები დიდი ხანია აღარ ჩანდნენ...
      განსაკუთრებით ისჯებოდნენ ისინი, ვინც გაბედავდა და ამერიკულ პოლიციასთან დააპირებდა სამართლის ძებნას. იტალიური სამეზობლო ამერიკელებს როგორც უცხოებს, ისე უყურებდა და მათთან თანამშრომლობა და იტალიური ამბების მათთან, "ბინძურ ირლანდიელებთან", გარჩევა "ფრონტში" სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.
      ერთი ასეთი შემთხვევა "დიდი ჯოს" უმცროსი ძმის, ვინჩენცოს, ანუ როგორც ადრე მოგახსენეთ, "ვინს-შავი ულვაშების" გამო მოხდა. ნარკომანი და გაიძვერა ვინსი, ვიღაც "თეთრ" გოგოს (ამბობდნენ ირლადიელი იყოო) გადაეკიდა და მის ძმებთან ჩხუბი მოუვიდა. გოგონას ძმებმა ვინსი და მისი ნარკომანი ამფსონი მაგრად მიბეგვეს და სახლში წავიდნენ.
      მეორე დღეს, "დიდმა ჯომ" და მისმა არმიამ, გოგონას ძმები სახლთან გამოიჭირეს, მათრახებით გვერდები აუჭრელეს და მსუბუქი შრამებიც დაასვეს. ბოლოს კი, მათ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ამბავი გახმაურდა. გოგონას ძმები კი გადარჩნენ, მაგრამ რადგან ჩხუბი სხვა უბანში მოხდა, ასე ვთქვათ, მტრის ტერიტორიაზე, საქმეში ბრუკლინის პოლიცია ჩაერია.
      პოლიციელებმა შემთხვევის ენერგიული გამოძიება დაიწყეს და კითხვებიც ბლომად დაუსვეს ჩხუბის თვითმხილველებს. ერთ-ერთი მოწმე, ვინმე კასტელანი, უოთერ-ფრონტიდან დიდი ხნის წინ გადასახლებული იტალიელი, სასამართლო პროცესზე გამოვიდა და გულუბრყვილოდ მოყვა ის, რაც ჩხუბისას ნახა, "შავ ულვაშებს" ფულადი ჯარიმა დააკისრეს და პირობითი სასჯელიც შეუფარდეს. ირლანდიელ ძმებს არ დაუჟინიათ "შავი ულვაშების" ციხეში ჩასმა, იცოდნენ ვისთანაც ჰქონდათ საქმე და თავი დაიზღვიეს. შეიძლება, დონ ფუჩინოსგან ფულიც აიღეს, ეს არავინ იცის. მაგრამ ამ ჩვენს გულწრფელ კასტელანის ამან არ უშველა. მას ძალიან ძვირად დაუჯდა თავისი მონათხრობი. არ უნდა მოეყოლა...
      საცოდავ კასტელანის "ფრონტში" აღარავინ ჰყავდა ნათესავთაგან, და არც აპირებდა იქ დაბრუნებას, მოკლედ გაამერიკელებული იტალიელი იყო. ცოლიც ებრაელი ჰყავდა და ეკლესიაშიც აღარ დადიოდა იტალიელების უბანში. თუმცა "ნატურალიზაციამ" კასტელანის ვერ უშველა - "დიდმა ჯომ" და მისმა ძლევამისილმა ლაშქარმა, გაგუდული კასტელანი, ერთი წლის შემდეგ, როდესაც ყველას მიავიწყდა "შავი ულვაშებისა" და ირლანდიელების ჩხუბი, უოთერ-ფრონტის მთავარ მოედანზე  ფეხებით დაჰკიდეს სინათლის ბოძზე, ალბათ ყველას რომ კარგად დაენახა რა მოსდევს იტალიური ენის ჭარტალს...
      როგორც ხედავთ, დონ ფუჩინო სრულიად აკონტროლებდა უოთერ-ფრონტის უბანს და მის ასი ათასობით მცხოვრებს, და არა მარტო მას... მთელს ბრუკლინში, ვერავინ, ვერავინ ვერ ბედავდა მასტროპადრონეების გვართან მტრობას.
    მაგრამ დღეს, დონ ფუჩინოს შავი დღე უდგა. ვიღაცამ გაბედა და მისი შვილი, მისი სამეფოს პრინცი, მისი "ჯუზეპინო", მისი "დიდი ჯო", ძაღლივით მოკლა აყროლებულ არკანსაში. დონ ფუჩინომ იცოდა, რომ მისი ჯო მაკ-კორმაკზე ნადირობდა, მისი უმცროსი ბიჭის, ვინსის, ცემის გამო, მაგრამ ჯერ არ იცოდა ვინ მოკლა ჯო და ძმები ტალიავინები პეტრისვილში. დასაფლავების შემდეგ, დონ ფუჩინოს დარჩენილ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საქმეღა რჩებოდა დასამთავრებელი - ეპოვნა მისი შვილის მკვლელი და სამაგალითოდ დაესაჯა იგი!
      ძლევამოსილი "ილ კაპო დი ტუტი კაპისთვის" - დონ ფუჩინოსთვის, ასეთი შეურაცხყოფა არავის, არასოდეს არ მიუყენებია...
      წელში მოხრილი დონ ფუჩინო, შავ პიჯაკსა და შავ სათვალეებში, შვილის კუბოსთან იდგა და სამძიმარზე მოსულებს აკვირდებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს