ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2009


გადასახდელი აღაპებისა

ისე  საოცრად  მიჰქრის  ცხოვრება,
გაოცებასაც  ვეღარ  ვახერხებ!..
შენი  მარადი  მეციხოვნე  ვარ...
მკერდი  შენი  ბჭის  ლოდს  შევახეხე!..

ისეთი  ადგას  მზე  ზოგჯერ  ცარგვალს,
ლამის  ღვთის  შევძლო  თვალის  შევლება!..
არ  გავაღვივებთ  თუკი  ცეცხლს,  ჩამქრალს,
მაშინ  ღვთისგანაც  არ  გვეშველება!..

და  კვლავ  ბეჯითად  დუმს  ბედისწერაც,
თითქოს  რამ  კერკეტ  ფიქრს  ჩაჰკირკიტებს...
იქ,  ცად,  წერილის  მინდა  მიწერა
და  თუ  მივწერე,  არ  გაგიკვირდეს!..

ისე  სისხლსავსედ  ცოცხლობს  წარსული,
მომავლის  რწმენაც  უფრო  ნედლდება..
და  სასოების  ბეჭედდასმული
ცადვე  მაღლდება  ჩემი  ვედრებაც...

ისე  ჭრელია  დღეის  ხედები,
ღირს  დაკვირვებად  და  დაფიქრებად...
უხმოდ  გავხედავ  ხვალეს...  და  ვხვდები,
რწმენის  გაბზარვა  რომ  არ  იქნება...

ქვეყანა  ისე  არის  აშლილი,
კაცის  ხელით  რომ  ვერც  დალაგდება...
მხცემი  და  მრწემიც,  ვით  მშობელს  ბავშვი,
კვლავ  მინდობილა  ოდენ  განგებას...

კვლავ  ისე  დასცქერს  ცაც  იმპერიებს,
თითქოს  ჯერ  ერთიც  არ  ჩაეყლაპოს...
და  იბერიაც  ( ჯვარიმც  სწერია!.. ),
მტერს  კვლავ  ბარეორს  გადუხდის  აღაპს!..


ვულოცავ  ყველას  და  მთელ  საქართველოს  ახალ  წელს!
ბედნიერება  და  ყველაზე  სანუკვარი  სურვილების  ახდენისა  იყოს!
ამაღლდი,  ჭერო!  დამიწდი,  მტერო!
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები