ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: საბავშვო
19 ივნისი, 2008


მელა და კომპიუტერი

თურმე, კომპიუტერი
უყიდია მელიას.
უამისოდ, ტყეშიც კი
დღეს ცხოვრება ძნელია.

დადგა თავის სოროში,
ინტერნეტიც ჩართო და
ახლა დაღამებამდე
არ აკლია გართობა.

“ჩეთში” ესაუბრება
ლამაზ-ლამაზ ვარიკებს,
ზოგს სიყვარულს უხსნის და
ზოგსაც ჭკუას არიგებს.

გადმოწერა თამაში
“სუპერმელა ნადირობს” –
თაგუნიებს მინდორში
ბდღვირი უნდა ადინოს.

მონიტორის ცქერაში
სულ დაკარგა გონია,
“მაუსს” ისე დაჰყურებს,
მინდვრის თაგვი ჰგონია.

პირზე ნერწყვი მოადგა,
ცოტაც კიდევ ეწამა,
ბოლო-ბოლო „მაუსი“
მართლა შემოეჭამა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები