ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანია ბროველი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 თებერვალი, 2010


გრძნობა სამშობლოს მოვლისა

      სამშობლო, უპირველეს ყოვლისა, რწმენაა - უსაფრთხო, ახლო, თბილი, მოსიყვარულე, გამგები...  ადგილისა, სადაც დაიბადე. მხოლოდ და მხოლოდ რწმენა, ვინაიდან სამშობლო არ გახლავთ კეთილშობილთა სამოსახლო.
      სამშობლოს სიყვარული - გრძნობა წრეგადასული, თავდავიწყებით, თავგანწირვის დონეზე. იქნებ დროა სამშობლოს სიყვარულის გრძნობა დავაღვინოთ, დუღილის პროცესიდან გაწონასწორებულ, დალექილ-დაწმენდილ მდგომარეობაში გადავიყვანოთ.
      პატარაობიდანვე სამშობლოს სიყვარულს ვუკიჟინებთ ბავშვებს. მათაც უყვარდებათ - თავდავიწყებით, სიგიჟემდე. უყვარდებათ იმისათვის, რომ არ დაუთმონ მოსულ მტერს, არ დაანებონ, არ შეიზიარონ სიყვარულში. უყვარდებათ და ვერც კი ხვდებიან, რომ ეს სიყვარული უკვე თავკერძას სიყვარულია, მხოლოდ თავისთვის, ერთი პირისათვის, ერთი მუტრუკისათვის და თუ მტერი აღარ (ან ვეღარ) მოვა, უკვე არ დაუთმობენ ერთიმეორეს - დაწიკნიან, დაძიძგნიან, დაგლეჯენ, დაფლეთენ, დაჭამენ ერთმანეთს. სამშობლოსათვის!!! მისადმი სიყვარულის გრძნობის გამჟღავნების გამოც კი. ვინაიდან, შეცილებას ნიშნავს, სხვის გრძნობებში, განწყობებში შეჭრას, სხვის ერთპიროვნულ ხედვაზე თავდასხმას, როცა ასეთი ფიქრების პატრონს ჰგონია, რომ ასე და ამგვარად სამშობლო მხოლოდ მას უყვარს, სხვას არავის.
      პოეტი - გრძნობასავსე (როგორც ძუძუსავსე), მოლაპარაკე ,,მთვრალი" - საღერღელ-აშლილი, სამყაროს წაღმა-უკუღმა თუ თავდაყირა მხედველ-მჭვრეტელი, გაბედული, შემართული, მოზიდული, გასაფრენად გამზადებული, გაფრენილიც, თუნდაც უსმელ-უჭმელი, მაინც ,,მთვრალი," მაინც მოლაპარაკე, შიგთავსის ნებით თუ უნებლიეთ გარეთ გამომტანი, სტრუქტურის გამამჟღავნებელი: ,, ქალია დილა, მიწა - ქალი, საღამო - ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, - ასე მგონია: მე რომ მიყვარს, მართმევენ იმ ქალს."
      სამშობლოვ, ჩვენო დედავ, შენც ქალი ხარ, ქალი - მუხტი დამანგრეველი, სტიქია მოვარდნილი, მედეა-ნადგურმცემელი; ქალი - დედობით გაწონასწორებული, საზრუნავგაჩენილი, მომავალს გამობმული, წოვაში ძუძუდამშრალი, მუდმივი ეჭვით გულგამოჭმული, უღლის მონახევრის მძიძგნავი, დამჭნარ-დაქიშმიშებული ნენა-ნენე და ბაბო-ბებია. 
      პოეტი - გაშლილი, გაფურჩქნილი, გამოჩინებული, ნაჭუჭში გულგრძნობის არ ჩამტოვებელი, არ ჩაკეტილი, გრძნობაუშიშარი, ხედვაუშიშარი, ცოდნაუშიშარი, ჩარჩოებიდან გამოსული, მაინც ჩარჩოში დარჩენილი, სამსჯავროზე სულ-გულის გამომტანი.
      სამშობლოს სიყვარული - მისდამი მისი შვილების დამოკიდებულების ერთი შტრიხი, ერთი გამოვლენა, დიდი სიბრტყის ერთი სეგმენტი მცირე, მცდარი გაგება დედაშვილობისა. დედის სიყვარულით ვის გააკვირვებ, დედა ყველას უყვარს.
      სამშობლოს სიყვარული - მოსული მტრის, მის მიერ მოტანილი ბოროტების საპირწონე ძალა, მისი უკუმგდები, გამაძევებელი, მშობლიური მიწა-წყლისთვის შემორტყმული გალავანი - გალავანი სიყვარულისა. გალავნის შიგნით ისევ სამშობლოს სიყვარული - უკვე ძალა დამანგრეველი, თავკერძების, მადაგაღვიძებულების, გაღორებულების, გათავხედებულების ფარი წინსაფარი, მესაკუთრეების ნიღაბი, მომხვეჭელთა შესამოსელი...
      გალავანს შიგნით სამშობლოს სიყვარული აღარ სჭირდება! იგი მტერია, გარე მტერზე უფრო ცბიერი, უფრო ბოროტი; მახრაა, მღრნელია, დინგიანი ღორია, გაუმაძღარი გველეშაპია... გალავანს შიგნით სამშობლოს სიყვარული აღარ სჭირია, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე გალავანს შიგნით ვართ; სამშობლოს უკვე ზრუნვა სჭირია, გონიერი შვილების სიმრავლე, მოვლა სჭირია, გაფრთხილება სჭირია... არა სიყვარული, რომელსაც გონების წართმევა ძალუძს, მისი დაბნელება, ნერწყვის გადმოდენა, სურვილების გაჩენა, ამოყორვისკენ სწრაფვა - ჩემთვის სიყვარული, ჩემთვის გამორჩენა, თავის გამოჩენა.
      პოეტი - დედასამშობლოს ერთი შვილთაგანი, ყოველთვის წაღმა ვერგაგებული, და-ძმებისგან მწირად აღქმული, ხშირად უდაბნოს შინა მღაღადებელი: ,, ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია."
      და ისევ პოეტი - თუ ,,ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, - ასე მგონია: მე რომ მიყვარს, მართმევენ იმ ქალს.” ქალის წართმევა - მამრის უარყოფა, განადგურება, არარად გამოცხადება. ვინ ჩათვლის თავს არარად, ვინ იტყვის უარს ღირსებაზე? არავინ!!! ათასიდან არც ერთი! ერთიც კი - შემარჩენელი, დამთმობი, მხდალი და დედალი. მაგრამ ყოველი, - არა მჯობი და მძლეველი. ამიტომაც სისხლი - შედეგი რისხვის. სიყვარულჩაგონებულებმა შინაომებით გამოჭამეს, გამოძვალეს, უძლურყვეს მშობელთა სამოსახლო, - სამშობლო - წინაპრის, ვითარცა კოლექტიური მშობლის დანატოვარი.
      ვინც ჩემზე უკეთ (თუ ხშირად) ადიდა სამშობლო, წამართვა იგი, ვინაიდან ადიდა, ადიდა და განადიდა მიისაკუთრა. სამშობლო - საკუთრების ფორმა. ზოგადი, განყენებული, ზოგჯერ კონკრეტულიც - ,, ბათუმო, ჩემი ბავშვობის დედაქალაქო, შენს სიყვარულში, ვიცი, ბევრი შემეცილება." ისევ პოეტი - გონიერი, არმიმთვისებელი, მოცილეთა შორის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, ბაირაღების მაღლა აღმტყორცნი, თვითონ მიწაზე, მოცილეთა შორის დამრჩენი, მაგრამ მაინც უსამშობლო, ვინაიდან სხვებმა უკვე განადიდეს და მიისაკუთრეს იგი: ,,ოჰ, სამშობლოვ, სამშობლოში რატომ ვერსად მოგაგენი." ან კიდევ უარესი: ,,სხვებმა მოილექსონ ეშხით შენი გელათი და მცხეთა, ამ უღმერთო სამოთხეში მზეც იღიმის ჯოჯოხეთად. ,,სხვა საქართველო სად არი..." იქნებ მართლაც იყოს სადმე სხვა სამშობლო, ოღონდ არა ეს, რომელიც მომისაჯეს."
      პოეტი (იგივე) - მშობლების თუ და-ძმების უგნურებით გაოცებული, ერის სხეულში გაჩენილი ნაპრალების უღონოდ მზირველი, მხოლოდ შემძახებელ-შემყვირებელი, საკუთარი სულის ბზარებისთვის გზის არ მიმცემი, ლექსად გარდაქმნილი იმედი და იმავდროულად მაცნე საფრთხე-კატასტროფისა.
      ლექსი - სათქმელი ფეხზე ამდგარი, სტრიქონი სტრიქონს დაშენებული, დასაცემად გამზადებულის აღსადგომად მომაბრუნებელი, იმედის შემქმნელ-შემოქმედი, გადარჩენის მაუწყებელი:
                                                ,,სხვა საქართველო სად არის..."
                                                იქნებ მართლაც იყოს სადმე
                                                სხვა სამშობლო, ოღონდ არა
                                                ეს, რომელიც მომისაჯეს."

      სამშობლო ყველასია! მისი გამყიდველისაც და მისთვის თავდადებულისაც! სამშობლოსაც სჭირდება ისინი და მათ გარეშე არ შეუძლია. ვინ უთხრას შვილებს, ან როგორ უთხრას, როგორ გააგებინოს, როგორ ჩააგონოს, როგორ აღზარდოს იმგვარი რწმენით, რომ სამშობლო სამსახურია და არა სალაფავი, თრთოლვაა და არა გაბახება, გაცემაა და არა მითვისება, რომ მამულიშვილობა ფუტკრის შრომა-ბზუილია და არა გამაძღარის გორვა-ღრუტუნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები